20.02.2013
კატეგორია : განცხადებები;
მიგვაჩნია, რომ გავრცელებული სიუჟეტით „რუსთავი-2“-მა დაარღვია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, ტელეკომპანიამ ხელი შეუწყო დაინტერესებული მხარის პოზიციების ტირაჟირებას, რადგან არ გაითვალისწინა წყაროს შესაძლო დაინტერესება, არ ეცადა გადაემოწმებინა ფაქტები და მოეძიებინა დამატებითი მასალები.
ჟურნალისტმა სიუჟეტში განაცხადა: ,,ეს არის კადრები, რომელიც მანქანის გაჩერებიდან პირველივე წუთებში არის გადაღებული, მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს არის უწყვეტი კადრებით გადაღებული, ანუ ამ კადრების გადაღებისას კამერა არც ერთხელ გათიშული არყოფილა. კადრებიდან ჩანს, როგორ დააკავა საპატრულო ეკიპაჟმა იმ მანქანაში მყოფები, რომლებიც ბუტა რობაქიძესთან ერთად იყვნენ და შემდეგ როგორ ამოაქვთ ამ მანქანიდან იარაღი – ერთი პისტოლეტი და ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი“.
შესაბამისად, ჟურნალისტის ამ ტექსტით, ტელეკომპანიამ ფაქტად წარმოაჩინა პროკურატურისთვის დაინტერესებული პირის მიერ გადაცემული მტკიცებულება, რაც ჯერ კიდევ საჭიროებს დამატებით ექსპერტიზასა და გამოკვლევას.
სიუჟეტში გამოთქმული იყო უმძიმესი ბრალდებები საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრის, ვახტანგ კომახიძის მიმართაც, თუმცა მისი პასუხი ან რაიმე მინიშნება, რომ ტელეკომპანია შეეცადა ან შეეცდებოდა მასთან დაკავშირებას და მისი მოსაზრების მოწოდებას, ჟურნალისტის მიერ არ გაკეთებულა. ინფორმაციის ასეთი სახით გავრცელებით, ტელეკომპანიამ მოახდინა იმ ადამიანზე თავდასხმა, რომელიც არ მონაწილეობდა პროგრამაში.
გარდა ამისა, ყველა ტელეკომპანიამ, რომელმაც გაავრცელა ეს კადრები, დაარღვია “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 35-ე მუხლის მე-20, 23-ე და 24-ე პუნქტები. კერძოდ, 23-ე პუნქტი: „ტანჯვისა და მწუხარების ამსახველი საარქივო მასალის (დანაშაულის ჩათვლით) გამოყენებისას, მაუწყებელი უნდა შეეცადოს შეამციროს ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამმასალამ მიაყენოს მასში ასახულ პიროვნებას და/ან მის ნათესავებს.“
მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული კადრები ეხება გახმაურებულ საქმეს, მნიშვნელოვან დარღვევად უნდა მივიჩნიოთ ამ კადრებში ასახული პირების დაუფარავად და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩვენებაც.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი, ღირსების შემლახველი და პირადი ცხოვრების ხელმყოფი მასალები, რითაც შეიძლება ხელი შეუწყონ დაინტერესებული მხარეების ინტერესების ტირაჟირებას.
ხელმომწერი ორგანიზაციების სია:
1. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
2. საქართველოს მედიამონიტირინგის ცენტრი.
3. საზოგადოებრივი დამცველი
4. ახალგაზრდები სამართლიანობისათვის
5. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
6. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
7. მედიაკლუბი
8. საინფორმაციო ცენტრების ქსელი
9. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
10.მედიის ინსტიტუტი