თამარ დოლენჯაშვილი; ნოდარ მელაძე

23.10.2024

27 ივლისი,  2024 წელი

 

საქმე N-743

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ნინო კაპანაძე, ნინო რამიშვილი, გელა მთივლიშვილი, თინათინ ზაზაძე.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნინა გადელიამ. ის მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 30 მარტს ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტში: “სავარაუდო თაღლითობის მსხვერპლი მოხუცი” -  დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3; მე-5 და მე-11 პრინციპები.

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

მოპასუხე ჟურნალისტებს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ და არც თავისი შეპასუხება წარმოუდგენიათ წერილობით.

 

სხდომას ესწრებოდა განმცხადებლის ადვოკატი დავით მეზვრიშვილი.

 

განმცხადებელი თავდაპირველად დავობდა ქარტიის 1-ელი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-5 (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.

 

განხილვისას, მას შემდეგ, რაც მას განემარტა ქარტიის პრინციპები, განმცხადებელმა მე-3 პრინციპი მოხსნა. საბოლოოდ, განმცხადებელმა დააზუსტა, რომ სადავო სიუჟეტში ჟურნალისტმა ქარტიის 1-ელი, მე-5 და მე-11 პრინციპები დაარღვია.

 

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სადავო მასალა:

 

“სავარაუდო თაღლითობის მსხვერპლი მოხუცი” - “ტვ პირველი” “ნოდარ მელაძის შაბათი”; 2024 წლის 30 მარტი, 20:00 სთ.

 

თამარ დოლენჯაშვილის სადავო ფრაზები:

 

“94 წლის რიფსიმე დიდი აფიორის მსხვერპლი გახდა. მარტოხელა ქალმა მისი კუთვნილი ბინა დიღმის მასივში მეზობელს გადაუფორმა, იმ პირობით, რომ სიბერეში მოხუცზე იზრუნებდნენ, თუმცა უკვე 2 თვეა 94 წლის მოხუცი არავის მოუკითხავს.”

 

“პენსიონერი, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილებაც უჭირს და საკუთარი თავის

მოვლაც, ქალს, რომელსაც ბინა გადაუფორმა, დახმარებას სთხოვს, თუმცა როგორც არაერთი

მოწმე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, უყურადღებოდ არის მიტოვებული“,

 

“ქალმა, რომელსაც ბინა ზრუნვის პირობით გადაუფორმა, მისი საპენსიო ბარათიც თან წაიღო და პირადობის მოწმობაც.”

 

“ყველა მისი საბუთი წაიღო ქალმა, რომელიც ნდობაში შევიდა.”

 

“მოხუცმა ბინა ნინა გადელიას 2013 წელს გადაუფორმა. რიფსიმე იხსენებს, რომ მაშინ საბუთებს ხელი მხოლოდ იმიტომ მოაწერა, რომ ნოტარიუსი სახლში მესამედ მიუყვანეს და ქალს უარის თქმა მოერიდა. დაპირდნენ, რომ სიცოცხლის ბოლომდე მასზე იზრუნებდნენ, თუმცა მოატყუეს.”

 

“ჩნდება კითხვა, თუ ბინის მფლობელმა იცის, რომ მოხუცმა პირადობის მოწმობა დაკარგა, მაშინ ამდენი თვის განმავლობაში რატომ არ შეატყობინა იუსტიციის სახლს ამის შესახებ და რატომ არ დაუმზადეს მოხუცს ახალი დოკუმენტი.”

 

“რაც რიფსიმემ ბინა კარის მეზობელს გადაუფორმა, მას შემდეგ კარის საკეტებიც შეუცვალეს. მოხუცი გასაღების ერთადერთ ეგზემპლარს ბალიშის ქვეშ ინახავს, იმ მიზეზით, რომ არსად დარჩეს და დაეკარგოს. ქალი, კი ვისაც საკეტის დანარჩენი 4 ეგზემპლარი აქვს, ამ კორპუსში უკვე დიდი ხანია არ გამოჩენილა.”

 

განმცხადებლის პოზიციით, სიუჟეტი სრულად აცდენილი იყო რეალობას და მასში გამოთქმული ბრალდებები ფაქტებს არ ემყარებოდა და არ იყო შესაბამისი წესით გადამოწმებული. განმცხადებებლის თქმით, მან სიუჟეტში ნაჩვენები ქალისგან 13 წლის წინ შეიძინა ბინა და მას შემდეგ ამ ქალს მისი კეთილი ნებით ეხმარება.

 

 

პირველი პრინციპი.

 

 

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

სიუჟეტის მიხედვით, მაყურებელმა მიიღო ინფორმაცია, რომ თითქმის 100 წელს მიღწეულ მოხუც ქალს, კარის მეზობელმა, ნინა გადელიამ მოტყუებით, მოვლა-პატრონობის დაპირებით, გადააფორმებინა სახლი, ახლა კი აღარ უვლის და მასზე აღარ ზრუნავს.
გარდა ამისა, ჟურნალისტი საკუთარი ტექსტებით, რესპოდენტების ინტერვიუების ფრაგმენტებით, აუდიტორიას აწვდის ინფორმაციას, რომ ამ “დანაშაულებრივი ფაქტის” შესახებ იციან სამართალდამცავებმა და არ რეაგირებენ. ჟურნალისტი გამოთქვამს მოსაზრებას, აკეთებს მინიშნებებს, რომ განმცხადებელს, ნინა გადელიას,ძალოვან უწყებებში ხელს აფარებენ.

 

აღწერილი ინფორმაცია სიუჟეტში გადმოცემულია მხოლოდ 94 წლის ქალის, რიფსიმე ანდრიასოვას, მონათხრობზე დაყრდნობით. სიუჟეტში დანარჩენი რესპოდენტები ნინა გადელიას ქმედებების შესახებ მხოლოდ ირიბ მინიშნებებს აკეთებენ. 

 

მიუხედავად ამისა, ჟურნალისტი სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში აჟღერებს ინფორმაციას, რომელიც სათანადო წესით გადამოწმებული და დადასტურებული არ არის.

 

მაგალითად:

 

“94 წლის რიფსიმე დიდი აფიორის მსხვერპლი გახდა. მარტოხელა ქალმა მისი კუთვნილი ბინა დიღმის მასივში მეზობელს გადაუფორმა, იმ პირობით, რომ სიბერეში მოხუცზე იზრუნებდნენ, თუმცა უკვე 2 თვეა 94 წლის მოხუცი არავის მოუკითხავს.”

 

განმცხადებლის მიერ ქარტიაში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ნინა გადელიას აღნიშნული უძრავი ქონება შეძენილი აქვს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარად, 2013 წლის 10 იანვარს, რაც დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ და ასახულია საჯარო რეესტრში.


მიუხედავად ამისა, ჟურნალისტი სიუჟეტში ყოველ ჯერზე ამბობს, რომ მოხუცმა რიფსიმე ანდრიასოვამ ნინა გადელიას ბინა გადაუფორმა. თავად მოხუცი ქალი სიუჟეტში ამბობს, რომ ბინა მან ნინა გადელიას აჩუქა.

 

ჟურნალისტმა სათანადოდ არ გამოიკვლია და აუდიტორიას არ უთხრა, რომ ბინის გადაფორმება მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულებით, არ უთხრა მაყურებელს ნასყიდობის ფასი, ხელშკრულების დადების თარიღი და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.


წესით, ჟურნალისტს უნდა სცოდნოდა, რომ უძრავი ქონების გადაცემა მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულებით, ვინაიდან სიუჟეტში გრაფიკული სახით გამოყენებულ საჯარო რეესტრის ამონაწერში ჩანს, რომ ნინა გადელიას ეს უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აქვს მიღებული.

 
სიუჟეტში განმცხადებლის, ნინა გადელიას, შვილიც ეუბნება ჟურნალისტს, რომ დედამისმა ბინა იყიდა. ჟურნალისტი რესპოდენტს ნასყიდობის ხელშეკრულებას თხოვს, რაზეც რესპოდენტი უარს ეუბნება.


თუმცა ნიშანდობლივია, რომ ჟურნალისტს მარტივად შეეძლო ნასყიდობის ხელშეკრულების მოპოვება და მისი დეტალების მაყურებლისთვის ჩვენება. საქართველოს კანონმდებლობით  ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ასლის ამოღება შეუძლია საჯარო რეესტრიდან, რასაც ერთი სამუშაო დღე სჭირდება.


ჟურნალისტები ამ გზას ხშირად მიმართავენ, მით უფრო გამომძიებელი ჟურნალისტები, რომლებიც საკითხებს სიღრმისეულად იკვლევენ.


შესაძლოა, ეს ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმალური იყო, შესაძლოა, ნინა გადელიას თანხა არ გადაუხდია და ამას მიანიშნებდა “ტვ პირველის” რესპოდენტი, თუმცა საბჭო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულება არსებობს, ჟურნალისტის მხრიდან მისი დეტალების არ თქმა არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიჩქმალვა, რაც პირველი პრინციპის დარღვევაა.

 

საბჭოს განმარტებით, სიუჟეტში გამოყენებული ფრაზებით: უმძიმესი დანაშაული, აფიორის მსხვერპლი, მოტყუებული მოხუცი და სხვა., ჟურნალისტი სურათის გამძაფრებას ცდილობს და მაყურებელს მტკიცებით ფორმაში აწვდის ინფორმაციას, რომ ნინა გადელია არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, ჩადის დანაშაულს, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს, მაგრამ სამართალდამცველები მის ქმედებებზე არ რეაგირებენ.

 

სიუჟეტში მტკიცებით ფორმაშია წარმოდგენილი, რომ მოხუცს წაართვეს საპენსიო ბარათი და სხვა დოკუმენტები, შეუცვალეს კარის საკეტი, რომ მის მიმართ ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაული, პოლიციაში შესული იყო არაერთი განცხადება და ა.შ.


სიუჟეტის მიხედვით, ჟურნალისტი ეყრდნობა მხოლოდ რესპოდენტის, რიფსიმე ანდრიასოვას, მონათხრობს, საბჭო განმარტავს, რომ, მართალია, განმცხადებელი ნინა გადელია არ ხვდება ჟურნალისტს და არ პასუხობს მის შეკითხვებს, ეს ჟურნალისტს არ აძლევს უფლებას მტკიცებით ფორმაში მიაწოდოს აუდიტორიას ინფორმაცია, რომელიც ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების გამო სათანადოდ ვერ გადაამოწმა. 

 

 

 განსახილველ სიუჟეტში, არასაკმარისადაა ნაჩვენები შინაგნ საქმეთა სამინისტროში ინფორმაციის გადამოწმების მცდელობა.

სიუჟეტის მიხედვით ჟურნალისტი ცდილობს პოლიციის  რაიონულ განყოფილებაში, მისვლით, სადაც ის, სავარაუდოდ, რიგით პოლიციელს ეკითხება, გაარკვიოს რა ბედი ეწია რიფსიმე ანდრიასოვას მრავალ საჩივარს.

 სამართალდამცავი სისტემის ჩაკეტილობის გამო, სამწუხაროდ, თითქმის შეუძლებელია საქართველოში, პოლიციის განყოფილებაში, ჟურნალისტმა მიიღოს ინფორმაცია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის დეტალების შესახებ.
მსგავს შეთხვევებში  ჟურნალისტები უკავშირდებიან პოლიციის და პროკურატურის შესაბამის სამსახურებს და იშვიათ შემტხვევაში ახერხებენ ინფორმაციის მიღებას. განსახილველ სიუჟეტში არ ჩანს მსგავსი მცდელობა, თუ ჟურნალისტი დაუკავშირდა სამართალდამცავი უწყებების პრესსამსახურებს, ეს ინფორმაცია უნდა აესახა სიუჟეტში.
ეს აუდიტორიას აჩვენებდა ჟურნალისტის სათანადო მცდელობას ინფორმაციის დასაზუსტებლად და ასევე აუდიტორიას მიაწვდიდა ინფორმაციას როგორ თანამშრომლობენ, ან არ თანამშრომლობენ ეს უწყებები მედიასთან.

ვინაიდან განსახილველ სიუჟეტში არ ჩანს ზემოთ აღწერილი მცდელობები, საბჭო მიიჩნევს, რომ ეს არის აუდიტორიის უპატივცემულობა, სიზუსტის პრინციპის დარღვევა.

 

ჟურნალისტი სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ განმცხადებელმა მოხუცი მიატოვა, მასზე არ ზრუნავს, მოხუცს მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს და ა.შ.საქმის განხილვის ეტაპზე განმცხადებელმა ქარტიის საბჭოს წარმოუდგინა საბანკო ამონაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ 2022 წლის ნოემბრიდან 2024 წლის იანვრამდე პერიოდში ნინა გადელია რიფსიმე ანდრიასოვას ყოველთვიურად ურიცხავს გარკვეულ თანხას, თვეში 40 დან 150 ლარამდე.

რა თქმა უნდა, აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს, რომ ნინა გადელია სრულფასოვნად ზრუნავს მოხუც ქალზე, თუმცა არც სიუჟეტში და არც ქარტიაში წარმოდგენილ მასალებში არ ჩანს, რომ გადელიამ სამისდღემჩიო ზრუნვის ვალდებულება აიღო.

აღნიშნული საბანკო ამონაწერები ადასტურებს, რომ ჟურნალისტს სიუჟეტის მომზადებისას ხელთ არ ჰქონდა მტკიცებულებები, რითიც მას ობიექტურად შეეძლო აუდიტორიისთვის ეთქვა, რომ ნინა გადელია მოხუც ქალზე არ ზრუნავდა.

ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტი ვალდებულია, ცალსახად განმარტოს, რომ ვერ ამოწმებს კონკრეტულ ფაქტს, რადგანაც მასთან არ თანამშრომლობს სიუჟეტში მონაწილე მხარე და მისი ინფორმაცია არ არის დაზუსტებული, ეყრდნობა მხოლოდ ერთი მხარის მონათხრობს.
ჟურნალისტის ასეთი ქმედების შემთხვევაში აუდიტორია კეთილსინდისიერადაა ინფორმირებული და თავად აკეთებს დასკვნებს, რა მიიჩნიოს სარწმუნოდ, დაუჯეროს რესპოდენტის მონათხრობს, რომელიც სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება, თუ არა
.

გამომდინარე აქედან, სადავო სიუჟეტში ჟურნალისტის მიერ მტკიცებით ფორმაში დაუდასტურებელი ფაქტების გახმაურება საბჭომ პირველი პრინციპის დარღვევად მიიჩნია.

ქარტიის საბჭომ ასევე იმსჯელა გადაცემის ავტორის და წამყვანის ნოდარ მელაძის მიერ ქარტიის პრინციპების შესაძლო დარღვევის შესახებ. განმცხადებელი მისი მხრიდან დარღვევაზეც მიუთითებდა.

სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდია “ტვ პირველი” აღარ თანამშრომლობს ქარტიის საბჭოსთან და გადაცემის წამყვანს განსახილველ მასალაზე სარედაქციო პასუხისმგებლობის აღების შესახებ ქარტიისთვის არ შეუტყობინებია.

გამომდინარე აქედან, ქარტიის საბჭომ ნოდარ მელაძესთან მიმართებით შეაფასა მისი, მხოლოდ როგორც წამყვანის, სიუჟეტის წარმდგენი ტექსტი:

“თაღლითობა ქვეყანაში სისტემურ დანაშაულად იქცა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ადამიანები შველასა და დახმარებას ითხოვენ. დღეს გიყვებით მოხუცზე, რომელიც სავარაუდო თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

 

“მარტოხელა მოხუცს მეზობელი დაჰპირდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე მოუვლიდა თუკი მის კუთვნილ ბინას მემკვიდრეობით დაუტოვებდა. მოხუცი ასეც მოიქცა, ნდობაში შევიდა მეზობელთან და მას ბინა გადაუფორმა, თუმცა მოხუცი ახლა მიატოვეს, სახლის გასაღებიც წაიღეს და, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს საკუთარი ბინიდან ქუჩაში გამოაგდონ. პენსიონერი, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილებაც უჭირს და საკუთარი თავის მოვლაც, ქალს, რომელსაც ბინა გადაუფორმა, დახმარებას თხოვს, თუმცა როგორც არაერთი მოწმე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, უყურადღებოდ არის მიტოვებული”.

ამ ტექსტში გადაცემის წამყვანი ჟურნალისტის მსგავსად მტკიცებით ფორმაში აჟღერებს ინფორმაციას, რომელიც სიუჟეტში სათანადო სტანდარტით გადამოწმებული და დადასტურებული არ არის. წამყვანის ფრაზა, “სავარაუდო თაღლითობის” შესახებ, იქვე არის უგულველყოფილი, რადგანაც წამყვანი ტექსტის დანარჩენ ნაწილში არა ვარაუდით, არამედ მტკიცებით ფორმაში ჰყვება ფაქტებს, რომელიც დადასტურებული არ არის. მაგალითად, წამყვანი საუბრობს ბინის მემკვიდრეობით დატოვებაზე, რაც დადასტურებული არ არის. წამყვანი საუბრობს გადაფორმებაზე, მაშინ როცა დოკუმენტების მიხედვით, ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებაა გაფორმებული, და ამის შესახებ წამყვანი და ჟურნალისტი აუდიტორიას ზუსტ ინფორმაციას არ აწვდიან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სათანადოდ გადაუმოწმებელი ფაქტების გაშუქებით, გადაცემის წამყვანმაც და ჟურნალისტმაც აუდიტორიისადმი უპატივცემულობა გამოიჩიესა და დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.

 

 

მეხუთე პრინციპი.

 

 

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

 

განმცხადებლის პოზიციით,  მიუხედავად ნინა გადელიას და მისი შვილის განცხადებებისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენდა აბსოლუტურ  სიცრუეს, “ტვ პირველის” ჟურნალისტებმა თამთა დოლენჯაშვილმა და ნოდარ მელაძემ აღნიშნული  არ გაითვალისწინეს, და რეპორტაჟი  ეთერში მაინც გაუშვეს და ის ტელეკომპანიის სოციალურ გვერდებზე დღემდე ხელმისაწვდომია.

 

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:

 

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);

 

  1. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.

 

  1. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

 

ქარტიის სამდივნომ, ნინა გადელიას განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა “ტვ პირველს”. აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ, რაც აძლევდა მათ საშუალებას, შეესწორებინათ არაზუსტი ინფორმაცია.

 

საბჭო განმარტავს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა შესაძლებლობა და საფუძველი, შეესწორებინა სიუჟეტში არსებული უზუსტობები, რაც არ მომხდარა.

 

სადავო მასალა დღემდე ონლაინ არის ხელმისაწვდომი და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ სტატიაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია. ამასთან, საბჭოს მიერ დადგენილია ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა, რაც ასევე მე-5 პრინციპის დარღვევის დადგენის წინაპირობაცაა.

 

შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა და გადაცემის წამყვანმა დაარღვიეს ქარტიის მე-5 პრინციპი.

 

 

მეთერთმეტე პრინციპი.

 

 

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.

 

მე-11 პრინციპის ამ ნაწილში (ფაქტის განზრახ დამახინჯება) დარღვევას დავობდა განმცხადებელი განსახილველ სიუჟეტში.

 

განმცხადებელი ამ პრინციპის დარღვევის დასაბუთებისას აღწერდა იგივე გარემოებებს, რაშიც საბჭომ პირველი პრინციპის დარღევა დაადგინა.

 

ქარტიის საბჭოს მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენის მაღალი სტანდარტი აქვს.
საბჭოს უნდა შეეფასებინა, ეს დარღვევები ჟურნალისტმა განგებ ჩაიდინა თუ არა. 

საბჭო აღნიშნავს, რომ მე-11 პრინციპის დარღვევა განზრახი “დანაშაულია” და საბჭო ყოველთვის ეძებს მოტივს და ამ მოტივის დასაბუთებას.


განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელმა ვერ დაასაბუთა დარღვევის განზრახულობა და ჟურნალისტის შესაძლო მოტივაცია.

 

 

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება,

როცა დგინდება, რომ:

1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

2. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

3. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ჟურნალისტის არასაკმარისი მცდელობა ინფორმაციის გადამოწმების, რაც პირველი პრინციპის დარღვევაა, თუმცა მე-11 პრინციპის დადგენის ზემოთ მოცემული სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებები განმცხადებელს არ წარმოუდგენია და ვერც საბჭომ მოიპოვა.

 

განსახილველ შემთხვევაში იყო რამდენიმე გარემოება, რაც საბჭოსთვის გამორიცხავს განზრახულობას, ანუ მე-11 პრინციპის დარღვევას.

1. განმცხადებელმა, ნინა გადელიამ არ ითანამშრომლა ჟურნალისტთან, სიუჟეტის ეთერში გასვლამდე არ მიაწოდა მის ხელთ არსებული მტკიცებულებები. თუ ჟურნალისტი არ გაითვალისწინებდა მიწოდებულ ინფორმაციას, ამით შეიძლება დადასტურებულიყო, რომ ჟურნალისტმა იცოდა ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ განზრახ გააჟღერა არაზუსტი ინფორმაცია.

 

2. სიუჟეტის მთავარი გმირის, მოხუცი ქალის მძიმე საცხოვრებელმა პირობებმა, მეზობლების მინიშნებებმა მის პრობლემებზე, შესაძლოა, ჟურნალისტს შეუქმნა განცდა, რომ მოხუცი ქალის მონათხრობი სრული სიმართლე იყო და არ სცადა მისი სათანადო წესით გადამოწმება, რაც საბჭომ უკვე მიიჩნია პირველი პრინციპის დარღვევად და ამაში ვერ დაინახა ჟურნალისტის განზრახულობა განზრახ დაემახინჯებინა ფაქტები.

3. განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება, მინიშნება, თუ რა მოტივაცია ჰქონდა ჟურნალისტს სიუჟეტში აღწერილი ფაქტების განზრახ დამახინჯების, მით უფრო, რომ განმცხადებელი არ იყო საჯარო ანდა პოლიტიკური პირი.

საბჭოს პრაქტიკით, მე-11 პრინციპის დადგენისას განსაკუთრებული როლი ენიჭება ჟურნალისტის მოტივაციას, რაც ამ ემთხვევაში არ გამოვლინდა.

 

გამომდინარე აქედან, საბჭოს არ გააჩნია სათანადო მტკიცებულებები “ტვ პირველის” ჟურნალისტების მხრიდან ფაქტების განზრახ დამახინჯების დასადასტურებლად. ამიტომაც, საბჭო მიიჩნევს რომ მე-11 პრინციპი დარღვეული არაა.

 

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

 

ნოდარ მელაძემ და თამარ დოლენჯაშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-5  პრინციპები. არ დაურღვევიათ მე-11 პრინციპი.

 

 

 

განცხადება

 

სადავო მასალა

 

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტები

 

 

 

JOIN US ON FACEBOOK