ნოდარ მელაძე, თამთა დოლენჯაშვილი

31.05.2024

30 ნოემბერი, 2023 წელი

საქმე N – 705

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: თათია ხალიანი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, საბა წიწიკაშვილი, სოფო ჟღენტი, ირმა ზოიძე, მაია წიკლაური

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ირმა ჯანჯღავამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 28 ოქტომბერს „TV პირველის” გადაცემა „მელაძის შაბათში” გასულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-11 პრინციპი. მოგვიანებით, განმცხადებელმა საჩივარს დაამატა ქარტიის მე-5 და მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ ნოდარ მელაძე და თამთა დოლენჯაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე მედიას სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და შეპასუხება არც წერილობით წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

გადაცემა ეხება პოლონეთში არსებულ საშუამავლო კომპანიას, რომელიც საქართველოს მოალაქეებს გერმანიაში ასაქმებს და, სიუჟეტის მიხედვით, დასაქმებულები კუთვნილ თანხას ვერ იღებენ.

სიუჟეტის წარდგენისას გადაცემის წამყვანი, ნოდარ მელაძე ამბობს:

„გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ. ქართველი ქალები, რომლებიც სამშობლოდან უკიდურესი გაჭირვების გამო ევროპაში სამუშაოდ წავიდნენ, ანაზღაურების გარეშე დარჩნენ. ირკვევა, რომ ადამიანები, რომელთა ყოფაც სამშობლოში საკმაოდ მძიმე იყო, გერმანიაში გაემგზავრნენ და იქ საკმაოდ მძიმე სამუშაოზე - მოხუცების მომვლელებად დასაქმდნენ, თუმცა საშუამავლო კომპანია, რომელიც პოლონეთშია რეგისტრირებული და რომელმაც საქართველოს მოქალაქეები სამუშაოდ გერმანიაში წაიყვანა, თვეების განმავლობაში მათ კუთვნილ ანაზღაურებას არ უხდის. საშუამავლო კომპანიასთან ერთადერთი საკონტაქტო პირი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ასევე უარით ისტუმრებს ქართველ ქალებს, რომ მისცეს კუთვნილი ხელფასი. დგინდება, რომ მიღებული ანაზღაურების ნაწილი ამ საშუამავლო კომპანიაში რჩება, თუმცა ქართველებს იმ ფულსაც არ აძლევენ, რაც მათ შეთანხმების თანახმად უნდა მიიღონ. ეს ადამიანები ახლა მძიმე ყოფაში იმყოფებიან და დახმარება შაბათის ეთერს სთხოვეს. ჩვენ შევისწავლეთ ის დოკუმენტები, რომლებიც ამ ადამიანებმა გამოგვიგზავნეს, ჩავწერეთ მათთან ინტერვიუები და გავეცანით იმ საკმაოდ მძიმე შინაარსის აუდიოშეტყობინებებს, რომელსაც პოლონური საშუამავლო კომპანიის ქართველი წარმომადგენელი და მისი ოჯახის წევრი უგზავნიან ქართველ ემიგრანტებს. ჩანაწერები იმდენად მძიმეა, რომ მისი ეთერში გაშვება სრულად შეუძლებელია, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. როდესაც ჩვენი გუნდის ჟურნალისტი ქალბატონ ჯანჯღავას და მისი ოჯახის წევრებს დაუკავშირდა ინფორმაციის გადასამოწმებლად, ჯანჯღავას ძმამ უკიდურესი შეურაცხყოფები მიაყენა, რამაც ჩვენ გაგვიჩინა რწმენა, რომ ის, რასაც ემიგრანტები ლაპარაკობენ, 100%-ით სიმართლეა". 

მასალაში ჟურნალისტი ამბობს:

        „დგინდება, რომ გერმანული ოჯახები ფულს დამსაქმებელს ურიცხავენ, დამსაქმებელი კი ქართველებს კუთვნილ თანხას არ აძლევს. დაპირებებში კი თვეები გადის.“

        „გერმანიაში არალეგალურად მყოფი მოქალაქეები ნამდვილად დაასაქმეს. ოღონდ ოჯახები, სადაც მუშაობდნენ, ანაზღაურებას შუამავლს ურიცხავდნენ, რადგან ოფიციალურ ანაზღაურებას არალეგალურად მყოფ პირებს ვერ მისცემდნენ. შუამავალი ჯანჯღავა კი ათობით ემიგრანტს ხელფასს არ აძლევს. ვინც ფულს ითხოვს, ემუქრება, რომ გერმანიაში არალეგალურად არიან და მათ გამოადეპორტებს“.

        „ირმა ჯანჯღავას დაზარალებული ქალებისგან თავის დაღწევა მუქარით უწევს, შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს ქართველი დამსაქმებლისგან ოჯახის მარჩენალი ქალები ყოველდღიურად იღებენ. შიშის და მუქარის ფონზე მუშაობა უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ".

        „მოქალაქეები ამბობენ, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლები არიან და უკეთესი ცხოვრების მოწყობის იმედით გერმანიაში წასულები რეალურად ქართველი შუამავლის დამსახურებით მონობაში არიან“.

        „ქალი, პირობითი სახელით ლილი, დაზარალებულია. ჯერ ირმა ჯანჯღავამ მისგან უკანონო დოკუმენტების დამზადებაში ფული აიღო, შემდეგ სამსახური მოუძებნა, დაასაქმა და ახლა ისე გადის თვეები, ხელფასს საერთოდ არ ურიცხავს. ის მძიმე დიაგნოზის მოხუცის სახლში ახლა უფულოდ და დოკუმენტების გარეშეა გამოკეტილი. ყველა ზარი ქართველ დამსაქმებელთან ერთი შედეგით - უშედეგოდ მთავრდება. ქალი ჩუმად მხოლოდ იმის გამოა, რომ ეშინია, უცხო ქვეყნიდან არ დაადეპოტონ".

        „მძიმე გასაჭირში მყოფი ქართველი დაზარალებული ქალები გაერთიანდნენ და დახმარება საქართველოს ემიგრანტთა  ასოციაციის პრეზიდენტს თხოვეს. ლევან სიმონიშვილი ახლა ემიგრანტების ინტერესებს გერმანული კანონმდებლობით ორი ადგილობრივი იურისტის დახმარებით იცავს. საქმე სასამართლოში წარსადგენად მზადდება. სიმონიშვილის დავა პოლონური კომპანიის წინააღმდეგ დაიწყო. კანონმდებლობა ძალიან მკაცრია. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ დასაქმებული ქალების უფლებები უხეშად დაირღვა, დამსაქმებელს 300 000 ევროს ჯარიმა და კომპანიას ლიკვიდაცია ემუქრება".

        „ირმა ჯანჯღავასთან დაკავშირაბას ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, თუმცა მის ძმასთან დაკავშირების შემდეგ დამსაქმებელი, რომელსაც ემიგრანტი ქალების ვალი აქვს, თავად გამოვიდა კავშირზე. ამბობს, რომ ის ხელფასების გაცემასთან არანაირ კავშირში არაა, რადგან პოლონურ კომპანიას წარმოადგენს. ანაზღაურების დაგვიანებაზე კი ყველა დასაქმებული წინასწარ ინფორმირებული იყო".

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მასალაში გავრცელებული იყო არასწორი ინფორმაცია.

განმცხადებლის წარმომადგენლის თქმით, მასალაში გაჟღერებული ბრალდება, რომ ირმა ჯანჯღავა ქართველ ემიგრანტებს კუთვნილ თანხას არ ურიცხავს, არასწორია. მისი თქმით, ის ვერ იქნება პასუხისმგებელი ემიგრანტებისთვის ხელფასების ჩარიცხვის საკითხზე, რადგან მისი ფუნქცია ეს არ ყოფილა.

განმცხადებლის წარმომადგენლის თქმით, ჯანჯღავას პოლონური საშუამავლო ორგანიზაციისგან წარმომადგენლობითი რწმუნებულება და შესაბამისი თანამდებობა არ აქვს [„ქართველი ემიგრანტები გერმანიაში დასაქმების პირობით ირმა ჯანჯღავამ წაიყვანა და მათ პოლონური დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლად გაეცნო“]. განმცხადებლის წარმომადგენლის თქმით, ჟურნალისტს ამის გადამოწმება თავად კომპანიასთან შეეძლო და ასევე უნდა გაცნობოდა ირმა ჯანჯღავას ხელშეკრუნებას, რათა დაედგინა, რა ფუნქცია/მოვალეობები აქვს მას.

განმცხადებლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ჯანჯღავას შრომითი ხელშეკრულებისა და გამოკითხვის ოქმის [რომელიც განმცხადებლის წარმომადგენელმა თავად ჩაატარა] თანახმად, მას შემხებლობა არ აქვს ქართველების დასასაქმებლად წაყვანასთან.

განმცხადებლის წარმომადგენელი ასევე მიუთითებდა, რომ არასწორია ინფორმაცია - „ვინც ფულს ითხოვს, ემუქრებიან, რომ გერმანიაში არალეგალურად არიან და მათ გამოადეპორტებს - რადგან, მისი თქმით, ემიგრანტი, რომელიც გერმანიაში ოჯახში დასაქმებულია აღნიშნული პოლონური საშუამავლო ორგანიზაციის მიერ, ყველა არის ლეგალურად, პოლონური ბინადრობის მოწმობის საფუძველზე, შესაბამისად, ამ ვადების ცვლილება და ვინმეს გამოდეპორტება ირმა ჯანჯღავას არ შეუძლია.

განმცხადებლის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავდა, რომ მასალაში გაჟღერდა მძიმე ბრალდებები, რომელიც ჯანჯღავას მიემართებოდა [თანხის არ გადახდა, ტრეფიკინგი, დადეპორტება], რაც არასწორია და მაყურებელი შეჰყავს შეცდომაში.

განმცხადებლის არგუმენტაცია სრულად წარმოდგენილია წერილობით დოკუმენტში [იხილეთ გადაწყვეტილების ბოლო ნაწილში].

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ჟურნალისტმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რადგან მან სათანადოდ არ სცა პატივი მაყურებლის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

ზოგადად, საბჭო თითოეულ მედიაპროდუქტს აფასებს საზოგადოებისთვის სიუჟეტის წარდგენის ყველა ასპექტის, მიზნისა და აქცენტების გათვალისწინებით. მასალაში გაჟღერებულია ბრალდებები, რომ ირმა ჯანჯღავა დასაქმებულებს თანხას არ უხდის და მის გამო ქვეყნიდან წასულ ქალებს დადეპორტების ეშინიათ.

ჟურნალისტის ტექსტი მაყურებელს შთაბეჭდილებას უტოვებს, რომ ამ ბრალდებებს ლეგიტიმური საფუძველი აქვს, თუმცა სიუჟეტში არ ჩანს ამის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალებს აკლია გადამოწმება და წყაროები. ფორმალური ბალანსი ვერ გადაწონის ბრალდებას, რომელმაც შეიძლება პირს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

მასალაში ირმა ჯანჯღავას კომენტარს მაყურებელი სიუჟეტის ბოლოს ეცნობა. ჟურნალისტი ამბობს - „ირმა ჯანჯღავასთან დაკავშირებას ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, თუმცა მის ძმასთან გასაუბრების შემდეგ დამსაქმებელი, რომელსაც ემიგრანტი ქალების ვალი აქვს, თავად გამოვიდა კავშირზე. ამბობს, რომ ის ხელფასების გაცემასთან არანაირ კავშირში არაა, რადგან პოლონურ კომპანიას წარმოადგენს. ანაზღაურების დაგვიანებაზე კი ყველა დასაქმებული წინასწარ ინფორმირებული იყო". მასალაში არ ჩანს, რომ ჟურნალისტი შეეცადა ირმა ჯანჯღავასთან ისეთი ბრალდებების გადამოწმებას, როგორიცაა ტრეფიკინგის ან დადეპორტების შიში. ამიტომ, მაყურებელმა ვერ მიიღო ბრალდების ობიექტის საპასუხო პოზიცია. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჯანჯღავა ამბობს, რომ თანხების გაცემასთან თავად არაა კავშირში, ჟურნალისტი მაინც მტკიცებით ფორმაში გადმოსცემს აღნიშნულ ინფორმაციას.

განმცხადებელმა წარმოადგინა ირმა ჯანჯღავას ხელშეკრულება, სადაც წერია - „კლიენტი ბრძანებს მომსახურების შესრულებას, ხოლო კონტრაქტორი იღებს ვალდებულებას შეასრულოს შემდეგი სამუშაოები: საოფისე სამუშაოები 2023 წლის 20 მარტიდან. 2026 წლის 20 ივნისამდე პასუხისმგებლობის ფარგლები: ოფისის ფუნქციონირების მართვა, შეხვედრების განრიგის დადგენა, მმართველი ოფისის კორესპონდენცია, კომპანიის დოკუმენტაციის შეკვეთა და არქივირება, თანამშრომლებთან და მომხმარებლებთან კონტაქტი და კონსულტაციები”. აღნიშნული ხელშეკრულებით არ დასტურდება, რომ ირმა ჯანჯღავას კომპეტენციაში შედიოდა ხელფასების გაცემა. ამასთან, მასალაში არ ჩანს, რომ ჟურნალისტი ეცადა აღნიშნული დოკუმენტაციის მოპოვებას და მაყურებლისთვის გაცნობას.

საბჭომ პირველი პრინციპის დარღვევა ვერ დაინახა წამყვანის ნაწილში, რადგან იგი ირმა ჯანჯღავას „კომპანიასთან საკონტაქტო პირს" უწოდებს და აღწერს ემიგრაციაში მყოფი ქალების პრობლემას. წამყვანი არ განიხილავს კონკრეტულ გარემოებებს, რასაც სიუჟეტში ჟურნალისტი დეტალურად ეხება. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ წამყვანს, ნოდარ მელაძეს ქარტიის პირველი პრინციპი არ დაურღვევია.

მე-5 პრინციპის თანახმად, მედია ვალდებულია, „შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ შესწორების მოთხოვნით მედიასაშუალებას მიმართა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და ასევე წერილი გაუგზავნა თავდაპირველად ტელეკომპანიის მითითებულ მისამართზე, თუმცა წერილის უკან დაბრუნების შემდეგ მეორე მისამართზე.

დადასტურებული ფაქტია, რომ განმცხადებელს ჰქონდა მედიასაშუალებასთან მიმართვის მცდელობები, მიუხედავად ამისა, ინფორმაცია არ გასწორდა. სადავო მედიაპროდუქტი უცვლელი სახით არის გამოქვეყნებული საქმის განხილვის დღემდე. შესაბამისად, მე-5 პრინციპი დარღვეულად იქნა მიჩნეული.

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტურ პროდუქტს მოჰყვა შემავიწროებელი და სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები საზოგადოების მხრიდან. მისი თქმით, მედიასაშუალებამ ეს კომენტარები/მასალა არ წაშალა, შესაბამისად, ხელი შეუწყო აღნიშნულს.

ქარტიის პრაქტიკის მიხედვით, მე-7 პრინციპის ჭრილში შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ ის მადისკრედიტებელი მასალა, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, იწვევს დისკრიმინაციას ან სტიგმის გაძლიერებას.

საბჭომ ამ შემთხვევაში ვერ დაინახა კონკრეტული ნიშანი, რომლის მიხედვითაც პირის დისკრიმინაცია იქნებოდა შესაძლებელი, შესაბამისად, საბჭომ მე-7 პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტებმა ინფორმაცია განზრახ დაამახინჯეს.

მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან მედიასაშუალებაში კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და ჟურნალისტმა დადასტურებულად იცის, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნულ შემთხვევაში არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ არ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. თამთა დოლენჯაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.
  2. თამთა დოლენჯაშვილს არ დაურღვევია ქარტიის  მე-7 და მე-11 პრინციპი.
  3. ნოდარ მელაძეს არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპი.

 

განცხადება

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტი

სადავო მასალა 

 

 

JOIN US ON FACEBOOK