გადაწყვეტილება საქმეზე - თემური ლაჭყეპიანი მაკა ბრეგაძის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
განმცხადებელი : თემური ლაჭყეპიანი;
მოპასუხე : მაკა ბრეგაძე;

30 მარტი,  2024 წელი

საქმე N – 712

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ხატია ღოღობერიძე, ნინო რამიშვილი, გელა მთივლიშვილი, ირმა ზოიძე

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თემური ლაჭყეპიანმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 15 ოქტომბერს „ქართული TV-ს” გადაცემაში „სტუმრად მაკა ბრეგაძესთან” დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა გადაცემის წამყვანი მაკა ბრეგაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებლი, მოპასუხე და მოპასუხის წარმომადგენელი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გადაცემაში გაშუქებული ფაქტები არასწორია. მისი თქმით, გადაცემის სტუმარმა, თამაზ ელიზბარაშვილმა გააჟღერა ბრალდებები, რომლის გადამოწმებასაც ჟურნალისტი არ ეცადა.

განმცხადებლის პოზიციით, მასალაში გაჟღერდა მისი რეპუტაციის შემლახავი ფრაზები, რომელიც მადისკრედიტირებელია, თუმცა, მათ არ ახლდა არანაირი არგუმენტები და ჟურნალისტის მხრიდან მათი გადამოწმების მცდელობები. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მაკა ბრეგაძე სტუმარს ეთანხმებოდა, მაგალითად, როდესაც თამაზ ელიზბარაშვილმა თქვა, რომ თითქოს თემურ ლაჭყეპიანს ფული წყალტუბოს მერმა გადაუხადა, ამაზე  უთხრა, რომ ეს ფულის გათეთრების კარგი გზაა.

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტი იყო მიკერძოებული. მან განმარტა, რომ პირდად Facebook გვერდზე დაფიქსირებული ჰქონდა პოზიცია, თუმცა, ჟურნალისტს ეს ნაწილიც არ უნახავს და არ გაუშუქებია.

თავის მხრივ, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მასალის ეთერში გასვლის შემდეგ მან თემურ ლაჭყეპიანს შესთავაზა გადაცემაში მონაწილეობა და უთხრა, რომ პლატფორმას დაუთმობდა, რათა თავისი სიმართლე გაეჟღერებინა. განმცხადებელთან გაგზავნილ მიმოწერაში ჩანს, რომ ჟურნალისტი გადაცემაში ორივე მხარეს ეპატიჟებოდა და ეუბნებოდა, რომ ამით მაყურებელს შესაძლებლობა ექნებოდა გაცნობოდა მათ პოზიციებს, თუმცა, თეიმურაზ ლაჭყეპიანი ამაზე არ დათანხმდა. მაკა ბრეგაძემ აღნიშნა, რომ მას არ გაუჟღერებია ბრალდებები, ეს რესპონდენტის მხრიდან მოხდა, ამიტომ მას არ დაურღვევია ეთიკური პრინციპები. მოპასუხემ, ასევე, დაადასტურა, რომ გადაცემა არ გადიოდა პირდაპირ ეთერში და იყო ჩანაწერი.

საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად.

გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. მასალაში არ ჩანს თემურ ლაჭყეპიანის პოზიცია. ამასთან, გადაცემაში გავრცელებული ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ერთ წყაროს [თამაზ ელიზბარაშვილს].

როდესაც რესპონდენტი ბრალდებას გამოთქვამს, აუცილებელია, ჟურნალისტმა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის გადასამოწმებლად და აუდიტორიისთვის სრული სურათის მისაწოდებლად. ამასთან, მაშინ, როცა გადაცემა არ გადის პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტს ჰქონდა დრო იმისთვის, რომ, მაგალითად, გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო ბრალდებებზე საპასუხო პოზიციის გასაშუქებლად.

მასალაში რესპონდენტი ამბობს:

„იმისათვის, რომ არ გამრავლდეს ქუჩაში ძაღლი, აუცილებელია მასობრივი კასტრაცია/სტერილიზაცია და ამას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო. თანხებიც გამოყოფილია ბიუჯეტიდან, მაგრამ ეს ფული სად მიდის და როგორ მიდის, ამაზე შემომჯდარია ტენდერებზე ცხოველთა დამცველის მანტიას და მანდაც სამთავრობო ვინმე თემურ ლაჭყეპიანი და კორუმპირებულ მერებთან შედის კორუფციულ გარიგებაში და ბიუჯეტის ფულს ჯიბეში იდებს და საქმეს არ აკეთებს, კასტრაცია/სტერილიზაციას კი არ აკეთებს, ხდება პირდაპირ წამება და ტანჯვა ქუჩის მიუსაფარი ცხოველების";

„ეს დანაშაული ვიღაცა თემურ ლაჭყეპიანმა უნდა შეასრულოს, აიღო ქალაქის ბიუჯეტიდან ფული, მისცა ამ ნაძირალას, რომელსაც სულ დედას ვაგინებ და თქვენი გადაცემის საშუალებითაც კიდევ შევუთვლი დედის გინებას, იმსახურებს ეს ნაძირალა და ალალი იყოს. წარმოიდგინეთ ქალაქის მერმა, ვიღაც გენადი ბალანჩივაძემ - ამ გათახსირებულმა ნაძირალამ, მოიპარა ჩვენი ფული, ჯიბეში ჩაიდო, ამოიღო ეს ფული ქალაქის ბიუჯეტიდან და გადაუხადა თემურ ლაჭყეპიანს, იმისთვის, რომ გაეკეთებინა ბოროტი საქმე - ქუჩის მიუსაფარი ძაღლები გაესახლებინა წყალტუბოდან, ე.ი. 37 წელი დაუტრიალა ძაღლებს და ლაჭყეპიანმა ეს დანაშაულებრივი ბრძანება შეასრულა, ფულზე გაიყიდა";

„ადამიანს, რომელსაც შეუძლია ფულზე გაყიდოს ყველაფერი, მათ შორის, მშობლები, ოჯახი, სამშობლო, იმასთან მე სალაპარაკო მხოლოდ ერთი მაქ, მუშტი და მეტი არაფერი".

ჟურნალისტი კი გადაცემაში ამბობს:

„ამ კონკრეტულ პიროვნებაზე მინდა რომ თემა გავშალოთ... მინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს ამ პიროვნების და იმ გარიგებების შესახებ, რაც ხდება...";

„თუმცაღა, მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ამბობთ თქვენს სათქმელს, რაც ხდება იქ, ამიტომ მე მგონი პასუხიც არ აქვს ბატონ თეიმურაზს";

„ანუ ძალიან კარგი გეგმაა ფულის გათეთრების"...

გადაცემაში ჩანს, რომ ჟურნალისტს აქვს წინასწარი განწყობები თემის მიმართ, არ ცდილობს აღნიშნულ ბრალდებებზე მაყურებელს საპასუხო პოზიცია მიაწოდოს. ამასთან, ჩანს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა გეგმა გადაცემაში აღნიშნულ თემასაც შეხებოდა. მასალაში თემურ ლაჭყეპიანის მიმართ მძიმე ბრალდებებია გაჟღერებული - ფულის გათეთრება, კორუფციული გარიგება, ცხოველების ტანჯვა/წამება და ა.შ.

ამასთან, ჟურნალისტი არ მიუთითებს რესპონდენტს, რომ თავი შეიკავოს შეურაცხმყოფელი ფრაზებისგან და პირიქით ეუბნება, რომ „არაუშავს".

ჟურნალისტი არ წარმოადგენს სათანადო წყაროებს/დოკუმენტებს ბრალდებების გასამყარებლად. მაგალითად, როდესაც ტენდერების მოგებაზე საუბრობს, არ წარმოუდგენს ამის დამადასტურებელ შესაბამის ინფორმაციას.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები. ინფორმაცია არ არის გაშუქებული სრულყოფილად, ცალმხრივია და ბრალდებების საპასუხო პოზიციას არ შეიცავს. შესაბამისად, საბჭო პირველ პრინციპს მიიჩნევს დარღვეულად.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ანდა ნამდვილობის შეფასება.

ქარტიის მე-5 პრინციპის მიხედვით, „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

დადასტურებული ფაქტია, რომ ჟურნალისტმა იცოდა განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ. განმცხადებელმა მაკა ბრეგაძეს მეილზე მისწერა და მისგან უკუკავშირიც მიიღო. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტმა ინფორმაცია არ გაასწორა. სადავო მედიაპროდუქტი უცვლელი სახით არის გამოქვეყნებული საქმის განხილვის დღემდე. შესაბამისად, მე-5 პრინციპი დარღვეულად იქნა მიჩნეული.

მაკა ბრეგაძემ განმცხადებელს შესთავაზა გადაცემაში მონაწილეობა თამაზ ელიზბარაშვილთან ერთად, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შესწორება სათანადოდ მომხდარიყო.

ქარტიის მიერ შემუშავებული „შესწორების სტანდარტის” მიხედვით,

        მაუწყებელმა ღიად და დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს დაშვებული შეცდომის შესახებ და თანაზომადი ფორმით შეასწოროს ის.

        ეთერში გასული შესწორებული ვიდეო-მასალა ახალი რედაქციით უნდა აიტვირთოს ოფიციალური ვებსაიტზე და ასევე, შესწორდეს ყველა პლატფორმაზე იმავე წესით, როგორც ეს ონლაინ მედიის შემთხვევაშია გაწერილი - გამოქვეყნებული მასალა უნდა შესწორდეს ისე, რომ აუდიტორიისთვის ცნობილი გახდეს, თუ რა გასწორდა. ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და არ უწყობს ხელს ვინმესთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებას, მასალის ბოლოს შენიშვნის სახით უნდა მიეთითოს, რა ეწერა მცდარ ვერსიაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მაკა ბრეგაძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.

სადავო მასალა

განცხადება

 

Related Articles

Articles Not Nound!