ქარტიის საბჭოს განცხადება "მოამბეში" გასულ ინფორმაციაზე
08.08.2014

კატეგორია : განცხადებები;
6 აგვისტოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვება "მოამბის" ეთერში გავიდა ინფორმაცია შეერთებულ შტატებში, კანზასის შტატში, 10 თვის გოგონას დაღუპვის შესახებ. მასალის მიხედვით, ბავშვის გარდაცვალება მშობლების დაუდევრობამ გამოიწვია - პატარა 30 გარდუსიან სიცხეში მანქანაში დატოვეს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ინფორმაციის გადაცემისას მაუწყებელმა გარკვეული აქცენტებისა და ინტერპრეტაციის გამო მას დისკრიმინაციული ხასიათი შესძინა და ამით დაარღვია როგორც მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, ისე საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი. კერძოდ: "მოამბეში" ხაზგასმული იყო, რომ "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წყვილს 10 თვის ქალიშვილი მანქანაში დარჩა" - ეს ფრაზა ფიგურირებდა როგორც წამყვანის ტექსტში, ისე საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. "მოამბის" მიერ ეთერში გადაცემულ გრაფიკაშივე ნათლად იკითხება, რომ ინფორმაციის წყარო უბედური შემთხვევის მიზეზად უბრალოდ მამაკაცს ასახელებს და არ უსვამს ხაზს მის სექსუალურ ორიენტაციას. მეტიც, მთლიან ტექსტშიც კი არსადაა საგანგებო მითითება, რომ წყვილი ჰომოსექსუალია. პირველი არხი კი სწორედ ორიენტაციაზე მიუთითებს, რითიც ქმნის განწყობას, თითქოს ტრაგედიის მიზეზი სწორედ წყვილის ორიენტაციაა. ამერიკული მედიის ცნობით, 2013 წელს მშობლების მიერ მანქანაში დატოვებული 40 ზე მეტი ბავშვი გარდაიცვალა, 2014 წელს ეს რიცხვი უკვე 21-ია. "მოამბემ" კი მხოლოდ იმ უბედურ შემთხვევას გაუსვა ხაზი, რომელიც ჰომოსექსუალ წყვილს შეემთხვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ინფორმაციის ამ ფორმით გადაცემა არღვევს როგორც მაუწყებელთა ქცევის კოდექსს, ისე თვითონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსს - მასში არ არის დაცული ჯეროვანი სიზუსტე და ამავე დროს ის დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს: საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი მუხლი: 15.9 - სექსუალური უმცირესობები "ჰომოსექსუალები ხშირად შეურაცხმყოფელი სტერეოტიპების მსხვერპლნი ხდებიან. ჰომოსექსუალები და ბისექსუალები უმცირესობას შეადგენენ და გადაცემის ავტორებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინიც, სხვების მსგავსად, საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ. გადაცემაში ჰომოსექსუალის სექსუალური ორიენტაცია აღნიშნეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს თემას უშუალოდ უკავშირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაარღვევთ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და ხელს შეუწყობთ სტერეოტიპის გაძლიერებას." მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 33. სახელმძღვანელორეკომენდაციებიმაუწყებლის მიერმრავალფეროვნების, თანასწორობისდატოლერანტობისპრინციპებისდაცვისშესახებ 1.       მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან. 2.       მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას, ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას, აუცილებლობის გარეშე არ უნდა აღნიშნოს პირის ეთნიკური წარმოშობა და რელიგიური მრწამსი. ქარტიის საბჭო მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის "მოამბის" რედაქციას, ყურადღებით და სიფრთხილით მოეკიდოს როგორც მსგავს თემებში ადამიანების რელიგიური, ეთნიკური ან სექსუალური კუთვნილების აღნიშვნას, ისე მთლიანად უმცირესობების გაშუქებას და სთხოვს, აღნიშნული ვიდეოფრგამენტი აიღოს ოფიციალური ვებგვერდიდან და სხვა ოფიციალური ინტერნეტ წყაროებიდან.
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.