26.04.2018
გადაწყვეტილება01 აპრილი, 2018 წელი
საქმეებზე N 188, 189, 190, 191
ანა გაბელაია მართა ლაბაძის
და Reportiori.ge-ის, kvira.ge-ის, digest.pia.ge-ის
არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, თამარ უჩიძე, მაია მერკვილაძე, გიორგი სულაძე
განმცხადებელი: ანა გაბელაია
მოპასუხე: მართა ლაბაძე, Reportiori.ge-ის, kvira.ge-ის, digest.pia.ge-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით
მომართა ანა გაბელაიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ რამდენიმე მედია
საშუალების მიერ გამოქვეყნებული მასალით დაირღვა ქარტიის
1, მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპი. სადავო ჟურნალისტური
პროდუქტები:
- For.ge-ზე გამოქვეყნებული მასალა „„ბახალა“ 45 აბი სუბოტექსის ქონას აღიარებს, ენჯეოები მის დაკავებას აპროტესტებენ“, ავტორი მართა ლაბაძე.
- Reportiori.ge - “სკანდალური დოკუმენტი – ოქმი, რომელშიც „ბახალა“ აღიარებს 45 აბი სუბოტექსის ქონას”, სტატიის კონკრეტული ავტორის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
- Kvira.ge - “სკანდალური დოკუმენტი – ოქმი, რომელშიც „ბახალა“ აღიარებს 45 აბი “სუბოტექსის” ქონას. სტატიის კონკრეტული ავტორის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა
- Digest.pia.ge - “სკანდალური დოკუმენტი – ოქმი, რომელშიც „ბახალა“ აღიარებს 45 აბი სუბოტექსის ქონას”
სტატიები ეხებოდა გიორგი გიორგანაშვილის [ბახალას] დაკავების
ფაქტს, რომელსაც ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა. საქმის განხილვას
დაესწრო განმცხადებელი ანა გაბელაია, რომელმაც მოხსნა საკუთარი
მოთხოვნა ქარტიის მე-3 და მე-5 პრინციპებთან დაკავშირებით.
მოპასუხეები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება არ
წარმოუდგენიათ. ოთხივე სადავო მასალა იყო იდენტური შინაარსის და
შესაბამისად მათ მიმართ ქარტიის საბჭომ მიიღო ერთი, საერთო
გადაწყვეტილება. საბჭოს სამდივნომ მიმართა მედია საშუალებებს, რომ
ეცნობებინათ სადავო სტატიებზე პასუხისმგებელი პირები, მაგრამ
საბჭოსათვის არ იქნა ინფორმაცია მოწოდებული, შესაბამისად ვერ მოხდა
კონკრეტული პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი თანახმად: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.
დადგენილი
გარემოებები:
- ოთხივე სადავო ჟურნალისტურi პროდუქტის სათაურში მითითებულია, რომ გიორგი გიორგანაშვილი „45 აბი სუბოტექსის ქონას აღიარებს“.
- თავად სტატიების მიხედვით დოკუმენტი, რომლის თანახმად მსახიობი აღიარებს 45 აბი სუბოტექსის ქონას, არის პირადი ჩხრეკის ოქმი. საბჭო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ოქმი არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ „აღიარებას“ [როდესაც პირი აღიარებს დანაშაულის ჩადენის ფაქტს].
- პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ საკუთარი ხელმოწერით გიორგი გიორგანაშვილი ჩხრეკის შემდეგ ადასტურებს, რომ აღმოუჩინეს 45 ერთეული, მოთეთრო ფერის, ოვალური ფორმის აბი. ოქმში არსად არ არის მითითებული, რომ ამოღებული აბები არის სუბოტექსი.
საბჭოს შეფასებები:
- სტატიების სათაურები მანიპულაციურია, მკითხველს შთაბეჭდილება ექმნება, რომ გიორგი გიორგანაშვილმა 45 აბის სუბოტექსის ფლობა, შესაბამისად დანაშაულიც აღიარა. რეალურად კი როგორც მე-2 და მე-3 ფაქტობრივ გარემოებაშია მითითებული, გიორგი გიორგანაშვილი ადასტურებს მის მიერ 45 ერთეული, მოთეთრო ფერის, ოვალური ფორმის აბის ფლობას. ეს კი არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ გიორგი გიორგანაშვილი დანაშაულს აღიარებდა ან ადასტურებდა რომ ის გამიზნულად ფლობდა 45 აბ სუბოტექს.
- თითოეული სადავო სტატიის სათაური მკითხველს აწვდის დადასტურებელი სახით ინფორმაციას, რომ თითქოს გიორგი გიორგანაშვილი დანაშაულს აღიარებდა. ანუ, სტატიის სათაურიდან მკითხველი იღებს ინფორმაციას, რომ სტატიების გამოქვეყნების მომენტისათვის გიორგი გიორგანაშვილი აღიარებდა/ადასტურებდა მის მიერ სუბოტექსის ფლობას, მაშინ როცა ცნობილი ფაქტია, რომ ბრალდებული ასაჩივრებდა ოქმის შინაარს და მასზე ხელმოწერის ფაქტს.
- ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე პირობების და ფორმების გათვალისწინებით, მით უფრო, როცა საუბარია ონლაინ ფორმით მომზადებულ და სოციალურ ქსელებში გაზიარების [share] საშუალების მქონე სტატიებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტატიის სათაურს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატიის ძირითადი დატვირთვა მოდის მის სათაურზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად სათაური იძლევა ინფორმაციას დადასტურებული სახით. საბჭო მიიჩნევს, რომ ძირითად შემთხვევებში სტატიის სათაური უნდა იქნას განხილული როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი. მკითხველს აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ სტატიის სათაური არის თავად სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად მიღებული და დადასტურებული დასკვნა და შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ სტატიის სრულად გაცნობა იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა სათაურში.
- მე-3 პუნქტში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო სტატიების სათაურში გამოტანილი ინფორმაცია იყო არასწორი და მანიპულაციური საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
- ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება” საბჭომ ქარტიის პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნია სადავო სტატიის სათაურის მანიპულაციური ხასიათის გამო, თავად სადავო სტატიებში მოცემული იყო ჩხრეკის ოქმი და დაკავებული გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატის კომენტარიც, სადაც ის აღნიშნავდა, რომ: „ეს არის ჩხრეკის ოქმი და არა აღიარება“. „ჩხრეკის ოქმი არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს აღიარებას“. აქედან გამომდინარე, როცა ძირითადი ეთიკური დარღვევები მოდის სტატიის სათაურზე და არ შინაარსზე, საბჭო მიიჩნევს, რომ განზრახვა არ დასტურდება. შესაბამისად მე-11 პრინციპს არ თვლის დარღვეულად.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
- მართა ლაბაძემ, Reportiori.ge-ის, kvira.ge-ის, digest.pia.ge-ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
- მართა ლაბაძეს, Reportiori.ge-ის, kvira.ge-ის, digest.pia.ge-ის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტებს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-11 პრინციპი.