ქარტიის საბჭოს განცხადება
19.08.2014

კატეგორია : განცხადებები;
18 აგვისტოს, ერთ-ერთ ონლაინ პორტალზე გამოქვეყნდა ჟურნალისტ დარეჯან ლიპარტელიანის სტატია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ოჯახის წევრს და მის პირად ცხოვრებას ეხება. ქარტიის საბჭოს სურს გამოეხმაუროს ამ მასალას, რომლის შინაარსსაც შეგნებულად არ იმეორებს, რადგან ის ეხება ადამიანის პირადი ცხოვრების ინტიმურ დეტალებს და არ მიიჩნევს საჭიროდ ამ დეტალების ხელახლა ტირაჟირებას საკუთარ განცხადებაში. ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ სტატია ერთდროულად არღვევს არაერთ პროფესიულ და ეთიკურ პრინციპს: ის მთლიანად აგებულია ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და პირად მოსაზრებებზე; წინააღმდეგობაში მოდის ქვეყანაში დეკლარირებულ ანტიდისკრიმინაცულ ნორმებთან; არღვევს პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მაშინ როდესაც არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი; არის ჰომოფობიური და ხელს უწყობს პიროვნების დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის მიხედვით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სტატიაში არა მხოლოდ რესპონდენტი იყენებს ჰომოფობიურ გამონათქვამებს, არამედ თვითონ ავტორიც. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ მსგავსი უპასუხისმგებლო და ჟურნალისტური სტანდარტის უარმყოფელი მასალის გამოქვეყნებით, ავტორიცა და გამოცემაც ხელს უწყობენ საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას და ახალისებენ დისკრიმინაციას სექსუალური ნიშნით, რაც მედიასაშუალებისა და ჟურნალისტის მხრიდან დაუშვებელია.
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.