30.05.2017
კატეგორია : განცხადებები;
როგორც მისი ცოლი, ლეილა მუსტაფაიევა და მეგობარი დაშგინ აღალარლი ამბობენ, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. აზერბაიჯანში მყოფი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფგან მუხთარლი დღეს ბაქოში აღმოჩნდა. ის იურისტს დაუკავშირდა. არსებობს ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.
მომხდართან დაკავშირებით დეტალური განმარტება არ გაუკეთებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მხოლოდ აღნიშნა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი მიხედვით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, უპასუხონ ჟურნალისტების კონკრეტულ კითხვებს და აუხსნან საზოგადოებას, როგორ აღმოჩნდა თბილისში „გაუჩინარებული“ ჟურნალისტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე? როგორ გადაკვეთა მან საზღვარი ისე, რომ მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები თბილისშია, როგორც ამას ახლობლები აცხადებენ?
ადამიანის უფლებების კუთხით რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები და აქტივისტები საკუთარი ქვეყნებიდან იდევნებიან, საქართველო კი მათთვის თავშესაფარია, სადაც პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობა ეძლევათ. ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში მაინც იყოს დაცული მათი უფლებები. შესაბამისად, აუცილებელია მთავრობის წევრებიც დაინტერესდნენ მომხდარით. ამასთან, ქარტიის საბჭო მოუწოდებს ჟურნალისტებს გამოიჩინონ სოლიდარობა, აქტიურად გააშუქონ მომხდარი შემთხვევა და ხელისუფლებას მოსთხოვონ პასუხები არსებულ კითხვებზე.