გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - PHR-ი თამთა დოლენჯაშვილის წინააღმდეგ
18.09.2019

განმცხადებელი : პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
მოპასუხე : თამთა დოლენჯაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 8 პრინციპი; 10 პრინციპი;
გადაწყვეტილება

29 მაისი 2019 წელი

საქმე N 289
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის თამთა დოლენჯაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ლაურა გოგოლაძე, გელა მთივლიშვილი.

განმცხადებელი: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის

მოპასუხე: თამთა დოლენჯაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში 2019 წლის 25 მაისს, გადაცემა კურიერში გასულ სიუჟეტს „ტრაგედია აღაიანში - მომხდარის დეტალები "კურიერმა" გაარკვია“, ქვესათაურით „ნაადრევი ქორწინების შედეგები“ სიუჟეტის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - თამთა დოლენჯაშვილი. სიუჟეტი ეხებოდა 7 თვის ბავშვის მკვლელობის ფაქტს, გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ბრალდებოდა დედას, რომელიც თავადაც არასრულწლოვანი იყო. განმცხადებელი მიიჩნევდა რომ დაირღვა ქარტიის პირველი, მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 პრინციპი.

განცხადების განხილვის თავისებურება: ქარტის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“. განცხადება საბჭოს მიერ განხილული იქნა აღნიშნული გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან საბჭომ ჩათვალა, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო სიუჟეტში, რომელიც 7 თვის ბავშვის მკვლელობას ეხებოდა, გარდაცვლილი ბავშვის მამა მკვლელობაში ბრალს სდებდა თავის ცოლს, ბავშვის არასრულწლოვან დედას. იგი პოლიციამ ამავე ბრალდებით დააკავა. ჟურნალისტის მიერ ამბის თხრობა ძირითადად გარდაცვლილი ბავშვის მამის მონაყოლს ეყრდნობა. თავად სიუჟეტის წარდგენისას ხაზგასმულია, რომ მეორე მხარესთან [გარდაცვლილი ბავშვის დედის ოჯახი/ნათესავები] დაკავშირება ვერ მოხერხდა [უარი განაცხადეს კომუნიკაციაზე].

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს წყაროდ მხოლოდ ერთი მხარე, მამა და მისი ნათესავები ჰყავდა, ჟურნალისტი მაინც მტკიცებით ფორმაში ამბობს: „ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შორის მწვავე კონფლიქტი არასდროს ყოფილა. ბოლო გაუგებრობა ცოლის ინტერნეტ დამოკიდებულებას და ფეისბუქით ადამიანებთან ხშირ კომუნიკაციას უკავშირდებოდა“ აღნიშნული ინფორმაცია არ არის გადამოწმებული, ჟურნალისტმა ზუსტად არ იცოდა რა ფაქტები უძღოდა დანაშაულს წინ და როგორი ურთიერთობა ჰქონდა ცოლ - ქმარს, ჰქონდა მხოლოდ ერთი, დაინტერესებული მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. შესაბამისად დაუდასტურებელია ჟურნალისტის მტკიცება, რომ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი არასოდეს ყოფილა.

ჟურნალისტი ასევე მაყურებელს აწვდის ნაწყვეტს ქმრის ინტერვიუდან, სადაც ის ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა დედამ „ყველაფერი აღიარა“. სიუჟეტი არ შეიცავს ბრალდებულის ადვოკატის ინტერვიუს, ამიტომაც მაყურებელს შთაბეჭდილება რჩება, რომ „აღიარება“ დადასტურებული ფაქტია, ეს მაშინ, როცა 23 მაისს, სიუჟეტის ეთერში გასვლამდე 2 დღით ადრე ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებდა.

სიუჟეტი შეიცავს ბრალდებულის არასრულწლოვანის კლასელის კომენტარს, რომელიც ბრალდებულის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აფასებს. ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ სკოლის მოსწავლე არ არის რელევანტური წყარო და რესპონდენტი, რომელსაც შეუძლია სხვა პირის, მათ შორის მისი კლასელის ფსიქიკური ან/და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეაფასოს და მაყურებელს ფაქტად შესთავაზოს ინფორმაცია რომ ბრალდებულებს „არანაირი ფსიქიკური გადახრების არ ეტყობოდა“. ამასთან ჟურნალისტს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს და არ შეიძლება მინიშნება ანტისოციალურ ქცევასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის კავშირზე, მაშინ, როდესაც ეს დადასტურებული არ არის. ამგვარი გაშუქება ხელს უწყობს სტერეოტიპების გამყარებას და ამ პრობლემის მქონე ადამიანების ქცევის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას.

გარდა ამისა, ქმრის პოზიციას და მის მიმართ მიკერძოებულად დადებითად გაშუქებას აძლიერებს მისი პირადი ცხოვრების ისეთი დეტალების აღწერა როგორიცაა სპორტული ცხოვრების წესი, რომელიც მომხდართან კავშირში არ არის, ჟურნალისტის მიერ გამოყენებული სენტიმენტალური ფრაზები. ამის საპირისპიროდ სიუჟეტში არ დასმულა მისი პასუხისმგებლობა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების გამო და ამ საკითხზე ჟურნალისტი სიუჟეტის დასასრულს აღნიშნავს მხოლოდ შემდეგს: „სწორედ ახლა შესაძლოა, 20 წლის მიშო დვალიშვილს არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო ბრალი წარედგინოს, შვილმკვდარი მამის საქმე გამოძიებისთვის ტრაგედიის შემდეგ გახდა საინტერესო. ვიდრე სახელმწიფოს ყველა რგოლის ჩადენილი უყურადღებობის გამო ახლაგაზრდა კაცს პასუხი მოეთხოვება, პატარა გოჩას გასვენებაზე აფრენილი მტრედი ოჯახს აღაიანში ისევ დარაჯობს“

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-7 პრინციპი „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

განმცხადებელი აპელირებდა ჟურნალისტის ფრაზაზე, რომ „ბოლო გაუგებრობა ცოლის ინტერნეტ დამოკიდებულებას და ფეისბუქით ადამიანებთან ხშირ კომუნიკაციას უკავშირდებოდა“ და აღნიშნავდა რომ “არ შეიძლება, მხოლოდ „გაუგებრობად“ ჩაითვალოს იმგვარი ქცევის შეზღუდვა, როგორიცა სოციალურ ქსელებში კომუნიკაცია, რაც წარმოადგენს პირადი სივრცის შეზღუდვას ქალის კონტროლის მიზნით. ჟურნალისტის მხრიდან ამ პოზიციის გაზიარება და დასაშვებ ნორმად წარმოჩენა კი გენდერული სტერეოტიპის გამყარების წინაპირობაა, თითქოს მამაკაცს ჰქონდეს საკუთარი მეუღლის პირადი სივრცის კონტროლის უფლება” ქარტიის საბჭო ვერ დაეთანხმება განმცხადებლის პოზიციას, ვინაიდან ჟურნალისტი არ საუბრობს იმაზე, რომ ხდებოდა პირადი სივრცის შეზღუდვა, არამედ აღნიშნავს, რომ „გაუგებრობის“ მიზეზი იყო ინტერნეტ დამოკიდებულება და ფეისბუქით ადამიანებთან ხშირი კომუნიკაცია, შესაბამისად, „შეზღუდვის“ საფუძველი არ იყო გენდერული როლები.

ქარტიის მე-8 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“.

სიუჟეტში, ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის შესახებ მითითებულია სხვადასხვა გარემოება, რომელთა ერთობლიობით შესაძლებელი იყო ბრალდებულის იდენტიფიცირება. გამჟღავნდა საცხოვრებელი სოფელი, მისი ქმრის ოჯახის შესახებ სრული ინფორმაცია, დაქორწინებამდე საცხოვრებელი ადგილი და სკოლა, სადაც სწავლობდა. თავად ჟურნალისტისათვის ცნობილი იყო და სიუჟეტში აღინიშნა, რომ ბრალდებული იყო არასრულწლოვანი და მის შესახებ ფაქტების გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. ქარტიის ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად „ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში არასრულწლოვნის იდენტიფიცირება, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი, დაუშვებელია, იმის მიუხედავად ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის“, ხოლო კრიმინალის გაშუქება – სახელმძღვანელო წესების თანახმად, „დაუშვებელია კრიმინალურ ისტორიებში მონაწილე, დაზარალებული, ბრალდებული და მსჯავრდებული ან/და თვითმხილველი არასრულწლოვნების იდენტიფიცირება.“

სიუჟეტშივე ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ თავად ბრალდებული არის მსხვერპლი, საუბრობს მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. თუმცა სიუჟეტში ამაზე აქცენტირების ნაცვლად ჟურნალისტი მას მტკიცებით ფორმაში წარმოაჩენს მომხდარში ერთადერთ დამნაშავედ, ასევე ავრცელებს მისი პირადი ცხოვრების შესახებ გადაუმოწმებელ დეტალებს [იხ. ამავე გადაწყვეტილებაში მე-10 პრინციპზე მსჯელობა]. ეს ფაქტორები ერთობლიობაში კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედებს/დაამძიმებს ბრალდებული არასრულწლოვანის მდგომარეობას, შესაბამისად, არ არის გათვალისწინებული მისი ინტერესი, რაც იწვევს მე-8 პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

სიუჟეტში გარდაცვლილი ბავშვის მამის ნათესავი საუბრობს ბრალდებულ დედაზე და ამბობს რომ „შვილის სიკვდილის მერე ბიჭთან გაატარა ის ღამე“. ამ გადაუმოწმებელი, დაუზუსტებელი ინფორმაციის მიმართ არ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი, ემსახურებოდა მხოლოდ საზოგადოების სუბიექტური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას და ამძაფრებდა ნეგატიურ განწყობებს მკვლელობაში ბრალდებული დედის მიმართ. შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებით დაირღვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რადგან აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას არ ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი [განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი].

ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“ მე-11 პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტის ანონსის გასაჯაროებისთანავე მათ გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნავდნენ, რომ „მომხდარი ინციდენტი მედია საშუალების მიერ ცალმხრივადაა გაშუქებული, არ შეიცავს მეორე მხარის პოზიციას და იწვევს ბავშვის ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას“.

ქარტიის საბჭოს არა აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა იმას, რომ ორგანიზაციის განცხადების შესახებ ცნობილი იყო მედიასაშუალებისათვის. ამასთან საბჭოს შეფასებით, განზრახვას გამორიცხავს ის გარემოება, რომ სიუჟეტის წარდგენისას წამყვანმა აღნიშნა, რომ მეორე მხარესთან [გარდაცვლილი ბავშვის დედის ოჯახი/ნათესავები] დაკავშირება ვერ მოხერხდა. პირველი პრინციპის დარღვევა დადგინდა იმ საფუძვლით, რომ მსგავსი შესავლის მიუხედავად მაინც მტკიცებით ფორმაში მოხდა გარკვეული ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ ეს შესავალი, მედიასაშუალების მიერ იმაზე მითითება, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელი იყო, გამორიცხავს განზრახვის ფაქტს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. თამთა დოლენჯაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-8 და მე-10 პრინციპი.

2. თამთა დოლენჯაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-7 და მე-11 პრინციპი.
მარტი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
2025
1950
1951
1952
1953
1954
1955
1956
1957
1958
1959
1960
1961
1962
1963
1964
1965
1966
1967
1968
1969
1970
1971
1972
1973
1974
1975
1976
1977
1978
1979
1980
1981
1982
1983
1984
1985
1986
1987
1988
1989
1990
1991
1992
1993
1994
1995
1996
1997
1998
1999
2000
2001
2002
2003
2004
2005
2006
2007
2008
2009
2010
2011
2012
2013
2014
2015
2016
2017
2018
2019
2020
2021
2022
2023
2024
2025
2026
2027
2028
2029
2030
2031
2032
2033
2034
2035
2036
2037
2038
2039
2040
2041
2042
2043
2044
2045
2046
2047
2048
2049
2050
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
23
24
25
26
27
28
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
1
2
3
4
5
00:00
01:00
02:00
03:00
04:00
05:00
06:00
07:00
08:00
09:00
10:00
11:00
12:00
13:00
14:00
15:00
16:00
17:00
18:00
19:00
20:00
21:00
22:00
23:00
მარტი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
2025
1950
1951
1952
1953
1954
1955
1956
1957
1958
1959
1960
1961
1962
1963
1964
1965
1966
1967
1968
1969
1970
1971
1972
1973
1974
1975
1976
1977
1978
1979
1980
1981
1982
1983
1984
1985
1986
1987
1988
1989
1990
1991
1992
1993
1994
1995
1996
1997
1998
1999
2000
2001
2002
2003
2004
2005
2006
2007
2008
2009
2010
2011
2012
2013
2014
2015
2016
2017
2018
2019
2020
2021
2022
2023
2024
2025
2026
2027
2028
2029
2030
2031
2032
2033
2034
2035
2036
2037
2038
2039
2040
2041
2042
2043
2044
2045
2046
2047
2048
2049
2050
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
23
24
25
26
27
28
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
1
2
3
4
5
00:00
01:00
02:00
03:00
04:00
05:00
06:00
07:00
08:00
09:00
10:00
11:00
12:00
13:00
14:00
15:00
16:00
17:00
18:00
19:00
20:00
21:00
22:00
23:00