28.06.2024

განმცხადებელი: იოსებ ლაზარაშვილი

მოპასუხე: საბა სიჭინავა

დარღვეული პრინციპები: 1-ელი; მე-5; მე-8; მე-10 პრინციპები.

25 მაისი, 2024 წელი

საქმე N 732

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, გელა მთივლიშვილი, მანანა ქველიაშვილი, ირმა ზოიძე, ხატია ღოღობერიძე.

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თბილისის 58-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, იოსებ ლაზარაშვილმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 6 მარტს, ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტში სახელწოდებით “სავარაუდო თავდასხმა სკოლის მოსწავლეებზე - დააკავებენ თუ არა სკოლის დირექტორს” დაირღვა ქარტიის 1-ელი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-8 პრინციპები. 

მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი, საბა სიჭინავა.

 

საქმის განხილვის თავისებურებები

Საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, ჰიბრიდულ ფორმატში, კერძოდ, საბჭოს წევრების ნაწილი სხდომაში მონაწილეობდა დისტანციურად.

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი იოსებ ლაზარაშვილი. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია, არც  წერილობითი შეპასუხება წარმოუდგენია.

განხილვის ეტაპზე განმცხადებელმა დააზუსტა სადავო პრინციპები, მოხსნა მე-3 პრინციპი, ხოლო მე-4 პრინციპი ჩაანაცვლა მე-10 პრინციპით. საბოლოოდ, განმცხადებელმა მიიჩნია, რომ სადავო სიუჟეტში ჟურნალისტმა დაარღვია 1-ელი, მე-5, მე-8, მე-10 პრინციპები.

 

სამოტივაციო ნაწილი

პირველი პრინციპი. ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

იოსებ ლაზარაშვილი, ქარტიაში შემოტანილი განცხადების მიხედვით, მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტში მასთან დაკავშირებით არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. განმცხადებელი საბჭოს წინაშე თავის პოზიციას შემდეგნაირად ასაბუთებდა: 

ჟურნალისტმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია 58-ე სკოლაში წარმოქმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია წარმოადგენდა სიცრუეს, რადგან ჟურნალისტმა საზოგადოებას მიაწოდა არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. 

სიუჟეტის მიხედვით, 58-ე სკოლაში არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის დირექტორმა, იოსებ ლაზარაშვილმა ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მოსწავლის მიმართ იძალადა, რათა დაეცვა დირექტორის მოადგილის შვილიშვილი, რომელიც ამავე ჩხუბის მონაწილე იყო“.

გარდა ამისა, განმცხადებელმა ქარტიის საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მისი მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ან/და მცდელობას, ადგილი არ ჰქონია და სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები იყო არაზუსტი, არ იყო სათანადოდ გადამოწმებული და ეყრდნობოდა მხოლოდ რამდენიმე მშობლის მონათხრობს.

განხილვისას იოსებ ლაზარაშვილმა საბჭოს ინციდენტის შესახებ დეტალურად მოუთხრო, თუმცა საბჭო ვერ დაეყრდნობა და გაიზიარებს სკოლის დირექტორის მონათხრობს, ვინაიდან ეს საბჭოს კომპეტენციას სცდება და ფაქტობრივად შეუძლებელია ზუსტად დადგენა, რა მოხდა 58-ე სკოლაში სიუჟეტში აღწერილი ინციდენტის დროს.

 

საბჭო სწავლობს და აფასებს, თუ რას ეყრდნობოდა ჟურნალისტი აღნიშნულ სიუჟეტში გადმოცემული ფაქტების გახმაურებისას და მიმართა თუ არა ყველა ღონეს ამ ფაქტების გადასამოწმებლად.

 

ეპიზოდი 1

განმცხადებელმა სადავო გახადა სიუჟეტის დასაწყისი, სადაც ჟურნალისტი ამბობს: “მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის მცდელობა შეიძლება 58-ე სკოლის დირექტორ იოსებ ლაზარაშვილს თავისუფლების ფასად დაუჯდეს. არასრულწლოვანი მუქარის მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სასწავლო ნაწილის შვილიშვილი იყო.  სკოლის დირექტორმა Შეხვედრაზე მოსწავლეს დანაშაულის მის თავზე აღება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა. არასრულწლოვანი ცემას მანდატურმა გადაარჩინა”. 

ამ ტექსტში ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ მოსწავლე მუქარის მსხვერპლი გახდა, მასზე დირექტორმა ფიზიკური ძალადობა სცადა და იქვე ამატებს, რომ ის “ცემას მანდატურმა გადაარჩინა”. 

სიუჟეტის მიხედვით, ჟურნალისტი ამ ბრალდებებისას ეყრდნობა მხოლოდ ორი რესპონდენტის მონათხრობს. რესპოდენტების ვინაობა დაფარულია (გამოსახულება დაბლარულია).

პირველი რესპონდენტი, მისი მონათხრობის მიხედვით, სავარაუდოდ, არის კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი ბავშვის მშობელი.

მეორე რესპონდენტიც, სავარაუდოდ, მშობელია, თუმცა არ ჩანს, არის თუ არა კონფლიქტში მონაწილე რომელიმე ბავშვის მშობელი.

მუქარასა და ძალადობის მცდელობაზე გამოთქმულ ბრალდებებს, როგორც ჩანს, ჟურნალისტი პირველი რესპონდენტის მონათხრობს აფუძნებს.

არ ჩანს, რომ მეორე რესპონდენტი, მისი მონათხრობის მიხედვით, რაიმე ფაქტის თვითმხილველია. მისი კომენტარი ზოგადია და ის ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა დირექტორის მხრიდან. 

საბჭო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მშობლები ვერ ჩაითვლებიან ობიექტურ, მიუკერძოებელ წყაროდ, ვინაიდან საქმე ეხება მათ შვილებს და, შესაძლოა, ისინი ობიექტური მთხრობელები არ იყვნენ. სიუჟეტში, გარდა მშობლების მონათხრობისა, არ არის მოყვანილი სხვა წყარო, რომელიც შესაძლო ძალადობის და მუქარის ბრალდებას გაამყარებდა.

გამომდინარე აქედან, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის ტექსტი არ უნდა ყოფილიყო მტკიცებითი. ეთიკური სტანდარტების მიხედვით, ჟურნალისტი ბოლომდე პატიოსანი უნდა იყოს აუდიტორიასთან და მსგავს შემთხვევებში, როცა გადმოცემული ინფორმაცია ერთ მხარეს, ერთი ტიპის წყაროს ეყრდნობა (მიუხედავად წყაროთა რაოდენობისა), ცხადად უნდა თქვას, რომ ეს მხოლოდ მშობლების მონათხრობია, ვერ ხერხდება მისი გადამოწმება, დადასტურება ან უარყოფა.

ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტის ტექსტები უნდა იყოს ნეიტრალური, მით უფრო, როცა მის მიერ გახმოვანებულმა ბრალდებებმა (არასრულწლოვანზე მუქარა, ძალადობა), შესაძლოა, კონკრეტულ სუბიექტს მნიშვნელოვანი რეპუტაციული და მორალური ზიანი მიაყენოს.

საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდში ჟურნალისტმა დაარღვია სიზუსტის პრინციპი აუდიტორიის პატივისცემის  ნაწილში.

 

ეპიზოდი 2

შემდეგ სადავო ეპიზოდში ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ “Საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. დღეს გამომძიებლების კითხვებზე პასუხის გაცემა სკოლის დირექტორს მოუწია; გამოძიება საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს და შესაძლოა, სკოლის დირექტორი მოსწავლეზე ძალადობის გამო ციხეში აღმოჩნდეს.”

განმცხადებელმა საბჭოს უთხრა, რომ ჟურნალისტმა იცრუა და მის მიმართ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობდა. 

სიუჟეტიდან არ ჩანს, რა აძლევს ჟურნალისტს საფუძველს, მტკიცებით ფორმაში თქვას აღნიშნული ფრაზები. სიუჟეტში არ ჩანს შს სამინისტროს ან/და პროკურატურის პოზიცია, არადა, სწორედ ეს უწყებები ფლობენ დაზუსტებულ ინფორმაციას, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება კონკრეტულ ფაქტზე. სიუჟეტში არ ჩანს ამ უწყებებთან ინფორმაციის გადამოწმების მცდელობაც.

საბჭოს კომპეტენციას სცდება დაზუსტებით იმის გარკვევა, სიუჟეტის ეთერში გასვლის მომენტში მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება, სადაც 58-ე სკოლის დირექტორი ფიგურირებდა.

იოსებ ლაზარაშვილმა საბჭოს განუმარტა, რომ სკოლაში მოხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ძველი თბილისის პოლიციის მე-3 განყოფილებაში მართლაც იმყოფებოდა, თუმცა პოლიცია მხოლოდ მისი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა და ამ საკითხს სამართლებრივი გაგრძელება არ ჰქონია.

ამ ნაწილის დაზუსტებისთვის საბჭომ გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე დღით გადადო და იოსებ ლაზარაშვილს სთხოვა, წარმოედგინა შესაბამისი ცნობა პოლიციის სამმართველოდან, რომელიც აჩვენებდა, მიმდინარეობდა თუ არა მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები და იყო თუ არა სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე რაიმე სტატუსით.

იოსებ ლაზარაშვილმა ქარტიის საბჭოს წარუდგინა შსს ძველი თბილისის პოლიციის მე-3 განყოფილების მიერ გაცემული, 2024 წლის 28 მაისით დათარიღებული ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიციის ამ განყოფილებაში არ მიმდინარეობს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და ის არ ყოფილა გამოკითხული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის, მოწმის ან დაზარალებულის სტატუსით.

საბჭო მიიჩნევს, რომ ტვ პირველის ჟურნალისტის მიერ მტკიცებით ფორმაში იმის გახმოვანება, რომ მიმდინარეობს გამოძიება და 58-ე სკოლის დირექტორს ციხე ემუქრება, საჭიროებდა მეტ გადამოწმებას, სიუჟეტში კი ამ გადამოწმების მცდელობებიც კი არ ჩანს.

გამომდინარე აქედან, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდშიც სახეზეა პირველი პრინციპის დარღვევა, აუდიტორიის უფლების უგულებელყოფა - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

ზემოთ აღწერილი ეპიზოდების გარდა, სიუჟეტს ჰქონდა ბალანსის პრობლემა. ჟურნალისტური ბალანსი არ ნიშნავს მხოლოდ “მოპასუხე მხარის” წარმოჩენის ვალდებულებას ან/და მასალაში წარმოჩენის მცდელობის ასახვას. ბალანსი ნიშნავს მაქსიმალურად მეტი ინფორმირებული მხარის მონაწილეობას ჟურნალისტურ მასალაში და ჟურნალისტის პატიოსან მცდელობას, აუდიტორიას საკითხის ირგვლივ განსხვავებული პოზიციები მიაწოდოს.

აღნიშნული სიუჟეტი შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ჟურნალისტმა ირწმუნა მშობლების მონათხრობი დირექტორის მხრიდან ძალადობაზე და მისი შეკითხვები, ფრაზები, სიუჟეტის წყობა ამ რწმენის გავლენით იყო წარმოდგენილი. Საბჭოს ამაში არწმუნებს ჟურნალისტის შეკითხვების მიკერძოებული შინაარსი და ხელოვნური ბალანსის შექმნის მცდელობა.

კერძოდ, ჟურნალისტი სკოლის შენობაში დამხვედრ პირებს, სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს უსვამდა მიკერძოებული შინაარსის შეკითხვებს: “რატომ აბულინგებდა დირექტორი სკოლის მოსწავლეებს?”, “რატომ მიმდინარეობდა სკოლის მოსწავლეებზე ბულინგი?”.

კითხვების ასე ფორმულირებაც სიზუსტის უპატივცემულობაა. ჟურნალისტური ეთიკა ავალდებულებს ჟურნალისტს, მისი შეკითხვები იყოს ნეიტრალური, მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული. ის, რაც არ იცის ჟურნალისტმა დაზუსტებით, არ უნდა აისახოს შეკითხვაში, როგორც უკვე დადასტურებული ფაქტი. 

საბჭომ შეაფასა ჟურნალისტის მხრიდან კომენტარების მიღების მცდელობებიც. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის დირექტორმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, უარი უთხრეს ჟურნალისტს კომენტარზე. მათ შეეძლოთ, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჟურნალისტისთვის თანამშრომლობის სხვა ფორმატი შეეთავაზებინათ, მაგალითად, შეკითხვების წერილობით გაგზავნა, სკოლის მხრიდან რომელიმე პასუხისმგებელი პირის სპიკერად გამოყოფა, რომელიც ჟურნალისტის ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხებდა, რასაც, შეიძლება, თავიდან აეცილებინა სკოლის ხელმძღვანელების შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება. სამწუხაროდ, სკოლის ადმინისტრაცია ასე არ მოიქცა.

თუმცა, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ საჯარო თუ კერძო პირების მხრიდან ანგარიშვალდებულების, ღიაობის ნაკლებობა არ უნდა გახდეს ჟურნალისტის მხრიდან ეთიკური პრინციპების დარღვევის საფუძველი და მედიამ ყველა გზა უნდა გამოიყენოს აუდიტორიამდე მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაციის მისატანად. 

როცა მონაწილე მხარეების მხრიდან არაჯეროვანი თანამშრომლობის გამო ჟურნალისტს უჭირს ინფორმაციის დაზუსტება, მან აუდიტორიას პატიოსნად უნდა აუხსნას, რისი დაზუსტება შეძლო, რისი ვერა და რატომ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტში დარღვეული იყო ქარტიის პირველი პრინციპი.

 

მე-5 პრინციპი. ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად, “მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

იოსებ ლაზარაშვილის განცხადებით, 58-ე სკოლის ადმინისტრაციამ და სხვა თანამშრომლებმა მყისიერად შეატყობინეს ტვ პირველს, რომ სადავო სიუჟეტში არაზუსტი ინფორმაცია იყო გავრცელებული და ინფორმაციის დაზუსტება მოსთხოვეს.

განმცხადებელმა ქარტიის საბჭოს წარმოუდგინა სოციალური ქსელის, ფეისბუქის “სქრინები”, რომელშიც აღბეჭდილია 58-ე სკოლის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც ტვ პირველს მიმართავენ, ატყობინებენ, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და არაზუსტი ინფორმაციის უარყოფას სთხოვენ.

წარმოდგენილი “სქრინების” მიხედვით, სკოლის თანამშრომლები, ტვ პირველის ფეისბუქგვერდზე, სადავო სიუჟეტის კომენტარებშიც აფიქსირებენ, რომ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.

გარდა ამისა, ქარტიის საბჭოს სამდივნომ ტვ პირველს ოფიციალურად გადაუგზავნა 58-ე სკოლის დირექტორის მიერ ქარტიაში შემოტანილი განცხადება, სადაც იოსებ ლაზარაშვილი მცდარი ინფორმაციის შესწორების პრინციპის დარღვევაზეც დავობდა. ამ განცხადების მიღება ტვ პირველის წარმომადგენელმა სამდივნოს დაუდასტურა.

 

ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების მიხედვით, არაზუსტი ინფორმაციის მყისიერად შესწორება ჟურნალისტის პატიოსნების მნიშვნელოვანი საზომია და მედიის წარმომადგენელი, შეიტყობს თუ არა შესაძლო შეცდომის შესახებ, ვალდებულია, შეცდომა გონივრულ ვადაში შეასწოროს და ამის შესახებ აუდიტორიას პატიოსნად უთხრას.

ქარტიის სტანდარტით, როცა დასტურდება, რომ მედიამ გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია და მისთვის ცნობილი გახდა ამ ფაქტის შესახებ, მან შეცდომა დაუყოვნებლივ უნდა გაასწოროს.

ქარტიის პრაქტიკით, შეტყობინებად შეიძლება მივიჩნიოთ მედიის ოფიციალურ გვერდზე დაწერილი კომენტარი, მისთვის გაგზავნილი შეტყობინება და ქარტიის მიერ გადაგზავნილი განცხადება, სადაც კონკრეტული სუბიექტი წერს, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ასეთ შემთხვევებში ჟურნალისტი ვალდებულია, შეცდომა გაასწოროს და მასალა საჯაროდ იძებნებოდეს უკვე შესწორებული სახით და შესაბამისი მითითებით, რა იყო არასწორი და რა შესწორდა.

ტვ პირველის ჟურნალისტმა არ იმოქმედა სტანდარტის შესაბამისად და საბჭომ ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევა დადგენილად მიიჩნია.

 

მე-8 პრინციპი.ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.”

იოსებ ლაზარაშვილი სიუჟეტში მე-8 პრინციპის დარღვევას შემდეგნაირად ასაბუთებს: “მართალია, ტვ პირველის სიუჟეტში ჟურნალისტმა არ აჩვენა კონფლიქტის მონაწილე ბავშვები და მშობლები დაფარულად წარმოადგინა, თუმცა მოსწავლე, რომლის მფარველობაშიც სკოლის დირექციას ადანაშაულებდა, მისი იდენტიფიცირება მოახდინა. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ კონფლიქტში ჩართული ბავშვი იყო სკოლის დირექტორის მოადგილის შვილიშვილი და აჩვენა დირექტორის მოადგილე. შესაბამისად, ეს წარმოადგენს ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა ურთიერთობის კიდევ უფრო დამძიმება თანატოლებთან.”

სიუჟეტის მიხედვით, დირექტორის მოსწავლეზე ძალადობის მცდელობა განპირობებული იყო სკოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის არასრულწლოვანი ოჯახის წევრისთვის ხელის დაფარებით. ჟურნალისტური მასალის თანახმად, ეს არასრულწლოვანი ამავე სკოლაში სწავლობდა და ინციდენტში მონაწილეობდა. სადავო სიუჟეტში ჟურნალისტმა თქვა ამ ბავშვის ოჯახის წევრის სახელი-გვარი და სკოლის ადმინისტრაციაში მისი თანამდებობა. ამით ჟურნალისტმა გარკვეული წრისთვის მართლაც მოახდინა ამ არასრულწლოვანის ირიბი იდენტიფიცირება.

ნიშანდობლივია ის, რომ სიუჟეტით, არასრულწლოვანი, რომელსაც დირექტორი “ხელს აფარებდა”, უარყოფითად იყო წარმოჩენილი, რადგან ჟურნალისტის მონათხრობით, ამ არასრულწლოვნის დაცვის მოტივით “გაიწია დირექტორმა მოსწავლეზე”. 

ჟურნალისტის ფრაზები, სიუჟეტის მთავარი ხაზი, ჯამში უარყოფითად წარმოაჩენდა კონკრეტულ არასრულწლოვანს და მისთვის გარკვეული ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნიდა. ეს შეიძლება იყოს რეპუტაციული ზიანი, რამაც, შესაძლოა, გამოუსწორებელი კვალი დატოვოს არასრულწლოვანზე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სტანდარტით, დამკვიდრებული პრაქტიკით, ჟურნალისტმა პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს არასრულწლოვნის ინტერესი და მედია პროდუქტი იმგვარად არ უნდა მოამზადოს, რომ აწმყოში თუ მომავალში არასრულწლოვანს ზიანი მიაყენოს.

ნიშანდობლივია ის, რომ ჟურნალისტმა დაფარა სხვა მოსწავლეების მშობლების ვინაობა, რესპონდენტი მშობლების სახეები. ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ ამ ინციდენტმა მის შვილზე მძიმე სტრესული გავლენა იქონია. ესეც მიმანიშნებელი უნდა ყოფილიყო ჟურნალისტისთვის, რომ კონფლიქტში მონაწილე რომელიმე არასრულწლოვნის თუნდაც ირიბი იდენტიფიცირება, ბავშვისთვის ზიანის მომტანი გახდებოდა.

განსახილველ შემთხვევაში საბჭო მიიჩნევს, რომ ტვ პირველის ჟურნალისტს შეეძლო სკოლაში მომხდარი ინციდენტი აღეწერა ისეთი დეტალების გასაჯაროების გარეშეც, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს რომელიმე არასრულწლოვნის ირიბ იდენტიფიცირებას. სამწუხაროდ, ჟურნალისტმა არ იმოქმედა მაღალი სტანდარტით, ჯეროვნად არ იზრუნა ამბის იმგვარად გადმოცემაზე, რაც სრულად შეუძლებელს გახდიდა რომელიმე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას. ამით მან ქარტიის მე-8 პრინციპი დაარღვია. 

 

მე-10 პრინციპი. “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.”

ქარტიის საბჭოს სხდომაზე, განმცხადებელმა იოსებ ლაზარაშვილმა თქვა, რომ სიუჟეტში ჟურნალისტმა აჩვენა მეუღლესთან ერთად გადაღებული მისი ფოტო. მან თქვა, რომ მისი მეუღლე არ მუშაობს 58-ე სკოლაში, არანაირი კავშირი არ ჰქონდა სიუჟეტში აღწერილ ინციდენტთან და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს სიუჟეტში ჩვენება არღვევდა მისი და მისი მეუღლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

ქარტიის საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ მისი მეუღლის ფოტო არის მისი პერსონალური, პირადი ინფორმაცია. 

საბჭო განმარტავს, რომ  საჯარო ინტერესის შემთხვევაში, შესაძლოა, ჟურნალისტმა გამოიყენოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეო მასალა, თუმცა ეს აუცილებელი უნდა იყოს აუდიტორიის ინფორმირებისთვის და უნდა ემსახურებოდეს ისეთ კეთილშობილურ მიზანს, რომლის მიღწევაც ჟურნალისტს ამ ფოტოს გამოქვეყნების გარეშე არ შეუძლია.

ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, ფოტოს ან სხვა ტიპის პერსონალური მონაცემის გასაჯაროება დამატებით, მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა აწვდიდეს აუდიტორიას.

სადავო შემთხვევაში სკოლის დირექტორის მეუღლის ფოტოს გამოყენება, რაც მის იდენტიფიცირებას უწყობს ხელს, არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ეს არ აძლევდა საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას სკოლაში მომხდარი ინციდენტის ანდა ძალადობის მცდელობაში ”მხილებული” დირექტორის შესახებ.

ნაცვლად ამისა, ამ ფოტოს გამოქვეყნება, გარკვეული ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს სკოლის დირექტორის მეუღლისთვის, მისი ვინაობის ისეთ სიუჟეტში ჩვენებით, სადაც მისი მეუღლე უარყოფითადაა წარმოჩენილი.

საბოლოოდ, საბჭომ დარღვეულად მიიჩნია მე-10 პრინციპიც.


 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

საბა სიჭინავამ დაარღვია ქარტიის 1-ლი; მე-5; მე-8; მე-10 პრინციპები. 


 

12.06.2024

 

განმცხადებლები: ა(ა)იპ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი “ (WISG) და ა(ა)იპ “ქვიარ ასოციაცია - “თემიდა”; და ანონიმური განმცხადებლები.

მოპასუხეები: ირაკლი ჩიხლაძე; საბა ხვიჩია; ლევან ტაბატაძე; შოთა კვინიკაძე; ნუცა ქავთარაძე; ნინია ზვიადაძე.

დარღვეული პრინციპები: 1-ელი პრინციპი; მე-7 პრინციპი; მე-11 პრინციპი.

25 მაისი, 2024 წელი

საქმე N 737; 738; 739; 740

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, გელა მთივლიშვილი, მანანა ქველიაშვილი, ირმა ზოიძე, ხატია ღოღობერიძე.

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ა(ა)იპ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ (WISG) და ა(ა)იპ “ქვიარ ასოციაცია - “თემიდამ” (პირველი განმცხადებლები), ასევე ანონიმურმა განმცხადებლებმა (მეორე განმცხადებლები), რომლებიც მიიჩნევენ, რომ 2024 წლის 03 მარტს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემაში “იმედის კვირა” გასულ სიუჟეტში, სახელწოდებით “სახიფათო პროპაგანდა” (წამყვანი - ირაკლი ჩიხლაძე, ჟურნალისტი - საბა ხვიჩია), დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი, მე-7 და მე-11 პრინციპები.

 

პირველმა განმცხადებლებმა ასევე სადავო გახადეს კიდევ ორი მასალა:

  1. გადაცემა “იმედის კვირაში” 2024 წლის 17 მარტს გასული რეპორტაჟი სახელწოდებით: “რა საფრთხეებს შეიცავს სქესის შეცვლის ოპერაციები ადრეულ ასაკში - სკანდალური ფაილები”;
  2. “იმედის დღეში” 2024 წლის 28 მარტს გასული სიუჟეტი “ექსკლუზიური ინტერვიუ დეტრანს რიჩი ჰერისონთან” ან/და “მეცნიერები ქირურგიული კასტრაციის წინააღმდეგ”.

მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრენ აღნიშნული გადაცემების წამყვანები: ირაკლი ჩიხლაძე, ნუცა ქავთარაძე და რეპორტაჟის ავტორები: საბა ხვიჩია, ლევან ტაბატაძე, შოთა კვინიკაძე და ნინია ზვიადაძე.

 

საქმის განხილვის თავისებურებები

განმცხადებლებმა ა(ა)იპ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ (WISG) და ა(ა)იპ “ქვიარ ასოციაცია - “თემიდამ” (პირველი განმცხადებლები) და ანონიმურმა განმცხადებლებმა (მეორე განმცხადებლები) დამოუკიდებლად მომართეს ქარტიას განცხადებით, თუმცა, რამდენადაც თემიდასა და WISG-ის განცხადება მოიცავდა მეორე განმცხადებელთა სადავო სიუჟეტსაც, მხარეთა თანხმობით საქმეები გაერთიანდა და განხილულ იქნა ერთობლივად.

საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, ჰიბრიდულ ფორმატში, კერძოდ, საბჭოს წევრების ნაწილი სხდომაში მონაწილეობდა დისტანციურად.

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სხდომას ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობა მიიღეს განმცხადებლების წარმომადგენლებმა, ა(ა)იპ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) წარმომადგენელმა მარიამ სპასოვმა და ა(ა)იპ “ქვიარ ასოციაცია - “თემიდას” წარმომადგენელმა ფიქრია ეპიტაშვილმა.

მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და საბჭოსთვის  თავიანთი შეპასუხება არც წერილობითი სახით წარმოუდგენიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

პირველი პრინციპი. ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სახიფათო პროპაგანდა”, 2024 წლის 03 მარტი

1-ელი პრინციპის ფარგლებში პირველი განმცხადებლები მიუთითებენ, რომ აღნიშნული სიუჟეტი არის მანიპულაციური და სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა თუ გენდერული გამოხატვის შესახებ ცნობიერების ამაღლება მონათლულია “ლგბტ პროპაგანდად”.

ირაკლი ჩიხლაძის სადავო ფრაზა:

 

„სწორედ პროპაგანდის შედეგად იზრდება რიცხვი ახალგაზრდებში, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს ლგბტ თემთან.“

მეორე განმცხადებლის მიერ მითითებული სადავო ეპიზოდები:

ჟურნალისტის სიტყვები: „კანონპროექტის მიზანი, რომლის ინიცირებასაც მმართველი გუნდი გეგმავს, ამ ფართომასშტაბიანი, ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდისაგან საქართველოს დაცვაა.“

განმცხადებლის პოზიციით, კადრში ჩანს, რომ ქვიარ წყვილი აღნიშნავს გამომწერების ზრდას იუთუბზე, თან ისე, რომ არც საუბრობენ, თუმცა ამ კადრებს ფონად გასდევს სიუჟეტის ავტორის, საბა ხვიჩიას მონოლოგი, რომ წყვილი, საკუთარი “არატრადიციული ორიენტაციის” შესახებ მოზარდებს ესაუბრება.

 

ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სკანდალური ფაილები”, 2024 წლის 17 მარტი

პირველი განმცხადებლის მიერ მითითებული სადავო ფრაზები, რომლებიც ირაკლი ჩიხლაძემ გამოიყენა:

„რა საფრთხეებს შეიცავს სქესის შეცვლის ოპერაციები ადრეულ ასაკში“.

„ექსპერიმენტი მიმართულია უსქესო სხეულების შესაქმნელად“.

„ამ ადამიანებს სქესის შეცვლის ოპერაცია ადრეულ ასაკში ჩაუტარეს.“

 

ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის დღე”, რეპორტაჟი “ექსკლუზიური ინტერვიუ დეტრანს რიჩი ჰერისონთან” ან/და “მეცნიერები ქირურგიული კასტრაციის წინააღმდეგ

პირველი განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტს შემოაქვს ახალი ტერმინი, „დეტრანსი“ მისი მნიშვნელობის განმარტების გარეშე.

ასევე, სიუჟეტში შექმნილია წარმოდგენა, რომ თითქოს კლინიკის/ქირურგის თვითმიზანია სამედიცინო ჩარევის, ქირურგიული პროცედურის ჩატარება და არა ტრანზიციის მხარდაჭერა.

პირველი განმცხადებელი აღნიშნავს, რომ “მასალაში პოზიციები მხოლოდ ცალმხრივადაა გაშუქებული და შეუძლებელია მაყურებელმა შეიტყოს მეორე მხარის პოზიცია”.

“სადავო გადაცემაში ეს ფრაზები წარმოთქმული იყო მტკიცებით ფორმაში, ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულებების და გაანალიზების გარეშე. ჟურნალისტები არ უთითებენ, რომ ამ პოზიციას შესაძლოა მოწინააღმდეგებიც ჰყავდნენ და სიუჟეტში არ არის დაფიქსირებული მეორე მხარის პოზიცია”.

ყველა სადავო მასალასთან მიმართებაში განმცხადებლები უთითებდნენ, რომ მასალები მომზადებული იყო ცალმხრივად, მხოლოდ მიკერძოებულ წყაროებზე დაყრდნობით, არ იყო წარმოდგენილი განსხვავებული პოზიცია, არ იყო დაცული მხარეთა ბალანსი.

ქარტიის საბჭო ზემოთ აღწერილი მედია პროდუქტების შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების მხრიდან დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.

საბჭოს მიერ არაზუსტ ინფორმაციაზე მსჯელობა რამდენიმე კატეგორიად შეიძლება დაიყოს, მათ შორის არის შემთხვევა, როდესაც საბჭოს არ შეუძლია, დაადგინოს, ინფორმაცია იყო თუ არა ზუსტი, მაგრამ ჩანს, რომ ჟურნალისტმა არ სცადა ინფორმაციის გადამოწმება. მოცემულ შემთხვევაში, სიუჟეტებში აღწერილი თემების მოცულობიდან გამომდინარე, საბჭოს ძალებს აღემატება სიუჟეტში გახმაურებული ყველა ინფორმაციის გადამოწმება და თემის სიღრმეებში შესვლა. შესაბამისად, ის მსჯელობს და აფასებს, მასალაში ჟურნალისტის მხრიდან რა ქმედებები ჩანს ინფორმაციის გადამოწმებისა და დაზუსტების მიზნით, ასევე, რამდენად გადამოწმებულ ინფორმაციას იღებს მასალიდან მაყურებელი.

საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, თუ როგორ შეეცადა ჟურნალისტი ინფორმაციის გადამოწმებას. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, მინიმუმ, ორი დამოუკიდებელი წყარო უნდა ადასტურებდეს ინფორმაციას, რომ ის მტკიცებით ფორმაში გადაიცეს.

საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ სადავო მასალებში სიზუსტის პრინციპის დარღვევის პრობლემა არ არის მხოლოდ ცალკეულ ფრაზებსა და სიტყვებში.

მთავარი პრობლემა არც ისაა, რომ სადავოდ გამხდარი ფრაზები არის სუბიექტური, მიკერძოებული, ერთი მიმართულების მხარდამჭერ ექსპერტებზე დაფუძნებული; არც მხოლოდ ის, რომ აღნიშნული ფრაზების სიზუსტე არ არის მასალებში სათანადოდ, ქარტიის სტანდარტის შესაბამისად გადამოწმებული; არც მხოლოდ ის, რომ მასალებში არ ჩანს განსხვავებული პოზიციები, არც ქვიარ თემი ან/და მათ უფლებებზე საქართველოში (ან/და უცხოეთში) მომუშავე ორგანიზაციები; არც ის, რომ მასალებში წამოჭრილი საკითხების ნაწილზე (ქირურგიული ჩარევები, ჩარევებისას პირის ასაკი და ა.შ.) თანამედროვე მსოფლიოში ბევრი სხვადასხვა მოსაზრება და კვლევაა.

საბჭოს შეფასებით ჟურნალისტური სიზუსტის მთავარი უპატივცემულობაა ის, რომ, როგორც სადავო მასალებიდან ჩანს, ტელეკომპანია “იმედმა” ეს თემები მიზანმიმართულად მიკერძოებული, კამპანიური გაშუქებით, აქცია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პროპაგანდის საინფორმაციო მხარდაჭერად. ამის მისაღწევად “იმედი” ორ მიმართულებას ავითარებს:

პირველი - “იმედის” ეთერში გასული სადავო მასალები თანხვედრაშია ხელისუფლების გაცხადებულ მიზანთან, ებრძოლოს “LGBT-პროპაგანდას”. საბჭოს წევრთა შეფასებით, ტელეკომპანია “იმედი” აღნიშნული სიუჟეტებით ცდილობს ქართულ აუდიტორიას თავს მოახვიოს ხელისუფლების მთავარი პროპაგანდისტული გზავნილი, რომ “გარყვნილ” ევროპასა და ამერიკაში ქვიარ ადამიანებისთვის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებამ დამღუპველი, გამოუსწორებელი შედეგები მოიტანა, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში და ამ ფონზე “ქართული ოცნების” ხელისუფლება საკანონმდებლო ინიციატივებით ცდილობს ამ “დიდი უბედურებისგან” ქართველი ხალხის დაცვას.

მეორე - სადავო მასალებში “იმედის” ჟურნალისტები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ხელისუფლებას პირველი მიზნის განხორციელებაში ხელს უშლის “რადიკალური ოპოზიცია”. ამ მასალებში ოპოზიცია მოპასუხეების როლში და “LGBT-პროპაგანდის” მხარდამჭერადაა წარმოჩენილი.

წორედ ამ ორი მიზნის მისაღწევად, “იმედი” განგრძობითად არღვევს მასალებში სიზუსტის პრინციპს, აშუქებს სენსიტიურ თემას გამოგონილი, ხელოვნურად შექმნილი მხარეების (ხელისუფლება-ოპოზიცია) მონაწილეობით. ამით ქმნის მხარეთა ხელოვნურ ბალანსს და ბუნებრივად არსებული ჯგუფების იგნორირებით, საუბრობს იმ მხარეების, ადამიანების მონაწილეობის გარეშე, რომლებზეც ამ საკითხებს პირდაპირი გავლენა აქვს.

ტელეკომპანია “იმედი” ამ პროპაგანდისტული ქმედებებით განგრძობითად არღვევს ჟურნალისტურ ბალანსს, რაც სიზუსტის განუყოფელი ნაწილია.

საბჭოს  წევრთა შეფასებებით, სადავო მასალებში “იმედის” ჟურნალისტები ქვიარ თემის “გაშავების”, დისკრედიტაციის მიზნით ახდენენ სხვადასხვა უცხოურ წყაროში გამოქვეყნებული ისეთი ინფორმაციის საკუთარი აუდიტორიისთვის ჩვენებას, რაც ცალსახად უარყოფითად წარმოაჩენს ქვიარ თემს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მათ დემონიზებას. ესეც არის სიზუსტის დარღვევა, ინფორმაციის ცალმხრივად, ერთი მიმართულების დომინანტურად გაშუქებით.

პირველი პრინციპის ფარგლებში საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ მედიაპროდუქტი არ უნდა იყოს მანიპულაციური. საბჭომ მიიჩნია, რომ ე.წ. “ლგბტ პროპაგანდაზე” საუბარი არის ამ წესის დარღვევა, რადგან ეს ტერმინი საფუძველშივე მცდარია.

სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა თუ გენდერული გამოხატვის შესახებ ცნობიერების ამაღლება არ შეიძლება შეფასდეს, როგორც “პროპაგანდა” — ეს არ არის არჩევანი. შესაბამისად, მითითება, რომ „პროპაგანდას” შეუძლია იდენტობაზე გავლენა მოახდინოს და შეცვალოს, გარდა იმისა, რომ არასწორია, არის რუსული დეზინფორმაციული ნარატივის და პროპაგანდის ნაწილიც — არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება და სანდო წყარო, რომელიც დაადასტურებდა „ლგბტ პროპაგანდის" რაიმე ფორმით არსებობას და იმას, რომ ის გავლენას ახდენს ადამიანებზე.

ამდენად, ცხადია, რომ საქართველოში მმართველი პოლიტიკური ძალის და მისი ღიად მხარდამჭერი მედიების მიერ დამკვიდრებული, ტირაჟირებული ტერმინი “LGBT პროპაგანდა” გამოყენებულია მასებზე გავლენის მოხდენის მიზნით.

გარდა ამისა, სიუჟეტში არაზუსტია საუბარი იმაზეც, რომ „სწორედ პროპაგანდის შედეგად იზრდება რიცხვი ახალგაზრდებში, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს ლგბტ თემთან“.

ამ ფრაზას მაყურებელი ასევე მანიპულაციურად შეჰყავს შეცდომაში. ცხადია, რომ ქვიარ თემის წარმომადგენელთა “რაოდენობის ზრდა” არ შეიძლება „პროპაგანდას“  მიეწეროს. გასულ წლებში, მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებში, ადამიანები უმეტესად მალავდნენ თავიანთ სექსუალურ ორიენტაციასა თუ გენდერულ იდენტობას, რაც მათი ჩაგვრის გამო ხდებოდა. წლებთან ერთად ვითარება გაუმჯობესდა და, მიუხედავად იმისა, რომ ჰომო და ტრანსფობია დღესაც საკმაოდ ძლიერია, ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში ქვიარებს მინიმუმ კანონი აძლევს თანაბარ უფლებებს. რაც უფრო უმჯობესდება უფლებრივი მდგომარეობა, მით უფრო მეტი ადამიანი საუბრობს საკუთარ იდენტობაზე და გამოხატავს საკუთარ თავს. ფაქტობრივად მცდარია ტელეკომპანია “იმედის” იმგვარი გაშუქება, თითქოს ეს “პროპაგანდის” შედეგია.

მეშვიდე პრინციპი. ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სახიფათო პროპაგანდა”, 2024 წლის 03 მარტი

პირველი და მეორე განმცხადებლის მიერ მითითებული სადავო ფრაზები, რომლებიც გამოიყენა ირაკლი ჩიხლაძემ:

 „ქართული ოცნება” ფსევდო ლიბერალური პროპაგანდის და არა ადამიანის უფლებების წინააღმდეგ. გადაცემა დავიწყოთ კვირის მთავარი თემით, რომლითაც სპეკულირებს ყველა, ვინც რადიკალიზმის ერთგული, ეკლესიის დესტრუქციის მცდელობის თანამონაწილე და ეროვნული იდენტობის წინაააღმდეგია“.

„ყველა, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს და ვისთვისაც ადამიანი მთავარი ღირებულებაა.“

ლგბტ პროპაგანდა ბოლო წლებია მასშტაბურ ფერად ისტერიად იქცა. ტრადიციების, ფასეულობების და ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ მთავარ იარაღად”.

საბა ხვიჩიას სადავო ფრაზები:

ლგბტ პროპაგანდა სოციალურ ქსელებში, ეკლესიებში, ვიდეოებში, წიგნებში, ფილმებში, სკოლებსა და ბაღებში ეს მსოფლიო რეალობაა. კანონპროექტის მიზანი, რომლის ინიცირებასაც მმართველი გუნდი გეგმავს, ამ ფართომასშტაბიანი ფსევდო ლიბერალური პროპაგანდისგან საქართველოს დაცვაა“.

ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სკანდალური ფაილები”, 2024 წლის 17 მარტი

პირველი განმცხადებლის მიერ მითითებული სადავო ფრაზები, რომლებიც გამოიყენა ირაკლი ჩიხლაძემ:

ქირურგები ამბობენ, რომ შედეგად ვიღებთ ადამიანის სხეულს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს.“

საბა ხვიჩიას სადავო ფრაზები:

ოპერაცია მიმართულია უსქესო სხეულების შესაქმნელად.“

ქარტიის საბჭომ მსჯელობის შედეგად გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია, რომ ყველა ზემოთ აღწერილი ფრაზა დისკრიმინაციულია ქვიარ თემის მიმართ. “იმედის” ჟურნალისტები სადავო მასალებში ერთმნიშვნელოვნად ცდილობენ ლგბტქ ადამიანების დაკნინებას და მათი არსებობის, მათი საჯაროდ პოზიციონირების საზოგადოების პრობლემად, საერო თუ საეკლესიო საზოგადოებისთვის სირცხვილად წარმოჩენას.

გარდა ამისა, დისკრიმინაციულია ტერმინით “ლგბტ პროპაგანდა” აპელირება, რადგან ის თავისთავად შეიცავს ქვიარ ადამიანების მტრად წარმოჩენის ნარატივს - თითქოს ქვიარ თემი არის მტერი, რომლის “თავს მოხვევასაც” ცდილობენ და თითქოს აღიარებული ფაქტია, რომ ქვიარობა ცუდია და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული.

ქარტიის მიერ წლების განმავლობაში დადგენილი სტანდარტით ჟურნალისტი უნდა უპირისპირდებოდეს მსგავს მიდგომას და არათუ ახალისებდეს რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციას, არამედ უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლინებას.

ლების პრაქტიკით, ქარტის  მე-7 პრინციპმა დისკრიმინაციასთან ერთად მოიცვა სიძულვილის ენა და სტიგმის გაძლიერება. შესაბამისად, ჟურნალისტმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ თავიდან აიცილოს დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა და სტიგმის გაძლიერება.

გადაწყვეტილებაში ფონდი “ინკლუზივი“ ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ საბჭომ აღნიშნა, რომ „ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის წახალისება, სიძულვილის ენა და არატოლერანტული გამონათქვამები, რათა საჭირო მომენტში გააცნობიეროს და სწორად შეაფასოს პრობლემა“.

ამ საქმეში საბჭომ მიუთითა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებულ რეკომენდაციაზე: სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, მათ შორის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით. საბჭომ აღნიშნულ განმარტებას დაამატა, რომ „სიძულვილის ენა უნდა იყოს კონკრეტული ჯგუფის მიმართ და ატარებდეს შეურაცხმყოფელ ხასიათს, თუმცა ყველა შეურაცხმყოფელი ტექსტი არ შეიძლება იყოს სიძულვილის ენა“.  

ქარტიის საბჭო მე-7 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებულია ისეთი ტერმინები, რომლებიც თანხვედრაშია ჰომოფობიური ჩაგვრის (როგორც ვერბალური, ისე ფიზიკური) პრაქტიკაში დამკვიდრებულ ტერმინებთან, ატარებს დამაკნინებელ და შეურაცხმყოფელ ხასიათს ლგბტქ ადამიანების მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში საბჭომ ეს პრინციპი დარღვეულად მიიჩნია ყველა სადავო სიუჟეტში, რამდენადაც, ქვიარ თემი ყველა მათგანში უარყოფით კონტექსტში, დამაკნინებლადაა წარმოჩენილი.

საქართველოს კანონმდებლობაც პირდაპირ დისკრიმინაციად მიიჩნევს ისეთ მოპყრობას ან პირობების შექმნას, რომლებიც პირს, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.

“იმედის” სადავო სიუჟეტებში წარმოჩენილია, რომ თითქოსდა ქვიარ თემი განსხვავებული უფლებებით უნდა სარგებლობდეს და თითქოს ქვიარები არ ექცევიან უფლებების დაცვის საერთო ჩარჩოში, რაც ცალსახად პირდაპირი დისკრიმინაციის მაგალითია.

ლგბტქ+ ადამიანები წარმოჩენილნი არიან ეროვნული იდენტობის წარმწყმედ და ეკლესიის შეურაცხმყოფელ თემად, ეს ყოველივე კი, ისედაც ნეგატიურად განწყობილ საზოგადოებაში, ხელს უწყობს სტიგმისა და სიძულვილის გაძლიერებას.

ამას ადასტურებს სადავო მასალების  ქვეშ დაწერილი კომენტარების სქრინები, რომლებიც განმცხადებელმა წარმოადგინა.

Სადავო სადავო მასალებში “იმედის” ჟურნალისტებმა წაახალისეს ლგბტქ+ ადამიანების დისკრიმინაცია და სტიგმატიზაცია, თემთან რაიმე ფორმით ასოცირება/დაკავშირება წარმოაჩინეს როგორც მადისკრედიტებელი, საზოგადოებისათვის მიუღებელი ქმედება, რითაც ხელი შეუწყვეს ჰომოფობიური განწყობების გაღვივებასა და გავრცელებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში დარღვეულია ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

მეთერთმეტე პრინციპი. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება

ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სახიფათო პროპაგანდა”, 2024 წლის 03 მარტი

ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის კვირა”, რეპორტაჟი “სკანდალური ფაილები”, 2024 წლის 17 მარტი

ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის დღე”, რეპორტაჟი “ექსკლუზიური ინტერვიუ დეტრანს რიჩი ჰერისონთან” ან/და “მეცნიერების ქირურგიული კასტრაციის წინააღმდეგ.

სამივე სადავო სიუჟეტთან მიმართებით, განმცხადებლები მიუთითებენ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაზე და მათ განზრახულობაზე, რომ მსგავსი თემები გააშუქონ პოლიტიკური ჰომოფობიის კონტექსტში.

ქარტიის პრაქტიკით, საბჭო ფაქტებს განზრახ დამახინჯებულად მიიჩნევს, როცა დგინდება, რომ:

  1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;
  2. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;
  3. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

ტელეკომპანია “იმედის” სადავო მასალების განხილვისას განმცხადებელი სწორედ დარღვევის კამპანიურობაზე, განგრძობითობაზე მიუთითებდა. საბჭოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ამ თემებზე პროპაგანდისტული მასალები “იმედის” ეთერში გადიოდა ინტენსიურად. 2024 წლის 26 თებერვალს, გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით „ფსევდო ლიბერალიზმი და ლგბტ პროპაგანდა“, 27 თებერვალს ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით „ლგბტ პროპაგანდა - გამოხმაურებები“, პირველ მარტს ეთერში გავიდა ოთხი სიუჟეტი დღის სხვადასხვა მონაკვეთში, რომლის სათაურია „ლგბტ პროპაგანდა - საკანონმდებლო ინიციატივა“. ამასთან, “იმედის კვირის“ ეთერში რეგულარულად ხდება მსგავსი სიუჟეტების გაშუქება.

ჩამოთვლილ მასალებში “იმედის” ჟურნალისტები აღწერენ იდენტურ მოვლენებს, რომლებიც ქარტიის საბჭომ ამ განცხადებების განხილვისას არაზუსტად მიიჩნია და პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მე-11 პრინციპის დარღვევას - არაზუსტი ფაქტების მიზანმიმართულ განგრძობით გავრცელებას. 

მე-11 პრინციპის დარღვევა პირველი პრინციპის დამამძიმებელი გარემოებაა და საბჭო მის დადგენამდე ყოველთვის ეძებს მოტივს.

განმცხადებელმა განხილვისას მოტივად დაასახელა ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო პოლიტიკის მიკერძოება მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ.

საბჭო იზიარებს განმცხდებლის პოზიციას, რადგანაც სახეზეა “იმედის” ჟურნალისტების გზავნილების თანხვედრა “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გზავნილებთან. სადავო მასალების ეთერში გასვლა წინ უსწრებდა “ქართულმა ოცნების” მიერ საზოგადოებისთვის ახალი საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენას.

ეს საკონსტიტუციო ცვლილებები “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა, როგორც “LGBT-პროპაგანდის” წინააღმდეგ მიმართული აუცილებელი ცვლილება და ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ ტელეკომპანიის მიერ ამ თემების აქტიური გაშუქება სწორედ ამ ცვლილებებისთვის საზოგადოებრივი აზრის მომზადებას უკავშირდება. ამ ცვლილებების წარდგენით, აქტიური კამპანიით, ქვიარ თემის დისკრედიტაციით, “ქართული ოცნება” ცდილობს ოპოზიციის “გაშავებას”, რაშიც აქტიური როლი აქვს “იმედის” ზემოაღნიშნულ მასალებს.

დღეს მიმდინარე სატელევიზიო პროპაგანდის მიზანია მმართველი პარტიის მხარდაჭერა. თემის ირგვლივ განსხვავებული პოზიციის მქონე ექსპერტებისა თუ უფლებადამცველების პოზიციების გაუშუქებლობით, მწირი გაშუქებით, არაზუსტი და დაუბალანსებელი ინფორმაციის კამპანიურად გაშუქებით, საბჭო რწმუნდება, რომ  ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტები შეგნებულად, განზრახ ამახინჯებენ ფაქტებს.

მათ იციან, რომ არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომლის გადამოწმებას და სიუჟეტში ასახვას არც კი ცდილობენ. ამის მოტივად საბჭო მიიჩნევს “იმედის” მიერ ცხადად სახელისუფლებო პროპაგანდისტის როლის მორგებას.

აქედან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მე-11 პრინციპი, რამდენადაც ტელეკომპანია „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკის გათვალისწინებით, მსგავს მასალებს ის პერიოდულად, კამპანიურად ავრცელებს. საბჭოს პოზიციით, ამის მიზანი არის როგორც თავად ქვიარ თემის, ასევე მასთან დაკავშირებული შტოების დისკრედიტაცია.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. წამყვანებმა: ირაკლი ჩიხლაძემ და ნუცა ქავთარაძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპები.
  2. ჟურნალისტებმა: საბა ხვიჩიამ, ლევან ტაბატაძემ, შოთა კვინიკაძემ და ნინია ზვიადაძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპები.

 

 

 

12.06.2024

განმცხადებელი: პაატა ბურჭულაძე

მოპასუხე: შალვა რამიშვილი; ბაჩო ოდიშარია

დარღვეული პრინციპები: 1-ლი პრინციპი ; მე-5 პრინციპი; მე-11 პრინციპი.

 

 

11 მაისი, 2024 წელი

 

საქმე N 741

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, გელა მთივლიშვილი, მანანა ქველიაშვილი, ირმა ზოიძე.

 

 

აღწერილობითი ნაწილი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა პაატა ბურჭულაძემ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 19 მარტს, ტელეკომპანია POSTV-ს ეთერში გასულ გადაცემაში „სამნი & CO” დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპები.

მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ აღნიშნული გადაცემის წამყვანები, შალვა რამიშვილი და ბაჩო ოდიშარია.

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

Საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, ჰიბრიდულ ფორმატში,  კერძოდ, საბჭოს წევრების ნაწილი სხდომაში მონაწილეობდა დისტანციურად.


ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

 

სხდომას ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებლის წარმომადგენელი, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან, მაგრამ მათ თავიანთი შეპასუხება საბჭოს წერილობითი სახით წარმოუდგინეს.

 

 

 სამოტივაციო ნაწილი

 

პირველი პრინციპი. ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

 

Პაატა ბურჭულაძე განცხადებაში სადავოდ ხდიდა გადაცემის წამყვანების [მოპასუხე ჟურნალისტები] მიერ მის მოხსენიებას თაღლითად, მიმთვისებლად, აცხადებდა, რომ ეს იყო არაზუსტი ინფორმაცია და არღვევდა ქარტიის პრინციპებს.

 

Საბჭოს მიერ საქმის განხილვის ფარგლებში გამოკვლეული ინფორმაციის მიხედვით, სადავო გადაცემის ეთერში გასვლამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე (2023 წლის 10 აპრილს), იმავე გადაცემაში, შალვა რამიშვილმა პაატა ბურჭულაძის მისამართით გააკეთა შემდეგი განცხადება: ბანი, მსოფლიო ბანი და მხილებული საქველმოქმედო თანხების გაფლანგვაში და თაღლითობაში“.

 

აღნიშნული განცხადება ბურჭულაძემ მცდარად, არაზუსტად, პატივისა და ღირსების შემლახავად მიიჩნია, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა, POSTV–სა და შალვა რამიშვილს დავალებოდათ ზემოაღნიშნული ფრაზის საჯაროდ უარყოფა და ფინანსური კომპენსაციის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პაატა ბურჭულაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. Მოსამართლემ შალვა რამიშვილის მიერ ეთერში ნათქვამი ფრაზა: „ბანი, მსოფლიო ბანი და მხილებული საქველმოქმედო თანხების გაფლანგვაში და თაღლითობაში რამიშვილის შეფასებად, მოსაზრებად მიიჩნია და კანონის დარღვევა არ დაადგინა.

 

სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს, 2024 წლის 19 მარტს, შალვა რამიშვილმა და ბაჩო ოდიშარიამ საკუთარ გადაცემაში ისაუბრეს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე და პაატა ბურჭულაძე კვლავ მოიხსენიეს თაღლითად, ქურდად და  მიმთვისებლად. ბურჭულაძემ 19 მარტის გადაცემაში გამოთქმული ფრაზების სიზუსტე სადავოდ გახადა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში.

 

POSTV-ს გადაცემა „სამნი & CO” 2024 წლის 19 მარტი, 22:00 სთ.

 

Შალვა რამიშვილის სადავო ფრაზები:
„მე პირადად და პოსტივიმ სასამართლოში მოუგო საქმე თაღლით ბურჭულაძეს

 „მე ვთქვი, რომ ის თაღლითია და ობოლი ბავშვების ფული მიითვისა თავისი ფონდი

“იავნანათი“

„რატომღაც მიჩივლა პატივის და ღირსების შელახვისთვის, ან ერთი ან მეორე სადა

აქ ამ გარეწარს”

სასამართლომ დაადასტურა, რომ თუ თაღლითს დაუძახებ არაფერი პრობლემა

კანონთან არ გექნება. ხსნილია მეგობრებო და დაუძახეთ თაღლითი თაღლითს.”

 

Ბაჩო ოდიშარიას სადავო ფრაზა:

„ბურჭულაძეზე ხსნილია, ბადრი ჯაფარიძეზე ხსნილია, მამუკა

ხაზარაძეზე ხსნილია. სამივეს დადასტურებული აქვს რომ თაღლითები არიან“.

 

ტელეკომპანია POSTV-დან ქარტიის სამდივნოსთვის გამოგზავნილი წერილობითი შეპასუხების მიხედვით,  POSTV-ის ჟურნალისტები მათ ეთერში გაცხადებულ სადავო ფრაზებს მიიჩნევენ შეფასებად, კომენტარად და ფიქრობენ, რომ ქარტიის პრინციპები არ დარღვეულა.

 

ქარტიის საბჭო საქმის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ POSTV-ს ჟურნალისტების მხრიდან დარღვეულია ქარტიის 1-ელი პრინციპი.

 

ჟურნალისტების მიერ, ეთერში მტკიცებით ფორმაში გაცხადებულ ფრაზებს - პაატა ბურჭულაძე “თაღლითია”,  “მიითვისა”, “მოიპარა ობოლი ბავშვების ფული” ქარტიის საბჭო ვერ მიიჩნევს მხოლოდ ავტორთა მოსაზრებად.

სადავო გადაცემაში ეს ფრაზები წარმოთქმული იყო მტკიცებით ფორმაში და გადაცემის წამყვანები არსად ამბობდნენ, რომ ეს იყო მხოლოდ მათი შეფასება და შეიძლებოდა ეს შეფასება არ ყოფილიყო ზუსტი, რომ შესაბამისი სამართლებრივი წესით არ არის დადგენილი, ნამდვილად მიითვისა თუ არა ბურჭულაძემ ფონდ “იავნანას” თანხები.

 

უფრო მეტიც, გადაცემის წამყვანები ამ ფრაზების გამოთქმისას ამბობდნენ, უკვე სასამართლომ დაადასტურა, რომ პაატა ბურჭულაძე თაღლითია და მისთვის თაღლითის დაძახება ამიერიდან “ხსნილია”.

 

გადაცემის წამყვანების განცხადებები მაყურებლისთვის ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ სასამართლომ იმსჯელა და დაადასტურა, რომ პაატა ბურჭულაძე თაღლითია.
Სინამდვილეში,  იყო თუ არა ბურჭულაძე თაღლითი, არ ყოფილა სასამართლოს განხილვის საგანი.სასამართლოს  გადაწყვეტილებაში, რომელსაც გადაცემის წამყვანები პაატა ბურჭულაძისთვის თაღლითის წოდების დროს იშველიებდნენ, არსად წერია, რომ ბურჭულაძეს თაღლითობა ანდა თანხების მითვისება დაუდასტურდა.

 
ქარტიისთვის გამოგზავნილ შეპასუხებაში გადაცემის წამყვანები წერენ, რომ ბურჭულაძის მიმართ გამოთქმული მათი მოსაზრებები ეყრდნობა POSTV-ს მიერ 2017 წლიდან მომზადებული საგამოძიებო ფილმების სერიას და ამ ფილმებში პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდი “იავნანა” მხილებულია შეგროვებული თანხების მითვისებაში.

 

ქარტიის საბჭო განმარტავს, რომ მხოლოდ ჟურნალისტური პროდუქტი, თუნდაც საგამოძიებო ფილმები, არ შეიძლება იყოს საკმარისი ვინმეს სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირებულ ქმედებებში დასადანაშაულებლად.

 

თაღლითობა, ქურდობა, მითვისება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაულებია და ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ამაში ვინმეს ამ ეპითეტებით მოსახსენიებლად  მაღალი სტანდარტით გადამოწმებული ფაქტებია საჭირო.


გადაცემის წამყვანები ამბობდნენ, რომ ეყრდნობოდნენ საკუთარ, მათ მიერვე მომზადებულ “საგამოძიებო ფილმებს”,  რომელთა მიხედვითაც, მრავალი წლის წინ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, რომელიც დღემდე არ დასრულებულა.

 

ქარტიისთვის განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (გენერალური პროკურატურის 2019 და 2023 წლების წერილები) დასტურდება, რომ ფონდ “იავნანას” თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 5 წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა დღემდე არ დასრულებულა და საქმეზე არ არის დადგენილი დაზარალებული ან/და ბრალდებული პირი.


ასევე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ პაატა ბურჭულაძე არ არის ნასამართლევი რაიმე დანაშაულისთვის.

 

საბჭოს მიერ შესწავლილი მასალებით ცხადია, რომ ეს ინფორმაცია ცნობილი იყო სადავო გადაცემის წამყვანებისთვის. მათ იცოდნენ, რომ პაატა ბურჭულაძის ფონდთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება არ იყო დასრულებული და ბურჭულაძე ან მისი ფონდის რომელიმე ხელმძღვანელი პირი არ იყო ოფიციალურად ბრალდებული ანდა მსჯავრდებული სისხლის სამართლის დანაშაულებში -, თაღლითობაში, ქურდობაში, მითვისებასა ან/და გაფლანგვაში.


მიუხედავად ამისა, გადაცემის წამყვანებმა მტკიცებით ფორმაში მოიხსენიეს ის თაღლითად, ქურდად და მიმთვისებლად.

 

ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მედია პროდუქტში ბალანსის დაუცველობაცაა. ჟურნალისტი ვალდებულია, აუდიტორიას შესთავაზოს ყველა შესაძლო მხარის პოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. განსახილველ შემთვევაში მხარეთა ბალანსი ცალსახად დარღვეულია, გადაცემაში არ ყოფილა პაატა ბურჭულაძის მხარის პოზიცია.  შესაძლოა, ეს ყოფილიყო მისი ადვოკატის კომენტარი, ფრაგმენტი პაატა ბურჭულაძის სარჩელიდან, ან/და ნებისმიერი რამ, სადაც ასახული იქნებოდა ბურჭულაძის პოზიცია ამ ბრალდებებთან დაკავშირებით.

 

მითუფრო, როცა გადაცემის წამყვანებისთვის ცნობილი იყო, რომ პაატა ბურჭულაძე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს არ ეთანხმებოდა და, უფრო მეტიც, ამ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივი პრეტენზიებიც ჰქონდა.

 

Აქედან გამომდინარე,  ქარტიის საბჭოს დარღვეულად მიაჩნია  პირველი პრინციპი. საბჭომ დაადგინა, რომ გადაცემის წამყვანებმა პატივი არ სცეს აუდიტორიას და მათ ეთერში გაავრცელეს ინფორმაცია, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების შესაბამისად გადამოწმებული, დაზუსტებული არ იყო.

 

მე-5 პრინციპი.  ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად, “მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”

 

ქარტიის სხდომაზე დაზუსტდა, რომ პაატა ბურჭულაძეს ან მის წარმომადგენლებს არ მიუმართავთ POSTV-სთვის სადავო მასალაში დაშვებული შეცდომის შესწორების მოთხოვნით.

თუმცა ქარტიის მე-5 პრინციპი ავალდებულებს ეთიკურ ჟურნალისტებს, პატიოსნად, ადეკვატურ დროში შეასწორონ მათ მიერ დაშვებული შეცდომები, მას შემდეგ, რაც შესაძლო შეცდომის შესახებ შეიტყობენ.

 

ამ პრინციპის დაცვისა და განმარტების სტანდარტს ქარტიის საბჭო წლების განმავლობაში ხვეწდა და აფართოებდა. თუ 2013 წელს აუცილებლად მიიჩნეოდა პრეტენზიის მქონე პირს მედიისთვის შესწორება წერილობით მოეთხოვა, შემდგომ წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებში მეტი აქცენტი კეთდება ჟურნალისტების პროაქტიულ ვალდებულებაზე, გაასწორონ უზუსტობა და არ დაელოდონ კონკრეტული სუბიექტის მიმართვას ან/და ქარტიის გადაწყვეტილებას.

 

შესწორების ვალდებულება ჟურნალისტს წარმოექმნება მას შემდეგ, რაც შესაძლო უზუსტობის შესახებ შეიტყობს. არ აქვს მნიშვნელობა, რა გზით მიიღებს ინფორმაციას. ქარტიის საბჭომ 2019 წლიდან რამდენიმე საქმეში განმარტა, რომ ასეთ შეტყობინებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მედიისთვის გაგზავნილი წერილი, ინფორმაცია, რომ მათ წინააღმდეგ ქარტიაში შემოტანილია განცხადება და კონკრეტული ინფორმაციის შესაძლო უზუსტობას ეხება.

 

პასუხისმგებლიანი მედია ასეთ შემთხვევაში მყისიერად უნდა რეაგირებდეს, ასწორებდეს დაშვებულ უზუსტობას. განსახილველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ POSTV-მ ბურჭულაძის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, საბჭომ იმსჯელა ბურჭულაძის პრეტენზია რამდენად იყო ცნობილი ტელევიზიისთვის და დაირღვა თუ არა მე-5 პრინციპი.

 

საბჭო რამდენიმე გარემოებით დარწმუნდა, რომ განმცხადებლის კონკრეტული პრეტენზია გადაცემის წამყვანებმა  იცოდნენ:

 

პირველი, POSTV-მ მიიღო და გაეცნო ქარტიის მიერ გადაგზავნილ პაატა ბურჭულაძის განცხადებას, რადგანაც წარმოადგინა შინაარსობრივი შეპასუხება განცხადებაში გამოთქმულ პრეტენზიებზე.


მეორე, იმავე საკითხზე (თაღლითად, მიმთვისებლად მოხსენიებაზე) პაატა ბურჭულაძეს უკვე ჰქონდა გამოხატული სამართლებრივი პრეტენზიები, სასამართლოში ჰქონდა სარჩელი შეტანილი, სადაც დავობდა, რომ მისი ამ ეპითეტებით მოხსენიება იყო მცდარი და არაზუსტი. ამ სარჩელის ერთ-ერთი მოპასუხე იყო შალვა რამიშვილი და მისთვის ცნობილი იყო ამ პრეტენზიების შესახებ.

 

Აქედა გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მე-5 პრინციპიც.



Მე-11 პრინციპი.  ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად, “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

ფაქტის განზრახ დამახინჯება;

ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;

პლაგიატი.”

 

მეთერთმეტე პრინციპის ჭრილში პაატა ბურჭულაძეს პრეტენზია ჰქონდა, რომ POSTV-ს წამყვანები მის შესახებ ინფორმაციას განზრახ ამახინჯებდნენ და ეს არ იყო მხოლოდ უზუსტობა.


განმცხადებელი ამის მოტივად მის ოპოზიციურ პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებდა. ის განცხადებაში აღნიშნავდა, რომ POSTV-ს, როგორც სამთავრობო ტელევიზიის, წამყვანები განზრახ ავრცელებდნენ  მის შესახებ არაზუსტ ინფორმაციას.

 

ფაქტის განზრახ დამახინჯება უმძიმესი პროფესიული დარღვევაა და ქარტიის საბჭო ამ პრინციპის დადგენისას ყოველთვის ზედმიწევნით ფრთხილია. საბჭოს მრავალწლიანმა პრაქტიკამ გამოკვეთა მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენისთვის აუცილებელი თავისებურებები, მათ შორის, ორი პირობა სადავო მასალაში განხილვის დროსაც გამოვლინდა:

 

პირველი, ობიექტური გარემოებები იძლეოდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა - ამ გარემოებაზე მიუთითებს აღნიშნულ საკითხზე  POSTV-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომლის განხილვის ფარგლებშიც გაირკვა, რომ პაატა ბურჭულაძის მიმართ არ იყო დადასტურებული თაღლითობის, მითვისება-გაფლანგვის ბრალდება.  პროკურატურას მრავალწლიანი  გამოძიების  შემდეგაც არ ჰყავს გამოვლენილი ფონდ “იავნანას” საქმეში დაზარალებული და ბრალდებული, თუმცა POSTV მტკიცებით ფორმაში მოიხსენიებს მას “ობოლთა კუთნილი თანხების” მიმთვისებლად, თაღლითად.

 

მეორე, თუ მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს, ესეც შესაძლოა მიანიშნებდეს არაზუსტი ინფორმაციის განზრახ გავრცელებაზე. ქარტიის საბჭოს მოკვლევით, პაატა ბურჭულაძის შესახებ იდენტური შინაარსის არაზუსტი ინფორმაცია სულ მცირე სამჯერ გავრცელდა POSTV-ს სხვადასხვა დროს გასულ გადაცემაში. უფრო მეტიც, 2023 წლის 9 მაისს, იმავე  გადაცემაში წამყვანმა დაანონსა, რომ “დღეიდან ჩვენ თითქმის ყოველდღე მოგახსენებთ პაატა ბურჭულაძის თაღლითობაზე”...

 

Აქედან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის მე-11 პრინციპი, ფაქტის განზრახ დამახინჯების ნაწილში.

 

 

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

 

  1. შალვა რამიშვილმა დაარღვია ქარტიის 1-ლი; მე-5; მე-11 პრინციპები.
  2. ბაჩო ოდიშარიამ დაარღვია ქარტიის 1-ლი; მე-5; მე-11 პრინციპები.


სადავო მასალა

განცხადება

შეპასუხება