ა(ა)იპ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი “ (WISG) და ა(ა)იპ “ქვიარ ასოციაცია - “თემიდა”; და ანონიმური განმცხადებლები.

12.06.2024

 

განმცხადებლები: ა(ა)იპ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი “ (WISG) და ა(ა)იპ “ქვიარ ასოციაცია - “თემიდა”; და ანონიმური განმცხადებლები.

მოპასუხეები: ირაკლი ჩიხლაძე; საბა ხვიჩია; ლევან ტაბატაძე; შოთა კვინიკაძე; ნუცა ქავთარაძე; ნინია ზვიადაძე.

დარღვეული პრინციპები: 1-ელი პრინციპი; მე-7 პრინციპი; მე-11 პრინციპი.

25 მაისი, 2024 წელი

საქმე N 737; 738; 739; 740

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, გელა მთივლიშვილი, მანანა ქველიაშვილი, ირმა ზოიძე, ხატია ღოღობერიძე.

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ა(ა)იპ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ (WISG) და ა(ა)იპ “ქვიარ ასოციაცია - “თემიდამ” (პირველი განმცხადებლები), ასევე ანონიმურმა განმცხადებლებმა (მეორე განმცხადებლები), რომლებიც მიიჩნევენ, რომ 2024 წლის 03 მარტს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემაში “იმედის კვირა” გასულ სიუჟეტში, სახელწოდებით “სახიფათო პროპაგანდა” (წამყვანი - ირაკლი ჩიხლაძე, ჟურნალისტი - საბა ხვიჩია), დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი, მე-7 და მე-11 პრინციპები.

 

პირველმა განმცხადებლებმა ასევე სადავო გახადეს კიდევ ორი მასალა:

  1. გადაცემა “იმედის კვირაში” 2024 წლის 17 მარტს გასული რეპორტაჟი სახელწოდებით: “რა საფრთხეებს შეიცავს სქესის შეცვლის ოპერაციები ადრეულ ასაკში - სკანდალური ფაილები”;
  2. “იმედის დღეში” 2024 წლის 28 მარტს გასული სიუჟეტი “ექსკლუზიური ინტერვიუ დეტრანს რიჩი ჰერისონთან” ან/და “მეცნიერები ქირურგიული კასტრაციის წინააღმდეგ”.

მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრენ აღნიშნული გადაცემების წამყვანები: ირაკლი ჩიხლაძე, ნუცა ქავთარაძე და რეპორტაჟის ავტორები: საბა ხვიჩია, ლევან ტაბატაძე, შოთა კვინიკაძე და ნინია ზვიადაძე.

 

საქმის განხილვის თავისებურებები

განმცხადებლებმა ა(ა)იპ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ (WISG) და ა(ა)იპ “ქვიარ ასოციაცია - “თემიდამ” (პირველი განმცხადებლები) და ანონიმურმა განმცხადებლებმა (მეორე განმცხადებლები) დამოუკიდებლად მომართეს ქარტიას განცხადებით, თუმცა, რამდენადაც თემიდასა და WISG-ის განცხადება მოიცავდა მეორე განმცხადებელთა სადავო სიუჟეტსაც, მხარეთა თანხმობით საქმეები გაერთიანდა და განხილულ იქნა ერთობლივად.

საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, ჰიბრიდულ ფორმატში, კერძოდ, საბჭოს წევრების ნაწილი სხდომაში მონაწილეობდა დისტანციურად.

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სხდომას ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობა მიიღეს განმცხადებლების წარმომადგენლებმა, ა(ა)იპ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) წარმომადგენელმა მარიამ სპასოვმა და ა(ა)იპ “ქვიარ ასოციაცია - “თემიდას” წარმომადგენელმა ფიქრია ეპიტაშვილმა.

მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და საბჭოსთვის  თავიანთი შეპასუხება არც წერილობითი სახით წარმოუდგენიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

პირველი პრინციპი. ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სახიფათო პროპაგანდა”, 2024 წლის 03 მარტი

1-ელი პრინციპის ფარგლებში პირველი განმცხადებლები მიუთითებენ, რომ აღნიშნული სიუჟეტი არის მანიპულაციური და სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა თუ გენდერული გამოხატვის შესახებ ცნობიერების ამაღლება მონათლულია “ლგბტ პროპაგანდად”.

ირაკლი ჩიხლაძის სადავო ფრაზა:

 

„სწორედ პროპაგანდის შედეგად იზრდება რიცხვი ახალგაზრდებში, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს ლგბტ თემთან.“

მეორე განმცხადებლის მიერ მითითებული სადავო ეპიზოდები:

ჟურნალისტის სიტყვები: „კანონპროექტის მიზანი, რომლის ინიცირებასაც მმართველი გუნდი გეგმავს, ამ ფართომასშტაბიანი, ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდისაგან საქართველოს დაცვაა.“

განმცხადებლის პოზიციით, კადრში ჩანს, რომ ქვიარ წყვილი აღნიშნავს გამომწერების ზრდას იუთუბზე, თან ისე, რომ არც საუბრობენ, თუმცა ამ კადრებს ფონად გასდევს სიუჟეტის ავტორის, საბა ხვიჩიას მონოლოგი, რომ წყვილი, საკუთარი “არატრადიციული ორიენტაციის” შესახებ მოზარდებს ესაუბრება.

 

ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სკანდალური ფაილები”, 2024 წლის 17 მარტი

პირველი განმცხადებლის მიერ მითითებული სადავო ფრაზები, რომლებიც ირაკლი ჩიხლაძემ გამოიყენა:

„რა საფრთხეებს შეიცავს სქესის შეცვლის ოპერაციები ადრეულ ასაკში“.

„ექსპერიმენტი მიმართულია უსქესო სხეულების შესაქმნელად“.

„ამ ადამიანებს სქესის შეცვლის ოპერაცია ადრეულ ასაკში ჩაუტარეს.“

 

ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის დღე”, რეპორტაჟი “ექსკლუზიური ინტერვიუ დეტრანს რიჩი ჰერისონთან” ან/და “მეცნიერები ქირურგიული კასტრაციის წინააღმდეგ

პირველი განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტს შემოაქვს ახალი ტერმინი, „დეტრანსი“ მისი მნიშვნელობის განმარტების გარეშე.

ასევე, სიუჟეტში შექმნილია წარმოდგენა, რომ თითქოს კლინიკის/ქირურგის თვითმიზანია სამედიცინო ჩარევის, ქირურგიული პროცედურის ჩატარება და არა ტრანზიციის მხარდაჭერა.

პირველი განმცხადებელი აღნიშნავს, რომ “მასალაში პოზიციები მხოლოდ ცალმხრივადაა გაშუქებული და შეუძლებელია მაყურებელმა შეიტყოს მეორე მხარის პოზიცია”.

“სადავო გადაცემაში ეს ფრაზები წარმოთქმული იყო მტკიცებით ფორმაში, ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულებების და გაანალიზების გარეშე. ჟურნალისტები არ უთითებენ, რომ ამ პოზიციას შესაძლოა მოწინააღმდეგებიც ჰყავდნენ და სიუჟეტში არ არის დაფიქსირებული მეორე მხარის პოზიცია”.

ყველა სადავო მასალასთან მიმართებაში განმცხადებლები უთითებდნენ, რომ მასალები მომზადებული იყო ცალმხრივად, მხოლოდ მიკერძოებულ წყაროებზე დაყრდნობით, არ იყო წარმოდგენილი განსხვავებული პოზიცია, არ იყო დაცული მხარეთა ბალანსი.

ქარტიის საბჭო ზემოთ აღწერილი მედია პროდუქტების შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების მხრიდან დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

საბჭოს მიერ არაზუსტ ინფორმაციაზე მსჯელობა რამდენიმე კატეგორიად შეიძლება დაიყოს, მათ შორის არის შემთხვევა, როდესაც საბჭოს არ შეუძლია, დაადგინოს, ინფორმაცია იყო თუ არა ზუსტი, მაგრამ ჩანს, რომ ჟურნალისტმა არ სცადა ინფორმაციის გადამოწმება. მოცემულ შემთხვევაში, სიუჟეტებში აღწერილი თემების მოცულობიდან გამომდინარე, საბჭოს ძალებს აღემატება სიუჟეტში გახმაურებული ყველა ინფორმაციის გადამოწმება და თემის სიღრმეებში შესვლა. შესაბამისად, ის მსჯელობს და აფასებს, მასალაში ჟურნალისტის მხრიდან რა ქმედებები ჩანს ინფორმაციის გადამოწმებისა და დაზუსტების მიზნით, ასევე, რამდენად გადამოწმებულ ინფორმაციას იღებს მასალიდან მაყურებელი.

საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, თუ როგორ შეეცადა ჟურნალისტი ინფორმაციის გადამოწმებას. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, მინიმუმ, ორი დამოუკიდებელი წყარო უნდა ადასტურებდეს ინფორმაციას, რომ ის მტკიცებით ფორმაში გადაიცეს.

საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ სადავო მასალებში სიზუსტის პრინციპის დარღვევის პრობლემა არ არის მხოლოდ ცალკეულ ფრაზებსა და სიტყვებში.

მთავარი პრობლემა არც ისაა, რომ სადავოდ გამხდარი ფრაზები არის სუბიექტური, მიკერძოებული, ერთი მიმართულების მხარდამჭერ ექსპერტებზე დაფუძნებული; არც მხოლოდ ის, რომ აღნიშნული ფრაზების სიზუსტე არ არის მასალებში სათანადოდ, ქარტიის სტანდარტის შესაბამისად გადამოწმებული; არც მხოლოდ ის, რომ მასალებში არ ჩანს განსხვავებული პოზიციები, არც ქვიარ თემი ან/და მათ უფლებებზე საქართველოში (ან/და უცხოეთში) მომუშავე ორგანიზაციები; არც ის, რომ მასალებში წამოჭრილი საკითხების ნაწილზე (ქირურგიული ჩარევები, ჩარევებისას პირის ასაკი და ა.შ.) თანამედროვე მსოფლიოში ბევრი სხვადასხვა მოსაზრება და კვლევაა.

საბჭოს შეფასებით ჟურნალისტური სიზუსტის მთავარი უპატივცემულობაა ის, რომ, როგორც სადავო მასალებიდან ჩანს, ტელეკომპანია “იმედმა” ეს თემები მიზანმიმართულად მიკერძოებული, კამპანიური გაშუქებით, აქცია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პროპაგანდის საინფორმაციო მხარდაჭერად. ამის მისაღწევად “იმედი” ორ მიმართულებას ავითარებს:

პირველი - “იმედის” ეთერში გასული სადავო მასალები თანხვედრაშია ხელისუფლების გაცხადებულ მიზანთან, ებრძოლოს “LGBT-პროპაგანდას”. საბჭოს წევრთა შეფასებით, ტელეკომპანია “იმედი” აღნიშნული სიუჟეტებით ცდილობს ქართულ აუდიტორიას თავს მოახვიოს ხელისუფლების მთავარი პროპაგანდისტული გზავნილი, რომ “გარყვნილ” ევროპასა და ამერიკაში ქვიარ ადამიანებისთვის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებამ დამღუპველი, გამოუსწორებელი შედეგები მოიტანა, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში და ამ ფონზე “ქართული ოცნების” ხელისუფლება საკანონმდებლო ინიციატივებით ცდილობს ამ “დიდი უბედურებისგან” ქართველი ხალხის დაცვას.

მეორე - სადავო მასალებში “იმედის” ჟურნალისტები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ხელისუფლებას პირველი მიზნის განხორციელებაში ხელს უშლის “რადიკალური ოპოზიცია”. ამ მასალებში ოპოზიცია მოპასუხეების როლში და “LGBT-პროპაგანდის” მხარდამჭერადაა წარმოჩენილი.

წორედ ამ ორი მიზნის მისაღწევად, “იმედი” განგრძობითად არღვევს მასალებში სიზუსტის პრინციპს, აშუქებს სენსიტიურ თემას გამოგონილი, ხელოვნურად შექმნილი მხარეების (ხელისუფლება-ოპოზიცია) მონაწილეობით. ამით ქმნის მხარეთა ხელოვნურ ბალანსს და ბუნებრივად არსებული ჯგუფების იგნორირებით, საუბრობს იმ მხარეების, ადამიანების მონაწილეობის გარეშე, რომლებზეც ამ საკითხებს პირდაპირი გავლენა აქვს.

ტელეკომპანია “იმედი” ამ პროპაგანდისტული ქმედებებით განგრძობითად არღვევს ჟურნალისტურ ბალანსს, რაც სიზუსტის განუყოფელი ნაწილია.

საბჭოს  წევრთა შეფასებებით, სადავო მასალებში “იმედის” ჟურნალისტები ქვიარ თემის “გაშავების”, დისკრედიტაციის მიზნით ახდენენ სხვადასხვა უცხოურ წყაროში გამოქვეყნებული ისეთი ინფორმაციის საკუთარი აუდიტორიისთვის ჩვენებას, რაც ცალსახად უარყოფითად წარმოაჩენს ქვიარ თემს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მათ დემონიზებას. ესეც არის სიზუსტის დარღვევა, ინფორმაციის ცალმხრივად, ერთი მიმართულების დომინანტურად გაშუქებით.

პირველი პრინციპის ფარგლებში საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ მედიაპროდუქტი არ უნდა იყოს მანიპულაციური. საბჭომ მიიჩნია, რომ ე.წ. “ლგბტ პროპაგანდაზე” საუბარი არის ამ წესის დარღვევა, რადგან ეს ტერმინი საფუძველშივე მცდარია.

სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა თუ გენდერული გამოხატვის შესახებ ცნობიერების ამაღლება არ შეიძლება შეფასდეს, როგორც “პროპაგანდა” — ეს არ არის არჩევანი. შესაბამისად, მითითება, რომ „პროპაგანდას” შეუძლია იდენტობაზე გავლენა მოახდინოს და შეცვალოს, გარდა იმისა, რომ არასწორია, არის რუსული დეზინფორმაციული ნარატივის და პროპაგანდის ნაწილიც — არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება და სანდო წყარო, რომელიც დაადასტურებდა „ლგბტ პროპაგანდის" რაიმე ფორმით არსებობას და იმას, რომ ის გავლენას ახდენს ადამიანებზე.

ამდენად, ცხადია, რომ საქართველოში მმართველი პოლიტიკური ძალის და მისი ღიად მხარდამჭერი მედიების მიერ დამკვიდრებული, ტირაჟირებული ტერმინი “LGBT პროპაგანდა” გამოყენებულია მასებზე გავლენის მოხდენის მიზნით.

გარდა ამისა, სიუჟეტში არაზუსტია საუბარი იმაზეც, რომ „სწორედ პროპაგანდის შედეგად იზრდება რიცხვი ახალგაზრდებში, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს ლგბტ თემთან“.

ამ ფრაზას მაყურებელი ასევე მანიპულაციურად შეჰყავს შეცდომაში. ცხადია, რომ ქვიარ თემის წარმომადგენელთა “რაოდენობის ზრდა” არ შეიძლება „პროპაგანდას“  მიეწეროს. გასულ წლებში, მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებში, ადამიანები უმეტესად მალავდნენ თავიანთ სექსუალურ ორიენტაციასა თუ გენდერულ იდენტობას, რაც მათი ჩაგვრის გამო ხდებოდა. წლებთან ერთად ვითარება გაუმჯობესდა და, მიუხედავად იმისა, რომ ჰომო და ტრანსფობია დღესაც საკმაოდ ძლიერია, ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში ქვიარებს მინიმუმ კანონი აძლევს თანაბარ უფლებებს. რაც უფრო უმჯობესდება უფლებრივი მდგომარეობა, მით უფრო მეტი ადამიანი საუბრობს საკუთარ იდენტობაზე და გამოხატავს საკუთარ თავს. ფაქტობრივად მცდარია ტელეკომპანია “იმედის” იმგვარი გაშუქება, თითქოს ეს “პროპაგანდის” შედეგია.

მეშვიდე პრინციპი. ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სახიფათო პროპაგანდა”, 2024 წლის 03 მარტი

პირველი და მეორე განმცხადებლის მიერ მითითებული სადავო ფრაზები, რომლებიც გამოიყენა ირაკლი ჩიხლაძემ:

 „ქართული ოცნება” ფსევდო ლიბერალური პროპაგანდის და არა ადამიანის უფლებების წინააღმდეგ. გადაცემა დავიწყოთ კვირის მთავარი თემით, რომლითაც სპეკულირებს ყველა, ვინც რადიკალიზმის ერთგული, ეკლესიის დესტრუქციის მცდელობის თანამონაწილე და ეროვნული იდენტობის წინაააღმდეგია“.

„ყველა, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს და ვისთვისაც ადამიანი მთავარი ღირებულებაა.“

ლგბტ პროპაგანდა ბოლო წლებია მასშტაბურ ფერად ისტერიად იქცა. ტრადიციების, ფასეულობების და ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ მთავარ იარაღად”.

საბა ხვიჩიას სადავო ფრაზები:

ლგბტ პროპაგანდა სოციალურ ქსელებში, ეკლესიებში, ვიდეოებში, წიგნებში, ფილმებში, სკოლებსა და ბაღებში ეს მსოფლიო რეალობაა. კანონპროექტის მიზანი, რომლის ინიცირებასაც მმართველი გუნდი გეგმავს, ამ ფართომასშტაბიანი ფსევდო ლიბერალური პროპაგანდისგან საქართველოს დაცვაა“.

ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სკანდალური ფაილები”, 2024 წლის 17 მარტი

პირველი განმცხადებლის მიერ მითითებული სადავო ფრაზები, რომლებიც გამოიყენა ირაკლი ჩიხლაძემ:

ქირურგები ამბობენ, რომ შედეგად ვიღებთ ადამიანის სხეულს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს.“

საბა ხვიჩიას სადავო ფრაზები:

ოპერაცია მიმართულია უსქესო სხეულების შესაქმნელად.“

ქარტიის საბჭომ მსჯელობის შედეგად გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია, რომ ყველა ზემოთ აღწერილი ფრაზა დისკრიმინაციულია ქვიარ თემის მიმართ. “იმედის” ჟურნალისტები სადავო მასალებში ერთმნიშვნელოვნად ცდილობენ ლგბტქ ადამიანების დაკნინებას და მათი არსებობის, მათი საჯაროდ პოზიციონირების საზოგადოების პრობლემად, საერო თუ საეკლესიო საზოგადოებისთვის სირცხვილად წარმოჩენას.

გარდა ამისა, დისკრიმინაციულია ტერმინით “ლგბტ პროპაგანდა” აპელირება, რადგან ის თავისთავად შეიცავს ქვიარ ადამიანების მტრად წარმოჩენის ნარატივს - თითქოს ქვიარ თემი არის მტერი, რომლის “თავს მოხვევასაც” ცდილობენ და თითქოს აღიარებული ფაქტია, რომ ქვიარობა ცუდია და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული.

ქარტიის მიერ წლების განმავლობაში დადგენილი სტანდარტით ჟურნალისტი უნდა უპირისპირდებოდეს მსგავს მიდგომას და არათუ ახალისებდეს რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციას, არამედ უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლინებას.

ლების პრაქტიკით, ქარტის  მე-7 პრინციპმა დისკრიმინაციასთან ერთად მოიცვა სიძულვილის ენა და სტიგმის გაძლიერება. შესაბამისად, ჟურნალისტმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ თავიდან აიცილოს დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა და სტიგმის გაძლიერება.

გადაწყვეტილებაში ფონდი “ინკლუზივი“ ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ საბჭომ აღნიშნა, რომ „ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის წახალისება, სიძულვილის ენა და არატოლერანტული გამონათქვამები, რათა საჭირო მომენტში გააცნობიეროს და სწორად შეაფასოს პრობლემა“.

ამ საქმეში საბჭომ მიუთითა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებულ რეკომენდაციაზე: სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, მათ შორის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით. საბჭომ აღნიშნულ განმარტებას დაამატა, რომ „სიძულვილის ენა უნდა იყოს კონკრეტული ჯგუფის მიმართ და ატარებდეს შეურაცხმყოფელ ხასიათს, თუმცა ყველა შეურაცხმყოფელი ტექსტი არ შეიძლება იყოს სიძულვილის ენა“.  

ქარტიის საბჭო მე-7 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებულია ისეთი ტერმინები, რომლებიც თანხვედრაშია ჰომოფობიური ჩაგვრის (როგორც ვერბალური, ისე ფიზიკური) პრაქტიკაში დამკვიდრებულ ტერმინებთან, ატარებს დამაკნინებელ და შეურაცხმყოფელ ხასიათს ლგბტქ ადამიანების მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში საბჭომ ეს პრინციპი დარღვეულად მიიჩნია ყველა სადავო სიუჟეტში, რამდენადაც, ქვიარ თემი ყველა მათგანში უარყოფით კონტექსტში, დამაკნინებლადაა წარმოჩენილი.

საქართველოს კანონმდებლობაც პირდაპირ დისკრიმინაციად მიიჩნევს ისეთ მოპყრობას ან პირობების შექმნას, რომლებიც პირს, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.

“იმედის” სადავო სიუჟეტებში წარმოჩენილია, რომ თითქოსდა ქვიარ თემი განსხვავებული უფლებებით უნდა სარგებლობდეს და თითქოს ქვიარები არ ექცევიან უფლებების დაცვის საერთო ჩარჩოში, რაც ცალსახად პირდაპირი დისკრიმინაციის მაგალითია.

ლგბტქ+ ადამიანები წარმოჩენილნი არიან ეროვნული იდენტობის წარმწყმედ და ეკლესიის შეურაცხმყოფელ თემად, ეს ყოველივე კი, ისედაც ნეგატიურად განწყობილ საზოგადოებაში, ხელს უწყობს სტიგმისა და სიძულვილის გაძლიერებას.

ამას ადასტურებს სადავო მასალების  ქვეშ დაწერილი კომენტარების სქრინები, რომლებიც განმცხადებელმა წარმოადგინა.

Სადავო სადავო მასალებში “იმედის” ჟურნალისტებმა წაახალისეს ლგბტქ+ ადამიანების დისკრიმინაცია და სტიგმატიზაცია, თემთან რაიმე ფორმით ასოცირება/დაკავშირება წარმოაჩინეს როგორც მადისკრედიტებელი, საზოგადოებისათვის მიუღებელი ქმედება, რითაც ხელი შეუწყვეს ჰომოფობიური განწყობების გაღვივებასა და გავრცელებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში დარღვეულია ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

მეთერთმეტე პრინციპი. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება

ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სახიფათო პროპაგანდა”, 2024 წლის 03 მარტი

ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სკანდალური ფაილები”, 2024 წლის 17 მარტი

ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის დღე”, რეპორტაჟი “ექსკლუზიური ინტერვიუ დეტრანს რიჩი ჰერისონთან” ან/და “მეცნიერების ქირურგიული კასტრაციის წინააღმდეგ.

სამივე სადავო სიუჟეტთან მიმართებით, განმცხადებლები მიუთითებენ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაზე და მათ განზრახულობაზე, რომ მსგავსი თემები გააშუქონ პოლიტიკური ჰომოფობიის კონტექსტში.

ქარტიის პრაქტიკით, საბჭო ფაქტებს განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევს, როცა დგინდება, რომ:

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;
  2. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;
  3. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

ტელეკომპანია “იმედის” სადავო მასალების განხილვისას განმცხადებელი სწორედ დარღვევის კამპანიურობაზე, განგრძობითობაზე მიუთითებდა. საბჭოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ამ თემებზე პროპაგანდისტული მასალები “იმედის” ეთერში გადიოდა ინტენსიურად. 2024 წლის 26 თებერვალს, გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით „ფსევდო ლიბერალიზმი და ლგბტ პროპაგანდა“, 27 თებერვალს ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით „ლგბტ პროპაგანდა - გამოხმაურებები“, პირველ მარტს ეთერში გავიდა ოთხი სიუჟეტი დღის სხვადასხვა მონაკვეთში, რომლის სათაურია „ლგბტ პროპაგანდა - საკანონმდებლო ინიციატივა“. ამასთან, “იმედის კვირის“ ეთერში რეგულარულად ხდება მსგავსი სიუჟეტების გაშუქება.

ჩამოთვლილ მასალებში “იმედის” ჟურნალისტები აღწერენ იდენტურ მოვლენებს, რომლებიც ქარტიის საბჭომ ამ განცხადებების განხილვისას არაზუსტად მიიჩნია და პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მე-11 პრინციპის დარღვევას - არაზუსტი ფაქტების მიზანმიმართულ განგრძობით გავრცელებას. 

მე-11 პრინციპის დარღვევა პირველი პრინციპის დამამძიმებელი გარემოებაა და საბჭო მის დადგენამდე ყოველთვის ეძებს მოტივს.

განმცხადებელმა განხილვისას მოტივად დაასახელა ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო პოლიტიკის მიკერძოება მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ.

საბჭო იზიარებს განმცხდებლის პოზიციას, რადგანაც სახეზეა “იმედის” ჟურნალისტების გზავნილების თანხვედრა “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გზავნილებთან. სადავო მასალების ეთერში გასვლა წინ უსწრებდა “ქართულმა ოცნების” მიერ საზოგადოებისთვის ახალი საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენას.

ეს საკონსტიტუციო ცვლილებები “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა, როგორც “LGBT-პროპაგანდის” წინააღმდეგ მიმართული აუცილებელი ცვლილება და ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ ტელეკომპანიის მიერ ამ თემების აქტიური გაშუქება სწორედ ამ ცვლილებებისთვის საზოგადოებრივი აზრის მომზადებას უკავშირდება. ამ ცვლილებების წარდგენით, აქტიური კამპანიით, ქვიარ თემის დისკრედიტაციით, “ქართული ოცნება” ცდილობს ოპოზიციის “გაშავებას”, რაშიც აქტიური როლი აქვს “იმედის” ზემოაღნიშნულ მასალებს.

დღეს მიმდინარე სატელევიზიო პროპაგანდის მიზანია მმართველი პარტიის მხარდაჭერა. თემის ირგვლივ განსხვავებული პოზიციის მქონე ექსპერტებისა თუ უფლებადამცველების პოზიციების გაუშუქებლობით, მწირი გაშუქებით, არაზუსტი და დაუბალანსებელი ინფორმაციის კამპანიურად გაშუქებით, საბჭო რწმუნდება, რომ  ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტები შეგნებულად, განზრახ ამახინჯებენ ფაქტებს.

მათ იციან, რომ არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომლის გადამოწმებას და სიუჟეტში ასახვას არც კი ცდილობენ. ამის მოტივად საბჭო მიიჩნევს “იმედის” მიერ ცხადად სახელისუფლებო პროპაგანდისტის როლის მორგებას.

აქედან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მე-11 პრინციპი, რამდენადაც ტელეკომპანია „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკის გათვალისწინებით, მსგავს მასალებს ის პერიოდულად, კამპანიურად ავრცელებს. საბჭოს პოზიციით, ამის მიზანი არის როგორც თავად ქვიარ თემის, ასევე მასთან დაკავშირებული შტოების დისკრედიტაცია.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. წამყვანებმა: ირაკლი ჩიხლაძემ და ნუცა ქავთარაძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპები.
  2. ჟურნალისტებმა: საბა ხვიჩიამ, ლევან ტაბატაძემ, შოთა კვინიკაძემ და ნინია ზვიადაძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპები.

 

 

 

JOIN US ON FACEBOOK