გადაწყვეტილება საქმეზე - თოზუ გულმამედოვა ია გულიაშვილის წინააღმდეგ

განმცხადებელი : თოზუ გულმამედოვა;
მოპასუხე : ია გულიაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 8 პრინციპი; გადაწყვეტილება ვერ მიიღო;

30 მარტი,  2024 წელი

საქმე N – 729

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ხატია ღოღობერიძე, ნინო რამიშვილი, გელა მთივლიშვილი, ირმა ზოიძე

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თოზუ გულმამედოვამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 2 მარტს „მთავარი არხის” მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 და მე-8 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ია გულიაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებლი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც წერილობითი შეპასუხება წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მე-8 პრინციპი: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება”.

სადავო მასალის სათაურია - „მეოთხე დღეა იორმუღანლოში არასრულწლოვნებს ეძებენ | ოჯახის თქმით, 13 წლის გოგო 16 წლის ბიჭმა მოიტაცა".

მასალის მიხედვით - „სოფელ იორმუღანლოში 13 წლის გოგოს ეძებენ. გაუჩინარებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გოგო თანასოფლელმა, 16 წლის არასრულწლოვანმა ბიჭმა მოიტაცა. სად არიან მოზარდები, სოფელში არ იციან. მათ კვალზე ვერც პოლიცია გავიდა. სამართალდამცველები ამ წუთებში არასრულწლოვნების ახლობლებს კითხავენ”.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა არ დაიცვა არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები. მისი თქმით, მასალაში იდენტიფიცირებულია სოფელი და არასრულწლოვანის მამა, შესაბამისად, მისი იდენტიფიცირებაც არის შესაძლებელი. განმცხადებლის თქმით, მსგავსი ინფორმაციის გაშუქებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანს, რომელსაც შეიძლება სკოლაში დაბრუნებაც კი გაუჭირდეს, რადგან ყველამ გაიგო, რომ „გოგო მოტაცებულია”.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკის მიხედვით, არასრულწლოვნის ინტერესთან დაკავშირებით ჟურნალისტური პროდუქტი არ უნდა ქმნიდეს ალბათობას, რომ მოხდეს არასრულწლოვნის რეტრავმირება, მისი ნეგატიური ემოციური მდგომარეობის გაძლიერება, არ უნდა იწვევდეს არასრულწლოვნის სტიგმატიზებას ან/და დისკრიმინაციის საფრთხეს, არასრულწლოვანი დაცული უნდა იყოს მავნე ზეგავლენისაგან. სიუჟეტი ასევე უნდა შეფასდეს შორეული პერსპექტივიდანაც — მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანი მიაღწევს სრულწლოვანების ასაკს, რამდენად იქნება მისთვის მისაღები სიუჟეტის ასეთის სახით არსებობა/ მომზადება ან სიუჟეტთან მისი ასოცირება.

ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში" ნათქვამია:

        მშობლის ან მეურვის თანხმობა არ ათავისუფლებს ჟურნალისტს პასუხიმგებლობისგან, თავად გადაწყვიტოს, რამდენად სწორი იქნება ამა თუ იმ საკითხზე ბავშვის კომენტარის ჩაწერა ან ფოტოს გამოქვეყნება. მან თავად უნდა შეაფასოს ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს. ზოგჯერ მშობლები ნაკლები ინფორმაციის, განათლების თუ უბრალოდ მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, ვერ იაზრებენ, რა საფრთხეების მომტანია მასალაში ბავშვის იდენტიფიცირება.

საბჭო აღნიშნავს, რომ სადავო მასალაში არ იყო გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესი და შესაძლო ნეგატიური შედეგები, შესაბამისად, დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი. არასრულწლოვანის იდენტიფიცირება ირიბად შესაძლებელია [ადგილის და მამის იდენტიფიცირებით], ჟურნალისტს კი არ აქვს გათვალისწინებული, როგორ შეიძლება აისახოს მასალა მასზე. აღნიშნულმა ფაქტმა შეიძლება გამოიწვიოს არასრულწლოვანის სტიგმატიზირება და იზოლაცია.

გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის სახელის და გვარის არ დასახელება საკმარისი არ არის მისი სრულად არაიდენტიფიცირებისთვის — ხშირად მისი ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა რესპონდენტების იდენტიფიცირებით. შესაბამისად, ჟურნალისტს უნდა გაეთვალისწინებინა ბავშვის საუკეთესო ინტერესი და არ მოეხდინა მისი იდენტიფიცირება.

 

ქარტიის მეშვიდე პრინციპთან დაკავშირებით იხილეთ ქარტიის საბჭოს ოქმი

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ია გულიაშვილმა დაარღვია ქარტიის მე-8 პრინციპი.
  2. ქარტიის მე-7 პრინციპთან დაკავშირებით საბჭომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

Related Articles

Articles Not Nound!