საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ქცევის კოდექსი

 

პრეამბულა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია (შემდგომში ქარტია) არის ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანება, რომლის მისიაა, პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლება.

ორგანიზაციის მიზანია ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დამკვიდრება, პროფესიული სტანდარტის გაუმჯობესება.

ქარტიისთვის,  როგორც პროფესიული ეთიკის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციისთვის, უმნიშვნელოვანესია ორგანიზაციული ეთიკა, შესაბამისად, ქარტიაში დასაქმებული პირები ვალდებულნი არიან, დაიცვან  წინამდებარე დოკუმენტით დადგენილი ქცევის წესები.

 

1. ძირითადი პრინციპები

სანდოობა - ქარტიის ღირებულებაა სანდოობა. ორგანიზაცია ცდილობს შეინარჩუნოს როგორც წევრების, ისე არაწევრი ჟურნალისტებისა და მოქალაქეების ნდობა, რაც ორგანიზაციის მდგრადობას უწყობს ხელს და ეხმარება გაძლიერებაში.

მიუკერძოებლობა - ქარტია არის მიუკერძოებელი ორგანიზაცია და თავის საქმიანობაში არ ატარებს ვინმეს რაიმე ინტერესს.

გამჭვირვალობა - ქარტიის საქმიანობა არის გამჭვირვალე. ინფორმაცია მისი ყველა საქმიანობის, ასევე ფინანსების შესახებ არის ღია და ხელმისაწვდომი. პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია ქვეყნდება ვებგვერდზე.

პასუხისმგებლობა - ქარტია სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რაც აკისრია ქვეყანაში ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების პროცესში. შესაბამისად, უკიდურესი ყურადღებით ეკიდება პროექტების განხორციელებით მიღებულ შედეგებს და სხვა ყველა აქტივობას.

ანგარიშვალდებულება - ქარტია ანგარიშვალდებულია საკუთარი წევრების წინაშე,  კვარტალში ერთხელ მათ აბარებს ანგარიშს, ყოველი წლის დეკემბერში, საერთო კრებაზე კი წარადგენს წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებს.

2. ინტერესთა კონფლიქტი

2.1. აღმასრულებელი დირექტორი და ასევე ორგანიზაციაში დასაქმებული ყველა პირი ვალდებულია, აიცილოს კონფლიქტი პირადსა და ქარტიის ინტერესს შორის. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების წესები მოცემულია სპეციალურ დოკუმენტში 


3. პირადი ურთიერთობები

3.1. ქარტიაში დასაქმებულ პირებს, ცხადია, გააჩნიათ პირადი ცხოვრება, რაც ხელშეუხებელია, თუმცა, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ სამსახურს გარეთ, როგორც ვირტუალურ, ისე რეალურ სივრცეში მათმა ქმედებამ არ უნდა მიაყენოს ზიანი ქარტიის ავტორიტეტს, მიუკერძოებლობას და სანდოობას.

3.2. სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნება საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებაა, იმის მიუხედავად მითითებული აქვს პირადი (private) რეჟიმი თუ საჯარო (public). შესაბამისად, ქარტიაში დასაქმებული უნდა იყოს ყურადღებით და საკუთარი გამოხატვით არ შელახოს ქარტიის მიუკერძოებლობა და სანდოობა.

3.3. დასაქმებულის გამოსვლა საჯარო სივრცეში ანდა ინტერვიუ, სადაც ის ორგანიზაციის სახელით საუბრობს, უნდა შეთანხმდეს აღმასრულებელ დირექტორთან.

3.4. დაუშვებელია საჯაროდ შეფასება და განხილვა იმ მედიაპროდუქტისა,  რომლის წინააღმდეგაც საბჭო განცხადებას განიხილავს.

4. ურთიერთობა სხვა ორგანიზაციებთან

4.1. სამოქალაქო საზოგადოება - ქარტია თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამოქალაქო ორგანიზაციებთან, რომელთა მიზანი ასევე არის მედია გარემოს გაუმჯობესება. მუშაობს მათთან ერთად იმ საკითხებზე, რაც თანხვედრაშია ორგანიზაციის მისიასთან.

4.2. დონორ ორგანიზაციებთან ქარტიის თანამშრომლობა ემყარება ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას. პირნათლად ასრულებს პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებს და აბარებს მათ დეტალურ ანგარიშს.

4.3. მედიაორგანიზაციებთან ქარტია მჭიდროდ თანამშრომლობს, პატივისცემით ეპყრობა თითოეულ მათგანს, ეხმარება პროფესიული დილემების გადაწყვეტაში და ხელს უწყობს მედიასტანდარტების გაუმჯობესებას.

5. ფინანსური დამოუკიდებლობა

5.1. ქარტია მიღებული დაფინანსების წყაროების მიუხედავად ინარჩუნებს  მიუკერძოებლობას. არ იღებს არანაირ დაფინანსებას სახელმწიფო სახსრებიდან ან იმ პირებისგან, ვინც შესაძლოა შემდეგ გავლენა მოახდინოს ქარტიის დამოუკიდებლობაზე.

5.2. ქარტია ფინანსებს განკარგავს პროექტების შესაბამისად გამჭვირვალედ. წლის ბოლოს აქვეყნებს ანგარიშს, სადაც მიმოხილულია აკუმულირებული და დახარჯული თანხები. ფინანსების კონტროლს ახორციელებს სარევიზიო კომისია, რომელიც წლის ბოლოს ანგარიშს წარუდგენს საერთო კრებას. პროექტების ფინანსების განკარგვაზე პასუხისმგებელია პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც თავი მხრივ ანგარიშვალდებულია აღმასრულებელი დირექტორთან.

5.3. ფინანსების განკარგვის პროცედურა განისაზღვრება ცალკე დოკუმენტით.

 

6. ქცევის კოდექსის მოქმედება

ორგანიზაციის ქცევის კოდექსის დაცვა სავალდებულოა ქარტიაში დასაქმებული ყველა პირისთვის. ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევის შესახებ საკითხი შეიძლება წამოჭრას ნებისმიერმა თანამშრომელმა, წერილობითი ფორმით აცნობოს ქარტიის საბჭოს და მისი განხილვა მოითხოვოს. საბჭო შემთხვევას განიხილავს უახლოეს სხდომაზე და მიიღებს შესაბამის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

 

შენიშვნა: წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისათვის დასაქმებულად ითვლება პირი, რომელიც ნებისმიერი სახით იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობაში ქარტიასთან, კონკრეტული პროექტით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების მიზნით.