რეკომენდაციები მედიამფლობელებისა და მენეჯერებისთვის
18.04.2020
სახელმძღვანელოს ამ ნაწილში საუბარია მედიის გამოწვევაზე - შეამციროს  ეკონომიკური კრიზისის გავლენა საკუთარ მედიაზე.


მაშინ, როდესაც პანდემიის გამო, საზოგადოების ყურადღება ტელევიზორებისა და კომპიუტერების ეკრანებისკენაა მიპყრობილი, მედიას რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად უწევს ბრძოლა. ვირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებაში მისი როლი გადამწყვეტია. სწორედ ჟურნალისტებისგან იგებს მოსახლეობა იმასაც, თუ რა ზომებს იღებს მისი ქვეყნის ხელისუფლება COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც კიდევ უფრო რთულდება ინფორმაციის მოპოვება, ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში კი მეტი დეზინფორმაცია ან არასრული ინფორმაცია ვრცელდება, განსაკუთრებულად იზრდება კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკის საჭიროება. იზრდება მკითხველთა და მაყურებელთა რაოდენობაც.

ნებისმიერი მედიასაშუალება ცდილობს საზოგადოების გაზრდილ მოთხოვნასაც უპასუხოს და ამავე დროს, არ გადაუხვიოს არჩეული გზიდან - იყოს სანდო და მიუკერძოებელი ინფორმაციის გამავრცელებელი. ამ ამოცანების შესასრულებლად ჟურნალისტები თავს არ ზოგავენ და რისკზეც მიდიან. ასეა ბუნებრივი კატაკლიზმების, შეიარაღებული კონფლიქტებისა თუ პანდემიის გაშუქების დროს.

თუმცა, კორონავირუსის პანდემია არამხოლოდ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, ის გამოწვევაა მედიისთვის - იმუშაოს სრულიად შეცვლილ გარემოში და გაუძლოს კრიზისს.

მფლობელები და მენეჯერები, გარდა იმისა, რომ ფიქრობენ როგორ უზრუნველყონ თანამშრომლებისთვის აუცილებელი სამუშაო გარემო, ცდილობენ, როგორმე შეამცირონ ვირუსის საფრთხით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გავლენა საკუთარ მედიაზე.