ქარტიის საბჭოს განცხადება ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაზე
12.07.2014

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება 9 ივლისს GDS ის ეთერში გასული გადაცემის "ბინა 18"-ის იმ მონაკვეთს, რომელმაც უკვე გამოიწვია საზოგადოების ნაწილის, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის პროტესტი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდებოდა გადაცემის გარშემო მიმდინარე პროცესებს და იმედოვნებდა, რომ ტელეკომპნაიის ხელმძღვანელობა და გადაცემის ავტორებიც გააცნობიერებდნენ პირველ რიგში მედიის პასუხისმგებლობას და პროგრამის უხამსი და დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი მონაკვეთის გამო ბოდიშს მოიხდიდნენ. როგორც აღმოჩნდა გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფისთვის გაუგებარია საზოგადოების იმ ნაწილის არგუმენტები, რომელმაც აღნიშნულ გადაცემაში გენდერული დისკრიმინაციის წახალისება დაინახა და გააპროტესტა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ადასტურებს თავის უარყოფით დამოკიდებულებას გადაცემის კონკრეტული ფრაგმენტისადმი, ეთანხმება უკვე გამოთქმულ პროტესტს და თავის მხრივ მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიამ კონკრეტული გადაცემის ფრაგმენტით დაარღია კანონი მაუწყებლობის შესახებ და მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომელიც უხამსობის შემცველი, დისკრიმინაციის წამახალისებელი და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი პროგრამების გადაცემას კრძალავს. კანონი მაუწყებლობის შესახებ: მუხლი 56. პროგრამული შეზღუდვები 2. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის. 3. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას. 4. იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. ამასთან, მაუწყებელთა ქცევის კოდექსით განსაზღვრულია დროის ის მონაკვეთი და ისეთი პროგრამების ჩამონათვალი, რაც ქმნის არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის საფრთხეს. ზემოთაღნიშნული გადაცემა ეთერში გადაიცემოდა დროის სწორედ იმ მონაკვეთში (20.00 საათიდან 23.00 საათამდე), რომელიც მაუწყებელთა ქცევის კოდექსიით მიიჩნევა წყალგამყოფ პერიოდად და მის განმავლობაში დაუშვებელია ისეთი პროგრამების ადა გადაცემების განთავსება, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ზიანს 12 დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისთვის. თავი XI. არასრულწლოვანთა დაცვა მუხლი 37. არასრულწლოვანთა დაცვის პრინციპი 1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს არასრულწლოვნების დაცვა მავნე ზეგავლენისაგან. 2. პროგრამების განრიგის შედგენისას მაუწყებელმა უნდა დაიცვას ბალანსი არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის უზრუნველყოფასა და ზრდასრული აუდიტორიის უფლებას შორის, დღის განმავლობაში მიიღოს ინფორმაცია. საინფორმაციო პროგრამის ეთერში გასვლისას უნდა გაკეთდეს გამაფრთხილებელი განცხადება, თუ ეთერში გასულმა მასალამ შეიძლება გამოიწვიოს აუდიტორიის აღელვება ან აღშფოთება. მუხლი 38. მაუწყებლის მიერ არასრულწლოვანთა დაცვის უზრუნველყოფისათვის წაყენებული მოთხოვნები (წესები)
  1. აკრძალულია მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას.
  2. მაუწყებელი ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის ამ კოდექსით განსაზღვრული კრიტერიუმები პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ისინი სამაუწყებლო ბადეში ამ კოდექსით განსაზღვრული დროითი შეზღუდვების შესაბამისად.
3. სამაუწყებლო ბადის შედგენისას მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს: ა) არსებობს თუ არა არასრულწლოვნების ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ინტელექტუალური და სულიერი განვითარებისათვის მავნე ზეგავლენის მოხდენის რეალური საფრთხე; ბ) რამდენად შესაფერისია პროგრამა ან/და მასში გამოყენებული მასალები შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის არასრულწლოვანთათვის; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ მაუწყებელი მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს მსგავსი პროგრამების განთავსებას ეთერში და გაითვალისწინოს ყველა ის საფრთხე, რომელიც შესაძლოა ამგვარი მასალის ეთერში გადაცემით შექმნას.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.