საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის სარევიზიო კომისიის რეგლამენტი
1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის [შემდგომ “ქარტია”] წესდების საფუძველზე შექმნილი ქარტიის საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანოს “სარევიზიო კომისიის” საქმიანობის განმსაზღვრელ დოკუმენტს.
1.2. სარევიზიო კომისია (შემდგომში კომისია) ახორციელებს კონტროლს ქარტიის თავმჯდომარის, საბჭოს, აღმასრულებელი დირექტორისა და მათ მიერ დანიშნული თანამდებობის პირების მიერ ქარტიის წესდების შესრულებისა და ფინანსური სახსრების თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებაზე.
1.3. კომისია საკუთარი საქმიანობისას ხელმძღვანელობს ქარტიის წესდებითა და წინამდებარე რეგლამენტით.
1.4. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და წარმოადგენს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისია უფლებამოსილია
2.1. მოსთხოვოს ქარტიის თავმჯდომარეს და აღმასრულებელ დირექტორს ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ქარტიის ფინანსური, შესაბამისობისა და ეფექტიანობის მიმართულებით გაწეულ საქმიანობას
2.2. ქარტიის საქმიანობის ეფექტიანობის შესაფასებლად გააკეთოს ანალიზი გამოყენებული რესურსების/ქმედებების, საბოლოო პროდუქტის/შედეგის და ეფექტის/გავლენის კუთხით, რისთვისაც შეიმუშავებს შეფასების სისტემასა და მკაფიო კრიტერიუმებს.
2.3. იმსჯელოს პროგრამების თანხვედრაზე ქარტიის მიზნებთან.
2.4. წელიწადში ერთხელ განახორციელოს საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტების რევიზია და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია.
2.5. სერიოზული დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მოიწვიოს ქარტიის საბჭოს რიგგარეშე სხდომა ან რიგგარეშე საერთო კრება და გაუძღვეს აღნიშნული კრების მუშაობას.
2.6. მიიღოს რეკომენდაციები და წინადადებები ქარტიის წევრებისგან და წარუდგინოს ქარტიის საბჭოს. 2.7. ყოველწლიურად მოამზადოს და ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე წარადგინოს დასკვნა ქარტიის მიერ ფინანსური სახსრების განკარგვის შესახებ.
3. კომისიის სხდომა
3.1. იმართება წელიწადში მინიმუმ ერთხელ.
3.2. სხდომას ხელმძღვანელობს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.
3.3. გადაწყვეტილება მიიღება სარევიზიო კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით.
3.4. კომისიის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით ასევე მტკიცდება ის ანგარიშები, რომლებიც უნდა გავრცელდეს კომისიის სახელით.
4. კომისიის წევრები
4.1. კომისიის წევრები საერთო კრების მიერ აირჩევა 3 წლის ვადით.
4.2. სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში კომისიის წევრი ხდება ის პირი, რომელმაც დააგროვა ხმათა მეტი, მაგრამ სარევიზიო კომისიის წევრად არჩევისათვის არასაკმარისი რაოდენობა უკანასკნელ საერთო კრებაზე. თანაბარი ხმების მქონე პირთაგან სარევიზიო კომისიის წევრი შეირჩევა კომისიის მიერ ჩატარებული წილისყრით.
4.3. ახლად არჩეული სარევიზიო კომისიის წევრი უფლებამოსილებას ახორციელებს გამოკლებული კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.
4.4. სარევიზიო კომისიაში შემავალი პირი იმავდროულად არ შეიძლება იყოს ქარტიის საბჭოს წევრი ან ბოლო ერთი წლის განმავლობაში იღებდეს რაიმე ანაზღაურებას ქარტიიდან.
4.5. კომისიის წევრები სარგებლობენ თანაბარი ხმის უფლებით
5. კომისიის თავმჯდომარე
5.1. აირჩევა 1 წლის ვადით თავად სარევიზიო კომისიის წევრების მიერ სარევიზიო კომისიის წევრთა არჩევიდან ერთი თვის ვადაში.
5.2. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე პირი შესაძლებელია არჩეული იყოს ზედიზედ სამი წლით.
5.3. კომისიის წევრებთან შეთანხმებით წელიწადში ერთხელ ამზადებს მოხსენებას და წარუდგენს საერთო კრებას.