გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ლელა გელხვიძე ნუცა მამულაშვილისა და მარიკა ბაკურაძის წინააღმდეგ
25.03.2025

განმცხადებელი : ლელა გელხვიძე;
მოპასუხე : ნუცა მამულაშვილი და მარიკა ბაკურაძე;
დარღვეული პრინციპები : 8 პრინციპი;

25 იანვარი, 2025 წელი

 

 

საქმე N- 762

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

 

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, თიკო დავაძე, ირაკლი მსხილაძე

 

 

აღწერილობითი ნაწილი

 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ლელა გელხვიძემ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის ნუცა მამულაშვილისა და წამყვანის მარიკა ბაკურაძის წინააღმდეგ.

 

მოპასუხე მხარეს თავისი შეპასუხება არ წარმოუდგენია.

 

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში. განმცხადებლის თანხმობით, საბჭომ განცხადება მის დაუსწრებლად განიხილა.

სხდომაში არც მოპასუხე მხარეს მიუღია მონაწილეობა.

 

 

სამოტივაციო ნაწილი

 

 

სადავო მასალა:

 

სადავო მასალა “იმედის დღის” ეთერში და მათ ფეისბუქ გვერდზე 2024 წლის 18 სექტემბერს გამოქვეყნდა. სიუჟეტში ნაჩვენებია არასრულწლოვნების გამოკითხვა, რომელშიც მათ აჩვენებენ სხვადასხვა ხილის, ბოსტნეულის და პროდუქტის ფოტოებს და სთხოვენ, ფოტოებზე გამოსახული ობიექტი ამოიცნონ. ვიდეოში ჩანს, რომ ზოგიერთი არასრულწლოვანი ვერ სცემს სწორ პასუხს, ზოგიერთი კი ხილის და ბოსტნეულის დასახელებებს ინგლისურ ენაზე ამბობს.

 

გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდა განმცხადებლის 11 წლის შვილიც.

 

განმცხადებლის მხრიდან სადავოდაა გამხდარი გადაცემის წამყვანის, მარიკა ბაკურაძის, ფრაზა: “ერთადერთი, რასაც ვერ შევეგუები, ის არის, რომ, რომ არ იცი, შეიძლება მერე ისწავლო, მაგრამ ინგლისურად რო იციან და ქართულად არ იციან, ამ საკითხს მე ვერ შევეგუები, ეს არ მესიამოვნა.”

 

ამასთან, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ასეთი სიუჟეტის მომზადებისას, აუცილებელია მასში მონაწილე ბავშვების მშობლების თანხმობა.

 

მერვე პრინციპი.

 

“ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.”

 

არასრულწლოვნის ინტერესის დარღვევად საბჭო მიიჩნევს ისეთ შემთხვევებს, როცა გავრცელებულმა ინფორმაციამ იმ მომენტში ან მომავალში, შესაძლოა, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე.

 

როგორც განმცხადებელმა განმარტა, მისი შვილის სიუჟეტში მონაწილეობის შესახებ “იმედის” ჟურნალისტს მისი წინასწარი თანხმობა არ ჰქონდა.

ქარტიის სტანდარტით, 16 წლამდე ბავშვთან ინტერვიუს ჩაწერამდე მშობლის ან მეურვის წინასწარი თანხმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უკეთ იცავს. ზოგჯერ ამ ასაკის ბავშვი ვერ აცნობიერებს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის ინტერვიუს, გამოკითხვაში მონაწილეობას, თუმცა მოგვიანებით მან, შესაძლოა, აღმოაჩინოს, რომ სიუჟეტში მონაწილეობამ გარკვეული უსიამოვნება მოუტანა.

 

აქედან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ მასალაში აუცილებელი იყო მონაწილე ბავშვების მშობლების ინფორმირებული თანხმობა, და ასეთი თანხმობის არ არსებობა (განმცხადებლის შემთხვევაში) საბჭომ მე-8 პრინციპის დარღვევად მიიჩნია.

 

თუმცა, ქარტიის პრაქტიკით, ზოგიერთ შემთხვევაში მშობლის თანხმობაც არ არის გარანტია იმისა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი დაცული იქნება.

 

ამ კონტექსტში უნდა შეფასდეს, ხომ არ შეუქმნის სადავო სიუჟეტი არასრულწლოვნებს  დისკომფორტს მომავალში და ხომ არ გამოიწვევს ის მათ ბულინგს, დისკრიმინაციას ან სტიგმატიზებას.

 

როგორც საბჭოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღუნიშნავს, არასრულწლოვნობის პერიოდი მოიცავს იმ ასაკს, როდესაც ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან, ინფორმაციას სენსიტიურად აღიქვამენ.

 

გამოკითხვაში მონაწილე არასრულწლოვნებზე დაკვირვებით უნდა ითქვას, რომ სადავო სიუჟეტის ნახვის და შინაარსის აღქმის შესაძლებლობა მათ უკვე აქვთ. აღნიშნულზე წვდომა აქვთ არა მარტო მათ, არამედ მათ თანატოლებს, კლასელებსა და მეგობრებს, რამაც, შესაძლოა, მათ ბულინგს შეუწყოს ხელი კითხვებზე გაცემული (მათ შორის არასწორი) ერთი შეხედვით სახალისო პასუხების გამო.

 

მედიაში ბავშვის საკითხების გაშუქების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესაბამისად, ბავშვების საკითხის გაშუქებისას მედიამ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს სიზუსტისა და კორექტულობის დასაცავად; ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალის გამოქვეყნებისას მათ შესაძლო შედეგები საგულდაგულოდ უნდა აწონ-დაწონონ და ზიანის ფაქტორი მინიმუმამდე დაიყვანონ.

 

ჟურნალისტს განსაკუთრებული ყურადღება მართებს არასრულწლოვნების მისამართით გაჟღერებული რეპლიკების მიმართ.


განმცხადებელმა ასევე სადავო გახადა გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, მარიკა ბაკურაძის, სიტყვები: “ერთადერთი, რასაც ვერ შევეგუები, ის არის, რომ, რო არ იცი, შეიძლება მერე ისწავლო, მაგრამ ინგლისურად რო იციან და ქართულად არ იციან, ამ საკითხს მე ვერ შევეგუები, ეს არ მესიამოვნა”.

 

საბჭო მიიჩნევს, რომ ეს ფრაზა არასრულწლოვანს აკრიტიკებს, ამცირებს მხოლოდ იმის გამო, რომ მან ზოგიერთი ობიექტის სახელი გაიხსენა ინგლისურად და არა ქართულად.

 

წამყვანის ასეთი რეპლიკა ხელს უწყობს არასრულწლოვნის სტიგმატიზაციას და მას ბულინგის ობიექტად აქცევს, ეს კი არასრულწლოვნების ტრავმირებას გამოიწვევს, თანაც ხანგრძლივ პერსპექტივაში, რამდენადაც აღნიშნული სიუჟეტი შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.

 

ასევე, საბჭო პრობლემად მიიჩნევს გამოკითხვაში მონაწილე არასრულწლოვნების იდენტიფიცირებას.

 

მართალია, სიუჟეტში არასრულწლოვნების სახელ-გვარები არ არის დასახელებული, თუმცა მათი სახეების გამოჩენა შესაძლებელს ხდის მათ იდენტიფიცირებას. ამასთან, გაურკვეველია, არასრულწლოვნების კამერის წინ გამოკითხვა რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება, რომლის მიღწევაც მათი სახეების გამოჩენის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ გამოკითხვის ერთადერთი მიზანი არასრულწლოვნების ცოდნის გადამოწმება იყო. გამოკითხვის ასეთი ფორმატი ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და მას არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს.

 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საბჭო სიუჟეტში არასრულწლოვნების ინტერესების დარღვევის კუთხით ორ მთავარ პრობლემას გამოყოფს:

 

  1. სავარაუდოდ, 16 წლამდე არასრულწლოვნები მშობლის თანხმობის გარეშე გამოიკითხნენ. ასევე, სახეების გამოჩენა შესაძლებელს ხდის მათ იდენტიფიცირებას, რაც არანაირ ლეგიტიმურ მიზანს არ ემსახურება.

 

  1. არასრულწლოვნის მიმართ წამყვანის მიერ წარმოთქმული დამაკნინებელი რეპლიკა მის ტრავმირებას უწყობს ხელს. ქარტიის პრაქტიკით, მედიამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ეს არ მოხდეს, ამ შემთხვევაში კი პირიქით, ჟურნალისტებმა არასრულწლოვნების შესაძლო დაზარალებას შეუწყვეს ხელი, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესს ცალსახად ლახავს და მერვე პრინციპის დარღვევას წარმოადგენს.

    გამომდინარე აქედან, საბჭო მიიჩნევს, რომ “იმედის” ჟურნალისტებმა ბავშვის საუკეთესო ინტერესის სტანდარტით არ იხელმძღვანელეს და ქარტიის მე-8 პრინციპი დაარღვიეს.

 

 

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

 ნუცა მამულაშვილმა და მარიკა ბაკურაძემ დაარღვიეს ქარტიის მერვე პრინციპი.