სამართლებრივი ასპექტების მიმოხილვა
15.04.2020
ამ თავში მიმოხილულია ის სამართლებრივი შეზღუდვები, რაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მედიას შეეხო.



2020 წლის 21 მარტს, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში გარკვეული უფლებები შეიზღუდა. ამ მხრივ საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებთან. ისინი, ასევე, უშვებენ გარკვეული უფლებების შეზღუდვას საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე.

2020 წლის 21 აპრილს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა ამავე წლის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.

საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეზე“ დაცული ინფორმაციის თანახმად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ეს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მეხუთე შემთხვევაა. მათგან მედიას პირდაპირი შეზღუდვა დეკრეტით მხოლოდ ერთხელ, 2007 წლის 7 ნოემბერს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს შეეხო, როდესაც ინფორმაციის მიღება და გავრცელება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეძლო. „შეჩერდეს ყველა ტელე და რადიომაუწყებლის მიერ ინფორმაციის მიღება და თავისუფლად გავრცელება ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით“,- მითითებულია დეკრეტში.  

ევროპის საბჭოს მედია გარემოსა და რეფორმების ექსპერტთა კომიტეტის (MSI-REF) განცხადებაში ვკითხულობთ, რომ  გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება და ღიაობა, და არა ინფორმაციის კონტროლი, არის ევროპული დემოკრატიის ძირითადი პრინციპები, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, გავუმკლავდეთ ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარ გამოწვევებს

დღეს საქართველოში საჯარო ინფორმაციის გაცემა შეჩერებულია, მაგრამ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება არ არის შეზღუდული, თუმცა მასობრივი კომუნიკაციების საშუალებების წარმომადგენლებზე ვრცელდება ის ზოგადი შეზღუდვები, რომელიც დაწესდა და რომელსაც ყველა ვალდებულია, რომ დაემორჩილოს.

ეს შეზღუდვები ეხება მიმოსვლას, საგანმანათლებლო პროცესს, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, შეკრებებსა და მანიფესტაციებს, საჯარო სივრცეში თავშეყრას.