კოალიციის "მედიის ადვოკატირებისათვის" განცხადება
04.10.2013

კატეგორია : განცხადებები;

კოალიციის "მედიის ადვოკატირებისათვის" განცხადება

საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი მდგომარეობის შესახებ

04.10.2013

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" საგანგაშოდ მიიჩნევს საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილ ვითარებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა დაწერა განცხადება საბჭოს დატოვების თაობაზე, რასაც დანარჩენი მეურვეები მათზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებენ. განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს საბჭოს რამდენიმე მოქმედი წევრიც. საბჭოში დარჩენილი შვიდი მეურვე არ არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილებები. გენერალური დირექტორის გათავისუფლების შემდეგ, საზოგადოებრივ მაუწყებელს მართავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. გაუმჭვირვალედ და საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე მიმდინარეობს პირველ არხზე გადაცემების დახურვისა და ახალი პროექტების შერჩევის პროცესი. ოფიციალური განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი განიცდის მძიმე ფინანსურ კრიზისს, რაც საფრთხეს უქმნის არხის ჯეროვან ფუნქციონირებას. შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ ადასტურებს საზოგადოებრივ მაუწყებელში იმ რეფორმის განხორციელების აუცილებლობას, რომლის ინიციატორი იყო კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის". კოალიციის ინიციატივა აისახა კანონში მაუწყებლობის შესახებ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად გულისხმობს სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის ამოქმედებას 2014 წლის 1 იანვრიდან. კოალიციას "მედიის ადვოკატირებისათვის" აუცილებლად მიაჩნია:

 

  • შეწყდეს ზეწოლა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებზე და ჩარევა საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლად საქმიანობაში;
  • გამოძიებულ იქნას საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებზე ზეწოლის და მაუწყებლის საქმიანობაში გარედან ჩარევის ფაქტები;
  • საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილმა კრიზისულმა სიტუაციამ არ გამოიწვიოს დაგეგმილი რეფორმის პრინციპებისა და ვადების ცვლილება.
  • საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება, რომ მოხდეს ფინანსური კრიზისის დაძლევა და არ შეფერხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის უწყვეტი მუშაობა.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.