28.10.2013
კატეგორია : განცხადებები;
ჟურნალისტისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუშაობაში ხელის შეშლის შემთხვევაზე წერს გაზეთი "კახეთის ხმა". რედაქციის ინფორმაციით, თელავის მუციპალიტეტში, სოფელ ხოდაშენის საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტ გიორგი ჩეკურიშვილისთვის ინტერვიუს ჩაშლა სცადა, ახმეტაში კი კომისიის წევრები ჟურნალისტ მაკა მოსიაშვილს ვიდეო გადაღების შეწყვეტასა და უბნის დატოვებას აიძულებდნენ. ასევე, რადიო "ჰერეთის" ინფორმაციით, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მყოფ "ჰერეთის" ჟურნალისტს გიორგი ედიშერაშვილს, რომელიც უბანზე დარღვევების დაფიქსირებას ცდილობდა, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ვიდეო გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს.
პრობლემები შეექმნა "ნეტგაზეთის" ფოტორეპორტიორს, მიუხედავად იმისა, რომ დავით მიხეილ შუბლაძემ კომისიის წარმომადგენლებს აკრედიტაცია წარუდგინა, მას თავდაპირველად მთაწმინდის ოლქის 34-ე საარჩევნო უბანზე არ უშვებდნენ. აღნიშნული შემთხვევების დიდი ნაწილი ჟურნალისტების მიერ უბანზე აღმოჩენილი დარღვევების დაფიქსირებას უკავშირდებოდა. განსაკუთრებულად გვინდა აღვნიშნოთ, ყვარელში, ჭიკაანის მე-14 საარჩევნო უბანზე მომხდარი შემთხვევა, როდესაც კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს, გელა მთივლიშვილს, მისივე განცხადებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. არსებობს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც.
ქარტია მიმართავს ხელისუფლებას, სამართალდამცველ ორგანოებს, დაინტერესდნენ არჩევნების დღეს მომხდარი ფაქტებით, შეისწავლონ ყველა მათგანი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობაში ხელის შეშლა, ასევე დაუშვებელია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შარშან მიღებული დადგენილების არასწორი ინტერპრეტაცია, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი. ადგილობრივი კომისიების წარმომადგენლები ჟურნალისტების უბნიდან გაძევებისას სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ დადგენილებას ეყრდნობოდნენ, რომლის გაუქმებასაც ქარტია და სხვა არასამათავრობო ორგანიზაციები უკვე ერთი წელია აქტიურად ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ დადგენილების რამდენიმე პუნქტი გააუქმა, როგორც ჩანს, რეგულაციები კვლავ რჩება მედიისთვის საარჩევნო პროცესის გაშუქებაში შემაფერხებელ ფაქტორად, რაც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აზრით, ეწინააღმდეგება, როგორც სიტყვისა და გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებას, ისე თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს.