ქარტიის განცხადება აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებით
01.11.2013

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ ტელეკომპანიის დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს ირინა ყურუას  თანამდებობის დატოვება და დროებით აჭარის რადიოში მუშაობის გაგრძელება შესთავაზა. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზად იმას ასახელებდნენ, რომ ირინა ყურუა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად კონკურსის გარეშე დაინიშნა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის შეთავაზებას მოჰყვა ახალი ამბების განყოფილების თანამშრომლების პროტესტი. მათ საგანგებო განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც მომხდარი ზეწოლად შეაფასეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების უმრავლესობა ქარტიის ხელმომწერია. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებიც ადასტურებს, რომ აჭარის ტელევიზიამ  ბოლო წლების განმავლობაში პირველად შეძლო ახალი ამბების მაუწყებლობა მაქსიმალურად ობიექტურად და მიუკერძოებლად ეწარმოებინა. თვალსაჩინოა ახალი ამბების სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებისა და პროფესიული სტანდარტების დაცვის მცდელობაც. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების მნიშვნელოვანი ნაწილია. რამდენიმე დღის წინ ქარტიამ მედიაადვოკატირების კოალიციასთან ერთად გაავრცელა განცხადება ტელეკომპანიის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესახებ და მიმართა ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას ხელი შეუწყოს აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაწილად გარდაქმნის პროცესს. დღეს ტელევიზიის ხელმძღვანელობა ცდილობს, გაათავისუფლოს ან სხვა თანამდებობაზე გადაიყვანოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც ნებისმიერ ტელეკომპანიაში დიდწილად განსაზღვრავს არხის საინფორმაციო პოლიტიკას და ახალი ამბების ხარისხს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობამ საკუთარ თანამშრომლებს და მთელ საზოგადოებას უნდა წარუდგინოს თავისი გადაწყვეტილების სერიოზული და პროფესიულად დასაბუთებული არგუმენტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი არხის ხელმძღვანელობა მაინც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს როგორც თავად აჭარის ტელევიზიის მაუწყებლობას, ისე საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის პროცესს და გაამყაროს ვარაუდი, რომ საკადრო ცვლილება პოლიტიკური ნიშნითაა გამოწვეული.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.