ეთიკა, უსაფრთხოება და ფსიქიკური ჯანმრთელობა კორონავირუსული პანდემიის (COVID-19) გაშუქებისას - სახელმძღვანელო წესები მედიისათვის

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, პროგრამის „მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG) ფარგლებში, რომელსაც IREX ახორციელებს USAID-ის მხარდაჭერით, ამზადებს სახელმძღვანელო წესებს მედიისთვის, COVID-19-ის გაშუქებასთან დაკავშირებით.

კორონავირუსის გავრცელებამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა მედია როგორც პროფესიული სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით, ასევე დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის გამოც. მსოფლიოს მასშტაბით მომატებული დეზინფორმაციის ნაკადი მედიისთვის ასევე ქმნის ახალ გამოწვევას, ინფორმაციის გადასამოწმებლად განსაკუთრებული ძალისხმევა გაიღოს. მედიასაშუალებების წარმომადგენლებს უწევთ ფიზიკური უსაფრთხოების წესების განსაკუთრებული დაცვა და სტრესის მართვა.

წინამდებარე სახელმძღვანელო სწორედ ამ გამოწვევებზე არის მორგებული. ვიმედოვნებთ, რომ ეს გზამკვლევი ქართულ რეალობაში გააჩენს საწყის ცოდნას პანდემიის მაღალი პროფესიული სტანდარტით გაშუქების თაობაზე, ამავდროულად, ჟურნალისტებს უფრო უსაფრთხოდ მუშაობაში დაეხმარება და ასევე, ხელს შეუწყობს პროფესიული დისკუსიების წამოწყებას ეპიდემიების, პანდემიებისა და ინფექციური დაავადებების გაშუქებასთან დაკავშირებულ თემებზე.

თემატურად დახარისხებული რეკომენდაციები ეტაპობრივად გამოქვეყნდება. დროთა განმავლობაში, კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებული ახალი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების კვალდაკვალ, სახელმძღვანელო პერიოდულად განახლდება და შეივსება.




M-TAG პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და ისინი არ გამოხატავს IREX-ის, USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მოსაზრებებს.

 

Covid-19-ის ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად, ვაქცინასთან დაკავშირებული ზუსტი, ამომწურავი და გადამოწმებული ინფორმაცია  კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. იმუნიზაციის თემების სწორი და არგუმენტირებული გაშუქებით, ჟურნალისტები მონაწილეობენ პროცესში, რომელიც მსოფლიოს საყოველთაო იმუნიტეტის გამომუშავებასა და ვირუსისგან  გათავისუფლებაში უნდა დაეხმაროს.

Covid-19-ის გავრცელებას და მასთან დაკავშირებულ ვაქცინაციას თან ახლავს დეზინფორმაციის ძლიერი ტალღა, რომელიც წარმატებით ვრცელდება მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით. ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, საქართველოს ჟურნალისტურმა ქარტიამ უკვე გამოსცა გზამკვლევი, რომელიც ჟურნალისტებს Covid-19-ის პანდემიის გაშუქებაში  დაეხმარება, ეს  დოკუმენტი კი დამატებითი რეკომენდაციების კრებულია ვაქცინებსა და ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხების ჯეროვნად გასაშუქებლად.

იხილეთ სრულად

ბოლო განახლება: 15.10.2021

 

17.03.2021
გზამკვლევის ამ ნაწილში გიზიარებთ რჩევებს ყალბი ამბების ამოცნობასა და ფაქტების გადამოწმებაზე კორონავირუსული პანდემიის გაშუქებისას.
06.07.2020
სახელმძღვანელოს ეს ნაწილი ეთმობა რჩევებს შრომის უსაფრთხოებისა და ფსიქიკური კეთილდღეობის შენარჩუნების საკითხებზე



ჯანდაცვის ისეთი გლობალური კრიზისის პირობებში, როგორიცაა პანდემია, მედიის პასუხისმგებლობა, მიაწოდოს აუდიტორიას ინფორმაცია, კიდევ უფრო კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.  თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას  დაცული იყოს მედიაორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების შრომის, ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოება.

სახელმძღვანელოს ამ ნაწილში გთავაზობთ რჩევებს ფიზიკური უსაფრთხოებისთვის, რაც ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC), ჟურნალისტთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის (CPJ), საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC)  და SAFE ინიციატივა IREX-ის  რეკომენდაციებს. გარდა ამისა, გაგაცნობთ ფსიქოლოგების რჩევებს, რაც ფსიქოლოგიური კეთილდღეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. 



 
27.04.2020
გზამკვლევის ამ ნაწილში გიზიარებთ რჩევებს ციფრული უსაფრთხოებისა და მედიაპლატფორმების ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ 


ციფრული მხარდაჭერა და უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იმ მრავალ გამოწვევას შორის, რომლის წინაშეც მედიაორგანიზაციები აღმოჩნდნენ კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

გაზრდილმა მოთხოვნამ ინფორმაციაზე, გაზარდა დატვირთვა მედიასაშუალებების ვებგვერდებზე და მენეჯერებს უწევთ იზრუნონ ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. მეორე მხრივ კი, დისტანციური ჟურნალისტიკის გამო, როდესაც სამუშაო პროცესი მთლიანად ონლაინ სივრცეშია გადასული, მედიაორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზაციისა და თითოეული თანამშრომლის სხვადასხვა ონლაინ არხების, პლატფორმების, მეილების, სოციალური ქსელების ანგარიშების, მოწყობილობების, ასევე, ინფორმაციის წყაროების ჰაკერებისგან, ე.წ ფიშინგისა და სხვა კიბერსაფრთხეებისგან დაცვა.


23.04.2020
აუდიო გზამკვლევი იმ ეთიკურ დილემებზე, რასაც მედია აწყდება კორონავირუსული პანდემიის გაშუქებისას.








⇒  პირველ ნაწილში
საუბარია სიზუსტის მნიშვნელობასა და ასევე, იმ ტერმინოლოგიაზე, რასაც მედია პანდემიის შესახებ მომზადებულ მასალებში იყენებს (ან, უნდა იყენებდეს).

 

⇒  მეორე ნაწილი ეხება ინფიცირებულთა იდენტიფიცირებისა და მონაცემების გამოყენების დილემებს

 

⇒ მესამე ნაწილში საუბარია დისკრიმინაციასა და სტიგმატიზებაზე 




⇒ მეოთხე ნაწილი 
ეხება ვიზუალურ მხარეს, სენსაციურ და პანიკის შემცველ სათაურებს

 





ტექსტი: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ხმა: ნინა ხელაძე, ქარტიის საბჭოს წევრი, JRC-ის პროექტების მენეჯერი


22.04.2020
გზამკვლევის ეს ნაწილი ეთმობა იმ ეთიკურ დილემებს, რაც მედიას პანდემიის თემის გაშუქებისას შესაძლოა წარმოეშვას



ახალმა რეალობამ, მედია, პროფესიული სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით, არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა.

გარდა ეთიკური ჟურნალისტიკის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა, როგორიცაა სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, საერთაშორისო გაიდლაინები მედიას მოუწოდებენ დაიცვას სიფრთხილე ტერმინოლოგიის გამოყენებისას, ფოტო/ვიდეო მასალის შერჩევისას, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებისას, დაფიქრდეს ინფიცირებული რესპონდენტების იდენტიფიცირებისა და პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების საჭიროებაზე, არ გახდეს რასისტული, დისკრიმინაციული დისკუსიისა და სიძულვილის ენის წამახალისებელი, არ მოახდინოს ადამიანების სტიგმატიზება. ამავდროულად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომატებულია დეზინფორმაციის ნაკადი, რაც მედიისთვის ქმნის ახალ გამოწვევას, ინფორმაციის გადასამოწმებლად განსაკუთრებული ძალისხმევა გაიღოს.

2 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), ახალ კორონავირუსს მასობრივი ინფოდემია უწოდა, რითაც გამოხატა წუხილი იმგვარი ინფორმაციის დიდძალი რაოდენობით გავრცელების გამო „...რომელთაგანაც ზოგი სწორია, ზოგი ხარვეზებით სავსე, ეს კი ხალხს სანდო წყაროებისა და სარწმუნო რჩევების პოვნას უძნელებს მაშინ, როცა ეს მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ“.

„ამით ახალი კორონავირუსი აქამდე გავრცელებული სხვა ვირუსული ეპიდემიებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მართალია, SARS-მა, ახლო აღმოსავლეთის რესპირატორულმა სინდრომმა MERS-მა და ზიკას ვირუსმა, სამივემ გამოიწვია პანიკა მსოფლიოში, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული შიში სოციალურმა მედიამ განსაკუთრებით გაამძაფრა“, - წერენ MIT Technology Review-ს ჟურნალისტები კარენ ჰაო და ტანია ბასუ.

ფრილანსერი ჟურნალისტი მაიკლ სტენდერტი, რომელიც Bloomberg-ის, The Guardian-ისა და Al Jazeera-სთვის მუშაობს და კორონავირუსის თემას ჩინეთში ეპიდემიის აფეთქების დღიდან აშუქებდა, ამბობს, რომ ჯანმრთელობის ისეთი გლობალური კრიზისის დროსროგორც ეს კორონავირუსის გავრცელება და მისგან მომდინარე საფრთხეებია, ჟურნალისტის პასუხისმგებლობა, მიაწოდოს საზოგადოებას სანდო და მკაფიო ინფორმაცია, კიდევ უფრო კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს: “ისტორიებში იმდენი გაურკვევლობაა, რომ მათგან მკაფიო სურათის შექმნა სწორედ ჟურნალისტის მოვალეობაა”.


"კარგმა გაშუქებამ და მეცნიერებამ უნდა განასხვავოს ინფორმაციის ლეგიტიმური წყაროები ჭორების, ნახევრად სიმართლეების, "გველის სამკურნალო ზეთის", ფინანსურად მოტივირებული რეკლამებისა და პოლიტიკურად მოტივირებული პროპაგანდისგან", - წერენ ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორები ბილ ჰენჯი და მარკ ლიპსიჩი, სამეცნიერო ესსეში, სახელწოდებით "როგორ გავაშუქოთ Covid-19-ის გავრცელება პასუხისმგებლობით".



კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი სტეფან მორსე ჟურნალისტებს ურჩევს, კრიზისის დროს ადამიანების ბულინგს და უსაფუძვლო პანიკისა და შიშის დათესვას მოერიდონ.

გთავაზობთ ინფორმაციას იმ ძირითადი პრინციპების შესახებ, რომელთა დაცვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ პანდემიის გაშუქებისას.

19.04.2020
სახელმძღვანელოს ამ ნაწილში საუბარია მედიის გამოწვევაზე - შეამციროს  ეკონომიკური კრიზისის გავლენა საკუთარ მედიაზე.


მაშინ, როდესაც პანდემიის გამო, საზოგადოების ყურადღება ტელევიზორებისა და კომპიუტერების ეკრანებისკენაა მიპყრობილი, მედიას რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად უწევს ბრძოლა. ვირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებაში მისი როლი გადამწყვეტია. სწორედ ჟურნალისტებისგან იგებს მოსახლეობა იმასაც, თუ რა ზომებს იღებს მისი ქვეყნის ხელისუფლება COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც კიდევ უფრო რთულდება ინფორმაციის მოპოვება, ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში კი მეტი დეზინფორმაცია ან არასრული ინფორმაცია ვრცელდება, განსაკუთრებულად იზრდება კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკის საჭიროება. იზრდება მკითხველთა და მაყურებელთა რაოდენობაც.

ნებისმიერი მედიასაშუალება ცდილობს საზოგადოების გაზრდილ მოთხოვნასაც უპასუხოს და ამავე დროს, არ გადაუხვიოს არჩეული გზიდან - იყოს სანდო და მიუკერძოებელი ინფორმაციის გამავრცელებელი. ამ ამოცანების შესასრულებლად ჟურნალისტები თავს არ ზოგავენ და რისკზეც მიდიან. ასეა ბუნებრივი კატაკლიზმების, შეიარაღებული კონფლიქტებისა თუ პანდემიის გაშუქების დროს.

თუმცა, კორონავირუსის პანდემია არამხოლოდ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, ის გამოწვევაა მედიისთვის - იმუშაოს სრულიად შეცვლილ გარემოში და გაუძლოს კრიზისს.

მფლობელები და მენეჯერები, გარდა იმისა, რომ ფიქრობენ როგორ უზრუნველყონ თანამშრომლებისთვის აუცილებელი სამუშაო გარემო, ცდილობენ, როგორმე შეამცირონ ვირუსის საფრთხით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გავლენა საკუთარ მედიაზე.


18.04.2020
გზამკვლევის ეს ნაწილი ეთმობა დისტანციური ჟურნალისტიკის გამოწვევებსა და გამოცდილებას.



ახალი კორონავირუსული ინფექციის პანდემიამ მთელს მსოფლიოში რადიკალურად შეცვალა მედიის სამუშაო გარემო. მედიაში დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად, მედიასაშუალებების უმეტესობა მეტწილად მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. შეიცვალა სტუდიური ფორმატი - იმ გადაცემებში, რომლებშიც სტუმრების სტრუდიაში მიწვევა იყო გათვალისწინებული, დაიწყეს მათი პირდაპირ ეთერში ჩართვა სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდა პირისპირ ინტერვიუები და მსგავსი პრაქტიკაც რესპოდენტების დისტანციურმა ჩანაწერებმა ჩაანაცვლა. San Francisco Chronicle-ის 155-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირეველად მთლიანადაც დაიხურა გამოცემის ნიუსრუმი.

„ჟურნალისტები ყოველთვის კრიზისისკენ მივრბივართ. როცა ხანძარია, ვიცვამთ დამცავ აღჭურვილობას და მივიწევთ ცეცხლისკენ, მივრბივართ სროლის ადგილზე და ვუერთდებით ხალხის მსვლელობებს, რომლებიც, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი იყოს. არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის კატასტროფაა, მნიშვნელოვანი ამბის დროს ჩვენი ნიუსრუმი უფრო ხალხმრავალი და ხმაურიანი ხდება. ეს შემთხვევა გამონაკლისია“, -  ოდრი კუპერი, The Chronicle-ს მთავარი  რედაქტორი


სტანდარტული სამუშაო გარემოსა და პირობების მნიშვნელოვნად შეცვლა მოუხდათ საქართველოში მოქმედ მედიაორგანიზაციებსაც. საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ტიპის (მაუწყებელი, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ინტეგრირებული ნიუსრუმი) მედიასაშუალების მენეჯერებთან გასაუბრება ცხადყოფს, რომ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადართვა მათთვის მარტივი არ აღმოჩნდა. 

გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც მედიამენეჯერების, რედაქტორებისა და პროდიუსერების გამოცდილებას ემყარება. 


17.04.2020
ამ თავში მიმოხილულია ის სამართლებრივი შეზღუდვები, რაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მედიას შეეხო.



2020 წლის 21 მარტს, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში გარკვეული უფლებები შეიზღუდა. ამ მხრივ საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებთან. ისინი, ასევე, უშვებენ გარკვეული უფლებების შეზღუდვას საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე.

2020 წლის 21 აპრილს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა ამავე წლის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.

საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეზე“ დაცული ინფორმაციის თანახმად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ეს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მეხუთე შემთხვევაა. მათგან მედიას პირდაპირი შეზღუდვა დეკრეტით მხოლოდ ერთხელ, 2007 წლის 7 ნოემბერს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს შეეხო, როდესაც ინფორმაციის მიღება და გავრცელება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეძლო. „შეჩერდეს ყველა ტელე და რადიომაუწყებლის მიერ ინფორმაციის მიღება და თავისუფლად გავრცელება ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით“,- მითითებულია დეკრეტში.  

ევროპის საბჭოს მედია გარემოსა და რეფორმების ექსპერტთა კომიტეტის (MSI-REF) განცხადებაში ვკითხულობთ, რომ  გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება და ღიაობა, და არა ინფორმაციის კონტროლი, არის ევროპული დემოკრატიის ძირითადი პრინციპები, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, გავუმკლავდეთ ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარ გამოწვევებს

დღეს საქართველოში საჯარო ინფორმაციის გაცემა შეჩერებულია, მაგრამ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება არ არის შეზღუდული, თუმცა მასობრივი კომუნიკაციების საშუალებების წარმომადგენლებზე ვრცელდება ის ზოგადი შეზღუდვები, რომელიც დაწესდა და რომელსაც ყველა ვალდებულია, რომ დაემორჩილოს.

ეს შეზღუდვები ეხება მიმოსვლას, საგანმანათლებლო პროცესს, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, შეკრებებსა და მანიფესტაციებს, საჯარო სივრცეში თავშეყრას.




 
15.04.2020
სახელმძღვანელოს შესავალი ნაწილი აღწერს იმ გამოწვევებს, რის წინაშეც დადგა მედია პანდემიის პირობებში.


2019 წლის 8 დეკემბერს ჩინეთში ახალი კორონავირუსული ინფექციის, СOVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ შემთხვევიდან სამ თვეში, 2020 წლის 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ახალი კორონავირუსი (COVID-19) პანდემიად გამოაცხადა. ამ დროისათვის, COVID-19 უკვე გავრცელებული იყო 114 ქვეყანაში, ინფიცირებულთა რაოდენობა 118,000-ს, გარდაცვლილთა რიცხვი კი 4,300-ს აღწევდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობის #181-ე დადგენილებით 21 მარტიდან, ერთი თვის ვადით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვა არ ვრცელდება მედიასაშუალებებზე, გარდა მცირე გამონაკლისისა, თუმცა, მთავრობის #181-ე დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში შეჩერებულია საჯარო ინფორმაციის გაცემა (ვრცლად იხ. სახელმძღვანელო, თავი II, სამართლებრივი მიმოხილვა).  
 
პანდემიის გამო, მედია არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. კორონავირუსული ინფექციის გავრცელებამ, საფრთხემ, რომელსაც ეს ვირუსი შეიცავს და გამოწვევის მასშტაბმა, სრულად შეცვალა მედიასაშუალებების დღის წესრიგი. გარდა განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ამბებისა, მედიის დღის წესრიგიდან სხვა თემა, ფაქტობრივად, სრულად გაქრა. შეიცვალა მაუწყებლების საეთერო ბადეებიც - ნაწილმა დროებით შეაჩერა სხვა თემატიკის გადაცემები და საეთერო ბადეს კორონავირუსული ინფექციის თემატიკაზე მორგებული გადაცემები დაამატა.
 
კორონავირუსის პანდემიის გაშუქებისას, მედიის როლი განსაკუთრებულია. ერთი მხრივ, მედიას კვლავ რჩება მთავარი, ანუ ინფორმაციის გამავრცელებლის ფუნქცია, მეორე მხრივ გაჩნდა ახალი გამოწვევა, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისა და ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაშუქების საჭიროების სახით. ამავდროულად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომატებულია დეზინფორმაციის ნაკადი, რაც მედიისთვის ქმნის ახალ გამოწვევას, დახარჯოს განსაკუთრებული ძალისხმევა ინფორმაციის გადამოწმებაში.
 
ახალმა რეალობამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა მედია პროფესიული სტანდარტების დაცვის თვალსაზრისითაც. კორონავირუსის გაშუქებისას აუცილებელია ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების: სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და ა.შ. დაცვა. ამავდროულად, მედიას მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე ტერმინოლოგიის გამოყენებისას. ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოები მსჯელობენ პერსონალური მონაცემების გამჟღავნების საფრთხეებზე და  მედიასაშუალებებს ურჩევენ, დაფიქრდნენ რესპონდენტების იდენტიფიცირებისა და პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების საჭიროებაზე. ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელებისთანავე მედიაში იმატა რასისტულმა ნარატივმა, რის გამოც, მედიას, ასევე, მოუწოდებენ გამოიჩინოს სიფრთხილე და არ წაახალისოს დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი დისკუსია.
 
იმისათვის, რომ მასალები არ იყოს პანიკის შემცველი,  მედიას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ რუკების, ასევე ფოტო/ვიდეო მასალების გამოყენებისასაც.
 
პროფესიული სტანდარტების დაცვის გარდა, მედიას უწევს მოერგოს მუშაობის დისტანციურ რეჟიმს (რასაც ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა) და ამავდროულად, საქმიანობა დაგეგმოს ისე, რომ ამ ყველაფერმა გავლენა არ იქონიოს კონტენტის ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე. დისტანციური ჟურნალისტიკა, რომელიც მეტწილად სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმების გამოყენებას მოითხოვს, ამავდროულად, ქმნის განსაკუთრებულ გამოწვევებს ციფრული უსაფრთხოების კუთხით.
 
ამ ყველაფერთან ერთად, პანდემიის პირობებში, მედიაორგანიზაციებს უწევთ ფიქრი თანამშრომელთა  შრომის, ფიზიკურ და ფსიქო-სოციალურ უსაფრთხოებაზე.
 
წინამდებარე სახელმძღვანელო სწორედ ამ  გამოწვევებზეა მორგებული. გზამკვლევი ეყრდნობა საერთაშორისო და საქართველოში მომუშავე მედიასაშუალებების, მედიაექსპერტებისა და ცალკეული ჟურნალისტების გამოცდილებას. მასში გათვალისწინებულია ადგილობრივი კონტექსტი და სპეციფიკა, ასევე, გამოყენებულია საქართველოსა და მსოფლიოში მედიის საკითხებზე მომუშავე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ნაშრომები, მიგნებები, რჩევები და რეკომენდაციები. 
 
სწორედ იმ გამოწვევების გამო, რაზეც ზემოთ მოყვანილ ტექსტში ვსაუბრობთ, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტიპის მოვლენა ახალია თანამედროვე მსოფლიოსთვის და მსგავსი გამოცდილება მედიაში, ფაქტობრივად, არ არსებობს, ცხადია, სახელმძღვანელო ამომწურავად ვერ მოიცავს СOVID-19-თან დაკავშირებულ ყველა საკითხს. დროთა განმავლობაში, კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებული ახალი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების კვალდაკვალ, სახელმძღვანელო პერიოდულად განახლდება და შეივსება.
 
ვიმედოვნებთ, რომ ეს გზამკვლევი ქართულ რეალობაში გააჩენს საწყის ცოდნას პანდემიის  მაღალი პროფესიული სტანდარტით გაშუქების თაობაზე, ამავდროულად, ჟურნალისტებს უფრო უსაფრთხოდ მუშაობაში დაეხმარება და ასევე, ხელს შეუწყობს პროფესიული დისკუსიების წამოწყებას ეპიდემიების, პანდემიებისა და ინფექციური დაავადებების გაშუქებასთან დაკავშირებულ თემებზე. 


12.04.2020