30.09.2024

 

27 ივლისი,  2024 წელი

 

საქმე N-752

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ნინო კაპანაძე, ნინო რამიშვილი, გელა მთივლიშვილი, თინათინ ზაზაძე.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს შორენა ლობჟანიძემ, ნანა ხომასურიძემ და ორგანიზაციის ააიპ ,,ადამიანები ცხოველებისთვის“ თავმჯდომარემ, მარინა ბერსენაძე-კაციტაძემ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ 2024 წლის 26 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში “აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი.... გაგიკვირდებათ, ძაღლი რა შუაშიაო, მაგრამ..." - რას ამბობს დემოგრაფი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე?” დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3,  მე-5 და მე-7 პრინციპები.

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

მოპასუხე ჟურნალისტებს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა, საინფორმაციო სააგენტომ Bpn.ge თავისი შეპასუხება წერილობით წარმოადგინა.

 

სხდომას ესწრებოდნენ განმცხადებლის წარმომადგენლები: შორენა ლობჟანიძე და ნანა ხომასურიძე.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

2024 წლის 26 აპრილს bpn.ge-ს გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით: “აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი.... გაგიკვირდებათ, ძაღლი რა შუაშიაო, მაგრამ..." - რას ამბობს დემოგრაფი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე?”. იგივე სტატია გაავრცელეს საინფორმაციო სააგენტოებმა: ambebi.ge; “კვირის პალიტრა”; ჟურნალი “გზა” და M2B.

 

სადავო მასალა:

 

“აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი.... გაგიკვირდებათ, ძაღლი რა შუაშიაო, მაგრამ..." - რას ამბობს დემოგრაფი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე?”

 

ჟურნალისტების სადავო ფრაზები:

 

“აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი”;

 

“რაც შეეხება შობადობის კლების მიზეზს, დემოგრაფი ერთ-ერთ ფაქტორად ცხოველების ყოლას ასახელებს. მისი აზრით, როდესაც ოჯახს ჰყავს ძაღლი, დამატებით ბავშვების ყოლაზე აღარ ფიქრობენ.”

 

განმცხადებლების მხრიდან სადავოდაა გამხდარი არა მხოლოდ სტატიის კონკრეტული ფრაზები, არამედ მისი შინაარსი და გზავნილები მთლიანად. მათი პოზიციით, სტატიაში ყოველგვარ ოფიციალურ კვლევაზე დაყრდნობის გარეშე და სანდო წყაროების მიუთითებლად გამოქვეყნდა დემოგრაფ ანზორ თოთაძის მოსაზრებები, რაც ემსახურება საქართველოში შინაური ბინადარი ცხოველების მიმართ ისედაც ცუდი დამოკიდებულების გაუარესებას.

 

საინფორმაციო სააგენტო bpn.ge თავის შეპასუხებაში მიუთითებს, რომ სტატიის სათაურსა და ტექსტში მოყვანილი ფრაზები ეკუთვნის დემოგრაფ ანზორ თოთაძეს და მათი მხრიდან  სიტყვების ინტერპრეტაცია არცერთ ეტაპზე არ მომხდარა. მათი ინფორმაციით, ამ კომენტარის გაკეთებისას, თოთაძე ეყრდნობოდა კვლევას, რომელიც მის მიერ არის ჩატარებული და გამოცემულია წიგნის სახით.

 

პირველი პრინციპი.

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სტატიაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

საბჭომ არაზუსტად, ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისად, სათანადოდ გადაუმოწმებლად მიიჩნია სტატიაში გამოყენებული შემდეგი ფრაზები: “რაც შეეხება შობადობის კლების მიზეზს, დემოგრაფი ერთ-ერთ ფაქტორად ცხოველების ყოლას ასახელებს.”
“მისი აზრით, როდესაც ოჯახს ჰყავს ძაღლი, დამატებით ბავშვების ყოლაზე აღარ ფიქრობენ.”
“უკვე მივედით იქამდე, რომ აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი. ძირითადად, ერთი ბავშვი ჰყავთ. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ შობადობის შემცირების...”

ჟურნალისტი აღნიშნული ფრაზებით აუდიტორიას მტკიცებით ფორმაში ამცნობს, რომ თითქოს საქართველოში შობადობის კლება კორელაციაშია შინაური ცხოველის ყოლასთან და ამის ბრალია.


ამ გზავნილის გამოქვეყნებისას ჟურნალისტი ეყრდნობა მხოლოდ ერთი მკვლევრის, დემოგრაფ ანზორ თოთაძის სიტყვებს, რაც სტატიაში არ არის გამყარებული სხვა რამე მტკიცებულებით.

შობადობის შემცირება ისეა დაკავშირებული საქართველოში ძაღლების მომრავლებასთან, რომ ჟურნალისტს გარდა ერთი რესპოდენტის მონათხრობისა, ამის დამატკიცებელი რამე სხვა წყარო,  არ აქვს სტატიაში მოტანილი.


სტატიაში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმოს, მოიძიოს რელევანტური წყაროები, ვინც მკვლევრის ამ მონათხრობს დაადასტურებს ან გააბათილებს.

ქარტიის საბჭოს დადგენილი სტანდარტით, ინფორმაციის გადასამოწმებლად ჟურნალისტი ვალდებულია, მასალაში სულ მცირე ორი დამოუკიდებელი წყარო გამოიყენოს.
განსახილველ შემთხვევაში ჟურნალისტი მხოლოდ ერთ წყაროს, დემოგრაფ ანზორ თოთაძეს ეყრდნობა.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სტატიის სათაური: “აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი”. საბჭო განმარტავს, რომ ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე პირობების და ფორმების გათვალისწინებით, მით უფრო, როცა საუბარია ონლაინფორმისთვის მომზადებულ და სოციალურ ქსელებში გაზიარების (share) საშუალების მქონე სტატიებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტატიის სათაურს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატიის ძირითადი დატვირთვა მოდის მის სათაურზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად სათაური იძლევა ინფორმაციას მტკიცებითი სახით.

საბჭოს პრაქტიკით, ძირითად შემთხვევებში სტატიის სათაური უნდა იქნეს განხილული როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი. მკითხველს აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ სტატიის სათაური არის თავად სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად მიღებული და დადასტურებული დასკვნა და შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ სტატიის სრულად გაცნობა იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა სათაურში. სათაური მკითხველს პირველ შთაბეჭდილებას უქმნის .

აღნიშნულ შემთხვევაში სათაურში ისეთი ინფორმაციის გამოტანა, რომელიც სტატიაში არ იყო სათანადო სტანდარტით გადამოწმებული, არის მანიპულაციური და აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

საბჭო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ჟურნალისტმა არ სცა პატივი აუდიტორიას და არ გამოიყენა ყველა ღონე საზოგადოებისთვის მეტად დაზუსტებული ინფორმაციის მისაწოდებლად.

გამომდინარე აქედან, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, სიზუსტე.

მესამე პრინციპი.

ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.

ქარტიის საბჭოს პოზიციით, სადავო სტატიაში წინამდებარე პრინციპი არ დარღვეულა.

საბჭოს განმარტებით, აღნიშნული პრინციპი დარღვეულია მაშინ, როდესაც ბუნებაში არ არსებობს წყარო, რომელზე დაყრდნობითაც ხდება ინფორმაციის გავრცელება. წყარო დადასტურებულია იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა იცის, ვინ არის ამა თუ იმ ფაქტის წყარო, თუმცა, შეუძლია, მისი ვინაობა არ გაამხილოს. ამ მუხლის ქვემდებარე არ არის წყაროს სანდოობის საკითხი.

ვინაიდან სადავო სტატიას ჰყავს წყარო, თანაც იდენტიფიცირებული, კერძოდ, ის ეყრდნობა დემოგრაფ ანზორ თოთაძის ნაამბობს, აღნიშნულ პრინციპს საბჭო დარღვეულად ვერ მიიჩნევს. ამდენად, საბჭოს პოზიციით, ქარტიის მე-3 პრინციპი არ დარღვეულა.

 

მეხუთე პრინციპი.

 

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

 

 

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:

 

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);
  2. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.
  3. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

 

ქარტიის სამდივნომ, შორენა ლობჟანიძის, ნანა ხომასურიძისა და მარინა ბერსენაძე-კაციტაძის განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა მოპასუხეებს. ერთ-ერთმა მათგანმა, საინფორმაციო სააგენტო bpn.ge-მ, წარმოადგინა წერილობითი პოზიციაც.  აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხეებისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ, რაც წარმოშობდა მათ ვალდებულებას, შეესწორებინათ არაზუსტი ინფორმაცია.

 

ამდენად, საბჭო აღნიშნულ პრინციპს დარღვეულად მიიჩნევს არა იმიტომ, რომ დაადგინა პირველი პრინციპის დარღვევა, არამედ ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ის განმარტავს, რომ  ჟურნალისტს ჰქონდა საკმარისი საფუძველი, სტატიაში დაშვებული უზუსტობები შეესწორებინა, რაც არ მომხდარა.

 

სადავო მასალა  დღემდე ონლაინ არის ხელმისაწვდომი და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ სტატიაში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.

 

გამომდინარე აქედან, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის მე-5 პრინციპი.

 

მეშვიდე პრინციპი.

 

“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

 

განმცხადებლები, რომლებიც ცხოველთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, მიიჩნევენ, რომ, როგორც სადავო პროდუქტი, ისე მისი სათაური: “აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი”, ემსახურება იმ ადამიანების დისკრიმინაციას, რომლებსაც ჰყავთ ცხოველები და არ ჰყავთ შვილები ან ჰყავთ მხოლოდ ერთი შვილი.

საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სტატიაში  გამოყენებული ფრაზები: ("აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლები”; “რაც შეეხება შობადობის კლების მიზეზს, დემოგრაფი ერთ-ერთ ფაქტორად ცხოველების ყოლას ასახელებს”;  “მისი აზრით, როდესაც ოჯახს ჰყავს ძაღლი, დამატებით ბავშვების ყოლაზე აღარ ფიქრობენ”, “უკვე მივედით იქამდე, რომ აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი. ძირითადად, ერთი ბავშვი ჰყავთ. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ შობადობის შემცირების...”) სწორედ დისკრიმინაციის სხვა ნიშანში გადის და არღვევს ქარტიის მე-7 პრინციპს. საკითხის მსგავსი სახით გაშუქებამ გამოიწვია იმ ადამიანების გამორჩევა და სავარუდოდ მათ მიმართ ნეგატიური განწყობების გაღვივება, რომლებსაც ჰყავთ შინაური ცხოველები და არ ჰყავთ შვილები ან ჰყავთ მხოლოდ ერთი.

 

სტატიაში  გაჟღერებული ინფორმაციით, ცხოველების ყოლა არის ცუდი დემოგრაფიისათვის, ეს ყოველივე კი ადამიანებს, რომლებსაც ჰყავთ ისინი, ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს, უარყოფითად გამოარჩევს სხვებისგან, რაც დისკრიმინაციის ნიშანია.

 

სადავო მასალა საზოგადოებას უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს საზოგადოების გარკვეული ჯგუფი შვილების ყოლას ცხოველების ყოლას ამჯობინებს, რაც ამ ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციის წახალისებაა.

 

ამასთან, ჟურნალისტმა არ გაითვალისწინა ის სენსიტიური ფონი, რაც დღეს საქართველოში არსებობს, და ცხოველებზე ძალადობის მოხშირებული სტატისტიკის მიუხედავად გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც შობადობის კლების მიზეზად შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე ასახელებს ცხოველებს.

 

სტატიის ავტორმა არ მიიღო მხედველობაში ისიც, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შვილის ყოლის შესაძლებლობა სხვადასხვა მიზეზის გამო, რა დროსაც მათ შესაძლოა ჰყავდეთ შინაური ცხოველები. ავტორმა არ გაითვალისწინა მათი გრძნობები და განცდები და არ გამოიჩინა სათანადო გულისხმიერება ამ ადამიანების მიმართ. ამასთან, ხელი შეუწყო ცხოველების ყოლის მიმართ ისედაც არსებული სტიგმისა და სტერეოტიპების გაძლიერებას.

 

ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის, სტიგმის წახალისება. მედიას არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

 

საბჭო დადგენილ პრაქტიკაში აღნიშნავს, რომ  მედია, შესაძლოა, მარტივად გახდეს სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე არ იფიქრებს.

 

საბჭო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი ვალდებულია, გაემიჯნოს  დისკრიმინაციულ, სტერეოტიპულ გამონათქვამებს და არ შეუწყოს ხელი მათ გაღრმავებას, რაც მოცემულ სტატიაში დარღვეულია და ჟურნალისტის გამონათქვამები თავად არის დისკრიმინაციის შემცველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

 

ნინი ქეთელაურმა და არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპები. ხოლო, მე-3 პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.