კატეგორია : ღონისძიებები;
საარჩევნო მედიამონიტორინგში ქარტიის გარდა ჩართულია ორი არასამთავრობო ორგანიზაცია - ინტერნიუსი – საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI). ისინი პრესას, ონლაინ მედიასა და რადიოს აკვირდებიან. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგი 18 ივნისს დაიწყო და არჩევნების შემდგომი პერიოდის ჩათვლით გაგრძელდება. კვლევა მოიცავს 37 სამაუწყებლო, ბეჭდურ და ონლაინ მედიასაშუალებას. მედიამონიტორინგის შუალედურ ანგარიშებში შესულია 18 ივნისიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდის მონაცემები, ხოლო საბოლოო ანგარიშები 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნდება.
25 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, სადაც ანგარიშები წარადგინეს, ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები.
„არჩევნების სათანადო და მრავალმხრივი გაშუქება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა შეძლონ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. ევროკავშირი ხელს უწყობს საარჩევნო მედიამონიტორინგს და ამით ხაზს უსვამს ჩვენს მზადყოფნას მხარი დავუჭიროთ დემოკრატიის გაძლიერებას საქართველოში“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საარჩევნო მედიამონიტორინგი 2010 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია მედიის მრავალფეროვნებისა და პროფესიონალიზმის ხელშეწყობა და სამოქალაქო საზოგადოების სადამკვირვებლო ფუნქციის გაძლიერება. 2010 – 2017 წლებში მედიამონიტორინგის ინიციატივის ფარგლებში უკვე განხორციელდა საარჩევნო პროცესის გაშუქების კვლევა საქართველოს ექვსი ძირითადი არჩევნების დროს.
მედიამონიტორინგის ანგარიშები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.mediamonitor.ge