გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - PHR-ი Primetime-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ
17.09.2019

მოპასუხე : მალხაზ მიქელაძე;
დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი; 8 პრინციპი; 10 პრინციპი;
გადაწყვეტილება

29 მაისი 2019 წელი

საქმე N 286

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის Primetime-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის და მალხაზ მიქელაძის წინააღმდეგ


საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ლაურა გოგოლაძე, გელა მთივლიშვილი.

განმცხადებელი: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის

მოპასუხე: Primetime-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი და მალხაზ მიქელაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა შემდეგ ჟურნალისტურ პროდუქტებს:

  1. Primetime-ის Facebook გვერდზე, 2019 წლის 22 მაისს გამოქვეყნებულ ვიდეო მასალა სათაურით „რას ყვებიან აღაიანში 16 წლის გოგოზე, რომელმაც 7 თვის შვილი გაგუდა“.
  2.  Primetime-ის ვებსაიტზე, 2019 წლის 22 მაისს გამოქვეყნებული მასალა სათაურით „მინდოდა ტკივილი მიმეყენებინა, უფრო მეტად ჩემი თავისთვის“ - რას ყვება დედა, რომელმაც 7 თვის შვილი გაგუდა?” .
  3. Primetime-ის ვებსაიტზე, 2019 წლის 22 მაისს გამოქვეყნებული მასალა სათაურით „აღაიანში მოკლული ჩვილის დედაზე ოჯახის ახლობლები ახალ დეტალებს ყვებიან“. ავტორი მალხაზ მიქელაძე.
განმცხადებელი უთითებდა, რომ აღნიშნულ სტატიებში დარღვეული იყო ქარტიის მე-3, მე-7, მე-8 და მე-10 პრინციპი. ჟურნალისტურ პროდუქტებზე: „რას ყვებიან აღაიანში 16 წლის გოგოზე, რომელმაც 7 თვის შვილი გაგუდა“ და „მინდოდა ტკივილი მიმეყენებინა, უფრო მეტად ჩემი თავისთვის“ - რას ყვება დედა, რომელმაც 7 თვის შვილი გაგუდა?” არ იყო მითითებული მათი ავტორების ვინაობა. ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიმართვის მიუხედავად მედიასაშუალებას არ მოუწოდებია ინფორმაცია, თუ კონკრეტულად ვინ იყო პასუხისმგებელი აღნიშნულ მასალებზე. ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 3.4 პუნქტის თანახმად „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი“.

განცხადების განხილვის თავისებურება: ქარტის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“. განცხადება საბჭოს მიერ განხილული იქნა აღნიშნული გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან საბჭომ ჩათვალა, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მე-3 პრინციპის მიხედვით “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია”. სტატიაზე სათაურით: „მინდოდა ტკივილი მიმეყენებინა, უფრო მეტად ჩემი თავისთვის“ - რას ყვება დედა, რომელმაც 7 თვის შვილი გაგუდა?” მესამე პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით განმცხადებელი უთითებდა, რომ „მასალიდან არ ჩანს, როგორ მოიპოვა ჟურნალისტმა აღნიშნული ციტატა [იგულისხმება „მინდოდა ტკივილი მიმეყენებინა, უფრო მეტად ჩემი თავისთვის“], ვინ მიაწოდა ინფორმაცია, იყო თუ არა გადამოწმებული ციტატა გამოქვეყნებამდე ან ვინ არის პირველწყარო“. განმცხადებლის მიერ სადავოდ მიჩნეულ ფრაზას წინ უძღვის შემდეგი შესავალი „ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ამბობს“. შესაბამისად ჩანს, რომ ჟურნალისტის წყაროა ის პირი/პირები, რომელთაც ჰქონდათ კომუნიკაცია ბრალდებულთან დანაშაულის სავარაუდოდ ჩადენის შემდეგ. აქვე საბჭო აღნიშნავს, რომ მე-3 პრინციპზე მსჯელობისას არ განიხილება იყო თუ არა ინფორმაცია გადამოწმებული, რადგან ინფორმაციის სიზუსტე და გადამოწმება პირველი პრინციპის ფარგლებში ფასდება. კონკრეტულად წყაროს არ მითითება, არ ნიშნავს რომ წყარო დაუდასტურებელია და ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, ქარტიის მესამე პრინციპი დარღვეულად არ ჩაითვლება.

ქარტიის მე-7 პრინციპი “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. სამი სადავო მედიაპროდუქტიდან ქარტიის საბჭოს შეფასებით, მე-7 პრინციპი დაირღვა ვიდეომასალაში სათაურით „რას ყვებიან აღაიანში 16 წლის გოგოზე, რომელმაც 7 თვის შვილი გაგუდა“. აღნიშნულ ვიდეო მასალა შეიცავს ჟურნალისტის ინტერვიუს გარდაცვლილი ბავშვის მამის ნათესავთან.

„როგორი დედა იყო?“, „რას ჰქვია, ძალით შემოგივარდათ [იგულისხმება ბრალდებული]?“ „ბავშვს როგორ ექცეოდა?“ - ჟურნალისტი ამ კითხვებით ცდილობს მიიღოს ინფორმაცია არასრულწლოვანი ბრალდებულის [დედის] გენდერული როლების შესახებ, ამით კი ხელს უწყობს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, თითქოს ამბავში მნიშვნელოვანია როგორი დედა იყო ბრალდებული და ამ „გენდერული როლის“ შეუსრულებლობა ხომ არ იყო ოჯახში კონფლიქტის და შემდგომ ამისა დანაშაულის ჩადენის მიზეზი. აქვე აღსანიშნავია რესპონდენტის პასუხები, როცა იგი ქმრის მიერ ცოლისათვის კომუნიკაციის შეზღუდვას [SMS შეტყობინებების წაშლას] არ განიხილავს როგორც კონფლიქტს და ამას [კომუნიკაციის კონტროლს და შეზღუდვას] ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს, აძლიერებს სტიგმას, რომ ნორმირებული და მისაღები ქცევაა ქმრის მიერ ცოლის მსგავსი კონტროლი.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“. მასალაში სათაურით „რას ყვებიან აღაიანში 16 წლის გოგოზე, რომელმაც 7 თვის შვილი გაგუდა“ საუბარია ბრალდებულის შესაძლო სექსუალურ კავშირზე სხვა პირთან. ამ ინფორმაციის მიმართ არ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი, ვინაიდან ის კავშირში არ იყო მომხდართან, არ სძენდა დამატებით ღირებულებას ამბავს და არ აწვდიდა საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დამატებით ინფორმაციას. ნაცვლად ამისა, ემსახურებოდა მხოლოდ საზოგადოების სუბიექტური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას, და ამძაფრებდა ნეგატიურ განწყობებს მკვლელობაში ბრალდებული დედის მიმართ. შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებით დაირღვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი, რადგან აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას არ ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი [განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი].

მე-10 პრინციპს საბჭო ასევე დარღვეულად მიიჩნევს დანარჩენ სტატიებშიც 1„აღაიანში მოკლული ჩვილის დედაზე ოჯახის ახლობლები ახალ დეტალებს ყვებიან“ და 2. „მინდოდა ტკივილი მიმეყენებინა, უფრო მეტად ჩემი თავისთვის“ - რას ყვება დედა, რომელმაც 7 თვის შვილი გაგუდა?” ორივე სტატიაში საუბარია პირადი ცხოვრების გადაუმოწმებელ დეტალებზე - „დედა საკუთარ ჩვილს ხშირად უყვიროდა, რადგან ბავშვის ტირილი აღიზიანებდა“, „მეუღლე სმს-ების მიმოწერას უშლიდა. წამოდი ვის ურეკავ, მაინტერესებსო - ეუბნებოდა. მასზე არანაირი ძალადობა არ ყოფილა“, ეს დეტალები ასევე არ იძლეოდა დამატებით და აუცილებელ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე და არ არსებობდა მის მიმართ საჯარ ინტერესი.

ვინაიდან ამ შემთხვევაში ამბავი ეხებოდა არასრულწლოვანს და მოხდა მის პირად ცხოვრებაში გაუმართლებლად შეჭრა, არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, ამით დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპიც „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. Primetime-ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-7, მე-8 და მე-10 პრინციპი.

2. Primetime-ის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 პრინციპი.

3. მალხაზ მიქელაძემ დაარღვია ქარტიის მე-8 და მე-10 პრინციპი.

4. მალხაზ მიქელაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-7 პრინციპი.