ქარტიის საბჭოს განცხადება
20.03.2014

კატეგორია : განცხადებები;
19 მარტს ჯერ სოციალურ ქსელებში, შემდეგ კი სამაუწყებლო კომპანიების ეთერით გავრცელდა ფოტოკოლაჟი, რომელშიც ჩანს ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრები. სოციალურ ქსელ youtube.com-ზე ანონიმური ავტორის მიერ ატვირთული მასალა, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშეა გავრცელებული. სამაუწყებლო კომპანიების ნაწილმა ფოტოკოლაჟი დაუფარავად აჩვენა, ნაწილმა დეტალების დაფარვით. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საკითხი ნამდვილად არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი და მასზე საზოგადოებამ ინფორმაცია უნდა მიიღოს, თუმცა ჩვენთვის შემაშფოთებელია, ის ფორმა, რომლითაც ეს ფოტოკოლაჟი საინფორმაციო გამოშვებების ეთერით გადაიცა. მითუმეტეს, რომ შესაბამისი ექსპერტული ან სპეციალიზებული ახსნა-განმარტების გარეშე, მაყურებელისთვის ფოტოკოლაჟი გასაგები ინფორმაციის შემცველი ვერ იქნება. სამწუხაროა, რომ მედიაორგანიზაციები უმეტესად გაუფრთხილებლად, სრულად, გადამოწმების გარეშე, მყისიერად გადასცემენ ამგვარ კადრებს. არ ერიდებიან, განსაკუთრებით კადრებში აღბეჭდილი ადამიანების ახლობლებისა და ნათესავების ტრავმირებას და მძიმედ სანახავ ვიდეო და ფოტო მასალას ავრცელებენ ახლო ხედით, მაშინაც კი, როცა კადრებში ნაჩვენები ინფორმაციის მიწოდება აუდიტორიისთვის შეიძლება სიტყვიერად ან სხვა, გაცილებით ნაკლებად მტკივნეული ფორმით. ვფიქრობთ, აგრეთვე მნიშვნელოვანია, ამგვარი ანონიმური მასალების გამოჩენისას, მედია მეტად ინტერესდებოდეს მისი მოპოვების მეთოდებითა და წყაროებით. მითუმეტეს, როდესაც გავრცელებიდან მალევე ზურაბ ჟვანიას ძმისა და რაულ უსუპოვის ოჯახის კომენტარებიდან გაირკვა, რომ ფოტოები გამოძიების მასალების ნაწილია. ქარტიის საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს კოლეგებს მეტი პროფესიონალიზმით მოეკიდონ მსგავს შემთხვევებს და მსგავსი მასალის გავრცელებისას გაითვალისწინონ როგორც საზოგადოებრივი ინტერესი, ისე იმ ადამიანთა ინტერესები, ვისთვისაც გავრცელებული მასალები განსაკუთრებით მტკივნეულია.
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.