2021 წელს მედია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იდგა. 5-6 ივლისის მოვლენებმა გვაჩვენა რომ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება რისკის ქვეშ არის. ამ დღეებში დაშავდა მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი, 5 ივლისს დაშავებული ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. შედეგად, პასუხისგებაში არ მიცემულა, ყველა დამნაშავე პირი, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები.
ჟურნალისტებისთვის ყოველდღიურობად იქცა მათთვის საქმიანობაში ხელის შეშლა, შეურაცხმყოფელი რეპლიკების მოსმენა და მათზე ძალადობა. მსგავსი ქმედებების რაოდენობა განსაკუთრებით არჩევნების დღეს იმატებს.
მედიის მიმართ აგრესიას ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა და არასათანადო რეაგირება ახალისებს.
კიდევ ერთი გამოწვევა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა. მმართველი პარტიისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ ქვეყანაში ლიბერალურ კანონმდებლობაზე და სხვადასხვა შეზღუდვის დაწესებაზე მიუთითებენ.
აღსანიშნავია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აქტიურობაც, რომელიც ერევა მაუწყებელთა მიერ შექმნილი მასალის შინაარსში და მოითხოვს თვითრეგულირებას მიკუთვნებული ეთიკური საკითხების რეგულირებაში გადატანას.
სამაუწყებლო მედია მკვეთრად პოლარიზებულია, ეს პოლარიზება კი ყოველწლიურად უფრო და უფრო ღრმავდება. ამას ხელს უწყობს მმართველი პარტიის პოლიტიკა - რიგ შემთხვევებში უარი თქვან მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებთან კომენტარის გაკეთებასა და უმრავლეს შემთხვევაში ტოქშოუებში მონაწილეობაზე.
მედიისთვის გამოწვევად რჩება კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული სირთულეებიც. აქტივობების დიდი ნაწილი კვლავ ვირტუალურ სივრცეშია და მედიას დისტანციური მუშაობის სპეციფიკასთან გამკლავება უწევს. ცვლილებებმა, წინა წლის მსგავსად, არაერთი პრობლემა შეუქმნა მედიასაშუალებებს როგორც ფინანსების, ისე ადმინისტრირების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის სწრაფად მიწოდება, სახელმწიფო უწყებები მედიას დროულად და სრულად არ აწვდიდნენ შესაბამის ინფორმაციას.
ცხადია, მედიის უსაფრთხოება, ისევე როგორც თვითრეგულირების მნიშვნელობა, საფრთხეშია. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ქარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, წევრთა აქტიურობა და გაერთიანებული ძალებით მუშაობა ამ პრობლემებთან გასამკლავებლად. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ უსაფრთხო მედია გარემოს მიღებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
ანგარიში სრულად იხილეთ აქ.