ქარტიის პრინციპები
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. ჟურნალისტის ნებისმიერი პროფესიული უფლება–მოვალეობა გამომდინარეობს საზოგადოების უფლებიდან, იყოს ინფორმირებული მოვლენებისა და თვალსაზრისების შესახებ.

ქარტია ეფუძნება ევროპის საბჭოს „ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის” მე–10 მუხლსა და „ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციის“ მიერ აღიარებულ „ჟურნალისტების ქცევის პრინციპების დეკლარაციას“. ეს პრინციპები პროფესიული ქცევის სტანდარტად დამკვიდრდა იმ ჟურნალიტებისთვის, რომლებიც მოიპოვებენ, გადასცემენ და ავრცელებენ ინფორმაციასა და კომენტარებს მიმდინარე მოვლენებზე.

საქართველოს მედიის წარმომადგენლები ვცნობთ და ვაღიარებთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრინციპების დაცვის ვალდებულებას და ამ ვალდებულებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას. საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, პროფესიულ საკითხებს მხოლოდ ჩვენივე კოლეგების უფლებამოსილებად განვიხილავთ და გამოვრიცხავთ ხელისუფლების ან სხვა ძალის ნებისმიერი სახით
ჩარევას ამ უფლებამოსილებების განხორციელებაში.

ქარტია

პრინციპი 1.

ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.


პრინციპი 2.

დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.

პრინციპი 3.

ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.

პრინციპი 4.

ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.


პრინციპი 5.

მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

პრინციპი 6.

ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციურად მოპოვებული ინფორმაციის წყარო.

პრინციპი 7.

ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.


პრინციპი 8.

ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.

პრინციპი 9.

სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან.


პრინციპი 10.

ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.


პრინციპი 11.

ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
  • ფაქტის განზრახ დამახინჯება;
  • ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
  • პლაგიატი.