10.07.2020
კატეგორია : განცხადებები;
9 ივლისს, სხვადასხვა
მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა იმ ახალგაზრდების პირადი შინაარსის
ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებიც უკავშირდებიან გიორგი შაქარაშვილის
საქმეს. ქარტია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებით ჟურნალისტებმა
დაარღვიეს ამ საქმეში მონაწილე პირების პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის უფლება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტია აცხადებს, რომ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი,
ჰქონდეს ინფორმაცია ამ საქმის გამოძიების დეტალების შესახებ.
ქარტია აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჟურნალისტის
მიერ მოძიებული ინფორმაცია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ
ჟურნალისტებმა დაიცვან ეთიკური სტანდარტები და პატივი სცენ ამ
საქმესთან დაკავშირებული ყველა პირის პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობას, თუკი არ აქვს მას თავად საქმესთან კავშირი და არ
არსებობს მისი გასაჯაროების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი
ინტერესი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
მოუწოდებს მედიასაშუალებებს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი
ინფორმაციები და უსაფუძვლო ვარაუდები, რამაც შესაძლოა გაზარდოს
საზოგადოებაში მცდარი შეხედულებების შექმნის ალბათობა და ზიანი
მიაყენოს საქმესთან დაკავშირებული ადამიანების კანონიერ ინტერესებს.