ალგორითმების და ტექნოლოგიების ეპოქაში მედიის მთავარი გამოწვევა
სოციალური ქსელი გახდა. თუკი წლების წინ ინფორმაციაზე ხელი მხოლოდ
ჟურნალისტებს მიუწვდებოდათ და მათ გარეშე აუდიტორია ამბის შესახებ ვერ
შეიტყობდა, ახლა ხშირად სწორედ მომხმარებელი ხდება მედიისთვის
პირველწყარო. ინფორმაციის სწრაფად გავრცელება აღარ არის მედიის
ძირითადი უპირატესობა. მთავარი, რითიც განსხვავდება იმ
მომხმარებლისგან, რომელსაც ამ ქსელებში დიდი აუდიტორია ჰყავს,
პასუხისმგებლობაა. თუკი რიგით მოქალაქეს არაფერი ზღუდავს თქვას, რაც
სურს და გაავრცელოს როგორც უნდა, ჟურნალისტი ვალდებულია დაიცვას
ეთიკური სტანდარტები, გადაამოწმოს და არ გაავრცელოს დაუდასტურებელი
ცნობები, არ შეიჭრას სხვა პირთა პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებლად და
ა.შ. ყველა ამ პრინციპის დაცვა აუდიტორიის ნდობის მოპოვებას
ემსახურება. აუდიტორიას უნდა ჰქონდეს რწმენა და მოლოდინი, რომ
სოციალური ქსელის მომხმარებლისგან განსხვავებით მედიასაშუალების მიერ
გავრცელებული ინფორმაცია სანდოა. სწორედ აუდიტორიის სანდოობის
მოპოვებაა მედიის მთავარი ამოცანა.
პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს
განსაკუთრებით დღეს, ყალბი ინფორმაციის გავრცელების, პროპაგანდის
ზრდის და ე.წ Post-truth ეპოქაში, როდესაც სულ უფრო რთულია გაარჩიო რა
არის რეალურად სიმართლე. ამ მოცემულობაში თვითრეგულირების ორგანო
რჩება ინსტიტუციად, რომელიც მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას
დარწმუნდეს არის თუ არა დარღვეული მედიის მიერ ეთიკური სტანდარტები.
ეს არის მექანიზმი ერთის მხრივ მოქალაქეებისთვის, ჰქონდეთ გავლენა და
წვლილი შეიტანონ მედიის პროფესიონალიზმის განვითარებაში და მეორეს
მხრივ თავად მედიისთვის, რომ ერთმანეთისთვის ხარვეზებზე მითითებით
პროფესიული სტანდარტები განვითარდეს, გაძლიერდეს პასუხისმგებლობა და
შესაბამისად გაიზარდოს აუდიტორიის ნდობა.
სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება საქართველოს ჟურნალისტური
ეთიკის ქარტია. მისი აქტივობები, პროგრამები, საჯარო განცხადებები,
გამოსვლები მედიაგარემოს და პროფესიული სტანდარტების
გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ასე იყო 2018 წელსაც. ცდილობდა, რომ
საზოგადოებაში არსებული პრეტენზიები ჟურნალისტების მიმართ სწორედ
თვითრეგულირების ფარგლებში განხილულიყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია
მუშაობა წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც მიმდინარე მოვლენების
შესახებ რამდენიმე საქმე დროის მოკლე მონაკვეთში განიხილა.
განმცხადებლებს შორის მეორე ტურში გასული საპრეზიდენტო კანდიდატის
წარმომადგენლები იყვნენ, მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლებმაც
მიმართეს ქარტიის საბჭოს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თანდათან მედიის
მუშაობაზე მსჯელობა თვითრეგულირების სივრცეში სულ უფრო მეტად
ინაცვლებს.
ქარტიის ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ ჟურნალისტს აუხსნას მედიის
თვითრეგულირების მნიშვნელობა, რადგანაც თუ არ გვექნება ძლიერი
თვითრეგულირება, მაშინ გაჩნდება სივრცე სახელმწიფოს მხრიდან
რეგულირებისთვის. ამასთან, ქარტია ცდილობს შექმნას რესურსები, რაც
პროფესიონალიზმის გაზრდას შეუწყობს ხელს. ქარტიის მიერ 2018 წელს
გაწეული მუშაობა ამ ამოცანების გადაჭრას ისახავდა მიზნად.
იხილეთ ანგარიში სრულად