კატეგორია : ტრენინგები;
ქარტიისა და UNICEF-ის ტრენერები - ნინო ჯაფიაშვილი და ზვიად ქორიძე თითოეულ მედიასაშუალებაში სამი დღის განმავლობაში მუშაობდნენ, შემოქმედებით გუნდთან ერთად განიხილავდნენ მათ მიერ ბავშვებთან დაკავშირებით უკვე მომზადებულ მასალებს, იმ ეთიკურ დილემებს, რაც მუშაობისას წარმოეშვათ და გეგმავდნენ ახალ თემებს.
"ბავშვთა საკითხებზე ჩატარებული ტრენინგი პრაქტიკული ელემენტების გათვალისწინებით, ჟურნალისტებისთვის და ოპერატორებისთვის, ცოდნის შეძენის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სამდღიანმა ტრენინგ-კურსმა მოგვცა საშუალება, უფრო მრავალფეროვანი გაგვეხადა ბავშვთა საკითხების გაშუქება და შეგვეტანა სიუჟეტებში ისეთი ელემენტები, რომელიც ადრე არ გამოიყენებოდა. თან ამ ყველაფერს არ აქვს ერთჯერადი ხასიათი. მაუწყებელი ინტენსიურად აშუქებს ისეთ თემებს, როგორიცაა ბავშვთა უფლებები, ოჯახში ძალადობა, განათლება, სოციალური და ჯანდაცვის საკითხები. ნებისმიერ ამ თემაზე მუშაობისას, ჩვენ უკვე გვაქვს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მათი უფრო სიღრმისეულად გაშუქებისთვის", - აღნიშნავს შორენა ღლონტი, აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების მიმართულების ხელმძღვანელი.
სწორედ აჭარის ტელევიზიამ ტრენერთან ერთად იმუშავა სანაპიროზე მომუშავე ბავშვების თემაზე, რითიც შემდეგ სხვა, ეროვნული მედიასაშუალებებიც დაინტერესდნენ.
ტრენერების მუშაობის აქცენტი იყო ის, თუ როგორ მოემზადებინათ მასალები თავად ბავშვების მონაწილეობით ისე, რომ არ დაერღვიათ ეთიკური სტანდარტები. ეჩვენებინათ რედაქციებისთვის, რამდენი მნიშვნელოვანი თემა არსებობს, რაც ბავშვებს უკავშირდება, მაგრამ არ ექცევა სათანადო ყურადღება.
მნიშვნელოვანია ის, რომ ტრენინგების დასრულების შემდეგ ნინო ჯაფიაშვილი და ზვიად ქორიძე საჭიროების შემთხვევაში კვლავაც უწევენ კონსულტაციებს თითოეულ რედაქციას, ჟურნალისტებს.
რედაქციებში მუშაობა ნაწილია იმ პროექტისა, რომლის ფარგლებში ასევე ტარდება მედიამონიტორინგი ბავშვთა საკითხების გაშუქებისას წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიცირებისთვის, გაიმართა შეხვედრები მოსწავლეებთანაც. პროექტის ბოლოს კი შემუშავდება რეკომენდაციები, სახელმძღვანელო წესები ბავშვებთან დაკავშირებული თემების ეთიკურად გასაშუქებლად.