ეთიკური დილემები პანდემიის გაშუქებისას
19.04.2020
გზამკვლევის ეს ნაწილი ეთმობა იმ ეთიკურ დილემებს, რაც მედიას პანდემიის თემის გაშუქებისას შესაძლოა წარმოეშვას



ახალმა რეალობამ, მედია, პროფესიული სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით, არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა.

გარდა ეთიკური ჟურნალისტიკის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა, როგორიცაა სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, საერთაშორისო გაიდლაინები მედიას მოუწოდებენ დაიცვას სიფრთხილე ტერმინოლოგიის გამოყენებისას, ფოტო/ვიდეო მასალის შერჩევისას, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებისას, დაფიქრდეს ინფიცირებული რესპონდენტების იდენტიფიცირებისა და პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების საჭიროებაზე, არ გახდეს რასისტული, დისკრიმინაციული დისკუსიისა და სიძულვილის ენის წამახალისებელი, არ მოახდინოს ადამიანების სტიგმატიზება. ამავდროულად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომატებულია დეზინფორმაციის ნაკადი, რაც მედიისთვის ქმნის ახალ გამოწვევას, ინფორმაციის გადასამოწმებლად განსაკუთრებული ძალისხმევა გაიღოს.

2 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), ახალ კორონავირუსს მასობრივი ინფოდემია უწოდა, რითაც გამოხატა წუხილი იმგვარი ინფორმაციის დიდძალი რაოდენობით გავრცელების გამო „...რომელთაგანაც ზოგი სწორია, ზოგი ხარვეზებით სავსე, ეს კი ხალხს სანდო წყაროებისა და სარწმუნო რჩევების პოვნას უძნელებს მაშინ, როცა ეს მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ“.

„ამით ახალი კორონავირუსი აქამდე გავრცელებული სხვა ვირუსული ეპიდემიებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მართალია, SARS-მა, ახლო აღმოსავლეთის რესპირატორულმა სინდრომმა MERS-მა და ზიკას ვირუსმა, სამივემ გამოიწვია პანიკა მსოფლიოში, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული შიში სოციალურმა მედიამ განსაკუთრებით გაამძაფრა“, - წერენ MIT Technology Review-ს ჟურნალისტები კარენ ჰაო და ტანია ბასუ.

ფრილანსერი ჟურნალისტი მაიკლ სტენდერტი, რომელიც Bloomberg-ის, The Guardian-ისა და Al Jazeera-სთვის მუშაობს და კორონავირუსის თემას ჩინეთში ეპიდემიის აფეთქების დღიდან აშუქებდა, ამბობს, რომ ჯანმრთელობის ისეთი გლობალური კრიზისის დროსროგორც ეს კორონავირუსის გავრცელება და მისგან მომდინარე საფრთხეებია, ჟურნალისტის პასუხისმგებლობა, მიაწოდოს საზოგადოებას სანდო და მკაფიო ინფორმაცია, კიდევ უფრო კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს: “ისტორიებში იმდენი გაურკვევლობაა, რომ მათგან მკაფიო სურათის შექმნა სწორედ ჟურნალისტის მოვალეობაა”.


"კარგმა გაშუქებამ და მეცნიერებამ უნდა განასხვავოს ინფორმაციის ლეგიტიმური წყაროები ჭორების, ნახევრად სიმართლეების, "გველის სამკურნალო ზეთის", ფინანსურად მოტივირებული რეკლამებისა და პოლიტიკურად მოტივირებული პროპაგანდისგან", - წერენ ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორები ბილ ჰენჯი და მარკ ლიპსიჩი, სამეცნიერო ესსეში, სახელწოდებით "როგორ გავაშუქოთ Covid-19-ის გავრცელება პასუხისმგებლობით".



კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი სტეფან მორსე ჟურნალისტებს ურჩევს, კრიზისის დროს ადამიანების ბულინგს და უსაფუძვლო პანიკისა და შიშის დათესვას მოერიდონ.

გთავაზობთ ინფორმაციას იმ ძირითადი პრინციპების შესახებ, რომელთა დაცვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ პანდემიის გაშუქებისას.