2017 წელს მედია ახალი გამოწვევების წინაშე დადგა - არაერთი
ინიციატივა გაისმა, რომელიც მედიის და ზოგადად გამოხატვის
თავისუფლების საფრთხეს უქმნიდა - იქნებოდა ეს მოსამართლეთა კრიტიკის
შეზღუდვის სურვილი, ჟურნალისტისთვის წყაროს გათქმის დავალდებულება,
მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა თუ სიძულვილის ენის
თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადატანა. არც ერთი აღნიშნული
მცდელობა ვერ რეალიზდა, თუმცა ცხადად გამოჩნდა მედიის კონტროლის
სურვილი და მოსალოდნელია, რომ ამ თემებზე მსჯელობა გაგრძელდება. ცალკე
უნდა აღინიშნოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ავფგან მუხტარლის
თბილისიდან გატაცების საქმე, რომელიც კვალავც ბურუსითაა მოცული და
ჟურნალისტებმა ვერ მიიღეს ბევრ კითხვაზე პასუხი. ამიტომაც
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მედიის წარმომადგენელთა
შეთანხმებული პოზიცია და ღირებულებები. ამ პროცესში კი სულ უფრო
ძლიერდება მედიის თვითრეგულირების, შესაბამისად ქარტიის როლი.
ჟურნალისტებმა უნდა შეძლონ აჩვენონ საზოგადოებას, დაინტერესებულ
პირებს, რომ თავად შესწევთ უნარი დაშვებული ხარვეზების გამოსწორების,
სტანდარტების გაუმჯობესების და აღარ დატოვონ ადგილი რეგულირების
სურვილისთვისაც კი.
წინამდებარე ანგარიში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 2017 წლის მუშაობას
ასახავს არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ქარტია საკუთარი
სტრატეგიული გეგმის თანახმად რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ
შორისაა ქარტიის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება, ჟურნალისტთა
პროფესიული განათლება, უფლებები და მედიაგარემო, ქარტიის
ორგანიზაციული მართვის დახვეწა და ქარტიის ფინანსური შესაძლებლობების
განვითარება. განხორცილებული აქტივობები სწორედ ამ ძირითადი გეგმის
შესაბამისად არის წარმოდგენილი.
იხილეთ ანგარიში სრულად