11.06.2014
კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა სხვადასხვა მიმართულებით შეტევა მედიაზე, ცალკეული ჟურნალისტებისადმი შეუარცხმყოფელი გამოთქმები და ზეწოლის მცდელობა.
"რუსთავი 2-ის" ფარული ჩანაწერებისა და "მაესტროს" წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ჟურნალისტების მიმართ საჯარო უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მან მედიის ზოგიერთ წარმომადგენელს სიცრუის ტირაჟირებაშიც კი დასდო ბრალი;
გასულ თვეში
ბათუმში მყოფმა პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა
ადგილობრივი ჟურნალისტების შეკითხვებს აგრესიითა და საჯარო
მოხელისთვის შეუფერებელი ტონით უპასუხა; მოგვიანებით, ერთ ერთი
კორპორაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ფეისბუქ გვერდზე დაიწყო
ღირსების შემლახავი კამპანია ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ,
რომელშიც ოლქის პროკურორიც იყო ჩართული; რამდენიმე დღის წინ "ტელეარხ
25-ის" მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში ჩანს, როგორ ემუქრება აჭარის
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს; ჟურნალისტის
მიმართ დამამცირებელ დამოკიდებულებაზე წერს პორტალი "მე რეპორტიორი",
რომლის წარმომადგენელს, ამალია ამბარცუმიანს უცენზურო გამოთქმებით
მიმართა დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი გაბედავამ. ჟურნალისტური
ეთიკის ქარტიის საბჭო კვლავაც გამოხატავს პოზიციას, რომ ჟურნალისტებზე
ნებისმიერი ფორმით ზეწოლა და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის
შეშლა დაუშვებელია. საბჭო გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, რომ
მედიის მიმართ შეურაცხმყოფელმა დამოკიდებულებამ ბოლო პერიოდში
ტენდენციის სახე მიიღო. საბჭო მიმართავს შესაბამის სტურქტურებს,
მოახდინონ რეაგირება ყველა მსგავს ფაქტზე და ასევე მაქსიმალურად
დაიცვან ჟურნალისტთა უსაფრთხოება, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის
დროს, ისე არჩევნების დღეს.