10.07.2013
კატეგორია :
განცხადებები;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 2013 წლის 9 ივლისს მიმართა სამაუწყებლო
კომპანია «რუსთავი-2-ის» გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და
რეაგირება სთხოვა 8 ივლისს რადიო FM106.4-ის პრესკლუბში
პრესკონფერენციის მსვლელობისას მომხდარ ფაქტზე.
სამაუწყებლო კომპანია აღნიშნავს, რომ პრესკონფერენციაზე ირაკლი
კაკაბაძემ შეურაცხყოფა მიაყენა "რუსთავი-2 -ის" ჟურნალისტს,
პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა კი არ მისცეს მას კითხვის დასმის
საშუალება. წერილს თან ერთვის ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გაეცნო როგორც სამაუწყებლო
კომპანიის წერილს, ისე თანდართულ ვიდეომასალას და მიიჩნევს, რომ
ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და
შეურაცხყოფის ნებისმიერი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს 8 ივლისის პრესკონფერენციაზე
მომხდარს და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ
საქმიანობაში ხელის შეშლა. ქარტია მოუწოდებს როგორც საჯარო მოხელეებს,
ისე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო პირებს, თავი შეიკავონ
ჟურნალისტების შეურაცხყოფისგან, მაქსიმალურად უზრუნველყონ მედიისთვის
მუშაობის კანონიერი უფლება. ამასთან, პრესკონფერენციებისა და
შეხვედრების ორგანიზატორებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი
ჟურნალისტებს მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ეს არ
არის პირველი შემთხვევა, როდესაც კითხვის დასმის გამო, ქარტიის წევრი
თუ არაწევრი ჟურნალისტები აღმოჩნდნენ მსგავს მდგომარეობაში. ამგვარი
ფაქტების სამართლებრივი შეფასება და ქმედებათა კვალიფიცირება არ შედის
ქარტიის ფუნქციებში. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს
მედიასაშუალებებს, ნუ დატოვებენ ანალოგიურ შემთხვევებს სამართლებრივი
რეაგირების გარეშე.