გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – ელენე სიჭინავა მაკა ჩიხლაძის წინააღმდეგ
13.01.2016

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 52
27 მაისი 2015  წელი

საქმეზე - ელენე სიჭინავა მაკა ჩიხლაძის  წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: ირაკლი აბსანძე, მაია მეცხვარიშვილი, გივი მგელაძე, თაზო კუპრეიშვილი, ლაშა ზარგინავა

განმცხადებელი: ელენე სიჭინავა

მოპასუხე: არაწევრი ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ელენე სიჭინავამ, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2015 წლის 05 თებერვალს, ვებგვერდ  http://freshnews.ge/ _ზე გამოქვეყნებულ რეპორტაჟში "ეკა ბესელიას შვილი ახალ სკანდალში ეხვევა - რა მოხდა ფოთში" დაირღვა 1_ლი, მე_3 და მე_11 პრინციპები.

სადავო სიუჟეტში ჟურნალისტი ცდილობდა, დაედგინა სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა  წყაროს  მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ თითქოს ეკა ბესელიას შვილმა, რატი მილორავამ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფოთის  ფინანსური პოლიციის უფროსი  ჩანგლით დაჭრა.

საქმის განხილვაზე გამოცხადდნენ  განმცხადებელი და მოპასუხე.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის  პირველი  პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". აღსანიშნავია, რომ    სიუჟეტში ჟურნალისტი ახერხებს გადაამოწმოს მხოლოდ ერთი ფაქტი - იყვნენ თუ არა პროკურორი, ფინანსური პოლიციის უფროსი და ეკა ბესელიას შვილი ერთად რესტორანში. რესტორანში ყოფნის ფაქტს ფინანსური პოლიციის უფროსი ადასტურებს, თუმცა კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. საგულისხმოა რომ წყარო -  ელგუჯა მერგანტია არაა თვითმხილველი და მონაყოლს უყვება ჟურნალისტს. შესაბამისად, მიზანშეწონილი იყო, რომ ჟურნალისტს ხაზგასმით აღენიშნა, რომ მერგანტია თვითმხილველი არ არს და ამბავი, რომელსაც ის ყვება შესაძლოა ფოთში რესტორან "ფაზისში" მოხდა. მიუხედავად აღნიშნულისა, ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში რამდენჯერმე ახსენებს, რომ:  "ამბავი კი, რომელზეც ის [წყარო] საუბრობს, რამდენიმე დღის წინ ფოთში, რესტორან "ფაზისში'’ მოხდა", "რესტორანში მომხდარ დაპირისპირებამდე".

სადავო სიუჟეტში ასევე ჩანს, რომ დავით ბუკია [რომელიც წყაროს ინფორმაციით დაჭრა რატი მილორავამ] ჟურნალისტის წინაშე ზედა ტანსაცმელს იხდის და იცვამს. სავარაუდოდ, აჩვენებს, რომ დაჭრილი არ არის, ამ დროს  ჟურნალისტი სხვა თემების გააქტიურებით ცდილობს, შექმნას კონტექსტი, რომელშიც დაჭრის ფაქტი ორგანულად ჩაეწერება.  საერთო  ჯამში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის და შემდეგ დაჭრის ფაქტი არ დასტურდება,  გარკვეული ფრაზების ხაზგასმით და  პირიქით, ზოგიერთი გარემოების უკანა პლანზე გადაწევით ჟურნალისტი  ცდილობს, სიუჟეტის ნახვის შემდეგ მაყურებელს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ თითქოს წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია რეალობას შეესაბამებოდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო თვლის რომ ჟურნალისტის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად " ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია".

საბჭო თვლის, რომ აღნიშნულ შემთხვევაში  არ დარღვეულა მესამე პრინციპი. სიუჟეტში იდენტიფიცირებული იყო წყარო, რომელმაც ჟურნალისტს ინფორმაცია მიაწოდა, სიუჟეტი შეიცავდა მეორე მხარის კომენტარებსაც, რომლებმაც უარყვეს წყაროს მიწოდებული ინფორმაცია. გარდა ამისა, განმცხადებელს არ მიუთითებია/დაუდასტურებია ისეთი ფაქტი/გარემოება, რომელიც იცოდა ჟურნალისტმა და განზრახ არ გამოიყენა.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება". პირველ პრინციპზე მსჯელობისას საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა მართალია სიუჟეტი ტენდენციურად დაგეგმა და ააწყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაყურებელს მიეწოდა მეორე მხარის პოზიციაც, რომელიც უარყოფდა ინცინდენტს. შესაბამისად ჟურნალისტის ტენდენციური დამოკიდებულება მე-11 პრინციპის დარღვევად ჩაითვლებოდა, თუ საერთოდ არ  გაავრცელებდა მეორე მხარის პოზიციას და ცალსახა იქნებოდა, რომ ჟურნალისტს სურდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. მაკა ჩიხლაძის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. მაკა ჩიხლაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე_3 და მე-11 პრინციპი.
საქმის თანდართული მასალები