დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
განმცხადებელი : გიორგი ვაშაძე;
მოპასუხე : ირინა დეკანოიძე;
17 ნოემბერი 2018 წელი
საქმეზე N 238
გიორგი ვაშაძე ირინა
დეკანოიძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, თეა ზიბზიბაძე, თამარ უჩიძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე, მაია მერკვილაძე.
განმცხადებელი: გიორგი ვაშაძე
მოპასუხე: ირინა დეკანოიძე
აღწერილობითი ნაწილისაქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ვაშაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე 1tv.ge გამოქვეყნებულ სტატიაში „გიორგი ვაშაძე საყოველთაო ჯანდაცვაზე - ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს [ვიდეო]“ დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ვებგვერდის რედაქტორი ირინა დეკანოიძე. სტატია ეხებოდა 13 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ სტუმრობისას გიორგი ვაშაძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაზე.
საქმის განხილვას დაესწრნენ განმცხადებლის წარმომადგენლები, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია. ამასთან ირინა დეკანოიძემ საკუთარ FACEBOOK გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ის აღნიშნავდა, რომ მან გიორგი ვაშაძეს შესთავაზა საკუთარი პოზიციის მიწოდება ვებსაიტზე განსათავსებლად, თუმცა ვაშაძემ ეს შეთავაზება არ გამოიყენა. ეს ინფორმაცია ირინა დეკანოიძემ ქარტიის სამდივნოს დაუდასტურა, მაგრამ განცხადების განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.
სამოტივაციო ნაწილიქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. როგორც აღინიშნა, სადავო სტატიის სათაურად გამოტანილი იყო შემდეგი ფრაზა „გიორგი ვაშაძე საყოველთაო ჯანდაცვაზე - ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს [ვიდეო]“. სტატიას თან ახლდა ვიდეო ნაწყვეტი 2018 წლის 13 ნოემბრის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „პრეზიდენტის არჩევნები 2018-დან“, სადაც გიორგი ვაშაძემ თავისი აზრი დააფიქსირა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ, ასევე სტატიის ტექსტში სრულად იყო მითითებული ვაშაძის პოზიცია „მთავარი საკითხი, რაზეც ვფიქრობ, რომ ყურადღება არ არის გამახვილებული დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში, არის პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა. მეორე – საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეს არის პრევენცია, ანუ მკურნალობ არა ავადმყოფს, არამედ სანამ ავადდება ადამიანი, მანამდე ვერევი ამ ყველაფერში, რაზეც არის დასავლური პრაქტიკა და რისკენაც მიემართება აბსოლუტურად ყველაფერი. ნაცვლად იმისა, რომ გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში ფინანსები უკვე ამ მიმართულებით დახარჯულიყო, ჩვენ ამ ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს. ანუ, მაგალითად, ადამიანს რომ სიმსივნე აქვს, ვმკურნალობთ იმას, რომ ქიმიოთერაპია მიიღოს და ვიცით, რომ ამან შეიძლება, ექვსი თვით გაუხანგრძლივოს ცხოვრება. მაგრამ არ ვხარჯავთ იმის ნახევარ ფულს იმაზე, რომ ამ ადამიანს სიმსივნე არ დაემართოს და არ მივიდეს სამკურნალოდ აქამდე“.
შენიშვნა: სტატიაში მოცემული გიორგი ვაშაძის პოზიციის ტრანსკრიპტი ზუსტად [სიტყვა - სიტყვით] არ შეესაბამებოდა ვიდეოს, თუმცა, ძირითადი აზრი დაუმახინჯებლად არის გადმოცემული.
ქარტიის საბჭოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სტატიის სათაურად შემდეგი ფრაზის გამოტანა „გიორგი ვაშაძე საყოველთაო ჯანდაცვაზე - ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს“ მანიპულაციურ ხასიათს ატარებს. შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს გიორგი ვაშაძე აკრიტიკებს სახელმწიფოს მიერ „მომაკვდავი ადამიანის“ მკურნალობის იდეას. გადაცემაში გიორგი ვაშაძე ნეგატიურად აფასებს სახელმწიფოს იმ მიდგომას, როცა მნიშვნელოვანი სახსრები არ ხმარდება დაავადების პრევენციას, რათა თავიდან იქნას აცილებული ან/და შემცირებული ფატალური შედეგი. გიორგი ვაშაძე საზოგადოებას სთავაზობს თავის ხედვას თუ როგორ შეიძლება მძიმე შედეგების შემცირება ხარჯების ეფექტურად გამოყენების გზით. იმის გამო, რომ ჟურნალისტი სათაურში კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზას იყენებს, ვაშაძის გამონათქვამი იცვლის აზრს და აუდიტორიას განსხვავებულ შთაბეჭდილებას უქმნის.
საბჭომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში [მაგალითად გადაწყვეტილება საქმეზე - ანა გაბელაია 4 მედიასაშუალების წინააღმდეგ] აღნიშნა, რომ ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე პირობების და ფორმების გათვალისწინებით, მით უფრო, როცა საუბარია ონლაინ ფორმით მომზადებულ და სოციალურ ქსელებში გაზიარების [share] საშუალების მქონე სტატიებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტატიის სათაურს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატიის ძირითადი დატვირთვა მოდის მის სათაურზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად სათაური იძლევა ინფორმაციას დადასტურებული სახით. საბჭო მიიჩნევს, რომ ძირითად შემთხვევებში სტატიის სათაური ცალკე ჟურნალისტური პროდუქტად უნდა განიხილებოდეს. მკითხველს აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ სათაური ზუსტად გადმოსცემს სტატიაში მოყვანილ ფაქტებსა და მოსაზრებებს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ ტექსტის სრულად გაცნობა იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა სათაურში.
ასევე მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ გარემოებებს, რომ:
- 1. სტატიის გამოქვეყნების დროს საქართველოში იყო წინასაარჩევნო პერიოდი და გიორგი ვაშაძე არჩევნების პროცესში ჩართული პოლიტიკური ძალის ლიდერია, შესაბამისად, მისი პოზიციების მიმართ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ყურადღება. მისმა ნებისმიერმა მოსაზრებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის არჩევანზე.
- საბჭომ შეისწავლა სტატიის კომენტარები, მოიძია სოციალურ ქსელში ამ სტატიის გაზიარების ათეულობით შემთხვევა და აბსოლუტურ უმრავლესობაში დარჩა შთაბეჭდილება, რომ აუდიტორიის დიდ ნაწილს მხოლოდ სათაური ჰქონდა წაკითხული და ამ გზით მიღებული ცნობის საფუძველზე აკრიტიკებდნენ და ლანძღავდნენ განმცხადებელს.
- სტატია გამოქვეყნებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ. საბჭო მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიუკერძოებლობის ბევრად მაღალი სტანდარტი მოეთხოვება, ვიდრე ნებისმიერ კერძო მაუწყებელს და წინასაარჩევნო პერიოდში ასეთ სენსიტიურ თემაზე მეტი სიფრთხილით უნდა შეერჩია სტატიის სათაური ისე, რომ შემცირებულიყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზის ტირაჟირების რისკი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტატიის სათაურის მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანი ხასიათის გამო, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ირინა დეკანოიძის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“ განმცხადებელი აპელირებდა, რომ ინფორმაცია გაყალბდა. საბჭო ვერ დაეთანხმება განმცხადებელს შეფასებაში. გიორგი ვაშაძეს ეკუთვნოდა ის სიტყვები, რომელიც გამოტანილი იყო სათაურში, შესაბამისად ფრაზა კი არ იყო ყალბი, არამედ მანიპულაციურად იყო გამოყენებული, რის საფუძველზეც დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, ხოლო მე-3 პრინციპი არ დარღვეულა.
ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“ როგორც განმცხადებელმა, ისე მოპასუხემ დაადასტურა, რომ ჟურნალისტს მიმართეს სტატიის გასწორების მოთხოვნით. ირინა დეკანოიძემ განმცხადებელს შესთავაზა, რომ მათ გაეგზავნათ საკუთარი პოზიცია, რომელსაც ის ასევე განათავსებდა ვებგვერდზე.
ასეთი შეთავაზება არ შეესაბამება შესწორების სტანდარტს, რომლის თანახმად, პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე. მედიამ ინფორმაცია უნდა შეასწოროს მაშინვე, როგორც კი ცნობილი გახდება მისთვის ამ შეცდომის შესახებ და საჭირო არ უნდა იყოს სპეციალურად მიმართვა. ამასთან, გამოქვეყნებული მასალა უნდა შესწორდეს ისე, რომ აუდიტორიისთვის ცნობილი გახდეს თუ რა გასწორდა და არასწორი ინფორმაციის შემცველი ჟურნალისტური პროდუქტი აღარ უნდა იძებნებოდეს. ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და არ უწყობს ხელ ვინმესთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებას, მასალის ბოლოს შენიშვნის სახით უნდა მიეთითოს რა ეწერა მცდარ ვერსიაში. ვინაიდან შესწორება არ მომხდარა და არც ჟურნალისტის მიერ შეთავაზებული წინადადება არ შეესაბამებოდა შესწორების სტანდარტს, ქარტიის საბჭო ასევე დარღვეულად თვლის ქარტიის მე-5 პრინციპს.
ქარტიის მე-7 პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“ განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მოხდა გიორგი ვაშაძის დისკრიმინაცია [არა თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება] პოლიტიკური ნიშნით, რომ სწორედ მისი პოლიტიკური კუთვნილების გამო გამოიყენეს მანიპულაციური სათაური. ქარტიის საბჭომ ვერ მოიძია მყარი მტკიცებულებები, რომელიც ცალსახად დაადასტურებდა, რომ სწორედ პოლიტიკური ნიშნით დისკრედიტაცია ამოძრავებდა ჟურნალისტს, რათა ასეთი სათაურის გამოყენებით აზრი შეეცვალა გიორგი ვაშაძის გამონათქვამისთვის, შესაბამისად ქარტიის მე-7 პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.
ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“ განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტის მიერ სათაური განზრახ იყო გამოტანილი დამახინჯებული სახით. ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევა დგინდება ორ შემთხვევაში, 1. როცა ჟურნალისტმა იცის რა არის სწორი ინფორმაცისა და მიუხედავად ამის ავრცელებს არასწორ ინფორმაცია. 2. როცა არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ ხასიათს. იქიდან გამომდინარე სადავო სტატიას თან ახლდა ვიდეო ჩანაწერიც და გაშიფრული ტექსტიც, საბჭო ვერ ადგენს ჟურნალისტის განზრახვას, რომ არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინა აუდიტორიისათვის. რაც შეეხება კამპანიურ ხასიათს, საბჭოსათვის არ იქნა წარდგენილი [განმცხადებელს მიეცა დამატებითი ვადა ინფორმაციის წარმოსადგენად], ამასთან და ვერც თავად ვერ მოიძია მტკიცებულებები, რომელიც ნათელს გახდიდა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ნეგატიური და მიზანმიმართული კამპანია გიორგი ვაშაძის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. ირინა დეკანოიძემ დაარღვია ქარტიის 1- ლი და მე-5 პრინციპი.
2. ირინა დეკანოიძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-7 და მე-11 პრინციპი.
საქმის მასალები:
სადავო სტატია
განცხადება