კატეგორია : განცხადებები;
04 თებერვალი 2015
საქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში გეგმავს მეორე მოსმენით განიხილოს "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი, რომლის ავტორია უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი, ხოლო ინიციატორი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი. აღნიშნულმა კანონმა უნდა ჩაანაცვლოს დაახლოებით 20 წლის წინ, 1996 წელს მიღებული მისი წინამორბედი საკანონმდებლო აქტი. კანონპროექტის წარმოდგენილი ვერსია ძირითადად იმეორებს მოქმედ კანონში არსებულ დებულებებსა და სტრუქტურას, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გააჩნია არაერთი ხარვეზი, რომლის დახვეწის გარეშეც მისი მიღება გაუმართლებლად მიგვაჩნია.
აღსანიშნავია, რომ დღეისთვის აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა "ინფორმაციის თავისუფლების შესახებ" ახალი კანონის პროექტზე, რომლის შემუშავებაშიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ჩართულნი არიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ისეთი მნიშნველოვანი კანონპროექტის მომზადება, რომელიც სრულად მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, "ინფორმაციის თავისუფლების შესახებ" ახალი კანონის პროექტისგან აბსოლუტურად მოწყვეტილად და წინმსწრებად მიმდინარეობს. სახელმწიფო საიდუმლოება წაემოადგენს გამონაკლისს, მთავარი პრინციპი კი ინფორმაციის ღიაობაა. ისეთ ვითარებაში კი, როდესაც ჯერ გამონაკლისის დადგენა მიმდინარეობს ახალი კანონის მეშვეობით, სერიოზული რისკები ჩდება ინფორმაციის თავისუფლების სათანადოდ უზრუნველყოფისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" სრულიად ახალი კანონის პროექტის მომზადებაში არ ყოფილან ჩართულნი ის ორგანიზაციები, რომელთაც ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის საკითხებზე გააჩნიათ ექსპერტიზა. შესაბამისად, პარლამენტის მიერ განსახილველ კანონპროექტში წარმოდგენილი სიახლეები ასახავს არა ინფორმაციის თავისუფლების სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებების პერსპექტივიდან გარკვეული ტექნიკური საკითხების მოწესრიგებას და განსაზღვრას. სამწუხაროდ, ის რამდენიმე შეხვედრა, რომლებიც პარლამენტის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით გაიმართა, არსებითი ცვლილების მომტანი ვერ აღმოჩნდა კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიისათვის.
"სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" ახალი კანონის პროექტი ვერ პასუხობს გამოწვევებს და არსებითად ვერ აუმჯობესებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებით არსებულ კანონმდებლობას. მაგ. კანონპროექტის ოფიციალურ ვერსიაში არ არის გათვალისწინებული საჯარო ინტერსის ტესტი, ხოლო, ე.წ. "ზიანის ტესტი" სუსტი ფორმით არის წარმოდგენილი. კანონპროექტი (ისევე როგორც მოქმედი კანონი) წამყვან როლს სახელმწიფო საიდუმლოებების დაცვაზე კონტროლის სფეროში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებს, რაც მიუღებელია მთელი რიგი მიზეზების გამო, ხოლო საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სჯობს საზედამხედველო ფუნქციები დამოუკიდებელ ორგანოს დაეკისროს. ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტში ასევე არ არის წარმოდგენილი მამხილებელთა დაცვის სათანადო გარანტიები, არ გვარდება სახელმწიფო საიდუმლოების სფეროში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები სახელმწიფო საიდუმლოების გაცემისა და გახმაურების შემთხვევაში ჟურნალისტების შესაძლო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ჩათვლით.
ამავდროულად, განსახილველი კანონპროექტით უარესდება დღეს მოქმედი ცალკეული დებულებები. კერძოდ: ფართოვდება იმ ნორმატიულ აქტთა წრე, რომელიც შესაძლოა მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას, საიდუმლოობის გრიფის აღმნიშნელ პირს არა აქვს ვალდებულება ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ მოტივირებულ წინადადებაზე დასაბუთებული პასუხი გასცეს, იზრდება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებისათვის პირის შემოწმების ვადა, ამავდროულად, დაშვებაზე უარის თქმა შესაძლოა დაეფუძნოს ბუნდოვან კრიტერიუმებს, ფართოვდება საიდუმლოდ მიჩნეული ინფორმაციის წრე და სხვა.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ არ მიიღოს "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" ახალი კანონის პროექტი, მით უფრო არსებული სახით, და მასზე მსჯელობა გამართოს მხოლოდ "ინფორმაციის თავისუფლების შესახებ" ახალი კანონის პროექტის ჭრილში და მის პარალელურად.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
იდენტობა
ადამიანის უფლებათა ცენტრი
როდესაც ინფორმაციის გამჟღავნების ინტერესი აღემატება მისი საიდუმლოდ შენახვის ინტერესს, ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს;
ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევა უნდა მოხდეს იმ ზიანის გათვალისწინებით, რომლის მიყენების პოტენციალიც ამ ინფორმაციის საჯაროობას გააჩნია სახელმწიფო ინტერესებისათვის;
(1) ზოგადად, შსს თავად ფლობს დიდძალ საიდუმლო ინფორმაციას და როგორც წესი, მოწადინებულია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იქნეს გასაიდუმლოებული; (2) შესაძლებელია ამგვარი საკონტროლო უფლებამოსილებანი შსს-მ გამოიყენოს იმ ინფორმაციის შესაგროვებლად, რომლისთვისაც სხვა შემთხვევაში სასამართლოს ნებართვა დასჭირდებოდა; (3) არავითარი ანგარიშვლადებულება შსს-ს მიერ ასეთი ტიპის საქმიანობის განხორციელების პროცესში დადგენილი არ არის.