გადაწყვეტილება საქმეზე - გიორგი კალანდარიშვილი ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ

განმცხადებელი : გიორგი კალანდარიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;
მოპასუხე : ეკა კვესიტაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 8 პრინციპი;

9 ივნისი, 2024 წელი

 

საქმე N753

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 2 აპრილს, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გასულ გადაცემაში “განსხვავებული აქცენტები” დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი, მე-5 და მე-8 პრინციპები.

 

მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა აღნიშნული გადაცემის წამყვანი ეკა კვესიტაძე.

 

საქმის განხილვის თავისებურებები:

 

Საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, ჰიბრიდულ ფორმატში, კერძოდ, საბჭოს წევრების ნაწილი სხდომაში მონაწილეობდა დისტანციურად.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას დისტანციურად ესწრებოდა და საბჭოს პოზიცია წარმოუდგინა ცესკოს იურისტმა გიორგი სანტურიანმა.

 

მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც თავისი შეპასუხება წარმოუდგენია წერილობით.

 

სადავო გადაცემაში, წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ მაყურებელს აჩვენა “ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ მომზადებული და “ტვ პირველის” ეთერში 2 მარტს გასული სიუჟეტი ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის შესახებ. აღნიშნული სიუჟეტი ქარტიის საბჭომ უკვე შეაფასა საქმის N742 ფარგლებში და დაადგინა ქარტიის პრინციპების დარღვევა, ამიტომაც ამ საქმის ფარგლებში საბჭო ხელახლა აღარ შეაფასებს 2 მარტის სიუჟეტის დეტალებს და აქვე მიუთითებს ქარტიის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების ბმულს.

 

გარდა გადაცემაში გამოქვეყნებული “ტვ პირველის” სიუჟეტის შინაარსისა, განმცხადებელს პრეტენზიები აქვს არხის ტოქშოუს წამყვანის, ეკა კვესიტაძის მიერ გადაცემაში გამოთქმულ ფრაზებთან დაკავშირებით.

 

 

სამოტივაციო ნაწილი

 

გიორგი კალანდარიშვილმა ქარტიის საბჭოს წინაშე სადავო გახადა გადაცემის შემდეგი მონაკვეთები:

 

ეკა კვესიტაძის სადავო ფრაზები:

 

“რა უფრო მნიშვნელოვანია დღეს? ქალების კვოტების გაუქმება, ანუ თავისი პრინციპული იდეის გატანა, თუ ცესკოს თავმჯდომარის მხარდაჭერა. იმ ცესკოს თავმჯდომარის, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს უამრავი კითხვა მის კორუმპირებულობაზე, რადგან აქვს დაუსაბუთებელი ქონება, რამდენიმე ბინას ფლობს, მაშინ როდესაც დეკლარაციის მიხედვით ამ ქონების წარმომავლობა საერთოდ არ საბუთდება. ჩვენ გავიხსენებთ ამ სიუჟეტს, სკანდალურ სიუჟეტს. “ტვ პირველის” მასალას გამოვიყენებ და ძალიან კარგ გამოძიებას მაკა ჩიხლაძის იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მაყურებელს დავანახოთ გიორგი კალანდარიშვილის სახე, რომლის დამტკიცებაც უნდა “ქართულ ოცნებას” ცესკოს თავმჯდომარედ ხელახლა. ის დროებით ასრულებს მოვალეობას და ასევე მას სჭირდება მხარდაჭერა ოპოზიციის, რადგან თქვას, რომ ეს არის არა ერთპარტიული კანდიდატი, არამედ არის კანდიდატი, რომელსაც ოპოზიციამაც მისცა ხმა. ანუ გარკვეული შირმა სჭირდებათ მათ და რატომ დათანხმდნენ ამ შირმობაზე “გირჩი”, ამაზე ვახო მეგრელიშვილი გვეტყვის”.

 

“იმედია, ჩემ გადაცემაშიც მოვა. თქვენ ამბობთ, რომ თავმჯდომარის არჩევის პროცესში კანდიდატის კეთილსინდისიერებაზე და პროფესიონალიზმზე იქნება დამოკიდებული. კითხვა არის ესეთი: კეთილსინდისიერება ნიშნავს თუ არა იმას, რომ კანდიდატმა, საჯარო მოხელემ უნდა დაამტკიცოს და უნდა ჰქონდეს დასაბუთება მის ხელში არსებული ქონების და კალანდარიშვილთან დაკავშირებით გიჩნდებათ თუ არა ეს კითხვები, როდესაც მასზე არსებობს ჟურნალისტური გამოძიება, არის გამოქვეყნებული დეკლარაცია, რომელიც მას აქვს შევსებული, ის ფლობს უამრავ ქონებას და მისი არცერთი ქონება არ არის დასაბუთებული”.

 

“თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ხატია დეკანოიძე, ანა ნაცვლიშვილი, სიტყვაზე ვამბობ, ანა გოგლიძე, ბარბარა, არ იყვნენ პარლამენტში, ვიდრე ის, თუ ვინ იქნება გადამწყვეტი არჩევნების დროს ცესკოს თავმჯდომარე. ანუ არაკეთილსინდისიერი, ვინც არ უნდა იყოს კორუმპირებულს, რომელსაც არ შეუძლია არც თავისი პროფესიონალიზმი დაასაბუთოს, არც თავისი ქონება დაასაბუთოს, თქვენ მხარს უჭერთ”.

 

“მოდით ვნახოთ [ტვ პირველის სიუჟეტი], ეტყობა არ გაქვთ თქვენ ნანახი და ჩვენს მაყურებელსაც შევახსენოთ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება”.

 

 “ვახო, რამე ახალი აღმოაჩინეთ, რამე შეგეცვალათ, რამე კეთილსინდისიერებაზე კითხვები გაგიჩნდათ? ამ კაცს ხმას მისცემთ?”.

 

 

 

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

საბჭო პირველი პრინციპის დარღვევად მიიჩნევს “ტვ პირველის” ეთერში მანამდე გასული სიუჟეტის ეკა კვესიტაძის გადაცემაში ამ ფორმით გაშვებას და ასევე გადაცემის წამყვანის კონკრეტულ ფრაზებს.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ როდესაც ჟურნალისტი საკუთარ გადაცემაში იყენებს სხვა ჟურნალისტის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ანდა სხვა სახის მედია პროდუქტს, ის სრულად იზიარებს ამ მასალაში დაშვებული უზუსტობების შესახებ პასუხისმგებლობას.

 

ყველა შემთხვევაში, სხვა მედიის ეთერში გასული ინფორმაცია არის ინფორმაციის რიგითი წყარო, რომელზე დაყრდნობისას ჟურნალისტი ვალდებულია ან გადაამოწმოს მასში მოყვანილი ფაქტები, ანდა აუდიტორიას სხვისი მომზადებული მასალა შესთავაზოს არა როგორც უტყუარი, გადამოწმებული ფაქტი, არამედ აღნიშნოს, რომ ეს არის კოლეგა ჟურნალისტის მიერ მომზადებული მასალა, რომელიც განსახილველ თემასთან კავშირშია და აუდიტორიას სთავაზობს მეტი ინფორმირებისთვის, თუმცა ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით უნდა იზრუნოს ბალანსზე.

 

ჟურნალისტმა სხვისი მედია პროდუქტის ეთერში გასაჯაროებისას წინასწარვე უნდა იზრუნოს შესაბამის ბალანსზე, მით უფრო, როცა სიუჟეტში საუბარია მძიმე ბრალდებებზე (კორუფცია, ქონების გადამალვა და ა.შ.).

 

განსახილველ შემთხვევაში ეკა კვესიტაძემ ეთერში გაუშვა სიუჟეტი, სადაც აღწერილი ფაქტების სისწორე უკვე სადავოდ ჰქონდა გამხდარი სიუჟეტის მთავარ გმირს, გიორგი კალანდარიშვილს.

 

კალანდარიშვილმა  საჯარო განცხადება ეკა კვესიტაძის გადაცემის ეთერში გასვლამდე თითქმის ერთი თვით ადრე,  მედიით გაავრცელა.

 

მაშინ, როცა მედია ეყრდნობა სხვა მედიის მიერ მომზადებულ მამხილებელ მასალას ისე, რომ არ აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა მიზეზის გამო (გადაცემის ფორმატი, დროის სიმცირე და ა.შ), მასში მოყვანილი თითოეული ფაქტი გადაამოწმოს, გონივრული ბალანსის დასაცავად მან განსაკუთრებული გულმოდგინება უნდა გამოიჩინოს. კერძოდ, ბრალდებების ადრესატს გადაცემაში მონაწილეობის საშუალება უნდა შესთავაზოს და უარის შემთხვევაში, როგორც აუდიტორიის პატიოსნად ინფორმირების ვალდებულების მქონე პირმა, თავადვე უნდა მიაწოდოს მაყურებელს მოპასუხე მხარის პოზიცია ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს განცხადება, სხვა მედიისთვის მიცემული ვრცელი კომენტარი თუ სხვა. პასუხისმგებლიანი ჟურნალისტის, მედიის ვალია აუდიტორიის მრავალმხრივი ინფორმირება.

 

მიუხედავად ამისა, ეკა კვესიტაძემ საკუთარ მაყურებელს აღნიშნული სიუჟეტი წარუდგინა, როგორც უტყუარი, დაზუსტებული ფაქტებით გაჯერებული ამბავი და მაყურებელს არ შესთავაზა ცესკოს ხელმძღვანელის მიერ იმ დროისთვის უკვე გასაჯაროებული  პოზიცია.

 

ამ ქმედებით ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, პატივი არ სცა საკუთარ აუდიტორიას, არ მისცა საშუალება მაყურებელს, ფაქტის შესახებ განსხვავებული პოზიციები მოესმინა, დაეყრდნო მხოლოდ “ტვ პირველის” სიუჟეტს და ამ სიუჟეტის წარდგენისას გააკეთა დასკვნები, რომელთა სიზუსტის დასადგენად ყველა ღონე არ იხმარა.

 

განმცხადებელს პრეტენზიები ჰქონდა, გადაცემის წამყვანის მიერ, თემის წარდგენისას, მის შესახებ გამოთქმულ ვრცელ ციტატებთან დაკავშირებითაც, სადაც ეკა კვესიტაძე სვამდა შეკითხვებს და გამოთქვამდა ბრალდებებს.

 

ქარტიის საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, ცხადად გამიჯნოს მხარეებისთვის და აუდიტორიისთვის, რა შეიძლება ამ შემთხვევაში მიჩნეული იყოს მოსაზრებად და რა - ფაქტად.

 

გადაცემის წამყვანის მიერ დასმული შეკითხვები ცესკოს ხელმძღვანელის კეთილსინდისიერების, შესაძლო კორუმპირებულობის, პროფესიონალიზმის შესახებ, შესაძლოა, მიჩნეულ იქნას ტოქშოუს წამყვანისთვის ეთიკურად დასაშვებ ქმედებად, მაგრამ როცა ის იქვე აჟღერებს ადრესატის მისამართით დაუსაბუთებელ ბრალდებებს კონკრეტული, გადამოწმებადი ფაქტების საფუძველზე, ეს უკვე ეთიკური პრინციპების დარღვევას წარმოადგენს.

 

მაგალითად: “აქვს დაუსაბუთებელი ქონება, რამდენიმე ბინას ფლობს, მაშინ როდესაც დეკლარაციის მიხედვით ამ ქონების წარმომავლობა საერთოდ არ საბუთდება;  ის ფლობს უამრავ ქონებას და მისი არცერთი ქონება არ არის დასაბუთებული”.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ციტატებით ჟურნალისტი პირდაპირ ადანაშაულებს და მძიმე ბრალდებებს უყენებს გიორგი კალანდარიშვილს მხოლოდ “ტვ პირველის” სიუჟეტზე დაყრდნობით, რაც არღვევს სიზუსტისა და ბალანსის სტანდარტს.

 

საბჭო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მოცემულ მომენტში, გიორგი კალანდარიშვილს უკვე ჰქონდა გაკეთებული “ტვ პირველის” სიუჟეტის საპასუხო განცხადება.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ ეკა კვესიტაძეს გადაცემაში მხარეების პოზიციის დასაბალანსებლად, მინიმუმ, გიორგი კალანდარიშვილის განცხადება მაინც უნდა წარმოედგინა. გადაცემაში წამყვანი იმედს გამოთქვამს, რომ მასაც, როგორც სხვა ოპოზიციურ მედიებს, ეწვევა გიორგი კალანდარიშვილი, თუმცა მასთან ინფორმაციის გადამოწმების ან გადაცემაში მოწვევის რაიმე სახის მცდელობა არ ჩანს, რაც მაყურებელს ართმევს შესაძლებლობას, საკითხის ირგვლივ სრული წარმოდგენა შეიქმნას.

 

საბჭოს პოზიციით, მხოლოდ სხვის მიერ მომზადებულ სიუჟეტზე დაყრდნობა, რომელიც ჟურნალისტის მიერ სუბიექტურად არის შეფასებული, ხოლო მეორე მხარის მხრიდან სადავოდაა გამხდარი, ვერ აკმაყოფილებს სიზუსტისა და უტყუარობის სტანდარტს.

 

მეხუთე პრინციპი

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);
  2. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.
  3. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

 

ქარტიის სამდივნომ, ცესკოს ხელმძღვანელის ქარტიაში შემოტანილი განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა “მთავარ არხს”. სამდივნომ მიიღო ზეპირი დადასტურება არხის იურისტისგან, რომ მათთვის ცნობილია ცესკოს ხელმძღვანელის პრეტენზიების შესახებ.

Როგორც არაერთგზის აღინიშნა, გიორგი კალანდარიშვილმა მის შესახებ გამოთქმულ ბრალდებებზე საჯაროდ გაავრცელა ვრცელი განცხადება.

მიუხედავად აღნიშნულისა, ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა დღემდე ონლაინ არის ხელმისაწვდომი  და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ გადაცემაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია,  ქარტიის საბჭოს დასკვნით დადგენილია 1-ელი პრინციპის (სიზუსტის) დარღვევა.

გამომდინარე აქედან, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის მე-5 პრინციპი.

მერვე პრინციპი.

“ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.”

 

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემაში გასულ ტვ “პირველის” სიუჟეტში დაირღვა მისი არასრუწლოვანი შვილების მიმართ ქარტიის მე-8 პრინციპი. განმცხადებელს არ ჰქონია პრეტენზია კონკრეტულად გადაცემის წამყვანის კონკრეტულ ციტატებზე ამ პრინციპთან მიმართებაში.

როგორც საბჭომ არაერთგზის აღნიშნა, სხვა მედიასაშუალების მიერ მომზადებული პროდუქტის საკუთარ ეთერში გაშვებით, მედია სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას მასალაში არსებულ ეთიკურ პრობლემებზე.

 

საბჭოს სხდომაში მონაწილე წევრების უმრავლესობა შეთანხმდა, რომ განსახილველ სიუჟეტში ცესკოს ხელმძღვანელის არასრულწლოვანი შვილების ინტერესი და ქარტიის მე-8 პრინციპი დაირღვა. საბჭოს ერთ წევრს, გელა მთივლიშვილს ჰქონდა განსხვავებული პოზიცია და მიიჩნევდა, რომ მე-8 პრინციპი არ დარღვეულა. გელა მთივლიშვილის პოზიცია აისახება მის განსხვავებულ აზრში და ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით დაერთვება.


Როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბჭომ ამ გადაწყვეტილების მომზადებამდე განიხილა “ნოდარ მელაძის შაბათის” ის რეპორტაჟი, რომელიც ეკა კვესიტაძემ საკუთარ გადაცემაში უცვლელი სახით გამოაქვეყნა და დაადგინა ამ რეპორტაჟში
ქარტიის მე-8 პრინციპის დარღვევა.

Მოტივაციის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულსა და ამ გადაწყვეტილებაზე თანდართულ საქმე N742 გადაწყვეტილებაში.

 


საბოლოოდ, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის  მე-8 პრინციპი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-8 პრინციპები.

Related Articles

Articles Not Nound!