03.06.2016
კატეგორია :
განცხადებები;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შემაშფოთებელად მიიჩნევს ტელეკომპანია
"მაესტროს" ხელმძღვანელობის მიერ გადაცემების "ბიზნესკონტაქტი" და
"საქმიანი დილა" ეთერიდან მოხსნას და 32 თანამშრომელისთვის
შრომითი ხელშეკრულების "დროებით შეწყვეტას".
ამის მიზეზად მენეჯმენტმა დაასახელა თანამშრომელთა ულტიმატუმი
არხიდან წასვლის შესახებ, თუ გადაცემების ავტორსა და წამყვანს, გიორგი
ისაკაძეს ტელეკომპანიაში არ დააბრუნებდნენ. თანამშრომლების თქმით, მათ
არხის ხელმძღვანელს ულტიმატუმი მხოლოდ მას შემდეგ წაუყენეს, რაც
სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე დაინახეს. ჟურნალისტური
ეთიკის ქარტია მოუწოდებს ტელეკომპანია "მაესტროს" ხელმძღვანელობას,
გამჭვირვალე გახადოს მიღებული გადაწყვეტილების მოტივები და ამის
შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, რადგან ქარტია
მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
პლურალისტური მედია გარემოს არსებობა.