კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის- "მაესტროს- თანამშრომლების შრომითი ურთიერთობის შეჩერებას ეხმაურება
03.06.2016

კატეგორია : განცხადებები;

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" სწავლობს ტელეკომპანია "მაესტროს" 32 თანამშრომლისათვის შრომითი ხელშეკრულების შეჩერების საკითხს.

ამ დროისათვის დასტურდება ის, რომ 2016 წლის 02 ივნისს, ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორის გადაწყვეტილებით, შრომითი ურთიერთობა შეუჩერდათ ტელეკომპანია "მაესტროს" ოთხ თანამშრომელს. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლად მათი 31 მაისს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" მონაწილეობა სახელდება. როგორც გავრცელებულ წერილშია მითითებული, არხის ხელმძღვანელი "ყოვლად დაუშვებლად" მიიჩნევს მენეჯმენტთან შეუთანხმებლად მოქმედმა თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღონ კონკურენტი ტელეკომპანიის ან ტელეკომპანიების "თოქშოუებში", სადაც "მაესტროს" საქმიანი რეპუტაციის შემლახავი და მისი კომერციული ინტერესების დამაზიანებელი განცხადებები კეთდება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ტელეკომპანია "მაესტრომ" დაიწყო "შიდა სამსახურებრივი მოკვლევა", ხოლო მოკვლევის დასრულებამდე 4 თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილება შეუჩერა.

იმავე დღეს, ტელეკომპანიის დირექტორის ბრძანებით, გადაცემების - "ბიზნეს კონტაქტის", "ანალიტიკისა" და "საქმიანი დილის" 32 თანამშრომელს (მათ შორის იმ ოთხ თანამშრომელს, რომელთა მიმართებითაც უკვე იყო მიღებული შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება შიდა სამსახურებრივი მოკვლევის საფუძვლით) შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა. აღნიშნულის საფუძვლად დამსაქმებელი თანამშრომლები გაფიცვას ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ თავად თანამშრომლებს არ გამოუყენებიათ გაფიცვის უფლება და ამის შესახებ არ უცნობებიათ დამსაქმებლისათვის, ამდენად, გაუგებარია ტელეკომპანიამ საკუთარი ინიციატივით როგორ ჩათვალა დასაქმებულები გაფიცულებად. ამ დროისათვის შესწავლილი ფაქტები ბადებს ეჭვს, რომ ტელეკომპანიის მხრიდან შრომითი ურთიერთობების შეჩერება განხორციელდა კანონმდებლობის დარღვევით.

ამასთან, განვითარებული მოვლენებიდან იკვეთება არამხოლოდ შრომითი უფლებებისა დარღვევისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის მაღალი ალბათობა, არამედ ასევე, საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს მცდელობას, რომ წინასაარჩევნოდ, მედია სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ინფორმაციულ-ანალიტიკური გადაცემების სარედაქციო პოლიტიკაში მოხდეს უხეში ჩარევა. ეს კი თავის მხრივ, შეუზღუდავს მოქალაქეებს მრავალფეროვან, ობიექტურ და კრიტიკულ ინფორმაციაზე წვდომას და შესაბამისად, მნიშვნელოვნად დააზიანებს წინასაარჩევნოდ მედია გარემოს და საბოლოო ჯამში - საქართველოს დემოკრატიულ პროცესებს.

კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" კვლავაც დააკვირდება ამ ფაქტთან დაკავშირებულ მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის უახლოეს მომავალში.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.