14.12.2021
გუშინ, 2021 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ბიურომ გადაწყვიტა დაჩქარებული წესით განიხილოს “ქართული ოცნების” წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი აზარტული თამაშების რეკლამის თაობაზე. ცვლილებები შეეხება რამდენიმე სამართლებრივ აქტს, მათ შორის, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონს. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვანი ფინანსური ეფექტების მატარებელია.

კოალიციის შეფასებით, განმარტებით ბარათში წარმოდგენილი არგუმენტაცია უკიდურესად პრობლემური და არასაკმარისია. კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან არ ირკვევა საკანონმდებლო პაკეტის სრულფასოვანი განხილვის გარეშე მიღების აუცილებლობა. “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები დაჩქარებული წესით მიღების შემთხვევაშიც კი 2022 წლის მარტიდან ამოქმედდება. აღნიშნული აძლიერებს ეჭვს, რომ საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება არ არსებობს და პარლამენტის რეალური მიზანი, სრულყოფილი და პროფესიული განხილვების თავიდან აცილებაა.

საგანგაშოდ მიგვაჩნია ის გარემოებაც, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების გავლენა მაუწყებლების შემოსავლებზე არ არის სათანადოდ შეფასებული. არსებობს რისკი, რომ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად დააზარალებს მაუწყებლების ფინანსურ დამოუკიდებლობას. ამ საკითხის გამოკვლევა კანონპროექტის სრულფასოვანი განხილვის გარეშე წარმოუდგენლია.

კანონპროექტის მომზადების პროცესში არ არის მიღებული კონსულტაციები სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებისგან, კანონპროექტს არ ერთვის დარგის ექსპერტების, მათ შორის, კომუნიკაციების კომისიის, სათანადო დასკვნები და შეფასებები.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და ერთ დღეში მისი ორი მოსმენით მიღება გამორიცხავს სრულფასოვან საპარლამენტო განხილვას, დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებების წარდგენას და კანონპროექტის დახვეწას. აღნიშნული პროცედურები პრინციპულად მნიშვნელოვანია ინიციატივებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი ფინანსური ეფექტების გამოწვევა შეუძლია სახელმწიფო ბიუჯეტისა და მედია სექტორისთვის.
08.12.2021

დღეს, 2021 წლის 08 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციითკულტურის სამინისტროში თეატრების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებით მინისტრმა ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე დასასწრებად მისული ტელეკომპანია „TV პირველის” წარმომადგენლები კი შეხვედრაზე არ შეუშვეს. მოგვიანებით, კულტურის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის შეკითხვას შეზღუდვის მიზეზის შესახებ, უპასუხა, რომ ის არის არა კრიტიკული, არამედ „აღვირახსნილი” მედიის წარმომადგენელი.

ჟურნალისტი, რომელიც კულტურის სამინისტროს შენობაში იმყოფებოდა, ამბობს, რომ საშვთა ბიუროში წინა პრაქტიკის მსგავსად კონკრეტული ტელევიზიები შეუშვეს, რომლებიც წინასწარ გადაცემულ სიაში ჰყავდათ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კულტურის სამინისტრო მედიასაშუალებების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენს. 2021 წლის 22 ნოემბერს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ასევე არ მიიწვიეს მედიის ნაწილი. 2021 წლის 11 ნოემბრის იდენტური ფორმით შეიზღუდა ჟურნალისტთა უფლებები იუსტიციის სამინისტროს მიერ.

მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.

საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. აღნიშნული შემთხვევები კი ეწინააღმდეგება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ წესებს.

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს კულტურის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

ამასთანავე, კოალიცია მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველ პირს, რათა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში:

შეისწავლოს ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია;

მოამზადოს და შესაბამის დაწესებულებებს / პირებს გაუგზავნოს ზოგადი წინადადებები დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მზადაა წარმოადგინოს ჟურნალისტების და მედიაორგანიზაციების ინტერესები სადავო საკითხის განხილვისას. 

06.12.2021
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახი ბექაურის, განცხადება მედიის რეგულირების დამატებითი მექანიზმების შემოღებასთან დაკავშირებით საგანგაშოა და ქვეყანაში კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რეალურ საფრთხეს შეიცავს.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახი ბექაურის, განცხადებით მედია სივრცეში არსებობს პოლარიზაცია და ცალკეული მედიები კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ, რასაც კანონმდებლობა არ არეგულირებს. ამან კი, ბექაურის განმარტებით, ტელევიზიებს საშუალება მისცა ფაქტები დაამახინჯონ და არ აიღონ ამაზე პასუხისმგებლობა. მისი თქმით, აუცილებელია ისეთი მექანიზმების შემოღება, რომლებიც მედიის მიერ მაყურებლების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს და ამით ქვეყანაში „ეს ტემპერატურა დაცხრება“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციების კომისია მედია კანონმდებლობის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს, მათ შორის, სიძულვილის ენის რეგულირებაზე. კომისიას აღნიშნული რეგულაციების მიღების არგუმენტად ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია მოჰყავს, თუმცა, თუ საქართველოს მედიაგარემოს და პოლიტიზირებული სახელმწიფო უწყებების კონტექსტს გავითვალისწინებთ, ცხადი ხდება, რომ რეალურად, მსგავსი ცვლილებები ქვეყანაში კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.

სამწუხაროა, რომ მარეგულირებელი იმეორებს „ქართული ოცნების“ რიტორიკას კრიტიკული მედიის წინააღმდეგ და კომისიის მოწოდება მედიის დარეგულირების შესახებ პირდაპირ თანხვედრაშია მმართველი პარტიის გაცხადებულ მიზნებთან თუ ინიციატივებთან. კომისიის გადაწყვეტილებები არაერთხელ გამხდარა მედიისა თუ სამოქალაქო სექტორის ლეგიტიმური კრიტიკის საფუძველი.

ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოს მთავარი წყარო არა მედია, არამედ პოლიტიკური ძალებია, სადაც უმნიშვნელოვანეს როლს მმართველი პარტია თამაშობს. ქართულ მედიაში არსებული გამოწვევების დაძლევის რეალური გზა კანონმდებლობის ამგვარი ცვლილება ნამდვილად არ არის, რაც ხელისუფლების ორგანოებს თუ მარეგულირებელს ზეგავლენის ახალ ბერკეტს მისცემს და კიდევ უფრო დაამძიმებს მედიაგარემოს.

„ქართული ოცნება“ წლებია მედიის წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკით გამოირჩევა, რაც ძირითადად კრიტიკული მედიის წინააღმდეგაა მიმართული. შემთხვევითი არ არის, რომ შიდა დეზინფორმაციული კამპანიის თავდასხმის მთავარი ობიექტებიც სწორედ კრიტიკული ჟურნალისტები არიან. ჟურნალისტების დისკრედიტაციის და დაშინების არაერთი მაგალითი არსებობს. ხელისუფლება განაგრძობს კრიტიკული მედიის მიმართ ბოიკოტს და მონაწილეობას არ იღებს მათ პოლიტიკურ გადაცემებში, რაც ხელს უშლის მედიას საქმიანობაში და მაყურებელს ართმევს შესაძლებლობას გაეცნოს განსხვავებულ პოზიციებს.

არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მედიის მიერ შესაძლო პროფესიული სტანდარტების გადაცდომაზე რეაგირების გზა არსებული თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერება და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ხელისუფლების და კომუნიკაციების კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯები კი სრულიად საპირისპიროა. იქმნება ე.წ. პარალელური ინსტიტუტები და, მაგალითად, გაცხადებული მიზნის საპირისპიროდ, როგორიცაა მედია წიგნიერების ხელშეწყობა, კომისია კრიტიკული მედიის დისკრედიტაციას ახორციელებს.

დღევანდელი ქართული მედიაგარემო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, სადაც კრიტიკული მედიის მფლობელის, მენეჯერისა თუ ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში შესაძლოა იკვეთებოდეს პოლიტიკური მოტივები, ათობით ჟურნალისტი ფიზიკური თავდასხმის, შეურაცხყოფისა და ტოტალური უკანონო მოსმენის სამიზნეა. ხელისუფლების მხრიდან არ ხდება კანონმდებლობით დადგენილი ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა ჯანსაღი მედიაგარემოს შესაქმნელად.

სახელმწიფო უწყებების სრული პოლიტიზირებისა და მათზე მმართველი პარტიის ზეგავლენის ფონზე, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მარეგულირებელს ან სხვა სახელმწიფო უწყებას დამატებით ბერკეტს მისცემს, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
03.12.2021

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორივე ტურის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში კოალიციის წევრების მიერ საინფორმაციო წყაროებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქტიურად გამოიყენებოდა მანიპულაციური ინფორმაცია.

წინასაარჩევნო პერიოდში  აქტიურად და მიზანმიმართულად ვრცელდებოდა არა მხოლოდ გადაუმოწმებელი და ოპონენტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ამბები, არამედ ცრუ და, უმეტეს შემთხვევაში, რეპუტაციული ზიანის მისაყენებლად გაკეთებული განცხადებები. დეზინფორმაციას ყველაზე ხშირად სოციალური მედიის საშუალებით არაავთენტური ანგარიშები, ანონიმურად მოქმედი და ცრუ მედია გვერდები ავრცელებდნენ. 

აღსანიშნავია, რომ დისკრედიტაციის კამპანიების ძირითადი სამიზნე პოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ იყვნენ, თუმცა რეპუტაციის შემლახველი გზავნილები შეეხო „ლელოს“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. დისკრედიტაციის კამპანიები წინასაარჩევნო პერიოდში, ერთი მხრივ, რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის ხარისხის გაზრდას უწყობდა ხელს, მეორე მხრივ – საზოგადოებაში ჯანსაღი დებატებისა და მსჯელობის შესაძლებლობებს მკვეთრად ზღუდავდა.

სოციალურ მედიაში არსებული საინფორმაციო გამოწვევა

საარჩევნო პროცესებზე მიზანმიმართულად დამაზიანებელი ეფექტი არაოფიციალურად, ხშირად კი ანონიმურად წარმოებულმა კამპანიებმა იქონიეს. არადა წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო პროგრამების შეთავაზებას, მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ამომრჩევლებისთვის გაცნობას უნდა ისახავდეს მიზნად. სამწუხაროდ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინაასაარჩევნო კამპანია ძირითადად მადისკრედიტებელი განცხადებებით იყო გაჯერებული. აღნიშნულს კიდევ უფრო ამწვავებდა სოციალურ ქსელში წარმოებული არაოფიციალური კამპანია, რომელიც მანიპულირებული მასალებით ოპონენტების დაზიანებას, ამომრჩეველთა დაბნევასა და დეზორგანიზებას ემსახურებოდა.  

ანონიმური დისკრედიტაციის კამპანია სოციალურ მედიაში სხვადასხვა ტაქტიკით წარიმართებოდა. ამ მხრივ განსაკუთრებული ორგანიზება და დამაზიანებელი ეფექტის მქონე გზავნილები ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიებში ვლინდებოდა. ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებოდა ღია დისკრედიტაციის, ცრუ მედიის, ცრუ მხარდაჭერისა და ცრუ დისკრედიტაციის ტაქტიკები, რაც სხვადასხვა აღქმის მქონე სოციალური მედიის მომხმარებლის დაბნევასა და მოტყუებას ისახავდა მიზნად. მუნიციპალური არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე შეიქმნა კონკრეტულ მუნიციპალიტეტებზე მიმართული ანონიმური გვერდებიც, რომლებიც მეტწილად ცრუ მედიის ტაქტიკით მოქმედებდნენ. 

მმართველი პარტიისა და ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე ძირითადად ღია დისკრედიტაციის კამპანია შეინიშნებოდა. გამოვლინდა ყალბი ანგარიშები, რომელთაგან ერთი ნაციონალური მოძრაობის ყალბი მხარდაჭერის გვერდის ადმინისტრატორი იყო.

საგულისხმოა, რომ ანონიმური დისკრედიტაციული კამპანიის სამიზნეები, ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების პარალელურად, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებები, მათი მენეჯერები და ცალკეული ჟურნალისტები იყვნენ. ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმართული ნეგატიური შინაარსის კამპანია სოციალურ მედიაში თავისი მასშტაბით, სიმძაფრითა და ნეგატიური ხასიათით უპრეცედენტო იყო წინა არჩევნებთან შედარებით. ცალკეულ შემთხვევებში მმართველი პარტიის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე ტელეკომპანია იმედისა და პოსტივის საწინააღმდეგო პოსტებიც გამოქვეყნდა.

წინასაარჩევნო პერიოდში (განსაკუთრებით – არჩევნების მეორე ტურის დროს) გამოიკვეთა ტენდენცია, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტრადიციული მედიის სახელით ვრცელდებოდა გაყალბებული ციტატები. მათთვის მეტი დამაჯერებლობის მინიჭებისა და მკითხველის შეცდენის/მოტყუების მიზნით გამოყენებული იყო ტრადიციული მედიასაშუალებების ლოგოები და ვიზუალი. წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა რეგიონული მედიის სახელით მოქმედი და ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი ან ოპონენტების მადისკრედიტებელი 11 ფეისბუქგვერდი.

გარდა ამისა, მუდმივი თავდასხმის სამიზნეები იყვნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომელთა წინააღმდეგ დისკრედიტაციის მცდელობებს კოორდინირებულად მოქმედ გვერდებზე  პერმანენტული ხასიათი ჰქონდა. აღნიშნულ გვერდებზე კომენტარების ორგანიზებისთვის ყალბი ანგარიშები გამოიყენებოდა. გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ყალბი ანგარიშით მომზადებულ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადანაშაულა პლატფორმა „სამოქალაქო საარჩევნო კომისია“ დეზინფორმაციის გავრცელებაში (კომისია მოძრაობა „სირცხვილიას“ და საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის მიერაა დაფუძნებული). 

არაოფიციალურად მიმდინარე დისკრედიტაციული პოსტების ნაწილი სექსისტური და ჰომოფობიური შინაარსისაც იყო. ამგვარი გზავნილები როგორც ოპოზიციის წინააღმდეგ, ასევე მმართველი პარტიის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ პოსტებში შეინიშნებოდა.

 

მედიის პოლარიზაცია

2021 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ეროვნული სამაუწყებლო მედია მკვეთრად პოლარიზებული იყო. ეს მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ სწორედ ტელევიზიას ასახელებს. 

პოლიტიკური გავლენა მედიის დღის წესრიგზე ზრდის პოლარიზაციის ხარისხს და ხელს უშლის ჯანსაღ დებატებს. ამასთანავე, პოლარიზებულ გარემოში აგრესიული განწყობებისა და ფიზიკური ძალადობის სამიზნე, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების გარდა, ჟურნალისტებიც ხდებიან. მედია, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი, წლების განმავლობაში განიცდის შეტევებს როგორც ციფრულ სივრცეში, ისე მის მიღმაც. ეს კი ინსტიტუტისადმი უნდობლობას ზრდის და პრობლემების პროფესიულ წრეებში განხილვისთვის სივრცეს ავიწროებს. ამასთანავე, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების მიმართ დაუსჯელობისა და სიძულვილის წახალისების პოლიტიკამ, მედიის წარმომადგენლებზე საჯარო თავდასხმებმა კიდევ უფრო გააძლიერა ექსტრემისტული ჯგუფები და  ხელი შეუწყო 5 ივლისის მოვლენებს. ამ დღეს ხელისუფლებამ არ დაიცვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და გზა გაუხსნა ექსტრემისტ ჯგუფებს ძალადობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქციაზე მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, ორგანიზატორები და ყველა დამნაშავე ამ დრომდე პასუხისგებაში არ არიან მიცემულები. აღნიშნული კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციისა და საზოგადოების მტრულ ბანაკებად დაყოფას, ასევე ხელს უშლის მედიის პროფესიული საქმიანობის უსაფრთხო გარემოში განხორციელებას.

 

ცესკოს საინფორმაციო პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის „ინფორმაციული დაცულობის ცენტრი“ მონიტორინგს უწევდა ტელევიზიებს, ონლაინ მედიასა და ფეისბუქის გვერდებს. დაკვირვების შემდეგ 4 ანგარიში გამოქვეყნდა.  მათგან პირველი ორი – მეთოდოლოგიის განმარტების გარეშე. მეთოდოლოგიის ახსნა არც ბოლო ორ ანგარიშში იყო წარმოდგენილი. ანგარიშებში პრობლემურია ტერმინთა განმარტებაც (მაგალითად, განუმარტავია, რას მოიაზრებს ცესკო დეზინფორმაციაში). დეზინფორმაციის კვლევისას აუცილებელია მისი ერთ-ერთი კომპონენტის, მიზანმიმართულობის, ანუ განზრახვის დამტკიცება. ის, თუ როგორ იკვლევდა „ინფორმაციის დაცულობის ცენტრი” ამ კომპონენტს, ანგარიშში არსად გვხვდება.

ცესკო ორი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, თავის განცხადებაში, ამბობდა, რომ აღრიცხავს კონკრეტული სუბიექტის (პიროვნების, პარტიის, ორგანიზაციის და ა.შ.) მიერ დეზინფორმაციის, დისკრედიტაციის, დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებს, თუმცა „დეზინფორმაციას“ მაინც მედიასაშუალებებს მიაწერდა. შემდგომ ანგარიშებში მითითებულია, რომ  ცენტრის მიერ გამოქვეყნებული რაოდენობრივი სტატისტიკა შესაძლებელია მოიცავდეს ისეთ შემთხვევებს, როცა მედიასაშუალებებმა ესა თუ ის ინფორმაცია გაავრცელეს რესპონდენტის გაშუქების ჭრილში. თუმცა, ამ შემთხვევაში მედიასაშუალება ამ რაოდენობრივ სტატისტიკაში მოხვდება არა როგორც მედია სტანდარტის დამრღვევი, არამედ როგორც საშუალება, რომლის გამოყენებითაც ამა თუ იმ სუბიექტმა მოახერხა დამაზიანებელი ინფორმაციის ტირაჟირება. ეს მიდგომა ცესკოს მხრიდან არასწორია. 

აღსანიშნავია, რომ ცესკოს „ინფორმაციული დაცულობის ცენტრი“ თავდაპირველად საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და USAID-ის მხარდაჭერით შეიქმნა. 24 სექტემბერს, USAID-მა ცენტრს აღნიშნული მხარდაჭერა შეუწყვიტა და ცენტრმა ამერიკის მთავრობის დახმარების გარეშე განაგრძო ოპერირება.



ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი - IWPR საქართველო

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

02.12.2021

დღეს, 02 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დარბაზიდან გაშუქების შესაძლებლობა მედიასაშუალებების ნაწილს არ მიეცა, რითაც შეიზღუდა მათი მუშაობა. 

სასამართლომ არ განმარტა, რის საფუძველზე უთხრა უარი მედიის ნაწილს დასწრებოდა სხდომას.  

საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სხდომათა დარბაზში დამსწრეთა, მათ შორის, ჟურნალისტების რაიმე ფორმით კვოტირებას. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია რა კრიტერიუმებით არ მისცა სასამართლომ უფლება მედიის ნაწილს დასწრებოდა და გაეშუქებინა სასამართლო სხდომა, რითაც, ერთი მხრივ,  შეზღუდა ჟურნალისტის უფლებები, მეორე მხრივ, კი საზოგადოებას წაართვა შესაძლებლობა ამ სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაცია მიეღო სხვადასხვა წყაროდან.   

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და ის ხელმისაწვდომი იყო სხვა მედიებისთვისაც, სასამართლო დარბაზში მოხვედრილი ჟურნალისტების ნაწილს არ მიეცა აუდიოჩანაწერის გაკეთების უფლება, რაც ეწინააღმდეგება ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონს, რომელიც  ადგენს, რომ ,,სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს სასამართლოს სხდომის აუდიოჩაწერა”. 

ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია სასამართლომ მედიას წაართვას უფლება დაესწროს და ადგილიდან გააშუქოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, ასევე მიუღებელია სხვადასხვა მედია არათანაბარ პირობებში ჩააყენოს. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს პროცესის საჯაროობა ყველა ჟურნალისტისთვის და სასამართლო სხდომაზე დამსწრეთა შერჩევის შემთხვევაში იხელმძღვანელოს თანაბრობის პრინციპით. 

29.11.2021

დღეს, 2021 წლის 29 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „კავკასიის” ოპერატორმა, ნიკო კოკაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით გამართული აქციის გადაღებისას გონება დაკარგა. მისი თქმით, ცუდად მას შემდეგ გახდა, როცა, სავარაუდოდ, თვალებში წიწაკის გაზი შეასხეს. ამჟამად ის, სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ, თავს უკეთ გრძნობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, წიწაკის გაზი გამოიყენა. მოქალაქეების განცხადებით, სამართალდამცავებს ისინი სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე არ გაუფრთხილებიათ.

სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტოს წარმომადგენლებმა დაკისრებული ფუნქციის შესრულებას თავი სათანადოდ ამჯერზეც ვერ გაართვეს და დღემდე პრობლემად რჩება პოლიციის მხრიდან აქციების გაშუქებისას მედიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაითვალისწინოს პროცესისადმი მაღალი საჯარო ინტერესი და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლებისთვის სათანადო პირობები, რათა მათ თავისუფლად, ჯანმრთელობის დაზიანებისა და უფლებების დარღვევის გარეშე, შეძლონ პროფესიული მოვალეობის შესრულება.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოვლენილი ფაქტის შესწავლა და მოხდეს სათანადო რეაგირება.

26.11.2021
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები საგანგაშოდ მივიჩნევთ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის “მთავარი არხის” და მისი წარმომადგენლების მიმართ წარმოებულ საქმეებს. სანქცირების ტენდენცია კი გვაფიქრებინებს, რომ კომუნიკაციების კომისია მაუწყებლის შეჩერებას და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად. სამწუხაროდ, კომუნიკაციების კომისია აგრძელებს სადავო პრაქტიკას მაუწყებლის შინაარსის რეგულირებასთან დაკავშირებით, როგორც ეს უხამსობის საბაბით მაუწყებელთა სანქცირებისას გამოვლინდა. ამასთან, კომისია ახალი გადაწყვეტილებით ცდილობს სამოქალაქო აქტივისტებს შეუზღუდოს შესაძლებლობა გააკრიტიკონ ხელისუფლება და ჰქონდეთ მმართველი პარტიისაგან განსხვავებული მოსაზრებების მედიის მეშვეობით გავრცელების შანსი.

გუშინ, 2021 წლის 25 ნოემბერს, კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი” მაქსიმალური სანქციით შემოსავლის 1%-ით, 111,903.43 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის ოფიციალური განცხადებით,  მაღალი სანქცია მაუწყებლის მიმართ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების წესის არაერთხელ დარღვევის გამო გამოიყენა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს მაუწყებლის მიმართ ჯარიმის ზედა ზღვარი გამოიყენოს. ასე მოხდა 2020 წელსაც, როდესაც შპს ,,მთავარ არხს“ დაეკისრა ჯარიმა 58,061.76 ლარის ოდენობით. თითოეულ შემთხვევაში, კომისია ფინანსურ ბერკეტების ამოქმედებით ცდილობს მაუწყებლის სამაგალითოდ დასჯას.

რამდენიმე საგანგაშო წინაპირობის ფონზე, მიღებული გადაწყვეტილება აღრმავებს ეჭვებს “მთავარი არხის” სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მცდელობის შესახებ:

  • “მთავარი არხი” 2020 წელს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად სანქცირებადი არხი იყო;
  • 2020 და 2021 წლებში კომუნიკაციების კომისიამ ყველაზე მაღალი სანქცია სწორედ “მთავარი არხის” მიმართ გამოიყენა;
  • “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ წამოწყებულ სისხლისსამართლის საქმეზე სახალხო დამცველის შეფასებით, ბრალდების შინაარსი სადავოა ;
  • “მთავარი არხის” სარედაქციო პოლიტიკა ასევე ხშირად არის გაკრიტიკებული კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის მედიააკადემიის მიერ ;
  • “მთავარი არხის” მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აკეთებენ კრიტიკულ და დისკრიმინაციულ განცხადებებს. მათ შორის, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მაუწყებლის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა ;
  • 25 ნოემბრის გადაწყვეტილებაში კომუნიკაციების კომისია ეყრდნობა მხოლოდ საკუთარ პრაქტიკას და ინტერპრეტაციას. მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს პირდაპირი აკრძალვა მაუწყებლის მიერ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე;
  • კომუნიკაციების კომისია კიდევ ერთხელ ჩაერია მაუწყებლის შინაარსში. მან პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია ვიდეორგოლები მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტის გამო. კომისიის ეს მიდგომა არღვევს განჭვრეტადობის პრინციპს;
  • კომისიის გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპს. არ არის სათანადოდ დასაბუთებული, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაში ამგვარი ჩარევა;
  • კრიტიკას იმსახურებს “მთავარი არხის” მიმართ გამოყენებული მაქსიმალური სანქციის პროპორციულობაც.
ვფიქრობთ, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის დაწესებისაკენ გადადგმული ეს ნაბიჯი უაღრესად საშიშია საქართველოში კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვის თავისუფლების არსებობისთვის.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას “მთავარი არხის” გუნდს და დავის სასამართლოში გაგრძელების ეტაპზე მზადაა ჩაერთოს “მთავარი არხის” უფლებების დაცვის პროცესში.
22.11.2021

დღეს, 2021 წლის 22 ნოემბერს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები არ მიიწვიეს და დასწრება მხოლოდ მედიის ნაწილისთვის იყო შესაძლებელი.

„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზიის წარმომადგენლებს სამინისტროს დაცვის სამსახურმა ნახევარი საათის განმავლობაში არ მისცა შენობაში გადაადგილების და გადაღების შესაძლებლობა, ბრიფინგზე ასევე არ დაუშვეს „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფიც.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამთავრობო უწყებები მედიასაშუალებების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენენ. 2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ასევე არ მიიწვიეს მედიის წარმომადგენლების ნაწილი.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.

მოვუწოდებთ საქართველოს კულტურის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

19.11.2021
გუშინ, 2021 წლის 18 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია რომ უკრაინელი ჟურნალისტი და ბლოგერი ვლადიმირ ზოლკინი საქართველოში არ შემოუშვეს. ჟურნალისტის განცხადებით, მას საზღვრის კვეთისათვის საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა და მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ მასალების მომზადებას გეგმავდა. მნიშვნელოვანია, რომ მესაზღვრეებს უარის მიზეზები არ განუმარტავთ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინელ ჟურნალისტებს საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან. 27 ოქტომბერს ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას პატივი სცეს ჟურნალისტების გადაადგილების თავისუფლებას და უკრაინელი ჟურნალისტების უფლებას შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს დროულად გააკეთდეს სათანადო განმარტებები საქართველოს საზღვარზე ჟურნალისტების შეფერხებასთან დაკავშირებით.
11.11.2021

დღეს, 2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები არ მიიწვიეს და დასწრება მხოლოდ მედიის ნაწილისთვის იყო შესაძლებელი. კოალიციისთვის ცნობილია, რომ ბრიფინგის ანონსი არ მიუღიათ ზოგიერთ ონლაინ მედიასაშუალებასაც.

„TV პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზიის წარმომადგენლები შეხვედრის დასასრულს დაუშვეს, თუმცა მათ არ მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გლდანის ციხეში გადაყვანის შესახებ.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.

მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.