18.09.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიიის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებში ჩანს, რომ 17 სექტემბერს, პარლამენტში ჟურნალისტი ცდილობდა კითხვების დასმას, რამაც მმართველი პარტიის წევრის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის გაღიზიანება გამოიწვია. რის შემდეგაც გია ვოლსკი მას აკრედიტაციის შეჩერებით ემუქრება.

12.09.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მომართა “ჟურნალისტიკის რესურს ცენტრმა” (JRC). მისი წარმომადგენლების თქმით, მას შემდეგ, რაც მოამზადეს ფილმი “რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე”, გახდნენ ზეწოლის და თავდასხმის მსხვერპლნი საზოგადოებრივი მაუწყებლის და ფილმში ნახსენები სარეკლამო კომპანიის, “პანორამას” მხრიდან.

09.09.2019
9 სექტემბერს “გურიის მოამბის” რედაქტორმა, თეა იოსელიანმა განაცხადა, რომ მას სოციალური ქსელში უცნობი პირი შვილების მოკვლით დაემუქრა. თეა იოსელიანი მიღებულ შეტყობინებას თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს .

მუქარის შესახებ თეა იოსელიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო.

20.08.2019
დღეს, 2019 წლის 20 აგვისტოს, პაატა სალიას მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, საინფირმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გაათავისუფლა. გიორგი გაბუნიასთან, ეკა კვესიტაძესთან და ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას არხის დირექტორი მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მიიღებს.

ტელეკომპანიის თანამშრომლები დირექტორის შეცვლის შემდგომ საუბრობდნენ იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა სარედაქციო დამოუკიდებლობისა და შრომითი უფლებების თვალსაზრისით შექმნოდათ. დღეს კი ეს მოლოდინი გამართლდა.

კოალიციას მედიის ადვოკატირებისათვის მიაჩნია, რომ ჟურნალისტთა გათავისუფლებით იწყება სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება.

ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საჯარო რეეტრში 2019 წლის 16 აგვისტოს დარეგისტრირდა განცხადება რუსთავი 2 ში პროფესიული კავშირების შექმნის თაობაზე, რომლის ერთ-ერთ დირექტორადც არხის საინფორმაცი სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე იყო მიათითებული.

17.08.2019
16 აგვისტოს, როდესაც დიპლომატიური კორპუსი სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის ცვლილების სანახავად ჩავიდა, ონლაინ მედიის წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება არ მიეცათ. ტეროტორიაზე მხოლოდ მაუწყებლები და საერთაშორისო მედია დაუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კი მათ განუმარტეს, რომ ყველას დაშვების შემთხვევაში “უსაფრთხოების კონტროლი გართულდებოდა".

13.08.2019
"ტელეკომპანია პირველის" ცნობით, არხზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის შედეგადაც ვერ ხერხდება გადაცემების ეთერში გაშვება და სრულფასოვნად მუშაობა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი შემთხვევა. ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც დასრულდება გამოძიება, დადგება დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი და არ გაჭიანურდება ეს პროცესი ისე, როგორც, სხვა მედიასაშუალებების, მაგალითად, "გურიანიუსის" შემთხვევაში მოხდა.
05.08.2019
2019 წლის 01 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე - მიიღონ კომპანიის 40%, უარს ამბობენ, სამართლებრივ დავას განაგრძობენ და ხალვაშთან მოლაპარაკებებს წყვეტენ. ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების განცხადების საფუძველზე, მათი ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე გამოძიება 2012 წლის 08 დეკემბერს დაიწყო და ისევ გრძელდება. აღნიშნულ საქმეზე არაერთი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება გამოითქვა თავად ,,რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებში ჩართული პირების მხრიდან.
28.07.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს
სამთავრობო უწყებების პრესსამსახურის ხელმძღვანელებს

საქართველოში მომუშავე ჟურნალისტების მიმართვა

მოგმართავთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც აერთიანებს 363 ჟურნალისტს. როგორც ორგანიზაციის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები საუბრობენ რამდენიმე სამთავრობო (განსაკუთრებით ძალოვანი) უწყების მიერ ჩამოყალიბებულ ცუდ პრაქტიკაზე, როდესაც ბრიფინგის ჩანიშვნისას ისე არიან გასაშუქებლად მიწვეულნი, რომ მათთვის უცნობი რჩება ღონისძიების თემა. უმნიშვნელოვანესია რედაქციებმა იცოდნენ, რა საკითხზე იმართება ბრიფინგი თუ პრესკონფერენცია, რათა საკუთარი ადამიანური თუ ტექნიკური რესურსის გათვალისწინებით, სარედაქციო პოლიტიკისა და ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა დასწრება და გაშუქება.

09.07.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის ცნობილი გახდა, რომ 8 ივლისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე 2 აქციის გაშუქებისას დემონსტრანტთა ნაწილი აგრესიული იყო ჟურნალისტების მიმართ, ხელს უშლიდა მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას. ამის საპასუხოდ რეპორტიორების დაცვის ნაცვლად სამართალდამცავები მათ ურჩევდნენ ტერიტორიის დატოვებას. ამასთან ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის უწევთ ახსნა თუ რატომ არის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა დანაშაული. 

21.06.2019
საქართველოს მთავრობას,
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს,
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს

ჟურნალისტების მიმართვა

21 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. მათი თქმით, სამართალდამცავები დამიზნებით ესროდნენ მაშინაც კი, როდესაც თვალსაჩინო იყო, რომ ისინი მედიის წარმომადგენლები იყვნენ და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.