21.06.2013
კატეგორია : განცხადებები;
დღეს 21 ივნისს, წამებასა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებული 9 ბრალდებულის სასამართლო პროცესზე, ვიდრე მოსამართლე მისი დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებდა, ფოტო და ვიდეო გადაღება დაუშვეს. დღესვე ქარტიამ რამდენიმე მედიასაშუალებას, რომელმაც კონსულტაციისთვის ორგანიზაციას მიმართა, ურჩია, რომ ვიდეომასალის ეთერში გაშვებისას დაეფარათ ბრალდებულთა სახეები. აქვე, მადლობას ვუხდით ყველა ჩვენ კოლეგას თანამშრომლობისა და რეკომენდაციის გათვალისწინებისთვის. მოგვიანებით პროცესის ამსახველი ფოტორეპორტაჟი ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა, იგივე ფოტომასალა გადაბეჭდა რამდენიმე პორტალმაც. მედიასაშუალებების ნაწილმა კი ბრალდებულთა ვინაობა გაასაჯაროვა. ქარტია ითვალისწინებს, რომ საქმის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საზოგადოება ელოდება ახალ ამბავს და მედიაც ვალდებულია, მოქალაქეებს მიაწოდოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია. თუმცა იმის გამო, რომ საქმე სერიოზულ დანაშუალებებთან ერთად კონკრეტული ადამიანების პიროვნულ ტრაგედიებსაც ეხება, ქარტია კიდევ ერთხელ მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, გაითვალისწინონ საფრთხის ალბათობა, რომელიც საკმაოდ მძიმე ფონზე, შეიძლება ბრალდებულთა ოჯახის წევრებს დაემუქროთ და გააშუქონ ამბავი ისე, რომ არ გაასაჯაროვონ როგორც მსხვერპლის, ისე ძალადობაში ბრალდებულთა ვინაობა.