2016 წლის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის მეოთხე ანგარიში (ახალი ამბები)
15.11.2016

ახალი ამბები - ანგარიში

 

გამოქვეყნდა საარჩევნო მონიტორინგის მეოთხე ანგარიში. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში მაუწყებლების საინფორმაციო გამოშვებებსა და ტოქშოუებს აკვირდებოდა.

 


 

ძირითადი ტენდენციები:

ახალი ამბები

  • თუ წინა საანგარიშო პერიოდებში სამონიტორინგო არხების უმრავლესობა საკუთარი ეთერის ყველაზე მეტ ნაწილს საქართველოს მთავრობის საქმიანობის გაშუქებას უთმობდა, ეს ტენდეცია ბოლო ორი საანგარიშო პერიოდია, შეიცვალა, არხები ამ პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს უთმობდნენ ყველაზე მეტ დროს. წინამდებარე საანგარიშო პერიოდში 11 არხიდან ცხრა არხმა ყველაზე მეტი დრო "ნაციონალურ მოძრაობას" დაუთმო.
  • 11 არხის მონაცემების მიხედვით, მთავრობა ყველაზე დადებითად GDS-ის ეთერში გაშუქდა 11%-თ. აღსანიშნავია, რომ პერიოდში მთავრობის დადებითი გაშუქებით მაესტრო და ობიექტივი ლიდერობდნენ 8-8%-თ. ყველაზე მეტი უარყოფითი გაშუქება მთავრობას წინა პერიოდების მსგავსად ისევ "რუსთავი 2-ზე" აქვს - დათმობილი დროის 50%.
  • პარტია "ქართული ოცნება" ყველაზე დადებითად წინა პერიოდის მსგავსად ისევ "GDS"-ს ეთერში ჩანდა, მისთვის დათმობილი დროის 4% პოზიტიური იყო, ნეგატიურად "ქართული ოცნება" ყველაზე დიდი დოზით რუსთავი 2-ს ეთერში გაშუქდა (45%).
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დადებითი ტონით 11-დან ოთხ არხზე დაფიქსირდა თანაბარი 1-1%-თ. "ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე უარყოფითად ობიექტივმა  გააშუქა (44%).
  • დროის განაწილების და თვისებრივი დაკვირვების შედეგების ანალიზისას წინა პერიოდის მსგავსად რჩება შთაბეჭდილება, რომ "ობიექტივი" აშკარად გამორჩეულად სწყალობს საარჩევნო ბლოკს - "პატრიოტთა ალიანსი".
  • შინაარსობრივი ანალიზისას გამოვლინდა, რომ არხები მეტწილად ეთიკური სტანდარტების შესაბამისად აშუქებენ სუბიექტებს, თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება ბალანსის დარღვევის შემთხვევები. შეგახსენებთ, რომ მონიტორინგის განვლილ პერიოდებშიც ტელევიზიებში მთავარი პრობლემა მხარეთა შორის ბალანსის დარღვევა იყო.
  • ისევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება ე.წ. კადრ-სინქრონების დაუბალანსებლობა, რაზეც წინა ანგარიშებშიც ვსაუბრობდით და კვლავ განვმეორდებით. არხები ახალ ამბებს ხშირ შემთხვევაში, ე.წ. კადრ-სინქრონებით აშუქებენ. ასეთ მასალებში, ზოგიერთ შემთხვევაში, ინფორმაცია მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობითაა გადმოცემული.
  • წინა ანგარიშის მსგავსად, ამ პერიოდშიც დაფიქსირდა ქსენოფობიური  გამონათქვამის  ეთერში გაშვების ერთეული შემთხვევა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ მედიასაშუალებამ ამ განცხადების ეთერში გაშვებისას კვლავ ვერ გამოიჩინა ეთიკური სტანდარტების სათანადო ცოდნა და არ მოახდინა ქსენოფობიური განცხადებებისგან გამიჯვნა.
  • ბოლო ორ საანგარიშო პერიოდში საერთო ტენდეცია გამოიკვეთა - სუბიექტების მიმართ დადებითი ტონით გაშუქების შემცირება.