გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – რამაზ სამხარაძე გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ
20.05.2012

განმცხადებელი : რამაზ სამხარაძე;
მოპასუხე : გელა მთივლიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 11

 

საქმეზე რამაზ სამხარაძე გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად ქორიძე

საბჭოს წევრები: ნინო ზურიაშვილი, ნათია როყუა, დავით მჭედლიძე, მაია მეცხვარიშვილი, ია მამალაძე, ნათია კუპრაშვილი.

სხდომას ინტერესთა კონფლიქტის გამო საბჭოს წევრის სტატუსით  არ ესწრებოდა გელა მთივლიშვილი.

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით (დანართი N1) მომართა რამაზ სამხარაძემ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ”კახეთის საინფორმაციო ცენტრის” რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მესამე და მეთერთმეტე პრინციპები. განცხადების თანახმად, დარღვევა გამოიწვია ”კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ვებ გვერდზე (ick.ge) გამოქვეყნებულმა ნიუსმა/სტატიამ სათაურით რადიო ჰერეთი“-დან თანამშრომლებიწავიდნენ. სტატია შეეხებოდა რადიო ჰერეთიდან თანამშრომლების წასვლის სავარაუდო ფაქტს.

საბჭოს შესაბამისმა წევრებმა განცხადება დასაშვებად ცნეს.

საქმის განხილვას არ ესწრებოდა როგორც განმცხადებელი ასევე მოპასუხე.

განცხადების თანახმად კახეთის საინფორმაციო ცენტრმა” 27 იანვარს გაავრცელა სტატია სათაურით: “რადიო „ჰერეთი“-დან თანამშრომლები წავიდნენ”. სტატია ეყრდნობა  “გავრცელებულ ინფორმაციას”, რომ რადიოდან ოთხი თანამშრომლის წასვლის მიზეზი მათთვის ხელფასის გადაუხდელობა გახდა. განცხადება შეიცავდა იმ პირთა ახსნა-განმარტებებს, რომელთა წასვლის შესახებაც კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში იყო საუბარი.

აღნიშნული ახსნა-განმარტებების თანახმად,   რამოდენიმე პირი საერთოდ უარყოფს მის მიერ რადიო ჰერეთთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტს, ხოლო ისინი ვინც ადასტურებს რადიო ჰერეთთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას,  უთითებს წასვლის განსხვავავებულ მიზეზზე და არა ხელფასების არ გადახდაზე.

სამოტივაციო ნაწილი

განცხადებაში ბატონი რამაზ სამხარაძე უთითებს, რომ კახეთის  საინფორმაციო ცენტრმა არასწორად გაავრცელა ინფორმაცია დაკავშირებული თანამშრომლების წასვლის ფაქტთან. აღნიშნულთან მიმართებით საბჭო გამოყოფს ორ ძირითად ფაქტს რომელსაც  ეხება სადავო სტატია, ერთი თვით სამსახურიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია და მეორე, ასეთი წასვლის მიზეზები. სტატიის სრული ანალიზის შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ სტატიის ავტორი მტკიცებით ფორმაში არ გვთავაზობს ფაქტს, რომ თანამშრომლების სამსახურიდან წასვლის მიზეზი მათთვის ხელფასის გადაუხდელობა იყო.  ასეთ მიზეზს, როგორც “გავრცელებულ აზრს”  განმარტავს და მეტიც, წარმოდგენილია რამაზ სამხარაძის პოზიციაც, რომელიც ცალსახად უთითებს, რომ ინფორმაცია თითქოს იმიტომ წავიდნენ თანამშრომლები, რომ მათხელფასები არ ჰქონდათ, სიმართლეს არ შეესაბამება”, ასევე ამ ფაქტს არ ადასტურებს არც მეორე რესპოდენტი –  დავით ნიბლაძე.   აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რატომ წავიდნენ თანამშრომლები აშკარად დაბალანსებულადა გადმოცემული, არაა მოცემული მტკიცებით ფორმაში, მოყვანილია ამ ინფორმაციის დამადასტურებელი და უარმყოფელი წყაროები, ასეთი წყაროების აღწერითურთ, შესაბამისად მკითხველს თავად აქვს შესაძლებლობა განსაზღვროს წყაროთა სანდოობა და ისე აღიქვას ფაქტი.

სამწუხაროდ ზემოაღნიშნული სტანდარტის დაცვას არა აქვს ადგილი იმ ფაქტის შესახებ ინფორმაციის გადმოცემისას რომელიც ეხება საერთოდ თანამშრომელთა წასვლას.  სტატია დასათაურებულია შემდეგნაირად: რადიო ჰერეთიდან თანამშრომლები წავიდნენ, სტატიის პირველი წინადადების თანახმად კი: რამდენიმე დღის წინ, რადიო ჰერეთი მარკეტინგის მენეჯერმა დავით ნიბლაძემ, ბუღალტერმა ნაირა ქველიძემ, საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ზაზა დალაქიშვილმა და კორესპოდენტმა კახაკუპატაძემ დატოვეს.“ აღნიშნული წინადადებით სტატიის ავტორი მტკიცებით ფორმაში გვთავაზობს კონკრეტულ ჩამონათვალს იმ თანამშრომლებისა, რომლებმაც შრომითი ურთიერთობა შეწყვიტეს რადიო “ჰერეთთან”.  აღნიშნულიდან გამომდინარე  არსებობს მოლოდინი, რომ სტატიაში უნდა იყოს მითითებული წყაროები და ფაქტები  რომლებიც დაადასტურებდნენ ამ ინფორმაციის ნამდვილობას. სტატიაში არის რამოდენიმე წყაროსთან ინტერვიუ რომელიც  ადასტურებს მხოლოდ რიგი თანამშრომლების სამსახურიდან წასვლის ფაქტს და არა ყველა იმ თანაშრომლის, რომლებიც სტატიის პირველ წინადადებაში არიან ჩამოთვლილნი.  პირიქით, რამაზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი ახსნა განმარტებების თანახმად ის ადამიანები, რომლებმაც  სტატიის თანახმად დატოვეს რადიო “ჰერეთი”, უარყოფენ  ასეთი ფაქტის სინამდვილესთან შესაბამისობას (მაგალითად: ნაირა ქველიძე, ნანა დალაქიშვილი). შესაბამისად გადაუმოწმებელი და არაზუსტი ინფორმაციის დადასტურებულ ფაქტად მკითხველისათვის მიწოდება არღვევს ქარტიის პირველი პრინციპის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

რაც შეეხება მე – 3 და მე –11 პრინციპების დარღვევის ფაქტს, საბჭომ იმსჯელა და მიიჩნია რომ სტატიაში ადგილი არ ჰქონია ზემოაღნიშნული არც ერთი პრინციპის დარღვევის ფაქტს ვინაიდან არ ფიქსირდება  სტატიის ავტორის მიერ ფაქტების მიჩქმალვა, ან  დოკუმენტების და ინფორმაციის გაყალბება, ფაქტის განზრახ დამახინჯება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:

  1. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრმა, გელა მთივლიშვილმა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი  პრინციპი.
  2. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრს, გელა მთივლიშვილს  არ დაურღვევია  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-3 და მე-11  პრინციპები.
  3. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს ქარტიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.