ტელეკომპანია „პირველი არხი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დმანისში დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ასევე დაშავდნენ სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც და ხელი შეეშალათ მუშაობაში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს, გუშინ 8 მაისს, გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტმა - მეუფე ანტონმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა, აუკრძალა ეპარქიაში გადაადგილება და ფიზიკურად დაუპირისპირდა. კადრებში ჩანს, რომ მიტროპოლიტი ჟურნალისტის გამოჩენასა და მის შეკითხვებზე ღიზიანდება და ბოლოს ფიზიკურადაც უპირისპირდება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მკაცრად გმობს „მთავარი არხის“ თანამშრომელზე განხორციელებულ ძალადობას. ქარტია ითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს შემთხვევა და დადგეს კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.
ეს სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის.
2021 წლის 08 მარტს ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ჟურნალისტები სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და აქციას აშუქებდნენ. კადრებში ჩანდა, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
2021 წლის 4 მაისს დავით გარეჯში სიუჟეტზე მუშაობისას საერო და სასულიერო პირებმა „მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიასა და ოპერატორს, ირაკლი კვარაცხელიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ქარტია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვება, ამგვარ ძალადობასა და ჟურნალისტების მუშაობაში ხელის შეშლის შემთხვევებს ახალისებს, რაც მედიაგარემოსთვის ძალიან დამაზიანებელია.
თითოეულ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველა შესაბამისი ინციდენტი იქნება ადეკვატურად და გამჭვირვალედ გამოძიებული, დამნაშავე პირებს კი დაეკისრებათ პასუხისმგებლობა.
ქარტიას მიაჩნია, რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოება და მედიისთვის შეიქმნას თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო გარემო.
ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს
ინფორმაციას, რომ დავით გარეჯში სიუჟეტზე მუშაობისას საერო და
სასულიერო პირებმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიასა და
ოპერატორს, ირაკლი კვარაცხელიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენეს. მათი თქმით, დაზიანდა მაუწყებლის კუთვნილი
ტექნიკაც.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „მთავარი არხის“
თანამშრომლებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცავ
ორგანოებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას
ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას
მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს
ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან
დაკავშირებით.
ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეული ფაქტი სათანადოდ იყოს გამოძიებული.
საერთაშორისო გამოცდილებით, კომუნიკაციების კომისია და სხვა
რომელიმე სახელმწიფო უწყება არ არის აღჭურვილი შესაძლებლობით თავად
მოიწვიოს საერთაშორისო დამოუკიდებელი აუდიტი. ეს განსაკუთრებული
უფლებამოსილება უმეტესად სატელევიზიო ბაზრის მონაწილეებს - მაუწყებელ
ტელეკომპანიებსა და სარეკლამო სააგენტოებს გააჩნიათ. საუკეთესო
პრაქტიკის შემთხვევაში კი, იქმნება ე.წ. "ინდუსტრიული კომიტეტი"
რომელშიდაც კერძო და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, გამონაკლის
შემთხვევებში მარეგულირებელი ორგანოც მონაწილეობს.
მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების კომისიამ ტენდერი
უკვე გამოაცხადა. წინადადების მიღება დღეს, 14 აპრილს მთავრდება.
საერთაშორისო აუდიტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 169, 697 ლარია.
შესასრულებელი სამუშაოს ფინანსური ხარჯი კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის
კომისიის მოტივაციას არამიზნობრივად, კანონით დადგენილი
უფლებამოსილების მიღმა გახარჯოს საკუთარი ბიუჯეტი.
მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას თავი შეიკავოს ქმედებისაგან, რომელიც მედიაგარემოს დააზიანებს და გააღრმავებს ეჭვებს კომისიის საქმიანობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად იძალადეს. მათი თქმით, ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს. მედიის ინფორმაციით, თავდასხმა კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირდება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „ფორმულას“ თანამშრომლებზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება.
ბოლო პერიოდში გახშირდა ჟურნალისტთა თავდასხმის ფაქტები, რასაც არასამთავრობო სექტორი, მათ შორის ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ერთი მხრივ, ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას და, მეორე მხრივ, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჟურნალისტების თავდასხმის ფაქტებზე არასათანადო რეაგირებას უკავშირებს.
2021 წლის 25 თებერვალს ტელეკომპანია ფორმულას წამყვანს, ვახო სანაიას და მის ოჯახს თავს დაესხნენ. ჟურნალისტის თქმით, თავდასხმის მოტივი იმ აგრესიული პროპაგანდის შედეგი იყო, რასაც ხელისუფლება კრიტიკული მედიის მიმართ ეწევა.
2021 წლის 6 მარტს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მესტიის მერი დაემუქრა, მოგვიანებით კი, მედიასაშუალების გადამღებ ჯგუფს ავტომობილი დაუზიანეს.
2021 წლის 16 თებერვალს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ „კვირას“ გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტთა თავდასხმისა და ქონების დაზიანების ფაქტები კვლავ გამოუძიებელია.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას დროულად გამოიძიოს ჟურნალისტთა თავდასხმის, საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისა და ქონების დაზიანების ყველა ფაქტი.
მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მოხდეს
სწრაფი რეაგირება თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით.
კოალიცია „მედიის
ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგნიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გადაწყვეტილების
მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გააკეთონ
ღია განცხადებები მედიის მხარდაჭერის და გახშირებული თავდასხმების
შესაჩერებლად. დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები მედიის
წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მედიის მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტების ცვლილებების პროცესი.
მედიაკოალიცია საჯაროდ მოუწოდებს შესაბამის აქტორებს (საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და კომუნიკაციების კომისია) წარმოადგინონ ხედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.
2021 წლის 22 მარტს ხელმისაწვდომი გახდა ვენეციის კომისიის და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის ერთობლივი დასკვნა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონების ცვლილებების თაობაზე. ამ დრომდე არ გაკეთებულა საპასუხო განცხადებები კრიტიკული რეკომენდაციების გათვალისწინების ვადებსა და პროცედურებზე.
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციების შეფასებით, მედიის თავისუფლება, ბოლო წლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, არაერთხელ დადგა რისკის ქვეშ. თუმცა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მცდელობა არ აღმოჩნდა საკმარისი უარყოფითი ტენდენციების შესაჩერებლად. შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისიის მითითებების ფონზე, სახელმწიფომ აღიაროს მედიის თავისუფლების როლი დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებაში და შეიქმნას კანონით დადგენილ მკაფიო გარანტიები გამოხატვის თავისუფლებით დამოუკიდებლად სარგებლობის მიზნით. მათ შორის:
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი - შეიცვალოს 11 (1) მუხლის და 46 (1) მუხლის დეფინიცია;
- “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი - გაძლიერდეს თვითრეგულირების ორგანოს მუშაობისათვის საჭირო მექანიზმები;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი - საქართველომ სარეკლამო ბაზრის რყევებიდან გამომდინარე, გადახედოს საზოგადოებრივი მაუწყებლებში რეკლამის დაშვების გადაწყვეტილებას;
- „ბავშვთა კოდექსი“ - გადაიხედოს დადგენილი რეგულაციები და დაიწყოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქციების აღდგენა;
- ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა ( FOI კანონმდებლობა);
- აუდიოვიზუალური ჩარჩო ხელშეკრულების იმპლემენტაცია;
- ჟურნალისტთა დარღვეული უფლებების აღდგენა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სტიმულირება;
- შეწყდეს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები;
- შეიცვალოს სასამართლოში ფოტო, ვიდეო და აუდიო გადაღების წესები.
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები ვენეციის კომისიის დასკვნისა და საერთაშორისო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს:
- შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ;
- შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი;
- შეწყვიტონ კომუნიკაციების კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები კვლავაც გამოხატავენ მზაობას კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ აქტიური მონაწილეობა საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწისა და მედიაგარემოს გაუმჯობესების პროცესში.
მედიაკოალიციის ხედვას - „რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ვენეციის კომისიის დასკვნამ მედიაგარემოზე საქართველოში“ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
მედიასაშუალება "ნეტგაზეთი" ავრცელებს
ინფორმაციას, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტროში დაგეგმილ ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლების ნაწილი, მათ
შორის, მათი ჟურნალისტი და "რადიო თავისუფლების" ოპერატორი არ
შეუშვეს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ საზოგადოების ინფორმირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მედიასაშუალებებმა მიიღონ ინფორმაცია ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და არ დაუშვას დისკრიმინაციული მიდგომა მედიასაშუალებებისადმი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის, როგორც საყოველთაო
ჯანდაცვის სფეროს საკითხის გაშუქებისას, მედიამ გაავრცელოს ამომწურავი
და ზუსტი ინფორმაცია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე
რეკომენდაციით მიმართავს:
● აცრის და თავად ვაქცინის ხარისხის გაშუქებისას გაიღეთ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა გაავრცელოთ ზუსტი, უტყუარი და გადამოწმებული ინფორმაცია. ჯანმრთელობის საკითხების არასწორმა გაშუქებამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ ცალკეულ ინდივიდებს, არამედ საფრთხის ქვეშ დააყენოს საყოველთაო ჯანდაცვის უსაფრთხოება.
● გამოიყენეთ სანდო და რელევანტური წყაროები;
● შეარჩიეთ კვალიფიციური გამოცდილი რესპონდენტები, რომლებიც
ისაუბრებენ ფაქტებსა და კვლევებზე დაყრდნობით.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებული თემები განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ, დაიცვან სიზუსტე, წარმოაჩინონ ფართო კონტექსტი, არ დააბნიონ და შეცდომაში არ შეიყვანონ აუდიტორია.