10.03.2017
კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდება საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ჟურნალისტების შრომითი უფლებების რეალიზაციის პროცესს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდება საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ჟურნალისტების შრომითი უფლებების რეალიზაციის პროცესს. ამჯერად ყურადღება გვინდა შევაჩეროთ ჟურნალისტ ლაშა მესხის დათხოვნის საკითხზე.ლაშა მესხი საინფორმაციო გამოშვება "მოამბისთვის" მუშაობდა და პარალელურად მედიის პროფკავშირების ხელმძღვანელობს. როგორც ცნობილი გახდა, მაუწყებლის 13 თანამშრომლიდან, რომლებსაც ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულებები ჰქონდათ გაფორმებული, ლაშა მესხი ერთადერთი აღმოჩნდა, ვისაც კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს. სამსახურიდან ჟურნალისტის გაშვების შესახებ მენეჯმენტს მედია ადვოკატირების კოალიციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზეც ჰკითხეს, თუმცა დასაბუთებული პასუხი ვერ მივიღეთ. კიდევ უფრო საგანგაშოა მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის განცხადება, რომ ლაშა მესხს ურჩევს საქმიანობის სფერო შეიცვალოს, რადგან, როგორც ჟურნალისტს ვერ ხედავს (წყარო: ნეტგაზეთი).
მსგავსი გადაწყვეტილება გაუგებარია, იმ ფონზე, რომ არხზე მიმდინარეობს რეფორმა. როგორც ცნობილია, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, უახლოეს პერიოდში "მოამბის" ჟურნალისტები ატესტაციის გზით უნდა შეფასდნენ და შედეგების მიხედვით მიიღებენ მათთან შრომითი ურთიერთობის შესახებ გადაწყვეტილებას. ჩნდება ეჭვი, რომ სამსახურიდან ლაშა მესხის გათავისუფლება უკავშირდება მის აქტიურობას მედიის პროფკავშირებში. ის საკუთარი და სხვისი შრომითი უფლებებისთვის იბრძოდა და ღიად საუბრობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ პრობლემებზე. თუ ეს ასეა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მიუღებელია პირის ამ ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება.