29.01.2025

16 ნოემბერი,  2024 წელი

 

 

საქმე N-764

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე

 

 

აღწერილობითი ნაწილი

 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა პოლიტიკურმა მოძრაობამ “თავისუფლების მოედანი” “იმედის” ჟურნალისტების მეგი ნარსავიძისა და გივი კუჭავას წინააღმდეგ.

 

მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.

 

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

 

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად.

 

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

 

სხდომას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი მაშკა გიორგობიანი.

 

 

სხდომაში მოპასუხე მხარეს მონაწილეობა არ მიუღია.

 

 

სამოტივაციო ნაწილი

 

 

სადავო მასალა:

 

სადავო მასალა “იმედის” ეთერით გადაიცა და მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა 2024 წლის 31 ოქტომბერს.

 

სადავო ფრაზები:

 

განმცხადებელი მიუთითებს შემდეგზე: “წამყვანმა წარადგინა ჟურნალისტი მეგი ნარსავიძე. ამ უკანასკნელმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმაზე, რომ ოპოზიციას ჯერაც არ წარმოუდგენია მათ მიერ ხელისუფლებისადმი გაჟღერებული ბრალდებების მტკიცებულებები. ამას მოყვა ანა დოლიძის სინქრონი, რომელიც საუბრობდა რომ ოპოზიციის მხრიდან ყველა პრობლემურ საკითხზე მოხდა რეაგირება და იყო დაყენებული “ან საჩივარი, ან მოთხოვნა, ან პროტესტი თავის დროზე”. ამას მოსდევს კონტექსტიდან ამოღებული და მანიპულაციურად “მოჭრილი” (დამონტაჟებული) ლევან ცუცქირიძის ინტერვიუ, რომელიც თითქოს ეწინააღმდეგება ანა დოლიძეს (და მთლიანად ოპოზიციას) და ამტკიცებს თითქოს “საქართველომ ჩაატარა სანიმუშო არჩევნები”.

 

 

 

 

 

პირველი პრინციპი

 

„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

საბჭოს წევრების პოზიციით, სიუჟეტი მანიპულაციურია. ლევან ცუცქირიძის ინტერვიუდან იმგვარადაა ამოჭრილი ფრაგმენტი, რომ “იმედის” მაყურებელს შთაბეჭდილება ექმნება, რომ თითქოს ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის “თავისუფლების მოედანი” წევრი საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს იწონებს.


სინამდვილეში ლევან ცუცქირიძემ “იმედის” ჟურნალისტთან კომენტარში სრულიად საწინააღმდეგო შინაარსის განცხადება გააკეთა, რასაც ადასტურებს მისი ინტერვიუს სრული ვიდეო ჩანაწერი, რომელიც განმცხადებელმა ქარტიის საბჭოს მოაწოდა და რომელიც მოძრაობის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ არის ჩაწერილი
.

 

ამ ვიდეო ჩანაწერიდან (თან ერთვის გადაწყვეტილებას), ირკვევა, რომ, “იმედის” ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ლევან ცუცქირიძემ გააკრიტიკა ჩატარებული არჩევნები: “არ მინახავს შალვა პაპუაშვილის განცხადება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს საარჩევნო სტანდარტი უნდა იყოს მაღალი. ჩვენ უნდა ვესწრაფოდეთ იმას, რომ ჩვენი არჩევნები იყოს აღიარებული, როგორც სანიმუშო მთელ მსოფლიოში და არა დავდევდეთ რაღაც სიტყვებს, რომ იცით, რა აი ასე არ უნდა იყოს და რა კარგია, რომ ასე არ წერია, ეს არის სირცხვილი. ჩვენ, რომ არჩევნებს ვატარებთ და მომავალი არჩევნები ამ ქვეყანაში ასე თუ უნდა იყოს ყველა, აქ უნდა ითქვას, რომ საქართველომ ჩაატარა სანიმუშო არჩევნები და აი, ეს არის არჩევნები, რომელიც უნდა იყოს ყველასთვის სამაგალითო და არა ვიჩხრიკებოდეთ რაღაც ტექსტებში და ვცდილობდეთ თავის გამართლებას, როგორც ამას აკეთებს შალვა პაპუაშვილი, სირცხვილია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სტანდარტი უნდა იყოს მაღალი და სანიმუშო და არა ის, რომ რაღაც აბზაცებში ეძებდეს საკუთარი თავის გამართლების საშუალებას.”

 

საბჭოს შეფასებით ლევან ცუცქირიძის ინტერვიუს მოკლე შინაარსი ასეთია: ყველა ჩატარებული თუ მომავალი არჩევნების შესახებ დამკვირვებლებმა უნდა თქვან ცალსახად, რომ “ეს იყო სანიმუშო არჩევნები და აი ეს არის არჩევნები”. რაკი ასეთი შეფასება ბოლო არჩევნებს არ აქვს, პარლამენტის თავმჯდომარე ეუთო ოდირის შეფასებაში ეძებს ცალკეულ აბზაცებს, რომლითაც ხელისუფლება თავს გაიმართლებდა.

 

ამ შინაარსის ნაცვლად “იმედმა” ისე ამოჭრა ინტერვიუს  ფრაგმენტი, რომ თითქოს ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო სანიმუშო.

 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ჟურნალისტებმა ინტერვიუს არასრული, არაზუსტი და მანიპულაციური გაშუქებით, მაყურებელს მიაწოდეს არაზუსტი ინფორმაცია პოლიტიკოსის პოზიციასთან დაკავშირებით, რითაც დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.

 

 

მეხუთე პრინციპი

 

“მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

 

ქარტიის პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაუდგინდეს მე-5 პრინციპის დარღვევა, აუცილებელია:

 

  1. დადგინდეს, რომ პირველი პრინციპი დარღვეულია (არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება);

 

  1. საბჭო დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ (რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური პროდუქტი) გაიგო არაზუსტი, დაუბალანსებელი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ.

 

  1. ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ.

 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში დარღვეულია ქარტიის მეხუთე პრინციპი.

 

ქარტიის სამდივნომ, პოლიტიკური მოძრაობის “თავისუფლების მოედანი” განცხადება სათანადო წესით გადაუგზავნა “იმედს”.

 

ამასთან, პოლიტიკურ მოძრაობასაც და პოლიტიკოს ლევან ცუცქირიძესაც საკუთარ სოციალურ ქსელში გაზიარებული აქვთ სადავო მასალისა და რეალური ინტერვიუს ამსახველი ვიდეო და გამოთქმული აქვთ “იმედის” მიერ გავრცელებულ ვიდეოზე პრეტენზია.

 

აღნიშნული ქმნის პრეზუმფციას, რომ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა არსებული პრეტენზიის შესახებ, რაც იძლეოდა საფუძველს, “იმედის” ჟურნალისტებს არაზუსტი ინფორმაცია შეესწორებინათ, რაც არ მომხდარა.

 

სადავო მასალა  დღემდე პირვანდელი სახით არის ხელმისაწვდომი “იმედის” ფეისბუქ გვერდზე  და მას არ აქვს არანაირი მინიშნება, რომ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.

 

შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის მე-5 პრინციპი.

 

 

მეთერთმეტე პრინციპი

 

“ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება.”

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო სიუჟეტებში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

ქარტიის საბჭოს პრაქტიკით, ფაქტები განზრახ დამახინჯებულად ჩაითვლება,

როცა დგინდება, რომ:

 

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

 

  1. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

 

  1. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

 

ქარტიის პრაქტიკის შესაბამისად, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისას მისი წინაპირობა პირველი პრინციპის დარღვევის დადგენაა, რაც მოხდა კიდეც მოცემულ შემთხვევაში. საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.


საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მე-11 პრინციპის დარღვევაც ცალსახაა და ეს არ არის უნებლიე ჟურნალისტური შეცდომა, რაც მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევად შეიძლებოდა რომ მიჩნეულიყო.

 

საქმის განხილვის ეტაპზე საბჭო დარწმუნდა, რომ მოპასუხე ჟურნალისტებისთვის ცნობილი იყო ლევან ცუცქირიძის პოზიცია. მათ ხელთ ჰქონდათ მისი ინტერვიუს სრული ჩანაწერი, ეთერში კი იმგვარად დამონტაჟებული ფრაგმენტი გაუშვეს, რომ რესპოდენტის აზრი სრულად დაამახინჯეს. საბჭო მიიჩნევს, რომ ეს არის ფაქტის განზრახ დამახინჯება და მე-11 პრინციპის დარღვევა.

 

საბჭო, მე-11 პრინციპის დადგენისას, ყოველთვის იკვლევს მოტივს. ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების მიმართ ბოლო თვეების განმავლობაში ქარტიის საბჭომ არაერთხელ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა და ყველა ჯერზე მიუთითა “იმედის” მიკერძოებულობა მოქმედი ხელისუფლების სასარგებლოდ.


ქარტიის საბჭოს შეფასებით, ტელეკომპანია “იმედი” სახელისუფლებო პროპაგანდის ძირითადი იარაღია და ხელს უწყობს ხელისუფლებას ოპონენტების დისკრედიტაციაში. განსახილველი სიუჟეტიც ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ იმედის ჟურნალისტები განზრახ, მიზანმიმართულად არღვევენ ჟურნალისტურ პრინციპებს ოპოზ

~იციონერი პოლიტიკოსების საზიანოდ და ხელისუფლების სასარგებლოდ. განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს თხოვნის პასუხად, განმცხადებელმა ქარტიას წარმოუდგინა “იმედის” ეთერში გასული არაერთი ნეგატიური მასალა “თავისუფლების მოედნის” და ლევან ცუცქირიძის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “იმედის” ჟურნალისტები განზრახ, კამპანიურად ცდილობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის უარყოფითად წარმოჩენას.

 

მაგალითად, 31 ოქტომბერს “იმედის” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ქარდი, რომელიც ეხებოდა ლევან ცუცქირიძის მიერ დაანონსებულ საპროტესო გამოსვლებს. 1 ნოემბერს 20:00 საათიან “ქრონიკაში” (ტაიმკოდი: 42:35) ჟურნალისტმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ ლევან ცუცქირიძე მის მიერ მზიურის პარკში დაანონსებულ აქციაზე არ მივიდა. განმცხადებელმა წარმოადგინა ვიდეო (დართულია გადაწყვეტილებაზე), რომელიც საპირისპიროს ადასტურებს. 2 ნოემბრის “ქრონიკაში კი ჟურნალისტი აცხადებს, რომ ლევან ცუცქირიძე არა თუ არ მივიდა, არამედ “საკუთარ დაანონსებულ შეხვედრაზე დაგვიანებით და მხოლოდ 10 წუთით მივიდა”.

 

აღნიშნული მიუთითებს, რომ ლევან ცუცქირიძის მიმართ დაუზუსტებელი, მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებას “იმედის” მხრიდან კამპანიური ხასიათი აქვს.

 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საბჭომ მე-11 პრინციპიც დარღვეულად მიიჩნია.

 

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

 

მეგი ნარსავიძემ და გივი კუჭავამ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მეხუთე და მე-11 პრინციპები.

 

 

 

სადავო მასალა

 

განცხადება

 

განმცხადებლის მიერ დამატებით წარმოდგენილი ვიდეო1

 

განმცხადებლის მიერ დამატებით წარმოდგენილი ვიდეო2