გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის ქსელი “ტვ იმედის” ჟურნალისტის თამარ შარიქაძის წინააღმდეგ

განმცხადებელი : საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის ქსელი;
მოპასუხე : თამარ შარიქაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 7 პრინციპი;

27 ივლისი,  2024 წელი

 

საქმე N-744

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ნინო კაპანაძე, ნინო რამიშვილი, გელა მთივლიშვილი, თინათინ ზაზაძე.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ „საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის ქსელი”, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 5 აპრილს “ტვ იმედის” ეთერში გასულ სიუჟეტში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპები.

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც წერილობითი შეპასუხება წარმოუდგენია.

 

სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ განმცხადებლის წარმომადგენლებიც: ესმა გუმბერიძე, თომა კაკაბაძე, დეა ერემაშვილი, რამინ მაჭარაშვილი, გიორგი ძნელაძე.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

 

სადავო მასალა:

 

5 აპრილი, 2024 წელი, 20:00 სთ-იანი “ქრონიკა”, “მოტყუებული შშმ პირთა ნაწილი” 20:11 სთ

 

თამარ შარიქაძის სადავო ფრაზები:

 

“ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის არასამთავრობო ასოციაციას ფინანსების გამჭვირვალობასთან პრობლემა არ აქვს, ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა, ამ ინტერვიუს უხერხული ნაწილი მაშინ იწყება, როცა ენჯეო სექტორი “ქრონიკისგან” იგებს, რომ ისეთი განცხადების ხელმომწერები არიან, რომლითაც შშმ პირთა სახელით გამჭვირვალობის შესახებ კანონის შეჩერებას და გაწვევას ითხოვენ.

 

“ხელმომწერთა შორის არის “გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი”, თუმცა ირკვევა, რომ მისი წარმომადგენლები განცხადების შინაარსს არ იცნობენ, მეტიც, მათ ფინანსების გამჭვირვალობასთან პრობლემა საერთოდ არ აქვთ.

 

მიუხედავად იმისა, რომ მესამე სექტორი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს იცავს, ვერ ასახელებს კონკრეტულად რა ჩანაწერი აქცევს კანონპროექტს გამჭვირვალობის შესახებ რუსულად, მისი წარმომადგენლები მაინც დარწმუნებულები არიან, რომ ამ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ მათ უცხოური დაფინანსების მოპოვება გაუჭირდებათ’’.

 

“სახელისუფლებო გუნდისთვის შშმ პირთა ნაწილის განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ დონორებს მათი დაფინანსებული ენჯეო სექტორი შეცდომაში შეჰყავთ და ამ გზით მათი ფინანსების დამალვას ცდილობენ. აგორებული კამპანია კი შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირთა სახელის გამოყენებას და მათ მოტყუებას ემსახურება.

 

“განცხადება გუშინ გავრცელდა, თუმცა ირკვევა, რომ ადამიანებმა, რომლებიც კონკრეტულ კანონს აპროტესტებენ, მის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ, არცერთი დოკუმენტის შინაარსი არ იციან და მათ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

 

განმცხადებლის პოზიციით, სიუჟეტში “შშმ პირები წარმოდგენილნი არიან ადვილად მართვად, მოსატყუებელ, უცოდინარ და დახმარების მიმღებ პირებად, რომელთა ნაწილიც მხოლოდ გრანტებზე და ფულადი რესურსების მიღებაზეა ორიენტირებული და რეალურად კანონის შინაარსი საერთოდ არ იციან/არ ადარდებთ.”

 

განმცხადებელი სიუჟეტში გაშვებულ ინტერვიუსთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ “აშკარაა რესპონდენტი [თომა კაკაბაძე] კიდევ აგრძელებდა ინტერვიუს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც რესპონდენტის განცხადებითვე ეხება სწორედ იმას, თუ რატომ არის სადავო კანონი რუსული და რატომ არ უნდა მიიღონ, მაგრამ ტელეკომპანია “იმედმა” ეს განზრახ ამოჭრა და არ აჩვენა რეპორტაჟში, რათა მათ მიერვე შეთხზული შშმ პირთა მოტყუების და ე.წ. უცოდინარობის შესახებ ინფორმაცია “გაემართლებინათ”.

 

 

პირველი პრინციპი.

 

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

საბჭომ იმსჯელა და შეაფასა სადავო სიუჟეტში აღწერილი გარემოებები, მისი  შინაარსი და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაადგინა, რომ სიუჟეტი საზოგადოებისთვის ისეთი გზავნილების მიწოდებას ემსახურება, რომლებიც არ არის სათანადოდ გადამოწმებული და დადასტურებული.

 

სადავო მედიაპროდუქტი ეხებოდა 4 აპრილს, შშმ პირთა სახელით გავრცელებულ განცხადებას ე.წ. “აგენტების კანონთან” დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს კანონი დააზარალებს ყველას, მათ შორის, შშმ პირთა თემს. განცხადების ბოლოს ვხვდებით მასზე ხელმომწერთა სიას, რაც ცალსახად გვაფიქრებინებს, რომ ისინი იცნობენ განცხადების შინაარს და ხელმოწერით ადასტურებენ მათ ნებას “აგენტების კანონის” მიღების  წინააღმდეგ.

 

ჟურნალისტის სადავო ფრაზები: წარმომადგენლები განცხადების შინაარსს არ იცნობენ, მეტიც, მათ ფინანსების გამჭვირვალობასთან პრობლემა საერთოდ არ აქვთ”;

“მიუხედავად იმისა, რომ მესამე სექტორი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს იცავს, ვერ ასახელებს კონკრეტულად რა ჩანაწერი აქცევს კანონპროექტს გამჭვირვალობის შესახებ რუსულად”;

“დონორებს მათი დაფინანსებული ენჯეო სექტორი შეცდომაში შეჰყავთ და ამ გზით მათი ფინანსების დამალვას ცდილობენ. აგორებული კამპანია კი შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირთა სახელის გამოყენებას და მათ მოტყუებას ემსახურება”;

“ადამიანებმა, რომლებიც კონკრეტულ კანონს აპროტესტებენ, მის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ, არც ერთი დოკუმენტის შინაარსი არ იციან და მათ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ”.

 

სიუჟეტის შესავალში წამყვანი, ლევან ჯავახიშვილი, ამბობს: “ქრონიკამ” აღმოაჩინა, რომ რესპონდენტთაგან ყველამ არ იცოდა, რას მოაწერა ხელი. უფრო მეტიც, ნაწილი გამჭვირვალობის მომხრეა და არა მოწინააღმდეგე.”

წამყვანის წარდგენის ტექსტით, სიუჟეტის შინაარსი ისეა წარმოჩენილი, რომ თითქოს შშმ პირების ნაწილმა ისე მოაწერა ხელი კანონპროექტის საწინააღმდეგო განცხადებას, რომ მისი შინაარსი არ იცოდა და შეცდომაში არიან შეყვანილი.

ამის დასასაბუთებლად სიუჟეტში არის ერთი რესპონდენტის აუდიო ჩანაწერი, რომელიც ამყარებს “ტვ იმედის” სიუჟეტის პათოსს, მაგრამ არ არის საკმარისი განსაზოგადებლად.

კანონპროექტის წინააღმდეგ გავრცელებულ შშმ პირთა განცხადებას, რომელსაც “ტვ იმედმა” ეს სიუჟეტი მიუძღვნა, ხელს დაახლოებით 70 სუბიექტი, მათ შორის, 15 ორგანიზაცია აწერს, ის ორგანიზაციები, რომლებიც წლებია, შშმ პირების საკითხებზე მუშაობენ, იცნობენ სფეროში არსებულ პრობლემებს, დაფინანსების წყაროებს, დონორების წვლილს მათ საქმიანობაში და ა.შ.

ამის  საპირწონედ, “ტვ იმედი” მხოლოდ ერთი რესპონდენტის, განმცხადებლის თქმით მანიპულაციურად მოპოვებულ აუდიო ჩანაწერზე დაყრდნობით ანზოგადებს საკითხს, და ამბობს, რომ შშმ პირების ნაწილმა არ იცოდა, რას მოაწერა ხელი, ისინი კანონპროექტს არ იცნობენ.

სიუჟეტში მანიპულაციურად, დაუსაბუთებლად არის წარმოდგენილი, რომ თითქოს შშმ პირებმა არ იცოდნენ განცხადების შინაარსი და ისე მოაწერეს მას ხელი, რაც განმცხადებლის მიერ სხდომაზე გაკეთებული განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ამას ადასტურებს ისიც, რომ შშმ-პირების ნაწილი ცალსახად გამოხატავენ თავიანთ ინდივიდუალურ პოზიციას განცხადებაზე ხელმოწერით და გავრცელდა საჯარო ფეისბუქ პოსტი, რომელშიც ისინი სიუჟეტში გამოთქმულ პოზიციას ეწინააღმდეგებიან.

“ტვ იმედის” ჟურნალისტის მიერ ერთი რესპოდენტისგან მიღებული ინფორმაციის განზოგადება არის მანიპულაციური, მიკერძოებული მმართველი სახელისუფლებო ძალის სასარგებლოდ და ცალსახად არღვევს სიზუსტის, პატიოსანი ჟურნალისტის მოქმედების პრინციპებს.

“ტვ იმედის” ჟურნალისტმა სხვა სადავო ფაქტებიც სათანადო მტკიცებულებების გარეშე გაახმაურა. მაგალითად, სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, თუ რაზე დაყრდნობით ამბობს კორესპონდენტი, რომ დონორებს დაფინანსებულები შეცდომაში შეჰყავთ, მათ ატყუებენ და მათ სახელს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. სიუჟეტის მიხედვით ეს არის ჟურნალისტის მოსაზრება, რომელიც არ ეყრდნობა ეთიკის პრინციპების შესაბამისად გადამოწმებულ ინფორმაციას.

საბჭო მიიჩნევს, რომ სიუჟეტი არ არის დაბალანსებული, მასში ჭარბობს მმართველი ძალის წარმომადგენელთა განცხადებები, რომლის საპირწონედაც სიუჟეტში წარმოდგენილია ერთი ხელმომწერი ქალბატონის დამაბნეველი პოზიცია და მეორე რესპონდენტის თომა კაკაბაძის ინტერვიუს ფრაგმენტი, რომელიც არ არის გაჟღერებული ბრალდებების შესატყვისი და მის პოზიციას სრულად არ გამოხატავს, როგორც ეს მან საბჭოს სხდომაზეც თავად აღნიშნა.

სიუჟეტში დარღვეულია გონივრული ბალანსი წარმოდგენილ მხარეებს შორის, რაც საზოგადოებას უსპობს შესაძლებლობას, სრულად აღიქვან მოცემული ვითარება და ისე შეიქმნან წარმოდგენები თემასთან დაკავშირებით.

“ტვ იმედის” ჟურნალისტებმა მმართველი პოლიტიკური ძალის წევრებს მისცეს საშუალება, გამოეთქვათ დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი ბრალდებები განმცხადებლის მიმართ.

 

კერძოდ:

 

შალვა პაპუაშვილი: “რაც შეეხება შშმ პირებს, კიდე ერთხელ, ეს არის ტყუილი, მივმართავ ყველას, ყველას გატყუებენ დღეს ეს ორგანიზაციები, გატყუებენ, თითქოს რაღაცა გავლენა ამას შეიძლება ჰქონდეს შესაძლო დაფინანსებაზე. ეს არი ტყუილი.”

 

რატი იონათამიშვილი: “არ შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკური ინტერესებით გამოყენება და ამ მიმართულებით დეზინფორმაციის, არასწორი ინფორმაციის  გავრცელება ჩვენი საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ, გვაქვს ჩვენ დეზინფორმაციული განაცხადები ცალკეული პირების მხრიდან და ეს, ცხადია, არ გამოხატავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოზიციასა და შეხედულებებს.”

 

გიორგი ვოლსკი: “თუკი ვინმე აშინებს იმითი, რომ შშმ პირებს შეუწყდებათ დახმარება, ამის გამო, თუკი არ გააკეთებენ განცხადებას, ეს უზნეობაა, და ვინც ეხმარება და თან თანადგომას უცხადებს და ფინანსურად თუ ნებისმიერი სხვა პროგრამით ეხმარება შშმ პირებს, იმას ორდენი ეკუთვნის, მაგრამ როდესაც ცდილობ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნდეს, გამოდის, რომ სხვა გეგმა გაქ. ან შშმ პირებს იყენებ იმ პოლიტიკური უზნეო მიზნებისათვის, რომელიც გაგაჩნია.”

 

სადავო სიუჟეტი ცალსახად მიკერძოებულია და შეესაბამება “ტვ იმედის” მიერ, ხელისუფლებისადმი არაერთგზის გამოხატულ მხარდამჭერ სარედაქციო პოლიტიკას. ამ სიუჟეტის მიზანია იმ ჯგუფის დისკრედიტაცია, რომელმაც გაბედა და ღიად, კოლექტიურად შეეწინააღმდეგა ე.წ. “აგენტების კანონის”  მიღებას.

 

“ტვ იმედის” ეს სიუჟეტი ქართული ოცნების  პოლიტიკის  საინფორმაციო მხარდაჭერის ნათელი მაგალითია, ეს ეწინააღმდეგება ეთიკური ჟურნალისტიკის ფუძემდებლურ პრინციპებს და ცალსახად პროპაგანდის ნაწილია.

ეთიკური მედიის ვალია, არ გაავრცელოს ინფორმაცია არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესების გათვალისწინებით, და მხოლოდ მიუკერძოებლობის პრინციპით იხელმძღვანელოს, რაც მოცემულ შემთხვევაში სრულიად უგულებელყოფილია.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ მიკერძოებული და მანიპულაციური ტექსტების, გადაუმოწმებელი ფაქტების ერთობლიობით, ჟურნალისტმა პატივი არ სცა აუდიტორიას, გამოიჩინა არაკეთილსინდისიერება და დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

მეხუთე პრინციპი.

 

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

 

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:

 

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);
  2. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.
  3. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

 

ქარტიის სამდივნომ, საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის ქსელის განცხადება  სათანადო წესით გადაუგზავნა “ტვ იმედს”. აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ.

 

ამასთან, სოციალურ ქსელში საჯაროდ გავრცელდა განმცხადებლისა და რესპონდენტის, თომა კაკაბაძის  პოზიცია სიუჟეტში გახმაურებულ ფრაზებსა და  ბრალდებებზე.

 

დამატებით, საბჭოს სხდომაზე სიუჟეტის ერთ-ერთმა რესპონდენტმა თომა კაკაბაძემ საბჭოს განუცხადა, რომ სადავო მასალის ეთერში გასვლის შემდეგ ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა “ტვ იმედის” ჟურნალისტთან და მასაც აუხსნა, რომ სიუჟეტის ეთიკურობასთან დაკავშირებით პრეტენზიები ჰქონდა.

 

ამ ყველაფრის ერთობლიობით, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა საკმარისი საფუძველი, სიუჟეტში დაშვებული უზუსტობები შეესწორებინა, რაც არ მომხდარა.

 

სადავო სიუჟეტი  დღემდე ონლაინ არის ხელმისაწვდომი  და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ გადაცემაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია. ამასთან,  ქარტიის საბჭოს დასკვნით, დადგენილია პირველი პრინციპის (სიზუსტის) დარღვევა.

 

გამომდინარე აქედან, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა თამარ შარიქაძემ დაარღვია ქარტიის მე-5 პრინციპი.

 

მეშვიდე პრინციპი.

 

“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ, როგორც სადავო სიუჟეტი, ისე მისი სათაური: “მოტყუებული შშმ პირთა ნაწილი”, შშმ პირთა შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელია. “ტვ  იმედმა”, განზრახ, ერთი რესპონდენტის ,,გაურკვეველი’’ პასუხი განაზოგადა განცხადების ხელმომწერ 70-მდე სუბიექტის უმრავლესობაზე, რომ მათაც არ იცოდნენ, რაზე აწერდნენ ხელს. შედეგად სიუჟეტში შშმ პირები და  განცხადებაზე ხელმომწერი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უფლებადამცველი ორგანიზაციები წარმოაჩინეს ადვილად მართვად, მოსატყუებელ, უცოდინარ, არაკომპეტენტურ, დახმარების მიმღებ და მხოლოდ დაფინანსებაზე ორიენტირებულ პირებად/ორგანიზაციებად. განმცხადებლის პოზიციით, ამ ყველაფრით მათ წაახალისეს საზოგადოებაში შშმ პირებისა და მათი ორგანიზაციებისადმი სტერეოტიპების და სტიგმის გამყარება, წყალში ჩაყარეს წლების განმავლობაში შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და უფლებების დაცვისკენ მიმართული ცნობიერების ამაღლების ათასობით კამპანიის შედეგები.

ევროპის საბჭოს სტრატეგიის შესაბამისად, “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უფლება აქვთ ხელი მიუწვდებოდეთ და სრულყოფილად და თანასწორობის საფუძველზე სარგებლობდნენ ადამიანის უფლებებით, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ევროპის სოციალური ქარტიისა და გაეროს კონვენციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ (UNCRPD1), ადამიანის უფლებათა ყველა სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით.” სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ უფლებების ხელმისაწვდომობა, როგორც ეს განსაზღვრულია UNCRPD-ში (მუხლი 9), არის წინაპირობა შშმ პირთათვის, რომ შეძლონ ისარგებლონ ადამიანის უფლებებით აქტიურად, მონაწილეობა მიიღონ და წვლილი შეიტანონ სრულად და თანაბრად საზოგადოებაში, იყვნენ დამოუკიდებლები და გააკეთონ არჩევანი ცხოვრების ყველა ასპექტთან დაკავშირებით.

დისკრიმინაცია შეიძლება დადგინდეს, როდესაც ადამიანს ეზღუდება გარკვეული უფლებები და შეზღუდული შესაძლებლობების საფუძვლით მას განსხვავებულად [უკეთესად ან უარესად] ეპყრობიან.

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტში გამოყენებული ფრაზებით: "ადამიანებმა, რომლებიც კონკრეტულ კანონს აპროტესტებენ, მის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ, არცერთი დოკუმენტის შინაარსი არ იციან და მათ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ”; “დონორებს მათი დაფინანსებული ენჯეო სექტორი შეცდომაში შეჰყავთ და ამ გზით მათი ფინანსების დამალვას ცდილობენ. აგორებული კამპანია კი შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირთა სახელის გამოყენებას და მათ მოტყუებას ემსახურება”, დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. საკითხის მსგავსი სახით გაშუქებამ გამოიწვია შშმ პირთა დისკრიმინაცია და ხელი შეუწყო მათ მიმართ სტიგმის, სტერეოტიპის გაძლიერებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობების გამო ისინი მარტივად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ. სიუჟეტის მიხედვით ისეა წარმოჩენილი, თითქოს შშმ პირებმა არ იციან იმ კანონის შინაარსი, რომელსაც აპროტესტებენ, შეცდომაში არიან შეყვანილი ვიღაცის მიერ, მათ იყენებენ, აშინებენ, რომ დაფინანსება შეუწყდებათ და ა.შ.

 

სიუჟეტში გამოყენებული ფრაზები ქმნის ისეთ წარმოდგენას, რომ თითქოს განცხადებაზე ხელმომწერებმა არ იციან, თუ რას მოაწერეს ხელი, რომ თითქოს ეს მათ ბრმად გააკეთეს. ეს ყოველივე კი მათ ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს და საზოგადოებას უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს შშმ პირები მათი შეზღუდული შესაძლებლობების გამო, მარტივად ექცევიან გავლენის ქვეშ და მარტივად სამართავები არიან.

 

ამ ყველაფრით სიუჟეტის ავტორმა ამ ჯგუფის მიმართ სტიგმის გაძლიერებას შეუწყო ხელი, რაც ცალსახად ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევაა.

 

ასევე, სიუჟეტში ჩანს მმართველი გუნდის წარმომადგენლების დისკრიმინაციული განცხადებები: შალვა პაპუაშვილის მიმართვა შშმ პირების მიმართ, რომ “ყველას გატყუებენ”; “არ შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკური ინტერესებით გამოყენება”; “ ვინც … ეხმარება შშმ პირებს, იმას ორდენი ეკუთვნის, მაგრამ როდესაც ცდილობ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნდეს, გამოდის, რომ სხვა გეგმა გაქ. ან შშმ პირებს იყენებ იმ პოლიტიკური უზნეო მიზნებისათვის, რომელიც გაგაჩნია”, რაც განსაკუთრებით საშიშია, ვინაიდან მათ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელთა ცნობიერებაშიც კვლავ არსებობს სტერეოტიპული დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ.

 

ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის, სტიგმის წახალისება. მედიას არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

 

საბჭო დადგენილ პრაქტიკაში აღნიშნავს, რომ  მედია, შესაძლოა, მარტივად გახდეს სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე არ იფიქრებს.

 

მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, არ წაახალისონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბება. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საინფორმაციო ქმედებებით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ ბრძოლას. 

 

საბჭო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი ვალდებულია, გაემიჯნოს  დისკრიმინაციულ, სტერეოტიპულ გამონათქვამებს და არ შეუწყოს ხელი მათ გაღრმავებას, რაც მოცემულ სიუჟეტში დარღვეულია და ჟურნალისტის გამონათქვამები თავად არის დისკრიმინაციის შემცველი. ამასთან, თავად სიუჟეტიც გაჯერებულია მმართველი ძალის დისკრიმინაციული კომენტარებით.

 

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

 

თამარ შარიქაძემ დაარღვია ქარტიის 1-ელი,, მე-5 და მე-7 პრინციპები.

Related Articles

Articles Not Nound!